14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
07:24 AM
რეპორტაჟი - საზოგადოება
ხატია ვარდია | 28 მაისი 2019

სანამ თბილისს სძინავს...


ყოველ დილით, სანამ ჩვენი მაღვიძარა დარეკავს და ტკბილ ძილს მიცემულებს გვაიძულებს გაჭირვებით თვალების გახელას, ვიღაცის სამუშაო დღე უკვე დაწყებულია. წვიმაში, თოვლში, ქარში, ზამთარსა თუ ზაფხულს, მნიშვნელობა არ აქვს ამინდს, წელიწადის დროს, თარიღს - ეს ადამიანები ჩვენი კომფორტისთვის, ჯანმრთელობისთვისა და უსაფრთხოებისთვის ზრუნავენ. ისინი მუშაობენ მაშინაც კი, როცა დასაქმებულების უმეტესობა ისვენებს. როდის იწყება ამ ადამიანების დილა, როგორ გრძელდება მათი სამუშაო დღე და რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება, ამის შესახებ ისინი თავად მოგვიყვებიან. 

 

თამთა ლაშხია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უმცროს ექიმად 2015 წლიდან მუშაობს. მისი სამუშაო დღე დილით 10 საათზე იწყება და 24 საათის განმავლობაში გრძელდება. სურვილი, რომ მედიცინის ფაკულტეტზე ესწავლა, ბავშვობიდან ჰქონდა: “როცა ჩემი თანატოლები თოჯინებით თამაშობდნენ, მე შპრიცებით დავრბოდი”,- ღიმილით იხსენებს თამთა. მედიცინის სფეროში დასაქმებული დედისგან იცოდა, რომ წინ ძალიან რთული და გრძელი გზა ელოდა, თუმცა საკუთარ მიზანზე უარი არასდროს უთქვამს. “მიუხედავად იმისა, რომ გათავისებული მქონდა ამ პროფესიის სირთულე, სხვა სფეროში საკუთარ თავს ვერასდროს ვხედავდი. ახლა რომ ვირჩევდე პროფესიას, ისევ ექიმი ვიქნებოდი”.

 


დილის 10 საათზე, მორიგეობის გადაბარების შემდეგ, მისი სამუშაო დღე იწყება. გამოძახებების რაოდენობა ყოველ ჯერზე იცვლება და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ვირუსების დროს დღეში, დაახლოებით, 20 გამოძახებაზე გადიან. ეს რიცხვი ზაფხულში საგრძნობლად იკლებს, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ქალაქგარეთ გადის: “ბევრია არამიზნობრივი გამოძახებაც, თუმცა ჩვენ ყოველ ზარზე ვრეაგირებთ”,- ამბობს თამთა ექიმი. 
ექიმის პროფესია, როგორც თავად ამბობს, მუდმივ სტრესთანაა დაკავშირებული; მისმა ერთმა ქმედებამ, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლეზე უდიდესი გავლენა იქონიოს, თუმცა დაძაბული და რთული სამუშაოს მიუხედავად, ბედნიერებას ანიჭებს ყოველი გადარჩენილი სიცოცხლის დანახვა: “მქონია შემთხვევა, როცა ადამიანი ურთულეს მდგომარეობაში მიმიყვანია კლინიკაში, რამდენიმე დღის შემდეგ კი, სხვა პაციენტის შეყვანისას, კლინიკიდან საკუთარი ფეხით გამომავალი დამინახავს. ამაზე დიდი ბედნიერება ექიმისთვის არაფერია”.


კარგად ახსოვს რამდენიმე წარმატებული რეანიმაციაც, როცა გულგაჩერებულ ადამიანს ქუჩაში, თანაგუნდელებთან ერთად, პულსი აღუდგინა. “რამდენიმე წამის წინ გულგაჩერებული ადამიანი რომ შემოგხედავს და გკითხავს რა მჭირდაო, ამაზე მეტად რა უნდა გაგიხარდეს?”.


თამთა ექიმი აგრეთვე წერს ლექსებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ჰყავს მკითხველი აუდიტორიაც, თუმცა წიგნის გამოცემაზე ჯერ არ უფიქრია. ამასთან,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადის სარეზიდენტო პროგრამას ბავშვთა ქირურგიაში. იცის, რომ წინ კიდევ ძალიან გრძელი და რთული გზაა, რომლის გავლასაც აუცილებლად აპირებს. 


კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის სტატუსი, თამთა ექიმი მპასუხობს: “ეს ფორმა როცა გაცვია, არ არსებობს უქმე დღე, რადგან ადამიანების სიცოცხლე გაბარია. როცა დასვენების დღეებში სარკესთან ამ ფორმით ჩამივლია, ჩემთვის მიფიქრია- ვემსახურები ჩემს ქვეყანას”.


თამთას მსგავსად, ბექას სამუშაო დღეც 24 საათს მოიცავს. 27 წლის ბექა შველიძე 3 წელია, რაც მეხანძრე-მაშველად მუშაობს. სურვილი, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულიყო, მეგობრების მოყოლილმა ისტორიებმა გაუჩინა: „ანაკლიის მომავლის ბანაკში ვიყავი ლიდერი, იქ იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წარმომადგენელი ბიჭებიც, რომლებიც ყვებოდნენ ისტორიებს თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე. მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემს პიროვნებას შეესაბამებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ძალების მოსინჯვა“,- ამბობს ბექა. 

 

 

ვაკანტური ადგილების სიმცირისა და მაღალი კონკურენციის გამო, დაახლოებით, წელიწად-ნახევარს ელოდა შტატში ჩაჯდომას. 2016 წლიდან კი თავისი ყოველი სამუშაო დღე დილის 9 საათიდან მეორე დილის 9 საათამდე გრძელდება. ყოველ სამუშაო დღეს 2-საათიან სწავლებას გადის, როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულს. უკვე სამი წელია, ჩაფხუტი, მეხანძრე-მაშველის ფორმა, ბოტები და მეხანძრის ქამარი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

 

ზარის შემოსვლიდან 45 წამი რეაგირებისთვის საკმარისია. ყოველი ახალი გამოძახება სხვებისგან განსხვავებულია. „რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, ყოველ გამოძახებაზე იმ ემოციით გავდივარ, რომ პირველია და არ ვიცი, იქ რა დამხვდება; ყველა გამოძახებას განსხვავებული სპეციფიკა აქვს“,- მიყვება მეხანძრე-მაშველი. ყველაზე მძაფრად ბორჯომის ხანძარი ახსოვს, როცა ყოველ ჯერზე ცეცხლის ახალი კერა ჩნდებოდა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა: „ეს არის მომენტი, როცა სტიქიას ებრძვი და ხვდები, რომ მასთან უძლური ხარ, თუმცა ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ჯერ მოსახლეობას არ ავნოს და შემდეგ - ჩააქრო“.


ბევრჯერ უფიქრია, რომ ესა თუ ის გამოძახება, შესაძლოა, სავალალო ყოფილიყო მისთვის ან თანაგუნდელისთვის, თუმცა პროფესიის შეცვლა აზრადაც არ მოსვლია: „ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ერთ ადამიანს მაინც უმნიშვნელოდ დავეხმარე; ყოფილა შემთხვევა, როცა თვალებით ადამიანისგან უდიდესი მადლიერება და სითბო მიგრძნია, ამიტომ არასდროს მიფიქრია პროფესიის შეცვლაზე“.


ბექა მუშაობის პარალელურად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს, აგრეთვე დაკავებულია სპორტით- თამაშობს როგორც სამოყვარულო ქუჩის კალათბურთს, ასევე მონაწილეობს საქართველოს სტუდენტურ ლიგაში.


კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის მეხანძრე-მაშველის პროფესია, მპასუხობს: „ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, როცა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გაბარია და ყველაფერი უნდა გააკეთო მათ გადასარჩენად. ეს არის პროფესია, სადაც ადამიანები თავიანთი გაკეთებული საქმეებით თავს ბედნიერად გრძნობენ“.

 


მადონა დალაქიშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლად სამი წელია მუშაობს. ბანკში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, სუპერმარკეტში და სხვა არაერთ სამსახურში მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა, საკუთარი ძალები მძღოლის ამპლუაში მოესინჯა. სიახლეების მოყვარულმა განცხადება სატრანსპორტო კომპანიაში შეიტანა, დაახლოებით ერთ კვირაში დაუკავშირდნენ, სტაჟირება გაიარა და სასურველ სამსახურშიც დასაქმდა. ახლა მისი დღე 6 საათზე იწყება, მოწესრიგებისა და საუზმობის შემდეგ სახლიდან გადის, 7 საათზე კი უკვე სამსახურშია: „ სამსახურში მისვლისთანავე ვიღებ განრიგს, ვქოქავ ავტობუსს, ვამოწმებ სალაროს, საწვავს ვასხამ და ავტობუსი ავტობაზიდან გამომყავს“,- ყვება მადონა. იგი 11 ნომერ ავტობუსზე მუშაობს, რომლის პირველი გაჩერება ზაჰესი, ხოლო ბოლო დინამოს სტადიონია. დღეში დაახლოებით 6-7 ბრუნს ასრულებს. ამბობს, რომ პირველი დღის შემდეგ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ის მარშრუტი ისწავლა, რომელსაც ყოველ სამუშაო დღეს გადის. 


საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ამიტომ ავტობუსის სიდიდე არ აშინებს: “ჩემთვის მძღოლად მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. მგზავრების სიცოცხლე მაბარია, თუმცა არასდროს ვნერვიულობ,  ამიტომ რთულ სიტუაციაშიც ვპოულობ გამოსავალს. თუ რამე მოვინდომე, ვიცი, რომ აუცილებლად გამომივა“. თავიდან, როცა თბილისის ქუჩებში ავტობუსის ქალი მძღოლი გამოჩნდა, მგზავრები გაოცებას ვერ მალავდნენ, მადონა კი ამ ყველაფერში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ხედავს. მიაჩნია, რომ ქალს ნებისმიერი საქმის შესრულება შეუძლია, თუკი მოინდომებს. 


თავისუფალ დღეებში კერავს „ფერად ბედნიერებას“. საკუთარ ტანსაცმელს თავად ქმნის. უპირატესობას ფერად ნაჭრებს ანიჭებს, რათა წვიმიან ამინდშიც კი განწყობა შეიქმნას: „კერვა დედისგან ვისწავლე. თავიდან ქსოვილი ბევრჯერ გავაფუჭე, თუმცა ახლა უკვე ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო. კაბების გარდა, თმის სამაგრებსაც ვკერავ და ტანსაცმელს ვუხამებ“,- ამბობს მადონა. 


მისი სამუშაო დღე საღამოს 12 საათზე სრულდება. დღის ბოლოს კვლავ სალაროებს აწესრიგებს, საწვავს ასხამს, ავტობუსი ჯერ გასარეცხად, ხოლო შემდეგ პარკირებაზე შეჰყავს. ახლა მისი მიზანი ლურჯ ავტობუსზე მუშაობაა, რადგან თვლის, რომ იგი მეტად სუფთა, კომფორტული და მარტივად სატარებელია.

 


ქალბატონი ნაზი წელიწადზე მეტია თბილისის დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობს. იგი ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს. მისი სამუშაო დღე ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როცა გარეთ ბნელა და ქუჩაშიც არავინ მოძრაობს. 40 წლის ქალბატონი ყოველ დილით ვაზისუბნიდან პეკინის გამზირზე დადის და დაახლოებით, 1 კმ-იან მონაკვეთს წინა დღის ნარჩენებისგან ასუფთავებს: „ ზამთარში და შემოდგომაზე მიჭირს ხოლმე მუშაობა, რადგან გვიან თენდება და ფოთოლიც უფრო მეტი და მძიმეა“. ამბობს, რომ დილით ადრე შორი მანძილიდან გამოსვლა უჭირს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, სამსახურზე უარს ვერ ამბობს და ამასთან, უხარია ისიც, რომ ქალაქის სისუფთავეში თავისი წვლილი შეაქვს. 


 ამ ადამიანების მსგავსად, თბილისსა და რეგიონებში არაერთი ადამიანის სამუშაო დღე იწყება მანამ, სანამ ჩვენ გვძინავს. თითოეული მათგანის  ისტორია კი განსაკუთრებული და  მრავლისმთქმელია. 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის პარქტიკუმის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 432 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა