17
სექტემბერი, 2019 სამშაბათი
02:32 PM
რეპორტაჟი - საზოგადოება
მაგდა ცერცვაძე | 12 თებერვალი 2019

შავი ოქროს ქალები

 

 

ქალაქი ჭიათურა, დილის 8-ის 20 წუთი, ავტოსადგურზე არცთუ ისე ცოტა ხალხია. ძირითადად მამაკაცები, მაგრამ, სიბნელის მიუხედავად, დაკვირვებული თვალი მაინც გამოარჩევს რამდენიმე ქალს. ამ ქალებიდან ერთ-ერთი 57 წლის მაია ჩუბინიძეა, შუქრუთის მაღაროს მორიგე დისპეტჩერი. მას და დანარჩენ მუშებს ქალაქიდან მაღარომდე უფასო სამარშრუტო ემსახურებათ. ტრანსპორტი მანძილს სულ რაღაც 15 წუთში გადის, დანიშნულების ადგილას მისული მუშები კი ადმინისტრაციულ შენობაში იყრიან თავს. სანამ შახტში ღამის მორიგეებს შეცვლიან, მანამდე სწორედ დისპეტჩერი აწვდის მათ ინფორმაციას სანგრევ უბნებზე განაწილებისა და სამუშაო გეგმის შესახებ. უკვე 8 საათია, მაიამ მიიღო წინა ცვლისგან ინფორმაცია და მიუჯდა თავის სამუშაო მაგიდას მომდევნო 24 საათის აქ გასატარებლად. 

 

,,4 დღეში ერთხელ ვმუშაობთ, დილიდან დილამდე. წინა ცვლისგან ვიბარებ ყველანაირ ინფორმაციას – ვინმეს რამე ხომ არ შეემთხვა მუშაობისას, რამდენი ,,პადაჩა” გამოვიდა მაღაროდან, რა მდგომარეობაშია შახტი და მანქანები, საბაგირო გზას რაიმე შეფერხება ხომ არ ჰქონია’’, – ამბობს მაია ჩუბინიძე, რომელიც 32 წელია, რაც ამ სფეროშია დასაქმებული. 

 

მისი პასუხისმგებლობა ძალზე დიდია, რადგან სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავეებს შორის ინფორმაცია სწორედ დისპეტჩერის გავლით იცვლება და მის გარეშე არაფერი ხდება.

 

,,თუ ვინმეს ,,მარცხი” მოუვა, პირველს მე მირეკავენ, მეუბნებიან, რა მდგომარეობაშია მუშა. თუ მსუბუქი შემთხვევაა, ადგილზე მყოფი ექთანი ეხმარება, თუ არა და 112-ში ვრეკავთ და მათ გადაჰყავთ საავადმყოფოში’’, - ამბობს მაია. ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ მის ყურადღებასა და სისწრაფეზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე.

 

 

დისპეტჩერის გარდა, მაღაროში სხვა პოზიციებზეც მუშაობენ ქალები: ექთნები, დამლაგებლები, მწონავ-კონტროლიორები, ფეთქითი მასალის გამცემი, საბაგირო გზის ცვლის უფროსი და მიწისქვეშა ტრანსპორტის გამგე. თითოეულ მათგანს აქ მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი სტაჟი აქვს, შესაბამისად, ბევრს ახსოვს საბჭოთა პერიოდის მაღარო. 55 წლის ექთანი, ლია მაჩაიძე იხსენებს: 

 

“გარშემო სულ ხეები იყო – ნაძვის, კაკლის, წაბლის. ეზოში ლამაზი ბაღი იყო მოწყობილი და სუფთა ჰაერიც ტრიალებდა. გვქონდა კინო და თეატრი, უზარმაზი ბიბლიოთეკა. ახლა კი გახედე, ყველაფერი გადათხრილ-გადმოთხრილია და აღარაფერია დარჩენილი. ზამთარში სულ ტალახია, ზაფხულში კი ისეთი მტვერია, ფანჯრები კარგად თუ არ დავკეტეთ, შენობაშიც ვერ ვსუნთქავთ’’.

 

თუმცა გასული საუკუნიდან აქ ბევრი რამ იგივე დარჩა – ადმინისტრაციული შენობა თავისი ავეჯით და სხვა ინვენტარით, სამგზავრო და სატვირთო ვაგონები, სხვადასხვა მანქანა-დანადგარი, საბაგირო გზის აღჭურვილობა. სწორედ ამ უკანასკნელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს საბაგირო გზის ცვლის უფროსი დალი ჩუბინიძე.

 

,,მოძველებული საბაგირო გზა ხშირად ფერხდება. უნდა გავარკვიო, რატომ ხდება ეს, შევატყობინო ამის შესახებ მუშებს, უფროსობას და შეძლებისდაგვარად მალე მოვაგვაროთ პრობლემა”, - ამბობს დალი. 

 

 

საბაგირო გზის გაჩერების ძირითადი მიზეზი არის უამინდობა, რის გამოც დაგროვებული ტალახი აფერხებს ვაგონის მოძრაობას. ამაზე თავად დალიც საუბრობს:

 

,,ვაგონი ფერხდება ,,ბეწვის აშლის” დროსაც - ასე ვეძახით ბაგირის დაშლას, რომელზედაც დაკიდებულია ვაგონი. ამ მიზეზითაა ახლა გაჩერებული ერთ-ერთი საბაგირო გზა’’.

 

იგი აღნიშნავს, რომ დაკისრებული საქმე არც ისე რთულია შესასრულებლად, მაგრამ დიდია პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ საბაგიროს ვაგონებს გადააქვს მარგანეცი საწარმოში, სადაც მუშავდება და მზადდება ქალაქიდან გასატანად. 

 

,,ცოფი” – ასე ეწოდება ქალაქის შესასვლელში მდებარე ერთ-ერთ გადამამუშავებელ ქარხანას. ეს სახელწოდება აბრევიატურაა საწარმოს რუსული დასახელებისა (,,Централная Обогатительная Фабрика”). მაღაროსგან განსხვავებით, ქარხანაში ორ პოზიციაზე არიან ქალები დასქმებული – დისპეტჩერი და მემანქანე. დისპეტჩერს აქაც მთავარი ინფორმატორის მოვალეობა აკისრია, მემანქანე ქალები კი უშუალოდ ქარხანაში მუშაობენ სხვადასხვა დანადგარზე – მკვებავი, გამამდიდრებელი დაზგა, გადამზიდი ელევატორი, კონვეიერი.

 

 

სწორედ კონვეიერის მემანქანეა 41 წლის ელისო დეკანოიძე, რომელიც პროფესიით პედაგოგია, თუმცა უკვე 6 წელია, რაც ამ საწარმოში მუშაობს.

 

„ჩემამდე უკვე მზა პროდუქცია ჩამოდის, ყველანაირად დახარისხებული და ნაწილდება ბუნკერებში. მე უნდა ჩავრთო ლენტი, ყურადღება მივაქციო, რომ არ გაჩერდეს, ბუნკერი არ გაივსოს, ამ ბუნკერს ძირი არ გასძვრეს და ავარიული მდგომარეობა უნდა ვაცნობო დისპეჩერს. შეფერხების შემთხვევაში მე მხოლოდ გაწმენდა შემიძლია – ,,როლიკების” ქვეშ დანალექი უნდა გავასუფთავო თოხით”, - ამბობს ელისო.

 

მასთან ერთად დილის ცვლაში კიდევ ორი ქალი მუშაობს – გამამდიდრებელი დაზგის მემანქანე, 48 წლის ირმა წერეთელი, და მკვებავის მემანქანე, ასევე, 48 წლის იზოლდა ჩაჩანიძე. სანამ მაღაროდან ნედლეული ჩამოვა, დრო აქვთ, რომ დაისვენონ, ილაპარაკონ და ახალი საწარმოს შესახებ ჩვენ მიერ დასმულ კითხვასაც გასცენ პასუხი: 

 

ელისო: “ახალ საწარმოს ჩვენ შორიდან ვუყურებთ. იმას ვხედავთ, რასაც თქვენ. არ ვიცით, თუ რა ხდება იქ, როდის ამუშავდება, ვის მოიყვანენ. გვპირდებიან, გადაგიყვანთო, მაგრამ ამდენი მუშახელი აღარავის დასჭირდება, კომპიუტერებზეა ყველაფერი მოწყობილი’’.

 

 

იზოლდა: “გადაგვიყვანენ, აბა, რას იზამენ. ჰაერში ხომ არ დაგვტოვებენ ამდენ ხალხს. მაგრამ მე ისიც მომწონს, სადაც ახლა ვარ. მართალია, მძიმე პირობებია, მაგრამ დასაქმებულები ვართ, ხელფასი გვაქვს, უფასო კვება და ტრანსპორტი. ხელფასები თუ მოიმატებს, უფრო მშვენიერი ცხოვრება იქნება, მაგრამ ბევრს ესეც არ აქვს’’.

 

კითხვას, თუ რა უშლით ყველაზე მეტად ხელს სამუშაო პროცესში, ირმა პასუხობს: ,,მუშახელი გვაკლია და ეს დიდი პრობლემაა. რამდენიმე დანადგარის ერთდროულად კონტროლი მიწევს. აღარავინ ჩერდება აქ, ვინც ახერხებს, ყველა საზღვარგარეთ მიდის, ზოგი თურქეთში, ზოგი საბერძნეთში. ხალხის ნაკლებობის გამო შვებულებასაც არ გვაძლევენ იმ დროს, როცა ჩვენ გვინდა’’. 

 

ყველა ამ პრობლემას ამძაფრებს გარემო, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა. 12-სართულიანი ქარხანა, ფაქტობრივად, დანგრეულია - ჩამორღვეული კედლები, მინებჩალეწილი ფანჯრები, შენობაში მთელ სიმაღლეზე ჩანჩქერივით ჩამომდინარი წყალი, რაშიც მარგანეცი ირეცხება. ყველა მხრიდან ქარი უბერავს და წვიმა ასხამს, ზაფხულში კი მზე აჭერს და ჰაერი იხუთება. მანქანები, რომლებზე მუშაობაც უწევთ, გასული საუკუნის 50-იანი წლების დროინდელია, რის გამოც ჩართვამდე ერთ დიდ ჯართის გროვას ჰგავს, თუმცა მუშაობისას ისეთ გამაყრუებელ ხმას გამოსცემს, რთულია მთელი დღის განმავლობაში გაუძლო მის მოსმენას. 

 

კითხვას, თუ რამდენად მძიმეა სამუშაო, ელისო დეკანოიძე ასე პასუხობს: ,,ამ კედლებს რომ ვუყურებ, უკვე მძიმეა. აქ არაფერი შეიცვლება, ვერავინ იზამს ამას, რადგან ან ძალიან მაგარი უნდა იყო, ან საერთოდ ვერ იქნები. ხავსს ვეჭიდებით, სხვა გზა არ გვაქვს’’. 

 

უამინდობისას შავი ქარხანა კიდევ უფრო ბნელდება. უცხო თვალისთვის შემზარავია ყოველივე ამის დანახვა, აქ მომუშავე ქალებისთვის კი ეს ადგილი მაინც ნათელი წერტილია. იმედი იმისა, რომ უფუნქციოდ არ სხედან სახლში ან თუნდაც ოჯახის სარჩენად შორს არ უწევთ წასვლა.

 

 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 832 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა