17
სექტემბერი, 2019 სამშაბათი
02:17 PM
რეპორტაჟი - საზოგადოება
ეკატერინე ჯანიაშვილი, მეგი ნეფარიძე | 07 თებერვალი 2019

ქუჩის მუსიკა – გზა თავისუფლებამდე

 

 

თავისუფლების მოედანზე მეტროს მიმდებარე ტერიტორია ყოველთვის გადატვირთულია – აქ ადამიანების, მუსიკისა და ტრანსპორტის ხმას თან თბილისის ყრუ გუგუნი ერთვის. მაშინ, როცა აქა-იქ, ქუჩის განაპირას მუსიკოსები სხედან, ამ ხმაურს ჯაზის, როკისა თუ პოპის ჰანგები გადაფარავს ხოლმე. ყოველი მათგანი სხვადასხვა ჟანრს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა მათ ერთნაირი მიზანი აქვთ – მუსიკით საკუთარი სული და სხეული არჩინონ, სხვებს კი დღე გაულამაზონ

 

მეტროდან ამოსვლის შემდეგ ჩვენს ყურადღებას შუახნის კაცი იქცევს, რომელიც წითელ ბასგიტარაზე ჯაზს უკრავს. ველოდებით, სანამ კომპოზიციას დაასრულებს, შემდეგ კი მორიდებითა და იმედით ვუახლოვდებით. სასიამოვნოდ გვიკვირს, როცა უჩვეულო გარეგნობის მუსიკოსი ქართულად გველაპარაკება. კაცი 1920-იანი წლების სტილის ქუდითა და სათვალით ჯაბა ნონიაშვილია, რომელიც უკვე 2 წელია, ქუჩაში უკრავს. სამსახურიდან გამოუშვეს, პენსიამდე 10 წელი რჩება, შავი ქამრის მფლობელი კი ასაკის გამო კარატეს ვეღარ უბრუნდება. 

 

,,10 წელი რა უნდა მეკეთებინა... წამოვედი და ვუკრავ”, - ამბობს, წამიერად გიტარის სიმებს კვლავ გააჟღერებს და თავისი ამბის მოყოლას აგრძელებს.

 

 

ჯაბა წლების განმავლობაში სხვადასხვა არცთუ ისე ცნობილ ჯგუფში უკრავდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში მუსიკას თავი დაანება, ახლა კი გამოუვალი მდგომარეობის გამო გიტარა ხელში კვლავ აიღო. ქუჩაში მაშინ გამოდის, როცა კარგი ამინდია, დღეში კი დაახლოებით 3 საათს უკრავს. ამბობს, რომ, როგორც ქუჩის მუსიკოსი, ამ დროის განმავლობაში გარკვეულ პრობლემებს აწყდება. შემოსავალი არასტაბილურია – შეიძლება 100 ლარი იშოვოს, შეიძლება 10, გამვლელზეა დამოკიდებული. ხალხს არ ემდურის – იცის, რომ მათაც ცხოვრების რთული პირობები აქვთ. გული მხოლოდ იმაზე სწყდება, რომ ჯაზს ქართველებზე მეტად ტურისტები აფასებენ. არადა, მისთვის ეს ჟანრი ბევრს ნიშნავს.

 

,,ჯაზი არის მუსიკოსის, როგორ იტყვიან ხოლმე... ხომ ვითარდება ადამიანი, ინტელექტუალური ხდება... როკმენებისა და ბლუზმენების ბოლო წერტილი მაინც ჯაზია. უფრო ისეთი მუსიკაა, თავისუფალი, რთულიც არის და საინტერესოც”, - ამბობს ჯაზმენი. 

 

კითხვაზე – კიდევ რამდენხანს აპირებს ქუჩის მუსიკოსობას, იმ წამსვე გვპასუხობს - ,,მთელი ცხოვრება”. 

 

,,ყველაზე კარგი ეგ არის, როცა რაღაცა გსიამოვნებს და მაგით ორ კაპიკს აკეთებ... აქ რომ გამოვდივარ, ჩემთვის სამოთხეა”, - გვეუბნება და შემდეგი კომპოზიციის შესრულებას იწყებს. 

 

შემდეგ გაჩერებაზე, სადაც თბილისის ხმაურს კვლავ მუსიკა ცვლის, ორი მეგობარი გვხვდება. ერთ-ერთი მათგანი გიტარაზე უკრავს, მეორე კი მოშორებით აპარატურას აწყობს. გიტარისტი, ალექსანდრე ვორონინი, საუბარზე იმ პირობით გვთანხმდება, თუ მისი მეგობრითაც დავინტერესდებით, შემდეგ კი გვიყვება, რომ მათი ისტორია წინა წლის დეკემბერში, ერთი უბრალო შარვლით დაიწყო. ალექსანდრეს თქმით, მის მეგობარს ფული მხოლოდ ზედის საყიდლად ეყო, თუმცა შარვალიც ძალიან მოეწონა. ამის გამო თანხის შესაგროვებლად გიტარითა და მიკროფონით ,,პახაობა” დაიწყეს.  

 

,,ეს ძალიან სპონტანური და უცნაური იყო... შარვლის მერე დაიწყო პალტო, მერე მოვიდა ახალი წელი, გადავწყვიტეთ ახალი წლისთვის ,,პახაობა”, მერე მოვიდა ზაფხული და ა.შ.“, - გვიყვება ალექსანდრე. 

 

როცა სჭირდებათ და სცალიათ, ქუჩაში მაშინ გამოდიან და, ძირითადად, ძველ როკს უკრავენ. დუეტის მეორე წევრმა, სანდრო ლაშხმა სიმღერა სრულიად შემთხვევით დაიწყო. თავიდან ადამიანი ქუდით, ე.წ. ასკერი იყო და დიდი ხნის განმავლობაში ეგონა, რომ ცუდად მღეროდა, შემდეგ კი მომღერალი გახდა და ვოკალური შესაძლებლობები ნელ-ნელა გააუმჯობესა. ახლა ახალი წლის საჩუქრებისთვის აგროვებენ ფულს. შემოსავლით კმაყოფილები არიან, თუმცა ყველაფერი ,,დღეზე, ხალხსა და ამინდზეა დამოკიდებული”. 

 

მეგობრებს ზოგჯერ აგრესიასთანაც უწევთ გამკლავება. ზოგიერთი გამვლელი სტილს უწუნებს, ზოგიც მათ პროფესიას ,,მათხოვრობასთან” აიგივებს, სხვა მუსიკოსები კი ადგილში ეცილებიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი საქმიანობის გაგრძელებას გეგმავენ.

 

 

ქუჩის მუსიკოსობის ,,მათხოვრობასთან” გაიგივების პრობლემას 23 წლის ელენე ქვილითაიაც აწყდება, თუმცა ამ ყველაფერში მაინც დიდ პოზიტივს ხედავს. ის 2 წელია, რაც ქუჩის მუსიკოსია, ამასთან ერთად სწავლობს და კონსერვატორიაში ჩასაბარებლადაც ემზადება. თავდაპირველად ქუჩაში სიმღერა მისმა მეგობრებმა დაიწყეს, რამდენჯერმე თვითონაც სცადა და ,,ხალხისგან იმდენად დადებითი ენერგია წამოვიდა”, რომ ქუჩის მომღერლობა გადაწყვიტა. შემხვედრთაგან ელენე პირველია, ვინც ამ საქმიანობაში სამსახურის შოვნის პერსპექტივას ხედავს. პარალელურად რამდენიმე ბარშიც მღერის, თუმცა ქუჩის მუსიკოსობას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 

,,ქუჩაში როცა მღერი, თავისუფალი ხარ და კარგად გრძნობ თავს. ხალხისგანაც, რაც ყველაზე მთავარია, დიდი სითბო მოდის”, - ამბობს ელენე. ისევე მხიარულად გვემშვიდობება, როგორც მოგვესალმა და შემდეგი სიმღერის შერჩევას იწყებს. 

 

 

საღამოვდება, ქუჩაში კი მუსიკოსების რაოდენობა იმატებს. ისინი გარეთ, ძირითადად, დღის ამ მონაკვეთში მეგობრებთან ერთად გამოდიან. ამ დროს რუსთაველის გამზირი თითქოს ერთ დიდ სცენად იქცევა, რომელზე გამართული კონცერტი ნებისმიერ დროსა და ადგილას გვამოგზაურებს. სხვადასხვა ჟანრის მუსიკა უკვე შენაცვლებით კი არა, ერთ მთლიანობად ისმის. მუსიკოსებს კომპოზიციებს შორის უფრო დიდხანს აქვთ პაუზა და ამ დროს მეგობრებთან ხუმრობასა და სიცილში ატარებენ. 

 

რუსთაველის გამზირზე სეირნობისას შორიდან უჩვეულო მუსიკა გვესმის. ადგილზე მისულებს სიტუაციაც უცნაურად საინტერესო გვხვდება – ,,ასკერი” სასაცილო მიმიკებითა და ჯარისკაცის შარვლით ქუდს ხალხს აწვდის, ბეტონზე ჩამომჯდარი გოგონა ლიმონიან ხელს ჰაერში წევს, ხოლო ბიჭი, რომელსაც ნახევრად შავი და ნახევრად ქერა თმა აქვს, გოგონას საქციელზე იცინის და ელექტროგიტარას აჟღერებს.

 

გიტარიანი ბიჭი 19 წლის ბესო ჟღენტია. სამი თვეა, რაც გარეთ უკრავს. ქუჩის მუსიკოსობას შემოსავალთან ერთად გართობასა და თავისუფლებასაც უკავშირებს და ამბობს, რომ რეპერტუარს გარეთ მსმენელიც სხვანაირად აღიქვამს. თუმცა ზოგჯერ მის ,,უცნაურ ჟანრს”, ნეოკლასიკურ მეტალს, გამვლელები ვერ ეგუებიან. 

 

,,ცოტა მძიმე ჟანრს ვუკრავ - ნეოკლასიკური მეტალი ბევრმა არ იცის. ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებებია გადმოტანილი მძიმე ჟანრში. ჩემსასაც ვწერ, ვუკრავ კიდეც. ჰოდა, ეს ჟანრი ხშირად ,,არ უსწორდება” ხალხს. ქართულები უნდა იმღერო უეჭველად”, - ამბობს ბესო.

 

დღეში გარეთ იმდენხანს გამოდის, რამდენი დროც აქვს. თუ ფული სჭირდება, ქუჩას ცოტა დროს უთმობს, თუ მხოლოდ გართობა და სიამოვნება – 6-7 საათსაც კი უკრავს. კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ემზადება, თან სწავლობს და ამაში ქუჩის მუსიკოსობა ეხმარება. 

 

ხალხის აგრესია არც მისთვისაა უცხო. გულისტკივილით იხსენებს იმ შემთხვევას, როცა ერთმა ქალმა გაიარა, ,,რა არის ეს ჩიხოლი, აქ რომ გაქვთო” თქვა და გიტარის ჩანთას ფეხი მიკრა. ,,ასკერს” კი გულთან ახლოს აგრესია არასდროს მიაქვს. 

 

,,უმეტესობას ,,ვეკაიფები”, მაგრამ ისე არ ვიქცევი, რომ მოსაბეზრებელი იყოს. როცა ვუღიმი, ყველაფერი მარტივია. რა გულითაც მიდიხარ, იმ გულით გვხდება ადამიანი”, - გვეუბნება და ჩვენც გვიღიმის.

 

19 წლის მუსიკოსი გვეუბნება, რომ მისთვის მთავარი ხალხში პოპულარობის მოხვეჭა არაა, გულწრფელად გვისურვებს წარმატებებს და მეგობრებთან ერთად თბილად გვემშვიდობება.

 

 

ბოლო გაჩერებაზე ატმოსფერო ისევ ჯაზის ნოტებითაა გაჟღენთილი. თუმცა ამჯერად ბასგიტარის დაბალ ტონალობას საქსოფონის ინტიმური ჟღერადობა ცვლის. მელოდია თითქოს ყველასთვის ნაცნობია, მიახლოებასთან ერთად კი ჰაერში მუსიკის შემცველობა უფრო იმატებს. ამ ყველაფრის მიზეზი, შუახნის საქსოფონისტი, კედელთან ახლოს, გარშემომყოფებისთვის თითქმის შეუმჩნევლად დგას და მუსიკის ჰანგებში მრავალჯერ დაკარგული ახლა ისევ საკუთარ სამყაროში ეშვება. 

 

ამ ყველაფრის შემდეგ 60 წლის ლერი მეტივიშვილი კომპოზიციას ამთავრებს და თავისი ისტორიის მოყოლას იწყებს. ადრე რესტორანში მუშაობდა, ჰუმანური ურთიერთობების ნაკლებობის გამო კი სამსახურიდან ქუჩაში წამოვიდა. სწორედ გარეთ იპოვა ის ადამიანური სითბო, რომელიც ასე აკლდა.

 

,,ქუჩაში თავისუფლებაა, არავინ გაწუხებს, ყველას სიამოვნებს და უკეთესია. რესტორანში უფრო შეზღუდული ხარ, აქ კი თავისუფალი სივრცეა, მეტი საშუალება გაქვს - რასაც გინდა, იმას დაუკრავ”, - გვეუბნება საქსოფონისტი.

 

 

საქმიანობით მიღებული შემოსავლით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არაა, მაგრამ ამბობს, რომ ეს უმუშევრობას სჯობს. ქუჩაში თითქმის ყოველდღე გამოდის, დღეში 1-2 საათს. საქსოფონის გარდა პიანინოსა და გიტარაზეც უკრავს, თუმცა ეს ინსტრუმენტი მაინც ყველას ურჩევნია. გვეუბნება, რომ საქსოფონი თავიდანვე მოსწონდა და დაკვრაც თავისი საქმის სიყვარულმა დააწყებინა. ასრულებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ძირითადად, მსოფლიოში ცნობილ ჰიტებს, თვითონ კი მუსიკას არ წერს.

 

,,მუზა თუ არ მოგივიდა, ისე ვერ დაწერ”, - ნაღვლიანად გვეუბნება შუახნის მუსიკოსი და მალევე გვემშვიდობება.

 

დაღამებასთან ერთად დაღლილი მუსიკოსები ზანტი მოძრაობით აპარატურას შლიან და სახლში წასასვლელად ემზადებიან. არავინ იცის, რას ფიქრობენ ამ წამს. ზოგს, შეიძლება, აუხდენელ ოცნებაზე სწყდება გული, ზოგი კი ახლაც დიდ სცენაზე ასვლას ნატრობს. ერთი რამ კი დანამდვილებით იციან - გარეთ მალე ისევ უნდა გამოვიდნენ და ნაცრისფერი ქალაქის ყოველდღიური ხმაური მუსიკით გააფერადონ.

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 452 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა