13
ნოემბერი, 2019 ოთხშაბათი
09:04 AM
რეპორტაჟი - საზოგადოება
მაგდა ცერცვაძე | 03 დეკემბერი 2018

სწავლა თუ მუშაობა? სტუდენტური დილემა

  “პირველი კურსიდან მაქვს საკუთარი შემოსავალი. რამდენიმე მოსწავლეს ვამზადებდი უცხო ენაში, შემდეგ კი ჩემმა დაქალმა შემომთავაზა ერთ-ერთი სასტუმროს მიმღებში მუშაობა. რადგან თავად მოვიდა ეს სამსახური ჩემს ცხოვრებაში, მეც უარი არ ვთქვი." – ამბობს 20 წლის მარიამ სამხარაძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომინიკაციის მიმართულების სტუდენტი, რომელიც თითქმის ნახევარი წელია მუშაობს და თან სწავლობს. “ჩემი სიამოვნებისთვის ვმუშაობ, თან საკუთარი ფულის გემო სულ სხვაა. დამოუკიდებელი გავხდი, სწავლის ფულსაც ჩემით ვიხდი, მშობლებს ერთ თეთრსაც არ ვართმევ არაფრისთვის,” – გვითხრა მარიამმა, თუმცა, არც ის დაუმალავს, რომ  “რთულია ერთმანეთს შეუთავსო სამსახური, ლექციებზე დასწრება, თან მეცადინეობაც"  ამის გარდა,  დროს თითქმის ვეღარ უთმობს ოჯახის წევრებს, მეგობრებს. ცალკე საკითხია მუდმივი უძილობა და დაღლა.

მარიამის მსგავსად საქართველოში ბევრი სტუდენტია დასაქმებული. სამწუხაროდ, დასაქმებული სტუდენტების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა, თუმცა ყველასთვის თვალსაჩინოა პრობლემები, რომლებიც მათ დასაქმებას ეხება. საკითხი მრავალმხრივია და უაკვშირდება, როგორც შრომით  ბაზარზე სტუდენტებზე მორგებული სამუშაოს ნაკლებობას, ისე  ფსიქოლოგიურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას იმ სტუდენტებისას, რომლებიც არსებულ პირობებში მაინც მუშაობენ.

სტუდენტების საშუალო ასაკი 17-25 წლამდე მერყეობს. ადამიანისთვის კი ეს ის ასაკია, როდესაც  ცდილობს,  იპოვოს საკუთარი "მე", სასურველი სფერო და საქმიანობა, რომლითაც დაკავებული იქნება მთელი ცხოვრება. თუმცა სტუდენტებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ იმ პროფესიით დასაქმება, რომლის თეორიულ ცოდნას უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ, რადგან, ჩვეულებრივ,  დამსაქმებლები, ცოდნასთან ერთად,  გამოცდილებასაც ითხოვენ. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტისთვის ერთადერთი ალტერნატივა სტაჟირებაა, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არაა ანაზღაურებადი.  ამ შემთხვევაში მოტივაცია  მხოლოდ პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება და პროფესიის მიმართ ენთუზიაზმია, რომელიც, არასათანადო ხელშეწყობის გამო, შეიძლება მალევე გაქრეს. 

"დასაქმებული სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სტრესი" - ეს არის კვლევა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა ანი ჯოლბორდიმ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ვერულავამ მოამზადეს. მასში მონაწილეობა 50-მა 18-დან 25 წლამდე დასაქმებულმა სტუდენტმა მიიღო. კვლევის იმ ნაწილში, სადაც დასაქმების მოტივაციაზეა საუბარი, საინტერესო სტატისტიკას ვეცნობით: 76%-სთვის  შემოსავლების გაზრდაა მუშაობის მთავარი მოტივაცია. პროფესიული სწავლება კი მხოლოდ 22%-სთვისაა მნიშვნელოვანი. კვლევაში ამის მიზეზებზეცაა საუბარი. სტუდენტის ორიენტაცია შემოსავალზე აქტუალურია განვითარებად ქვეყნებში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის შედეგად ახალგაზრდები შეზღუდულ დახმარებას იღებენ ოჯახიდან. ასევე, ხშირია შემთხვევა, როდესაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს საცხოვრებლის უზრუნველყოფა თავადვე უწევთ და ესეც დამატებითი ხარჯია. ასეთ დროს კი ერთადერთი გამოსავალი ისეთ პოზიციებზე დასაქმებაა, სადაც გამოცდილებას და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს არ ითხოვენ.  ასეთ სამსახურებში მინიმუმ 8–საათიანი სამუშაო გრაფიკია და ხშირად რამდენიმე ცვლაში  მუშაობაც უწევთ სტუდენტებს. 

ფსიქოლოგი თამარ დოღაძე საუბრობს იმაზე, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს სტუდენტისთვის სწავლასთან ერთად მუშაობა: “სტუდენტობისას ადამიანი ყველაზე მეტად პროდუქტიულია და ენთუზიაზმითაა განსმჭვალული ნებისმიერი საქმის მიმართ. თუმცა ქართულ რეალობაში ძალიან რთულია შეუთავსო ერთმანეთს სწავლა და სამსახური, გამომდინარე იქიდან, რომ არც დამსაქმებელი ითვალისწინებს დასაქმებულის ინტერესებს და არც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტს რაიმე პერსპექტივას ამ კუთხით.” იგი საუბრობს სტუდენტის სოციალიზაციის პრობლემაზე სხვადასხვა გარემოში : “ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე სოციალურ სტატუსს ერთდროულად ატარებს - სტუდენტის, თანამშრომლის, მეგობრის, ოჯახის წევრის, შეყვარებულის – თითოეული მათგანის სრულფასოვნად შესრულება, ენერგიისა და რესურსების გადანაწილება მეტად რთულია. ეს ფაქტი კი დამატებით სტრესს იწვევს მოზარდში, რადგან რთულია პრიორიტეტების განსაზღვრა.” თამარი საუბრობს დატვირთული გრაფიკის უარყოფით მხარეებზეც: “ სტუდენტს ასეთ დროს უჭირს აკონტროლოს ძილის და კვების რეჟიმი. ხშირ შემთხვევაში ამაზე ფიქრს  სტუდენტები ნაკლებ დროს უთმობენ, რის გამოც გამოფიტულები და მუდმივად დაღლილები არიან. საბოლოოდ კი ამ ყველაფრის დისბალანსი ისეთ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს, როგორებიცაა: შფოთვა, ემოციური დაძაბულობა, ყურადღების გაფანტულობა და სხვა მრავალი.”

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გულისხმობს შრომის ბაზარზე ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების თითქმის არარსებობას. და თუ არსებობს, ანაზღაურება არაა დამაკმაყოფილებელი. ასევე, არც უნივერსიტეტებშია ისეთი სასწავლო ცხრილები, რომლის პარალელურად სტუდენტი შეძლებს მუშაობას. "ახალგაზრდა სოციალისტების"  მიერ 2017 წელს მომზადებულ კვლევაში, რომელშიც 1850-მა 17-31 წლამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, 58%-ისთვის დასაქმების მთავარი პრობლემა სწორედ სწავლისა და სამსახურის შეუთავსებლობაა.  ამ ფაქტთან დაკავშირებით მარიამ სამხარაძე აღნიშნავს: “ მართალია, ცხრილს თავად ვადგენთ უნივერსიტეტში, მაგრამ  შემოთავაზებული საგნები ისეა გადანაწილებული, რომ მათ შორის შუალედი ხშირად 3-4 საათია, რის გამოც მთელი დღე უნივერსიტეტში უნდა იყო. თუმცა, როცა სამუშაო დღე ემთხვევა, პრიორიტეტული ეს უკანასკნელია.”

ნათელია, რომ პრობლემა სერიოზული და მასშტაბურია. ამ ყველაფრის მიზეზები და გამოსწორების გზები უნდა ვეძებოთ ყველგან, სადაც ეს თემა გვხვდება. პრობლემის მოგვარებას კომპლექსურად უნდა შეუდგნენ სასწავლებლები, დამსაქმებლები, თავად სტუდენტები და სახელმწიფოც. ამ უკანასკნელმა უნდა გააკონტროლოს გარემო, რათა არ დაირღვეს რომელიმე მხარის უფლებები. მაგალითად, სტაჟირების შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება, არა უმეტეს, 6 თვის ვადით უნდა დაიდოს. ამ შემთხვევაში უნდა გაკონტროლდეს შემთხვევა, როცა სტაჟიორი 6 თვის გასვლის შემდეგ რჩება სამსახურში და მან აუცილებლად უნდა მიიღოს სათანადო ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონის დარღვევა იქნება. 

პრობლემის მოგვარებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ დამსაქმებლებმა და უმაღლესმა სასწავლებლებმაც. პირველის შემთხვევაში სასურველი იქნება, თუ გაიზრდება ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების რიცხვი, თუმცა უნდა გაუმჯობესდეს პირობები და ანაზღაურებაც. სასწავლებლებმა უნდა უზუნველყონ მოქნილი გრაფიკის შექმნა ან კიდევ თავად უნდა შესთავაზონ სტუდენტებს სტაჟირების ან დასაქმების პროგრამები. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი კეთდება კიდეც, მაგრამ იმდენად ცოტა ადამიანზე ვრცელდება, რომ არც კი ჩანს. 

სტუდენტებმა, თავის მხრივ, ხმამაღლა უნდა ისაუბრონ არსებულ საკითხზე, უნდა დასახონ მოგვარების  გზებიც, რადგან სწორედ მათ ესმით ყველაზე უკეთ ზემოაღნიშნული პრობლემის  შესახებ. შესაბამისად, იციან, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს საერთო მდგომარეობა. 

 

 

 

მაგდა ცერცვაძე

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში

ხელ–ლი  ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 932 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10010შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა