04
აგვისტო, 2020 სამშაბათი
05:15 AM
რეპორტაჟი - საზოგადოება
ნინო შუბითიძე | 10 ივლისი 2018

მეტადონი, როგორც ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის გზა

  ნარკომანიის პრევენციის მიზნით საქართველოში უკვე ათეულ წელზე მეტია ოპიუმის ჩანაცვლებითი თერაპია მოქმედებს. 2 წელია, რაც  სახელმწიფომ ე.წ ზედა ზღვარი მოხსნა და პროგრამით სარგებლობა  ნებისმიერ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელს შეუძლია ოპიუმის ჯგუფიდან (სუბოტესქი, მორფინი, ჰეროინი). გასული წლიდან მოყოლებული მეტადონის პროგრამას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.

პროგრამა საქართველოში 2005 წლიდან, ანუ    მას შემდეგ ამოქმედდა, რაც გლობალურმა ფონდმა მისი დაფინანსება დაიწყო. 2009 წლიდან პროგრამას უშუალოდ სახელმწიფო ახორციელებს. The Global Fund-ის მიერ გაცემული თანხები 2003 წლიდან დღემდე საქართველოში შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის სამკურნალოდ 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან ზიანის შემცირების პროგრამა, რომელშიც მეტადონის ჩანაცვლება შედის აქამდე გლობალური ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობდა. წელს ფონდი საქმიანობას ამ მიმართულებით წყვეტს და ჩანაცვლებითი პროგრამის დაფინანსება სახელმწიფოს სრულად მოუწევს.

სახელმწიფოს ჩანაცვლებითი პროგრამა ხორციელდება როგორც მეტადონით, ისე ბუპრენორფინ-ნალოქსონით. თუმცა ამ უკანასკნელს შეზღუდვები აქვს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით 25 წელზე უმცროსი პირები ვერ ჩაერთვებიან ბუპრენორფინ-ნალოქსონის პროგრამაში. პროგრამით ვერ ისარგებლებენ ის ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომლებსაც მეტადონის  მიმართ უკუჩვენება აქვთ. ჩანაცვლებითი პროგრამა არ მოქმედებს მათზეც, ვინც ე.წ სტიმულატორებს მოიხმარს. 

დღეს  ოპიუმის ჩანაცლებითი  თერაპიის, იგივე „ოჩთ“-ს, პროგრამაში დაახლოებით 6 000 ადამიანია ჩართული, თუმცა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უსარგებლიათ აღნიშნული პროგრამით 13 000-ს აღწევს. საქართველოს მაშტაბით ამჟამად სულ 15-16 მეტადონის გამცემი ცენტრი ფუნქციონირებს, მათგან 6 თბილისში მდებარეობს. თუმცა ნივთიერებადამოკიდებული ადამიანებისთვის პრობლემას მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის ყოველდღიურად მეტადონის გამცემ ცენტრებში სიარული სამუშაო საათების დროს და რიგებში დგომა. 

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორი დავით ოთიაშვილი  ამბობს, რომ საქართველოში მეტადონის სახლში გატანების მხრივ  ნეგატიური პრაქტიკა დამკვიდრდა, რადგან პროგრამის მონაწილეთა მიმართ არ აქვთ ნდობა, რომ მეტადონს თავად მოიხმარენ და ნაცვლად ამისა სადმე არ გაყიდიან. ექიმი-ნარკოლოგის თქმით, აღნიშნული ფაქტი დამატებით მიმზიდველობას უკარგავს პროგრამას პოტენციური პაციენტების თვალში.

„უნდა იარო ყოველდღე, რომ შენი დოზა მიიღო, რადგან სახლში არ ატანენ. ნორმალურ პირობებში, როდესაც პაციენტი სტაბილური გახდება, შეიძლება მარტო ერთხელ მივიდეს ადამიანი, ეს არის ნდობა. ამით უწყობენ ხელს იმას, რომ ადამიანი სამსახურში სიარულსაც ასწრებს, ოჯახთანაც უფრო მეტ დროს ატარებს და არ არის მიჯაჭვული, რომ ყოველ დილას მივიდეს იქ. ნორმალურ პირობებში ასეც უნდა ხდებოდეს, საქართველოში ამ მხრივ არანორმალური პირობებია, რადგან არის მუდმივი შიში იმისა , რომ მეტადონს ქუჩაში გაყიდიან“- ამბობს ოთიაშვილი.

„ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აამუშაოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამები. ვინაიდან ეს პროგრამები საქართველოში არ მუშაობს, ადამიანი ისევ უკან უბრუნდება ნარკოტიკს:

„უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, გადამზადდეს პერსონალი, რომ რეაბილიტაციის კომპონენტი ყველა იმ ადამიანს მიეწოდოს, ვინც სტაციონარში გაივლის დეტოქსიკაციას და გადააგდებს ნარკოტიკს. დღეისათვის ეს კომპონენტი არ მუშაობს და , დიდი ალბათობით, საკმაოდ ბევრი ადამიანი, ვინც მკურნალობს , ისევ უკან უბრუნდება ნარკოტიკის მოხმარებას“.

ის. რაზეც „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ გამგეობის წევრი საუბრობს, წლებია გაწერილია ჯანდაცვის 2014-2020 წლების კონცეფციაში. ამ უკანასკნელში მეათე პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებას უჭირავს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად ყურადღება გამახვილდება აღნიშნული სისტემის უკეთესი პოლიტიკის შემუშავებაზე და პრიორიტეტულ მიმართულებათა შორის იქნება ნარკომანიაც.

ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიაში მნიშვნელოვანი წილი მკურნალობაზეა ორიენტირებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნივთიერებადამოკიდებული პირების სამკურნალოდ აუცილებელია, შეიქმნას რეაბილიტირების თანამედროვე მეთოდები და ინფრასტრუქტურა.

„ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის“ (EMCDDA) სტანდარტების მიხედვით მკურნალობა შესაძლოა არ იყოს ერთჯერადი, გაგრძელდეს ხანგრძლივად რამდენიმე წელი და ის უნდა დაეხმაროს ადამიანს, რომ  შეწყვიტოს ნარკოტიკების მიღება.  საჭიროა ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპია. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქორეაბილიტაციური ან ორივე კომბინირებული.

წამალდამოკიდებულთა კონტროლის მექანიზმის ხარვეზზე საუბრობენ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრშიც“ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია უცხოური პრაქტიკის მსგავსად , მეტადონის სახლში გატანების პრაქტიკა საქართველოშიც დამკვიდრდეს. 

„ნებისმიერი შეხვედრების დროს სახელმწიფო აპარატთან ვაყენებთ წინადადებას, რომ გამოვიყენოთ წახალისების მეთოდი. ეს თავიდანვე შეტანილი იყო კანონმდებლობაში და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამის განხორციელება, მეტადონის გატანების შემდეგ პაციენტების მხრიდან მისი შავ ბაზარზე გადინება დაიწყო“-ამბობს ჩვენთან საუბარში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონალური განყოფილების უფროსი  გვანცა ფირალიშვილი.

2015 წლის ნარკოვითარების ანგარიშის თანახმად,  სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობა ქვეყანაში 933 ადამიანმა გაიარა. მათგან მკურნალობაზე ხელმეორედ მისული მხოლოდ 66 იყო. ამავე წელს აბსტინენციაზე სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობა სულ 7 კლინიკამ განახორციელა. მათ შორის სამმა გლობალური ფონდის თანადაფინანსებით.  შვიდივე კლინიკაში საწოლების ჯამური რაოდენობაკი მხოლოდ 101 იყო.

ინფრასტრუქტურულად გაუმართავი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების არარსებობა და სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება ის მიზეზებია, როს გამოც ოპიუმის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამას პაციენტთა ნაწილი ტოვებს.  „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“  ამბობენ, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ  რამდენმა ბენეფიციარმა დატოვა „ოჩთ“-ს პროგრამა, რადგან გასული პაციენტების შემდგომი მეთვალყურეობის შესახებ ამ დრომდე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. თუ ადამიანი პროგრამიდან გასვლის შემდეგ სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ უბრუნდება, ნიშნავს იმას, რომ პროგრამა წარმატებით გაიარა. მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტურობა კი შესაძლოა კიდევ რამდენიმე ფაქტორით განისაზღვროს.  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, გვანცა ფირალიშვილის თქმით, რაც უფრო გრძელდება პროგრამაში ჩართული ადამიანის მკურნალობა, მიიჩნევა, რომ შედეგი არის უფრო მეტი:

„მკურნალობაში დაყოვნების ხანგრძლივობა უფრო მეტად ასოცირებულია წარმატებასთან ვიდრე წარუმატებლობასთან. პროგრამაში პიროვნება იმყოფება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც კონკრეტული პიროვნების სარგებელი აჭარბებს უარყოფით მხარეს“.

მისივე თქმით, პროგრამის ეფექტურობა იზომება იმითაც, თუ რამდენად ადაპტირებულია ინდივიდი სოციუმთან, აქვს სამსახური, არ ამატებს მეტადონს სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, თანდათან ამცირებს მის დოზას და რესოციალიზაციის ახალ ეტაპს იწყებს. ამ ყველაფერთან ერთად კი  დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მეტადონის პროგრამაში ჩასართავად ადამიანთა რაოდენობის ზედა ზღვარი დაწესებული აღარ არის და მათ სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

მომზადებულია სასწავლო კურსის ფარგლებში - სოციალური საკითხების გაშუქება

ხელმძღვანელი:  მაგდა მემანიშვილი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 7184 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10293შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა