03
აგვისტო, 2020 ორშაბათი
03:48 PM
რეპორტაჟი - საზოგადოება
თამუნა ზარანდია | 14 ივნისი 2017

გურია - სიცოცხლის სამოსახლო

სოფელი მეწიეთი იღვიძებს მაშინ, როცა, როგორც გურულები ამბობენ,  სახლის საკვამურებიდან „ფუტი" ამოვა. მშრომელი კაცის დილა მზის ამოსვლამდე იწყება და გრძელდება მანამ, სანამ სადღაც შორს, მთის ფერდობებში ჩაიკარგება.

ეს გურიის მაღალმთიანეთია, თანაბრად მიუდგომელი ადგილი კაცისთვისაც და ცივილიზაციისთვისაც. სოფელში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ იმ იმედით, რომ ქალაქში წასულთაგან ვინმე მაინც დაბრუნდება უკან და უვლიან წლების წინ მიტოვებულ სახლებს, რომ „პირშავად არავის დახვდნენ", როგორც გურიაში იციან თქმა. „მეც კი ვიყავი ქალაქში, ნენამ მთხოვა, ჩამოი ჩვენთანო და ვარი ვერ ვუთხარი, მეც მიყვარდა ის ადგილი, საცხდა დავიბადე და გავიზარდე. აგი კარ-მიდამო ფერდობებამდე, სულ ჩემია. ვუვლით მე და ჩემი ქალი, რავარც შეგვიძლია, წლოურს კარგი ამინდები არ იყო, იქნება ვუშველოთ რაცხა. აგე 2 კვირაში 3 ყანის დაბარვა კიდევ მომიწევს, ასეთია გლეხი კაცის ცხოვრება , ჩვენ არას ვჩივივართ" - 82 წლის გოდერძი კალანდაძე და მისი მეუღლე ერთ-ერთნი არიან იმ 4 ოჯახიდან, რომელიც მეწიეთს შემორჩა. არ ნანობენ თითქმის მთელი ცხოვრება ამ მთის ფერდობებზე რომ გაატარეს. ერთადერთი რაც მათ აფიქრებთ, სოფლის დაცლაა. შვილიშვილები მათაც ქალაქში ჰყავთ და მიუხედავად დიდი მონატრებისა, არ დარდობენ. „მათი სწავლიზა იყო საჭიროვო" - მოუძებნიან გამართლებას და საღამოობით ტელეფონზე საუბრით შემოიფარგლებიან. სანამ გოდერძი ბაბუა ყანაში მუშაობს სახლში გემრიელი მჭადები ცხვება - გურული ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. „ნენა, გურული კაცის ტაბლაზე მჭადი, ყველი და ერთი ჩაფი ადესაა, სულაა". ლამარა ბებოსაც არანაკლებ უყვარს თავისი საქმე - „ქალაქი უნდა გავამაგროთ, ქალაქი სოფლის გარეშე არაა. უნდა ვიშრომოთ სანამ ვიქნებით. ჩვენ ჩვენი მარჯვენის იმედი უნდა გვქონდეს, თუარა, მთავრობა რაცხას გამეგვიგზავნის, მაის იმედი გლეხ კაცს არა აქვს. ჩვენამდე მაინც არ მოაღწევს, რაც არ უნდა წამევიდოს, ი მჭამელის მეტი რაია ?! „მათზე უმცროსი რომ აღარავინაა, სოფლის 3 ახალგაზრდას დანარჩენები  „ბაღანას ეძახიან". 18-19 წლის 3 ბიჭის შეკრების ადგილი წისქვილისთავთან ნეკერჩხლის ხეა. „ბაღანებს" თავიანთი სადარდებელი აქვთ, ვერასდროს თამაშობენ ჯოკერს, ოთხნი ვერასდროს გროვდებიან. სამაგიეროდ წისქვილთან ყოველთვის გაირჩევა ქვეყნის ამბები, ეკონიმიკა და პოლიტიკა .  მეწისქვილე ომარიც გურული ენთუზიაზმით მოჰყვება ავან-ჩავანს და მეწიეთის საჭიროებებსაც მარცხენა ხელის თითებზე ჩამოითვლის - დენი უნდა აქოურობას და გზაი, რომ სასწრაფო მოვიდეს დროზე და საღამოობით კიდო ან ტელევიზორს უყურონ, ანდა განათებულში დაიძინონ. სკოლა და მაღაზია არაა, ხანდიხან ხიდისთავში თუ ჩადის ვინცხა, იმას ვაბართ ყოლიფერს. სკოლა რაია, მოსწავლე მაინც არავინა ჰყავს." მეწიეთში სამანქანო გზა, რა თქმა უნდა, ასფალტის გარეშე ადის. ჩოხატაურიდან  რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ფერდობებამდე გზა საათობით იწელება. ელექტროენერგია ამ რამდენიმე წლის წინ შეიყვანეს, მაგრამ ჯერ კიდევ შეამჩნევთ გურული ოდის ფანჯრებში ლამფის ან სანთლის სინათლეს. როგორც აქაურები ამბობენ, ზამთარში რომ თოვლი სადენებს ჩამოწყვეტს, „გაისის ზამთრამდე მაგრე რჩება.  ზამთრამდე დიდი დროა, ჯერ საგაზაფხულო სამუშაობიც არ დაუსრულებიათ. გურული დაუზარებლობით და გურული სიმღერებით ჩამოუვლიან ყანებს და ჩამორეკენ ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე, მთებზე შეფენილი თხების ჯოგს. შინ დაბრუნებულები გურული ადესითვე ადიდებენ ღმერთს. „ყურთასმენა კი დიდი ხანია დამაკლდა, მარა კრიმანჭოული სისხლი დაუდის გურულს" - ადესით შეზარხოშებული გოდერძი ბაბუა კრიმანჭულს „ჩაუხვევს" ჩვეულებისამებრ, ცოტას  კვლავ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე წაითათბირებენ და შემდეგ ერთამენთის მიყოლებით ქრება სინათლე მეწიეთის ოთხივე ოდის ფანჯრებში. „ნალიიდან სინიმდი უნდა ჩამოვიღო, ი შიფერი კიდო გაუსწორებელი დამრჩა, გულიკოზა წნევის წამლის დაბარება დამავიწყდა . ღმერთო, მშვიდობით დამაძინე და მშვიდობით გამაღვიძე"-  საქმეების ჩამოთვლასა და ლოცვასაც ასე 3 წიანადადებაში მოაქცევს. წინ ახალი დღეა, შეიძლება არაფრით განსხვავებული წინა დღეებისაგან, მაგრამ გოდერძი ბაბუასათვის მაინც ყველაზე ძვირფასი. ეს მეწიეთია, მდიანრე გუბაზოულის პირას  მთის ფერდოებეზე შეფენილი სოფელი გურიაში.

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის" ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2994 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10293შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა