20
ოქტომბერი, 2019 კვირა
01:04 PM
რეპორტაჟი - საზოგადოება
ანა ლომთაძე | 27 მაისი 2015

ბოლო გაჩერება-ფსიქიატრული

 ბოლო გაჩერება-ფსიქიატრული ანა ლომთაძე ფსიქიკური ჯანმრთელობა გარკვეულწილად ტაბუდადებული თემაა, რომელზე საუბარსაც, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება თავს არიდებს. ოჯახები ცდილობენ დამალონ და საზოგადოებაში არ გამოაჩინონ ის წევრი, რომელსაც გარკვეული სახის ფსიქიკური პრობლემები აქვს. მიზეზი სხვადასხვაა, ეს შეიძლება ხალხის სტიგმატიზებული და დისკრიმინაციული დამოკიდებულება და ამით გამოწვეული კომპლექსებიც იყოს. ამას მხარდამჭერი ქსელის და საჭირო სერვისების არარსებობაც ემატება რაც, საბოლოო ჯამში, საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის.

 დილის 11 საათია. თბილისის მეხუთე კლინიკური სავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების მისაღებში უკვე საკმაოდ ბევრი ხალხია თავმოყრილი. კაცები, ქალები, ბავშვები... პაციენტების დედები, მამაები, დები, ძმები, ძმაკაცები... ზოგიერთი მონახულების დროსა და რიგს ელოდება, ზოგი ექიმს ესაუბრება, ზოგიერთის ახლობელი დღეს უნდა გაწერონ, ზოგიც კი ახლა მოვიდა ფსიქიატრიულის მომავალ პაციენტთან ერთად. განსხვავებულია მოლოდინე ადამიანთა სქესი, ასაკი, აქ ყოფნის მიზეზები, მაგრამ ერთი რამ ყველას საერთო აქვს- თითოეულის სახეზე უიმედობა და მწუხარებაა აღბეჭდილი.

 ყველა თავისთვის დგას, არავინ ლაპარაკობს. სიჩუმეს ხმაურით მომავალი სამი ადამიანი არღვევს. უნებურად, ყველა მათკენ იხედება. ჭაღარათმიანი ქალი თავის გაცვეთილ ჩანთას შავქურთუკიანს აძლევს და ყვირილით მისდევს პატარა ბიჭს, რომელსაც უკვე დაპატარავებული, ქურთუკი ყელამდე აქვს შეკრული. ბიჭი ხელიდან დასხლტომას ცდილობს, შემდეგ ჯოხს იღებს და იქვე მდგარ რკინის ბოძს მთელი ძალით ურტყამს. ჭაღარათმიანი ჯოხს ართმევს და ფსიქიატრიულის მისაღებში შემოჰყავს. ბიჭი მოუსვენრად დადის და ჩუმად აკვირდება გარემოს. ქალი კი უკან დაჰყვება და განუწყვეტლივ ლაპარაკობს-„გარეთ არ გახვიდე, კიბეზე ნუ ჯდები.“
 შავქურთუკიანი მიმართავს: "არა რა, რამდენი ხანია გეუბნები მიიყვანე-მეთქი და კიდევ კარგი დღეს გამოგყევი, რას ელოდი ამდენი ხანს? ამის ტოლ ბიჭებს შეყვარებულები ჰყავთ, საქმეს არჩევენ ქუჩაში და ეს ნახე რას გავს, ჯოხით დარბის და ცაში იხედება." ჭაღარათმიანი თავჩახრილი დგას, თავის ნახევრადშემოხსნილ ფეხსაცმელებს დაჰყურებს და პასუხობს:"მაინც მგონია, რომ ეს ბავშვობის წიკია, თუმცა უკვე დავიღალე. შენთანაც სულ მინდა გამოსვლა, მაგრამ მრცხვენია, ერთი წამითაც არ ჩერდება და ასე სად ვიარო, ქუჩაში რომ გავდივართ ყველა ჩვენ გვიყურებს. შენს ბავშვებსაც გადარევს. აღარ შემიძლია,ზღვარზე ვარ უკვე, ცოტაც და მეც გავგიჟდები." ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ მე-4 ადამიანს ცხოვრების განმავლობაში, ერთხელ მაინც აღენიშნება გარკვეული სახის ფსიქიკური შეფერხება. საქართველოში დღეისთვის ოფიციალურად 100 000-მდე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი ცხოვრობს. საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრებს ისინი სავადმყოფოში მიჰყავთ იქ განუსაზღვრელი ვადით ტოვებენ.

 ფსიქოლოგი თამარ მახარაძე: "ჩვენს რეალობაში ფსიქიკური პრობლემების მქონე ოჯახის წევრის ყოლა საკმაოდ რთულია. არ გვაქვს ძლიერი მხარდამჭერი ქსელი, რომელიც ოჯახს საჭირო რესურსების მოძებნაში დაეხმარება. ამის გამო, მათ სტრესთან მარტო გამკლავება უწევთ. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ოჯახები ყოველთვის ეცდებიან დამალონ თავიანთი დიდი "სირცხვილი" მანამ, სანამ საზოგადოებაში დისკრიმინაციული მიდგომა იარსებებს. " ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები საზოგადოების წევრები არიან, მათ იცავს კანონი, აქვთ უფლებები და თავისუფლებები. საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ფსიქიატრიული პრობლემის "მოგვარების" სამედიცინო მიდგომა- ჰოსპიტალიზაცია- იყო დამკვიდრებული და ეს მხოლოდ კონკრეტული ოჯახის პრობლემად განიხილებოდა. კვლევები მიუთითებს, რომ თუ ადამიანს არ აქვს რაიმე მძიმე აშლილობა და არ საჭიროებს აუცილებელ იზოლაციას, არ არის რეკომენდებული მისი ოჯახისგან მოწყვეტა და ჰოსპიტალურ გარემოში მოთავსება.

 დრო გავიდა, ფსიქიატრიაში მიდგომები გარკვეულწილად შეიცვალა, ქართული საზოგადოება კი საბჭოთა შეხედულებებისგან ვერ გათავისუფლდა. დღესაც, ნებისმიერი სახის ფსიქიკური შეფერხების მქონე პირს საზოგადოება უნდობლობას უცხადებს,ისინი ვერ მუშაობენ, არ არიან ინტეგრირებულნი და ხშირად, დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. ფსიქოლოგი თამარ მახარაძე: "დღეს საკითხი ასე დგას- კარგი, ვძლევ საკუთარ თავს, მეზობლები და ახლობლები ჩემს "დიდ სირცხვილს“ გაიგებენ, თუმცა რისთვის? მეორე მხარეს რა იდება?- მინიმალური პენსია და არანაირი სერვისი. თუ სახელმწიფო ნორმალურ კომპენსაციას დააწესებს და მრავალფეროვან სერვისებს შექმინს, ეს ადამიანები კომპლექსებს დაძლევენ და დახმარების მოსაპოვებლად პრობლემას გაამხელენ. ინიციატივა, ჩემი აზრით, მაინც სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. თუ სისტემა იქნება მხარდამჭერი ბევრი რამ შეიცვლება.“ საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მოგვარების კუთხით ცვლილებები 2010 წლიდან დაიწყო. ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სოფიო მორგოშია: "რეფორმა ასათიანზე მდებარე კლინიკის გაუქმებით დავიწყეთ, იქ მყოფნი ფართოპროფილიან სავადმყოფოებში გადავანაწილეთ და ამით პირობები გავუუმჯობესეთ. მომდევნო ეტაპზე, 2011 წელს, მემორანდუმის საფუძველზე კადრები გადავამზადეთ. ეს არ იყო მრავალჯერადი, რადგან, სამწუხაროდ, სამინისტროს არ აქვს საკმარისი თანხები."

 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე რეფორმას უდევს საფუძვლად, ჯანდაცვის 2011-2015 წლების სტრატეგიაა. სტრატეგიის ტექსტში პარაგრაფი 4.6 „ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას“ ეხება და ხაზს უსვამს ბალანსირებული, ინტეგრირებული და თანმიმდევრული მოვლის პრინციპების დანერგვის აუცილებლობას. ამ მიზნის მისაღწევად „სახელმწიფო ხელს შეუწყობს“ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, „ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალი ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების ამოქმედებასა და სამედიცინო კადრების გადამზადებას“. ტექსტში ასევე საუბარია სოციალური მომსახურების ახალი ფორმების დანერგვისა და დისკრიმინაციის შემცირების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიული შემთხვევის მართვა არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და დაავადების მართვის სახელმწიფო სტანდარტებს. პაციენტები არ არიან ჩართულნი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობდა მათ რესოციალიზებასა და რეადაპტირებას. ომბუდსმენის მონიტორინგმაც ცხადყო, რომ გაუმჯობესება ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხო და ნაკლებად აისახა სისტემურ მიდგომებზე. დაწესებულებების უმრავლესობაში კვლავ მკურნალობის მოძველებული მეთოდებია დამკვიდრებული.
 სოფიო მორგოშია: "ნათელია, რომ სისტემაში ჯერ კიდევ არასახარბიელო მდგომარეობაა. ამაზე სამინისტრო დღესაც აგრძელებს მუშაობას. ამ დროისთვის უმთავრეს მიზანს ამბულატორიული სერვისების განვითარება წარმოადგენს. უპირველესად, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება და მედპერსონალის მომზადების დონე. ახლა სამინისტრო ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ფარგლებში კადრების გადამზადებას იწყებს ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც ასევე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.“ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დღეს არსებული კადრების მომზადების დონე არ არის მაღალი. ძირითადად მათ არ აქვთ ის საუნივერსიტეტო თუ პროფესიული განათლება, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებთან მუშაობისას არის საჭირო. მედდა (ვინაობის გამხელა არ ისურვა): "როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, წარმოდგენაც არ მქონდა თუ ფსიქიატრიულში მუშაობა მომიწევდა. სამსახურს ვეძებდი და მედდა სჭირდებოდათ. უკვე მესამე წელია აქ ვმუშაობ. ძალიან რთულია. თუმცა მივეჩვიე." ფსიქიატრი მაია ნატროშვილი:"დღეს ფსიქიატრიაში კვლავ უამრავი პრობლემაა. ჰოსპიტლები კრიზისული მდგომარეობის დროს არის საჭირო მანამ, სანამ ეს მდგომარეობა არ დამშვიდდება. ამის შემდეგ, ადამიანი ჰოსპიტალგარე მომსახურებას უნდა იღებდეს, რომელიც არ არის განვითარებული და შედეგიც სახეზეა. გამოყვანიდან 2 თვეში ოჯახის წევრები ადამიანებს კვლავ უკან აბრუნებენ, რადგან გარეთ არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც მათ თავიანთი სტაბილური ფსიქიკური მდგომარეობის შენარჩუნებაში დაეხმარება."

 კვლავ მეხუთე კლინიკური სავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებას დავუბრუნდეთ. მისაღებში მაღალი, თეთრწვერიანი მამაკაცი შემოდის, რომელსაც თვალებზე ქუდი აქვს ჩამოწეული და გახუნებული ტყავის ქურთუკი და გაცვთილი ფეხსაცმელი აცვია. იგი მედდასთან მიდის და ეუბნება: - "შულაიასთან ვარ, დღეს ეწერება. რას შვება, როგორ არის?" „შემოდი ნახე, ემზადება ახლა"-პასუხობს მედდა და თეთრწვერიანიც მას მიჰყვება. ცოტა ხანში ისინი პალატიდან გაპარსულ, კარგად ჩაცმულ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად გამოვიდნენ. "გოგოებო აქ მარტო თქვენ ხართ? ის ექიმი სად არის მე რო მევასება? მოკლედ ახლა წავედი მე და "I'll be back", ჩემი ბოლო ესაა. -ღიმილით უთხრა ექთნებს ბიჭმა და ფსიქიატრიულის კარიდან გავიდა.

 

 

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1448 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა