16
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
05:53 PM
რეპორტაჟი - სხვა
ნანუკა ქაჩიბაია | 04 ივნისი 2019

ყვავილების მესაიდუმლე

 

„გაიღვიძე, გაიღვიძე, შენ გაზრდას, რაღა დროს ძილია? აბა, ყოჩაღად იყავი, მხიარულად დაუხვდი ყველას, დღეს ბევრი სტუმარი გვყავს, ხომ იცი? თუ წარბშეკრული დაგინახეს, იტყვიან, ეს რა უხასიათო ყოფილაო. აი, პირიც კი მე დაგბანე, შე მძინარავ შენა“, ისიც თვალს გაახელდა, რაზეც მზრუნველი მებაღე იტყოდა: „ყვავილმა დილა მშვიდობისა მითხრაო“, - ასე იწყებოდა მიხეილ მამულაშვილის ყოველი დღე, მზეს ამოსვლას ასწრებდა, ფრთხილად დაიარებოდა ბაღის ვიწრო ბილიკებზე და თითოეულ ყვავილს ეალერსებოდა, თორემ უგუნებოდ გაიღვიძებენო, „თუ ყველა მცენარეს ხასიათი არ გაუგო ადამიანმა, აბა ისე რის მაქნისია მისი მებაღეობა.“

 

 „ყვავილების ფიროსმანი“, „ყვავილთმცოდნეობის დიდოსტატი“, „ყვავილების ჯადოქარი“, - ასე უწოდებდნენ მიხეილ მამულაშვილს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, რომელმაც საქართველოში დეკორატიული მებაღეობის სკოლას ჩაუყარა საფუძველი.

 

პირველი ყვავილი ჯერ კიდევ 7 წლისამ გაახარა, მას შემდეგ კი მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას მიუძღვნა. მშობლები მიხეილის მისწრაფებას მხარს არ უჭერდნენ, სურდათ, ისეთი ხელობა შეესწავლა, რომელიც ლუკმაპურს აშოვნინებდა, ამიტომ რუსეთში, პიატიგორსკში გაგზავნეს სასწავლებლად, თუმცა, ყვავილებზე გამუდმებულმა ფიქრმა სწავლაზე ხელი ააღებინა და მშობლები იძულებულნი გახდნენ შინ დაებრუნებინათ. ამის შემდეგ იყო ილია წინამძღვრიშვილის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. ხალისიანი, ენერგიული, შრომისმოყვარე ახალგაზრდა, რომელიც გამუდმებით თავს დასტრიალებდა მცენარეებს და მასწავლებელთა მითითების გარეშეც ყველაფერს უნაკლოდ ასრულებდა, შეუმჩნეველი არ დარჩენია ილია წინამძღვრიშვილს. მას სჯეროდა, რომ სწორედ ამ ყვავილებსა და თავდაუზოგავ შრომას უნდა გაეთქვა სახელი მიხეილ მამულაშვილისათვის, ამიტომ იგი საბაღოსნო სკოლაში გაგზავნა სასწავლებლად. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეს ვარშავის სამეურნეო აკადემიაშიც უნდა გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო წასვლა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, მიხეილ მამულაშვილის განსაკუთრებული სტილი და ხედვა უცხოელი მებაღეების გაოცებასაც იწვევდა. 

 

 

წარმოიდგინეთ ამოჭრილ გოგრაში ჩადებული ჭარხლის ფოთლებში გახვეული ყვითელი ვარდები ან სოკოს, იებისა და ეკლებისაგან შეკრული თაიგული და თქვენ დაინახავთ შემოქმედს, რომელსაც ლადო გუდიაშვილი ასე ახასიათებდა: „მიხეილ მამულაშვილი, როგორც მხატვარი, პალიტრაზე არ ეძებს და არ აზავებს ფერთა ჰარმონიას, არამედ ის თავისი მაგიური თითებით ჰქმნის სურათებს... დამტვრეულ ჭურჭელსა და მახინჯ ქვაში პოულობს სილამაზის საიდუმლოებას.“

 

ვარდები, ზამბახები, შროშანები, იასამნები, ტიტები, ველური მცენარეებისაგან გამოყვანილი ახალ-ახალი ჯიშები, დეკორატიული კალათები, თიხის დოქებისა და ჭურჭლების ნატეხების, სხვადასხვა ფორმის ქვისაგან შექმნილი ნატურმორტები აქა-იქ ამოხეთქილი მცენარეებითა და ყვავილებით დამშვენებული. მიხეილ მამულაშვილმა მცხეთის შუაგულში შექმნა ჯადოსნური სამყარო, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მნახველთა მრავალრიცხოვნებით. მისი სტუმრები ხშირად ყოფილან აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი. ილია ჭავჭავაძე საგურამოში ისე ვერ წავიდოდა, რომ მამულაშვილის ბაღისათვის თვალი არ შეევლო. „დღეში 700-800 კაცი სტუმრობს ჩემს ბაღსა. ბილიკები ისე დავავიწროვე, 2 კაცი ვერ აუვლის ერთმანეთს გვერდსა. შველის განა?", - სწერდა მამულაშვილი ლადო გუდიაშვილს. 

 

დღეს ყვავილების ეს ზღაპრული სამყარო თანდათან ნადგურდება, მასთან ერთად ის სახლიც, რომელიც მიხეილ მამულაშვილმა თავად ააშენა. ბაღს ამჟამად მამულაშვილის შვილთაშვილი, ბაბუის სეხნია, მიხეილ მამულაშვილი პატრონობს, თუმცა, მისი თქმით, უსახსრობის გამო ამ უნიკალური შთამომავლობის შენარჩუნება დღითიდღე უფრო რთულდება: „უკვე 30 წელია, რაც ბაღს ვპატრონობ, მთელ შრომასა და წვალებას აქ ვდებ, ერთი ადამიანისათვის ძნელია ამხელა ბაღის მოვლა. არ მინდა ამ ყველაფრის დაკარგვა.  ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ იძულებული ვხდები გავყიდო ბინა, რომელიც თბილისში მაქვს და მთელი ფული ამ კარ-მიდამოს მოვახმარო. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, არ მაქვს უფლება, რომ საკუთარი ნებით წამოვიწყო რაიმე, არც ფინანსური შესაძლებლობები მაქვს, არადა აივანს სასწრაფოდ სჭირდება გარემონტება, თორემ დღეს ან ხვალ შეიძლება საერთოდ ჩამოიშალოს.“

 

მიხეილ მამულაშვილისა და ბაღის სტუმართა ფოტოსურათები, მებაღის მიერ მეგობრებისათვის მიწერილი წერილები - ყველა ეს დოკუმენტური მასალა დღეს სახლის ერთ პატარა ოთახში ინახება.  ბაღში ახლაც შემორჩენილია ისტორიული მნიშვნელობის ქვევრის სარქველი, რომელიც მიხეილ მამულაშვილს ილია ჭავჭავაძემ აჩუქა. მებაღე ყოველ ილიაობას ამ სარქველზე ღვინოსა და ფიალებს აწყობდა და პოეტის შესანდობარს ამბობდა.

 

 

„ეს წმინდა ადგილია, აქ არის დასაფლავებული ჩემი დიდი პაპა, ბაღიც სვეტიცხოვლის ტერიტორიაზეა გაშენებული, ეს მიწა პაპაჩემმა იყიდა. პატარა სახლ-მუზეუმის მოწყობა მინდა, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ, თუ ვინ იყო მიხეილ მამულაშვილი“, - ამბობს ბაღის ამჟამინდელი მეპატრონე, მიხეილ მამულაშვილი.

 

მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ბაღის რეაბილიტაციის საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია: „ამჟამად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე დაგეგმილია ორანჟერეის რეაბილიტაცია, შემდგომ კი სახლ-მუზეუმის“, - აცხადებს ცენტრის დირექტორი, რევაზ მამულაშვილი.

 

„ჭეშმარიტი მგოსანი ყველგან სილამაზეს ხედავს, ხშირად სიპ ქვასა და გოროხს ისე დასდებს, რომ ჩრდილების ციმციმმა მოჭრას თვალი. გამხმარი ტოტი შეიძლება იმგვარად გამოიყენო, რომ იგი სიცოცხლის სიმბოლოდ გადაიქცეს და არა სიკვდილისა. ჩვენი მიხეილი სწორედ ამგვარია, „ყვავილების ჯადოქარი“ შეარქვეს. არა, ყვავილებისა კი არა, ჩვენი ბუნების ჯადოქარია, მესაიდუმლე და ტრფიალი. ბუნების ნამსხვრევს და ნამტვრევს ყვავილით ისე დაამშვენებს ხოლმე, რომ მასში მთელ ჩვენ ქვეყანას დაგვანახვებს - მისი სულის სილამაზეს, სინაზეს, ლაზათს, მის ომახიანობასა და ვაჟკაცობას. ეს კი შეუძლია იმას, ვინც მგოსნად დაბადებულა და ზეგარდმო ნიჭი მასში ჩვენი ქვეყნის სილამაზით აფერადებულა და აელვარებულა, მიხეილი ასეთია, იგი განუმეორებელია“, - ნიკო კეცხოველის ეს სიტყვები მიხეილ მამულაშვილის შემოქმედებას თვალნათლივ გვიხატავს. დღესაც, როდესაც ბაღს ძველი იერსახე დაკარგული აქვს, აქა-იქ ქვის ნატეხების, თიხის დოქების, სხვადასხვა მცენარისა და ყვავილისაგან შექმნილი კომპოზიციები ჯერ კიდევ ინახავს მებაღის მემკვიდრეობას, რომელიც ისევ ელის ახალ გაზაფხულს, ახალ დასაწყისს.   

                                             

მიხა პაპას, როგორც მას მცხეთელები ეძახდნენ, ბაღი მთელი საქართველოს საკუთრებად მიაჩნდა და სიკვდილის წინ მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ყვავილების ამ ზღაპრულ სამყაროში მომავალ თაობებსაც ემოგზაურათ.

 

 

 

ჟურნალი „გზავნილი მცხეთიდან“.

მომზადებულია „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში.

ხელ-ლი ასოცირებული პროფესორი, მაია ტორაძე.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 187 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა