14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
05:36 AM
რეპორტაჟი - სხვა
ზინაიდა ჭყოიძე | 21 მაისი 2018

ამილახვართა ციხე-სიმაგრე

 

კასპის რაიონში, ქვემო ჭალაში, მდებარეობს ანსამბლი, რომელიც სამი კომპლექსისგან შედგება.

I კომპლექსი: გალავანი კოშკებით, სასახლე, ეკლესია, კოშკი-სამრეკლო.

II კომპლექსი: სასახლის ნანგრევები და გალავანი ცილინდრული კოშკებით.

III კომპლექსი: ანდუყაფარ ამილახვრის აბანო, ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი.


   ეს ნაგებობები XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ისტორიკოს მიხეილ ოთარაშვილის თქმით, ამილახვართა ოჯახი ქვემო ჭალაში საცხოვრებლად XVIII საუკუნეში გადავიდა. ეს ყველაფერი ქვეყანაში ხელისუფლების გაძლიერებითა და სხვადასხვა ტერიტორიის შემატებით იყო განპირებობეული. ციხე-სიმაგრეებს განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა ყიზილბაშებთან ბრძოლაში. ეკლესიის ერთერთ ფასადზე შემორჩენილია ძველი წარწერა, რომლის მიხედვითაც იგი სახლთუხუცესმა, პაპუა ქურამიძემ, გივი ამილახვრის დაკვეთით ააგო. 

XVIII საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II გივი ამილახვრის წინააღმდეგ იბრძოდა, ქვემო ჭალის ორივე ციხე-სიმაგრე, ისევე როგორც ამილახვრის სხვა ციხე-სიმაგრეები, კარგად იყო გამაგრებული. მძიმე არტილერიის მისვლამდე შეტევის დაწყება შეუძლებელი იყო, მაგრამ მტრების შემოსევებმა ქვემო ჭალის კომპლექსი მაინც ძლიერ დააზიანა. XVIII საუკუნის 20-იან წლებში აშენებული ნაგებობებიდან მთავარი კომპლექსის, ეკლესიის, სამრეკლოსა და აბანოს გარდა აქ აღარაფერი დარჩა. შემდეგ ნაგებობა  მრავლაჯერ გადაკეთდა.

ეკლესია რიყის ქვითა და აგურითაა ნაგები. მის დასავლეთით მიდგმულია კოშკი. თავდაპირველად აქ იდგა სამრეკლო, რომელიც მტრის შემოსევებისგან თავდაცვის მიზნით კოშკად გადააკეთეს. ყველა ნაგებობა, ძირითადად, აშენებულია რიყის ქვით, ასევე, გამოყენებულია თლილი ქვა და აგური.

ამილახვართა ციხე-სიმაგრე 2001 წლიდან კერძო საკუთრებაშია. იგი ნუცა ერისთავსა და მის შვილს, ერეკლე კუხიანიძეს, ეკუთვნის. როგორც ადგილობრივები ამტკიცებენ, მფლობელმა ის უკანონოდ დაირეგისტრირა. ნუცა ერისთავის თქმით, ციხე-სიმაგრე ანდერძით ეკუთვნის და უკვირს, რომ ეს საკითხი სოფელში ისევ განიხილება. მის ოჯახს რეზიდენცია სასამართლომ კანონის სრული დაცვით გადასცა. მისი თქმით, უთანხმოება გამწვავდა მას შემდეგ, რაც სოფელ ქვემო ჭალას მცხოვრებმა ციხე-სიმაგრის გაყიდვის შესახებშეიტყვეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ის არ გაუყიდიათ და დღესდღეობით კვლავ  ერისთავის ოჯახს ეკუთვნის.

ამილახვართა ციხე-სიმაგრეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. იურისტ ალექსანდრე გაფრინდაშვილთან საუბრისას ვიგებთ, რომ  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კერძო საკუთრებაში გადაცემა კანონით აკრძალულია. კასპის ისტორიკოს მიხეილ ოთარაშვილს კი მიაჩნია, რომ ნუცა ერისთავი სულაც  არ არის ამილახვართა შთამომავალი და არც რეზიდენციის მემკვიდრე. მისი თქმით, არსებობენ ამილახვართა პირდაპირი შთამომავლები. ქვემო ჭალაში მცხოვრებთა განცხადებით,  ნამდვილი შთამომავალი ნიკოლოზ ზუბალაშვილია, თუმცა თავად მეპატრონეებმა სასამართლოში წარადგინეს საბუთი, რომელშიც გარკვევით წერია, რომ ზუბალაშვილი მემკვიდრეობაზე უარს ამბობს. M

დავას თავად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეწირება, რომლის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარსაა მიახლოებული. შენობები ინგრევა და რესტავრაციას საჭიროებს. “ამ ნაგებობებზე ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს და მათი მდგომარების გამოსასწორებლად მფლობელიც არაფერს აკეთებს. ხელისუფლებას რომ გადაეცეს, იქნებ მან მაინც მოუაროს. არ შეიძლება ასეთი ძეგლის დაკარგვა,“- ამბობს კასპის ერთერთი მცხოვრები. 

მიუხედავად რამდენიმე პროექტისა, რომლებიც სასახლის განახლებისთვის იგეგმებოდა, შენობები კვლავ დანგრევის პირასაა. ყველა პროექტი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩაიშალა. ქვემო ჭალის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მეპატრონეები რეზიდენციის აღდგენას სახელმწიფოსთან ერთად დაგეგმავენ, რათა ამ კულტურულმა ძეგლმა თავისი მნიშვნელობა და რამდენიმე საუკუნის ისტორია არ დაკარგოს.

 

მომზადებულია სასწავლო კურსის “ბეჭდური მედია პრაქტიკუმი“-ის ფარგლებში
ხელმძღვანელი მაია ტორაძე.
მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 451 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა