23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
12:30 AM
რეპორტაჟი - სხვა
ხატია მეხრიშვილი | 11 ნოემბერი 2014

,,არ ვიცი, უკან დავბრუნდები თუ არა...

        

 

_ უწერაში მარტო მე ვარ მოსწავლე გოგო. წელს მეც დავამთავრებ და გავიქცევი აქედან. 3 წელია, რაც აქ ვცხოვრობ, მანამდე თბილიში ვცხოვრობდი. ძალიან გამიჭირდა და ახლაც მიჭირს აქაურობასთან შეგუება, დეპრესიაც კი მქონდა. ადრე უფრო იყვნენ ჩემი ტოლები, მერე ისინიც წავიდნენ და ახლა დრო, ძირითადად, ინტერნეტით და წიგნებით გამყავს, მაგრამ 1 თვეში მეც წავალ უკვე აქედან.

 

_  დაბრუნდები ისევ უკან?

 

_ მხოლოდ ზაფხულში ჩამოვალ, არა მგონია, საცხოვრებლად დავბრუნდე. – გვითხრა მაია ნადირაშვილმა. 

მისი ტოლი ახალგაზრდებიდან, თითქმის ყველა ასე ფიქრობს. 

 

ჩადით უწერაში და ონის სხვა სოფლებში და დარწმუნდებით, რომ აქ ყველა ახალგაზრდა გაქცევაზე ფიქრობს... მოხუცები იხსენებენ, რომ მათს ახალგაზრდობაში სოფლებში ქუჩები სულ სავსე იყო და თამაშებით ერთობოდნენ ხოლმე. ახლა ყველგან სიცარიელეა, მხოლოდ ბებიები, ბაბუები და მშობლები არიან, რომლებიც მუდმივად გზას გაჰყურებენ და ახალგაზრდების დაბრუნებას ელიან. არც ე.წ. ,,ბირჟაზე” მოჩანს ახალგაზრდობა. იშვიათად, რომ 35 წელს ქვემოთ ადამიანს შეხვდე. ისინი კი, ვინც ჯერ კიდევ იქ არიან, რამდენიმე კატეგორიად იყოფიან:

 

1. ვინც არასდროს არ წასულან და არც აპირებენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ახალგაზრდები თითქმის არ არიან. შეიძლება ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ არ წასულან.

 

2. წასასვლელად - ,,უკან დავბრუნდები თუ არა, არ ვიცი" - გამზადებულები. ამ კატეგორიას, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები მიეკუთვნებიან.

 

3. წასულები და (სხვადასხვა მიზეზით თუ მიზნით) უკან დაბრუნებულები.

 

რა აწუხებთ ამ ახალგაზრდებს, რა უშლით ხელს, საკუთარ სახლში და მხარეში რომ დარჩნენ? ონში დარჩენილი ახალგაზრდობის მთავარი პრობლემა სამსახურია. ,,რა გავაკეთო, რომ დავბრუნდე, სად ვიმუშავო?" – ესაა მთავარი პასუხი კითხვაზე: `დაბრუნდებით უკან?". რაიონში ძალიან ცოტა სამუშაო ადგილია და რაც არის, არც მათ შორის აქვთ დიდი არჩევანი. ან ჯარში უნდა წავიდნენ, ან პოლიციაში, სკოლაში და ბანკში უნდა იმუშავონ. მაგრამ რამდენი შეიძლება დასაქმდეს მხოლოდ ამ ადგილებზე?!

 

,,ქალაქში ცხოვრება, რა თქმა უნდა, კარგია, უფრო მეტი შანსი გაქვს, პროფესიულად განვითარდე, გაერთო, მაგრამ, რთულია, ოჯახის გარეშე თავი დაიმკვიდრო. მე ჩემს ოჯახთან ერთად მინდოდა ცხოვრება. ამიტომ დავბრუნდი ისევ ონში. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მერე მუშაობა დავიწყე ონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ინგლისურის მასწავლებლად, შემდეგ უკვე ონის საჯარო სკოლაშიც მივედი. ჩემი კლასელებიც დაბრუნდნენ აქ, დაახლოებით, 5-6. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ამ ადგილის სიყვარულმა გამოიწვია. ახლა ზოგი სამხედრო სამსახურშია, რამდენიმე ბანკში მუშაობს, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც რაიონში სამსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდა," – ნინო გამყრელიძე ერთერთი იმათგანია, რომელსაც გაუმართლა და, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა მშობლიურ მხარეში დაიწყო. ასეთი ძალიან ცოტაა. ხალხი ამბობს, რომ იძულებული არიან, დატოვონ საკუთარი სახლები და სხვა ქალაქში წავიდნენ სამუშაოდ.

 

,,პიპილეთიდან ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, არ მინდა აქედან წასვლა მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებ აქ დარჩენასაც. თუ ცოტა პირობები არ გამოსწორდა, ალბათ, მეც წავალ მერე სხვაგან. ელემენტარული გასართობი ადგილები არაა რაიონში, არც სამუშაო, ძალიან უჭირთ ახალგაზრდებს აქ ცხოვრება. ვინც ვართ დარჩენილები, ერთმანეთს ვაძლებინებთ. აქ ბიჭები, ძირითადად, სამხედრო სამსახურში არიან, მე ფიზიკურმა მდგომარეობამ არ შემიწყო ხელი, რომ აქ ჯარში დამეწყო მუშაობა და, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთადერთი სამსახურიც დავკარგე, რომელიც ჩვენს რეგიონში არის. რუსთავში ნათესავები მყავს და, ალბათ, იმათთან წავალ. შევეცდები, იქ დავიწყო მუშაობა და მშობლებს ცოტა მაინც დავეხმარო." – გვითხრა ერთერთმა ბიჭმა, რომელიც ონში ,,ბირჟაზე” იდგა რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად.

 

სამუშაო ადგილების გარდა, ონის რაიონში ბევრი რამ აკლია ახალგაზრდობას, რაც მათ მიგრაციას იწვევს. სიმართლე რომ ითქვას, წამსვლელი ბევრი აღარც დარჩა. ვინც ახალგაზრდაა, ისინიც ძირითადად, აბიტურიენტები არიან და მალე წავლენ სასწავლებლად.

 

,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდა სწავლა, ქართულ ფილოლოგიაზე. რომ დავამთავრებ, მერე რას ვიზამ, არ ვიცი, უფრო მეტი ყურადღება რომ ექცეოდეს ონს, აუცილებლად დავბრუნდები. მაგრამ ამ ეტაპზე არა მგონია~, – გვითხრა თამუნა ბიჭაშვილმა, რომელიც უწერის საჯარო სკოლაში სწავლობს. ის რეგიონის ერთერთი საუკეთესო მოსწავლეა და, ასევე, ,,ეტალონის” გამარჯვებული. 

 

,,ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენთან განათლების დონე დაბალია, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ტრენინგებზე რომ ვიყავით წასული თბილისში, ისე გვიყურებდნენ, თითქოს ჩვენ არაფერი არ ვიცოდით და არაფერი არ გაგვეგებოდა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი რეგიონის ბავშვები ძალიან მაღალ შედეგებს აჩვენებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე~, - აგვიხსნა ნინო გამყრელიძემ.

 

სკოლის გარდა, ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული სამოქალაქო აქტოვობაში. ბევრ სკოლაში არის ეკო კლუბი, დადიან ბანაკებში, აკეთებენ სხვადასხვა პროექტს, ასუფთავებენ გარემოს. ონის საჯარო სკოლაში არის ,,სამოქალაქო კლუბი”. ინა გამყრელიძე ამ კლუბის წევრია - `სკოლასთან ახლოს ძველი, ნახევრად დანგრეული შენობა იყო, ჩვენი კლუბის ბავშვებმა გავაკეთეთ პროექტი, რომ ამ შენობის ადგილზე კორტები გაკეთებულიყო. ახლა ვმუშაობთ მუზეუმის რესტავრაციის პროექტზე. საკრებულოს გვინდა მივმართოთ, რომ ფინანსურად დაგვეხმარონ~.

 

ახალგაზრდების კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა გართობა. რაიონში არ არის კინო, არც თეატრი (მხოლოდ წელიწადში ერთხელ ეწყობა სპექტაკლი რაიონის კულტურის სახლში), არ აქვთ წიგნების მაღაზია, არც კაფე, ბარი ან რესტორანი. ისინი, ძირითადად, შემდეგი საშუალებებით ერთობიან: მესამე ადგილზეა წიგნები, მეორე ადგილზეა ინტერნეტი და პირველ ადგილზეა `ჩვენ თავებს ჩვენით ვირთობთ~. 

 

,,ახლა მალე ბანკეტი გვექნება და რაიონში სალონი არაა, რომ მოვემზადოთ. ჩვენი თხოვნით სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვა ერთი გოგო, რომელიც დაგვეხმარება," – გვითხრეს ონის სკოლის მოსწავლეებმა. უწერის სკოლაში ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა. აქ უფრო ის აფიქრებთ, იქნება თუ არა საერთოდ ბანკეტი, რადგან დამამთავრებელ კლასში მხოლოდ სამი მოსწავლეა. 

 

,,ბოლო ზარი გვექნება და, ალბათ, ბანკეტიც. სავარაუდოდ, გლოლის სკოლის ბავშვებს შევუერთდებით და ერთად გავაკეთებთ ბანკეტს, მართალია,  იმ სკოლაშიც ოთხნი არიან, მაგრამ ასე უფრო მეტნი ვიქნებით და უფრო გავერთობით," - გვითხრეს უწერის მე-12 კლასის მოსწავლეებმა. 

 

სკოლის გარეთ ახალგაზრდების ნაწილი დაკავებულია მუსიკით, სპორტით, ხატვით, ხეზე მუშაობით, ნაწილი პოლიტიკაშიც კი არის ჩართული.

 

მახო მეტრეველი უწერის სკოლაში ფიზიკასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლის. სკოლის გარდა, ის პოლიტიკაშიც აქტიურადაა ჩაბმული. 

 

- უწერის სკოლა მაქვს დამთავრებული და 2003 წელს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. რომ Dდავამთავრე, ისე გამოვიდა, რომ დავბრუნდი აქ. სკოლაში ვაკანსია იყო და 2008 წლის შემდეგ ამ სკოლაში ვასწავლი. რაც მოვედი, მას შემდეგ ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთეთ, ეკო კლუბის ხელმძღვანელი ვიყავი, დავდიოდით ბანაკებში, რამდენჯერმე დავასუფთავეთ მჟავე წყლების მიმდებარე ტერიტორია. ყველას ფიზიკას ვერ ასწავლი პირდაპირი გაგებით, ვცდილობდი, რომ რაღაც ისტორიები მომეგონებინა და ისე ამეხსნა ბავშვებისთვის, რისი დამახსოვრებაც უჭირდათ. 

 

- საარჩევნო კომისიაში როგორ მოხვდით?

 

- 2010 წელს სოფელში შემომთავაზეს, რომ კენჭი მეყარა დეპუტატად, ის არჩევნები წავაგე, მაგრამ 2012 წლის არჩევნებზე უკვე აქტიურად ჩავები, ოფისში არ ვმუშაობდი, ისე ვიღებდი აქტიურად მონაწილეობას. არჩევნების დროს ,,ქართული ოცნებიდან~ საარჩევნო კომისიაში მოვხვდი. არასდროს არ მქონია პრეტენზია, თავმჯდომარე ვყოფილიყავი. მაგრამ თვითონ შემომთავაზეს, კანდიდატურა წამეყენებინა და გავიმარჯვე შიდა არჩევნებში. შევეცდები, რომ მაქსიმალურად სამართლიანად ჩავატარო არჩევნები, ისე რომ ხალხის რჩეულმა გაიმარჯვოს.

 

 

* * * 

აქ დარჩენაც რთულია და წასვლაც. უმრავლესობა დღეებს ითვლის, როდის წავა სხვა ქალაქში, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც უნდა დარჩენა, მაგრამ გარემოება აიძულებს, წავიდეს. უწერის საჯარო სკოლაში იმედის ხე აქვთ, სადაც მოსწავლეები ფურცლებზე დაწერილ იმედებს კიდებენ. ვიმედოვნებთ, რომ ამ ფურცლებზე დაწერილი იმედები არ დაიკარგება და ოდესმე გაუმართლდებათ. აუცილებლად დავწერდი ერთერთ ფურცელზე ,,იმედია, მოგვარდება პრობლემები და ახალგაზრდობა შეძლებს უკან დაბრუნებას". . .

 

 

 

 

ფოტო: ხატია მეხრიშვილი

 

მომზადებულია სასწავლო საგნის ,,ბეჭდური მედია 2"-ის ფარგლებში. ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1440 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9564შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა