20
ოქტომბერი, 2019 კვირა
12:42 PM
რეპორტაჟი - სხვა
სოფო ქემაშვილი | 08 ნოემბერი 2014

უწერა ადრე და ახლა

 

ონის რაიონ სოფელ უწერაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირამდე აუგიათ საკურორტო ნაგებობები, რომლებიც კომუნისტებს განუახლებიათ და მისთვის დედათა და ბავშვთა სანატორიუმი ,,ფაზისი" უწოდებიათ. დღეს მას უფრო ხშირად უწერის კურორტად მოიხსენიებენ. სანატორიუმი 2006-2007 წლებში გაიყიდა, ხოლო ფუნქციონირება ოფიციალურად 4 წელია, შეწყვიტა.

 

სანატორიუმი დგას ნაძვითა და ფართო ფოთლოვანი ტყით შემოსილი მთების შუაგულში. აქ, უწერაში, ნახავთ, ბუნებრივად როგორ ამოჩქეფს მიწიდან წყალი, რაც საოცარ სილამაზეს ჰქმნის; თვით სანატორიუმში თამარ მეფის ეპოქის დროინდელი ცაცხვები დგას, რომელთაც პასპორტებიც კი ჰქონიათ; აქვე დგას ამავე საუკუნის საეკლესიო ძეგლი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა – როინ მეტრეველმა და საქენერგოს მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა – ვაჟა მეტრველმა აღადგინეს უკანასკნელ წლებში და დღეს თანამედროვე სახით შეგხვდებათ. ჟანგმოკიდებული ბავშვთა გასართობი ატრაქციონების გვერდით კი საბჭოთა ხალხს დედათა და ბავშვთა ძეგლი აღუმართავთ.

 

უწერას სანატორიუმი წარმოადგენდა კლიმატო-ბალნეოლოგიურ დაწესებულებას. მისი უკანასკნელი დირექტორი ქალბატონი ნელი გვარაძე, მას იგივე ბორჯომს უწოდებს. ეს კომპლექსი აგებულია გვერითას წყლის ბაზაზე. იგი სამკურნალოა კუჭის წყლულისთვის, კოლიტისთვის, ქოლეცისტიტებისა და საერთოდ ყველაფრისთის, რაც კუჭ-ნაწლავს ეხება; აქვე მიმდინარეობდა გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის მკურნალობა, ტარდებოდა სხვადასხვა პროცედურა სწორი ნაწლავისთვის; აკეთებდნენ წყალქვეშა მასაჟს; ფუნქციონირებდა სტომატოლოგიური კაბინეტი, ასევე ფიზიოკაბინეტი და ა.შ.; აქ იყო  ასევე სააბაზანო შენობა, ბალნეო-კორპუსი, დამსვენებლები მოდიოდნენ როგორც კლიმატისთვის, ისე აბაზანებისთვის; 

 

უწერაში სეზონი პირველი მაისიდან იხსნებოდა და ნოემბრის ბოლომდე გრძელდებოდა. მაისსა და ივნისში, ძირითადად, მოდიოდნენ ბავშვები და დედები, ასევე პენსიონერებიც; ივნის-ივლის-აგვისტოში საზოგადოების სხვა ფენები, ხოლო დანარჩენ პერიოდში კვლავ დედები, ბავშვები და მოხუცები სტუმრობდნენ.

 


მაშინ, როდესაც სანატორიუმი პროფკავშირებს ექვემდებარებოდა, მოქალაქეებს უფასო საგზურები გადაეცემოდათ (რადგან პროფკავშირები ხელფასიდან გარკვეულ თანხას უქვითავდა და ამ დაგროვილი თანხის სანაცვლოდ საგზურებს აძლევდნენ).

 

 

სანატორიუმს სამი ტიპის მომსახურება ჰქონდა, პირველსა და მთავარში შედიოდა კვება, სამედიცინო მომსახურება და საცხოვრებელი ბინა (სანატორიუმი 200-250 კაცს იტევდა), მეორე ტიპის მომსახურებას უწოდებდნენ ,,კურსოვკას’’, რომელშიც შედიოდა: სამედიცინო მომსახურება და კვება, ხოლო ბინას დამსვენებლები ადგილობრივ მოსახლეობაში ქირაობდნენ. არსებობდა კიდევ მეორე ტიპის `კურსოვკა’’, რომელშიც მხოლოდ სამედიცინო მომსახურება შედიოდა.

 

 

უწერის სანატორიუმში 220-230 თანამშრომელი მუშაობდა, მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დასაქმებული სოფელ უწერიდან (მოსახლეობის 80%), ასევე მოდიოდნენ ქალაქ ონიდანაც; ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, ეკავა მიმტანის, მრეცხავის, მზარეულის, დამლაგებლის, მძღოლის, ცეცხლფარეშისა და სხვა თანამდებობები, ხოლო ძირითადი მაღალკვალიფიციური პერსონალი ჩამოდიოდა თბილისიდან, მათთვის სპეციალური შენობა არსებობდა, სადაც ისინი კურორტის ფუნქციონირების პერიოდში რჩებოდნენ.

 

უწერაში მცხოვრები ქალბატონი ნესტან ცხვედიანი ქიმიკოსად მუშაობდა კურორტზე. იგი თავისი სამუშაოსა და ამ დაწესებულების შესახებ შემდეგს გვიყვება:

 

,,მე ვმუშაობდი გეოკაპტაჟწყლებში, ჩემთან ერთად მუშაობდა 8-9 თანამშრომელი, სამუშაო დღე დილის 9 საათზე გვეწყებოდა, შემოვივლიდით წყაროებს თუ ბურღილებს (ხელოვნურად ამოყვანილი წყალი), სულ 28 დასახელების წყალი იყო, ამათგან განსაკუთრებული გვერითაა. ეს არის უნიკალური შემადგენლობის წყალი, რომელიც თავისი მონაცემებით მსოფლიოში მეორეა _ ერთია საფრანგეთში ვისის წყალი, რომლის შემადგენლობაშიც არის ბორმჟავა, რომელიც მკურნალობისათვის საუკეთესოა. აქ ექიმი დაუნიშნავდა დიეტას პაციენტს და იმის მიხედვით იღებდა წყლებს, ასევე აბაზანებს. ამ უკანასკნელს ბურღით ამოყვანილი წყლით ატარებდნენ, რადგან გვერითას წყალი ძალიან ცოტა მოდიოდა; ჩვენ ყოველდღე ჩამოვივლიდით ამ წყლებს და ვადგენდით, რა შემადგენლობა ჰქონდა იმ დღეს.  ეს აუცილებელი იყო, რადგან გრუნტის წყალი რა ფენასაც გაივლის მიწის ქვეშ, იმ ფენის გემოს იღებს, ხან მინარევებიც გამოერევა ხოლმე, ასევე გაზებიც ცვალებადი იყო, სწორედ ამიტომ სჭირდებოდა წყლებს გაზომვა."

 

 

უწერას სანატორიუმში დანგრეულ ხის შენობას მოჰკრავთ თვალს. მისი ფანჯრებიდან მცენარეთა ყლორტები ისე გადმოფენილა, თითქოს თვალებიდან ღვარღვარა ცრემლები მოსდისო. ეს სტალინის სააგარაკო სახლი გახლავთ, რომელშიც დაზუსტებით არავინ იცის, ისვენებდა თუ არა ,,დიდი ბელადი", თუმცა ცოცხლობს ამბავი, რომლის თანახმადაც, სტალინი ამ მხარეში კურორტის აშენებამდე მოსულა, მუცლის ტკივილს შეუწუხებია და ერთ მოსახლე ქალს გვერითას წყლით უმკურნალია, რის შემდეგადაც მას მოუთხოვია, სახლი აეშენებინათ მისთვის; სახლი მუხით არის გაკეთებული, შიგნით მოხატული ყოფილა.

 

შენობათა კომპლექსიდან ერთი გასართობი დანიშნულების იყო, სადაც დამსვენებლებს შეეძლოთ, ეთამაშათ ბილიარდი, ტენისი და სხვა, აქ იყო და დღესაც დგას 250-კაციანი კინოდარბაზი, რომელიც უკვე ამორტიზიებულია; ,,თვეში ორჯერ მაინც ჩამოდიოდნენ პოპულარული მომღერლები, მოცეკვავეები და ხალხი ძალიან კარგად ისვენებდა," - იხსენებს ქალბატონი ნელი გვარაძე.

 

 
მერაბ მეტრეველი 1980-დან 1987 წლამდე მუშაობდა სანატორიუმის მზარეულად, შემდეგ შოვის ტურბაზაზე გადავიდა, სადაც 32 წელს იმუშავა;

 

,,კვება უწერაში დიეტური იყო, რადგან აქ მოდიოდნენ კუჭნაწლავით დაავადებული ხალხი. კეთდებოდა 3-4-ნაირი საჭმელი, ვისთვის როგორიც იყო საჭირო, საერთოდ, პილპილი და მწარე არ გამოიყენებოდა; ბავშვებისთვის ვამზადებდით ფაფებს; იყო ასევე მოხარშული ხორცი დღეში 3-ჯერ, შემწვარი კატლეტი და ორთქლზე მოხარშული კატლეტი და თევზი, ეს მეორე - დიაბეტიანი ხალხისთვის. Bარდის წვნიანი მზადდებოდა ასევე დიაბეტიანებისთვის, თეთრი და წითელი ბორში და სხვა, ანუ ყველაფერ იმას ვაკეთებდით, რაც ჩვეულებრივ სახლში მზადდება,"- გვითხრა მან.

 

 

,,კარგი მკურნალობა იყო, ყველანაირი გამოკვლევა ტარდებოდა, იმდენი ხალხი მოდიოდა, მერე ადგილები რომ არ იყო, კერძოდ მოდიოდნენ. კარგად ცხოვრობდა ხალხი, ვისაც შეეძლო ორ-ორ სამსახურში მუშაობდა, ხალხი დაკავებული იყო, ისე ჰქონდათ სახლები მოწყობილი, რომ ქალაქში ვინ წავიდოდა, აქირავებდნენ ბინებს, ახალგაზრდები სულ დასაქმებულნი იყვნენ, კინო გვქონდა, თეატრი, სხვადასხვა გასართობები. თითქმის ყოველ ღამე გადიოდა კინოები, ჩვენს კლუბშიც და სანატორიუმშიც. სკოლებშიც 2-2 პარალელი არსებობდა. აქ ჩამოდიოდა მთელი საქართველოს მოსახლეობა, სექტემბერ-ოქტომბერში გაივსებოდა ხოლმე ყველაფერი. ახლა აღარაფერი აღარ არის, ისეა დადუმებული ჩვენი სოფელი," _ გვიყვება ქალბატონი ლენა მეტრეველი სევდანარევი ხმით.

 

უწერა საბჭოთა კურორტად არ იყო გამოცხადებული, იგი ქართველი ხალხისთვის იყო განკუთვნილი, იყო მცდელობა მისი გაფართოებისა და საკავშირო სანატორიუმად გადაქცევისა, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა. დღეს იგი ჭიშკრითა და ღობით გამიჯვნია უწერის ცხოვრებას, თავისი უფუნქციობით იგი მიგრაციის ხელშემწყობ მნიშვნელოვან მიზეზადაც არის გადაქცეული.

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო: სოფო ქემაშვილი

 

მომზადებულია სასწავლო საგნის ,,ბეჭდური მედია 2"-ის ფარგლებში. ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 3928 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა