16
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
06:11 PM
რეპორტაჟი - სხვა
მომზადდა ვებ-ადმინისტრირების სასწავლო კურსის ფარგლებში | 21 ივნისი 2014

გასეირნება ბულბულების ჭალაში


პარასკევი. .. დილის 9 საათი. ლექცია ,,კომუნისტურ", ჩაკეტილ კაბინეტში. მერე რა, რომ იქ 20-მდე კომპიუტერი, 21-ე საუკუნის მოაზროვნე ახალგაზრდები და ალბათ ორიოდე წლის წინ შექმნილი მოდული "ვებ-ადმინისტრირება" იკითხება. დიახ, გარემო მართლაც ,,საბჭოთაა", მაგრამ აზროვნებაა თავსუფალი და იდეებიც უფრო ადვილად იბადება.


ჰოდა, ერთ წამოსროლილ ფრაზას  დიადი აზრი მოსდევს. ლექცია კაბინეტს გარეთ, ლექცია არაჩაკეტილ სივრცეში, ღია, ადამიანურ ურთიერთობებზე,  რომელიც შემდგომ მულტიმედიური პროდუქტის სახით ჩვენს საიტზე, multimedia.tsu.ge-ზე აიტვირთება. მოკლედ, გადაწყდა, მომდევნო კვირის კვირა დღეს საგნის ლექტორის, ბატონი დავით რიკიაშვილის  ხელმძღვანელობით  ,,ბულბულების ჭალაში" მივდივართ, დასალაშქრად. 


ის საქმე რა საქმეა, თუ მის განხორციელებაში წვლილი ,,facebook"-მაც არ შეიტანა. მოკლედ, facebook-ის დახურულ ჯგუფში ,,Web Administration for TSU Students" იმავე საღამოს იწყება ბჭობა რომელ საათზე ვიკრიბებით, სად ვიკრიბებით, ვინ მოდის, ვინ არა. მერე უფრო საინტერესო და მძაფრი კითხვები ისმება: რას ვჭმთ? ვსვამთ? და იშლება  ბჭობა. რომელიღაც ღვთიან-მადლიანს ისიც აინტერესებს რამდენი ხანი მოგვიწევს ფეხით სიარული და დაახლოებით რომელი საათისთვის დავბრუნდებით უკან. წასვლის წინა ღამეს იმასაც  ვწყვეტთ, ვინ ვის აღვიძებს და ...


და კვირა დილაა. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ვიკრიბებით, დათქმულზე  გვიან. ველოდებით ჩაძინებულებს, ჩვენ მიერ გაღვიძებულებს, ტრანსპორტგამოსწრებულებს და ასე შემდეგ. საბოლოოდ 07:30-ის ნახევრის ნაცვლად,  09:00-ზე ვიყრით წამსვლელები  თავს.


ბატონი დავითი კუს ტბის ასახვევთან გველოდება. სასუსნავებს ვიმარაგებთ და უნივერსიტეტიდან ნაწილი მსუბუქი ავტომობილით, ნაწილი კი ავტობუსით  მივდივართ. გაგიკვირდებთ და ამ ორად გაყოფილ გუნდს ადგილზე მისულებს შეკრება ცოტა გვიჭირს, მაგრამ საბოლოოდ ზოგი ბატონი დავითის ავტომობილით, ზოგიც გამვლელების ოთხთვალით კუს ტბამდე მშვიდობით და სრული შემადგენლობით ავდივართ.



თუ გგონიათ ტბის ან ვერანდების დათმობა გვიჭირს და გვერდის პატარა ასახვევში შესვლას ვაპროტესტებთ, ცდებით ...  სანამ ნამდვილი ლაშქრობის პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ ბატონი დავითის ირგვლივ ვიკრიბებით. გვაძლევს საჭირო რჩევებს, ვინაწილებთ ფუნქციებს, ზურგჩანთებს და წინ, ბულბულების ჭალისკენ.  

 

ნანუკა ბრეგაძე

 

ლაშქრობა ახალი დაწყებულია. ჯერ ხუთი წუთიც არ იქნება გასული მას შემდეგ, რაც „კუს ტბას" გამოვცდით და უკვე გვეგებება პეიზაჟის განუყოფელი ნაწილი, ანუ ნაგავი. ეს ნაგავი გაურკვეველი წარმომავლობისაა, ის ან „კუს ტბიდან" ამოიტანეს და ტურისტებისა და დამსვენებლების თვალს გაარიდეს, მაგრამ შორსაც არ წაუღიათ, ხოლო მეორე ვარიანტით, „ბულბულების ჭალიდან" მომავალმა ლაშქრობის მოყვარულებმა თავი აღარ შეიწუხეს ნაგვის ტარებით და სადაც ყველაზე კარგი ადგილი ნახეს, იქვე დაყარეს.

უახლოეს მანძილზე ეს ერთადერთი მასშტაბური „ნაგავსაყრელია", მაგრამ თბილისელებს და არათბილისელებს უკვე არსებული და ხელოვნურად შექმნილი „ნაგავსაყრელი" ხელს არ უშლის იმაში, რომ   ნებისმიერ ადგილას დაყარონ ნაგავი. როგორც „ბულბულების ჭალისკენ" მიმავალ გზაზე, ასევე დაბრუნების ჟამს რამდენჯერმე გვხვდება ალაგ-ალაგ დაყრილი და მწვანე ბალახში ჩაკარგული პოლიეთილენის ბოთლები და ცელოფნის პარკები. ჩვენი ლაშქრობის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ მაგალითი მივცეთ სხვებს, რათა მომავალში არც მათ დაყარონ ნაგავი. მიუხედავად იმისა, რომ ახლომახლო არსად არის ნაგვის ურნა, რამდენიმე სტუდენტი ნაძვნარიდან „კუს ტბამდე" ხელით ატარებენ ნაგვის რამდენიმე პარკს. ეს სტუდენტები ლექსო მურღულიანი, საბა კოხრეიძე და ქრისტინა საჯაია არიან.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლაშქრობის განმავლობაში რამდენიმე ადგილას გვხვდება ღობეებსა თუ ხეებზე დამაგრებული წარწერები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ ნაგავი არ დავყაროთ და გვახსენებენ, რომ მსგავსი ქმედებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ბუნების განადგურებას. ეს უკანასკნელი პროცესი კი ბოლო დროს შეუჩერებელი ხდება და ჩვენი ხელშეწყობით შეიძლება შეუქცევადიც გახდეს. მსგავსი გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობა კი, მხოლოდ ერთ ფაქტზე მეტყველებს: ადგილზე დატოვებული ნაგვის რაოდებობა მოლაშქრეების რაოდენობის მატებასთან ერთად იმატებს.  

 

მარიამ ცინცაძე 

 

საკმაოდ გრძელი გზის შემდეგ ბულბულების ჭალასაც ვუახლოვდებით. ჭალაში ვიწრო ბილიკი შედის და აქვე იშლება პატარა მდელო, სადაც წრეში დაწყობილი ხეები ჩრდილში აქცევს ყველაფერს. ბატონი დავითის თქმით ეს ის ადგილია, სადაც უნდა დავბანაკდეთ, თუმცა დაკავებული გვხვდება. მდელოზე სამი კარავი დგას, კარვის წინ კოცონი ანთია, აქვე  ტინეიჯერები სხედან და ბანქოს თამაშობენ. კოცონის წინ კი, შუახნის მამაკაცი ისვენებს. მათი თქმით ბულბულების ჭალაში ხშირად ამოდიან, და სუფთა ჰაერზე რამდენიმე დღით ისვენებენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან. თბილისის ქაოსს გამოქცეულები კი იმაზე წუწუნებენ, რომ დილით ჭალაში ხალხი ადის და ზუსტად მათი კარვის წინ ვარჯიშობს. მდელოს მალევე ავდივართ და ახალი ადგილის მოსაძებნად მივდივართ, სადაც დაბანაკებას შევძლებთ.

 

ანო მაჭავარიანი  

 


მსვლელობა ერთ მყუდრო ადგილას ჩერდება. საგულდაგულოდ შეღობილი ტერიტორიის ღობეს ვწევთ და მზის სხივებისგან თავს ნაძვნარში ვაფარებთ. დასაჯდომი ადგილის შერჩევის შემდეგ,  ტერიტორიას უმალ ვასუფთავებთ და თითოელი ჩვენგანი დიდი შემართებით  სუფრის გაწყობას ვუდგებით. ჩვენი ლექტორი, ბატონი დავითი, საკუთარ ქალიშვილთან ერთად  თითოეულ დეტალში მოხმარებას ცდილობს. სასმელს ვასხამთ და პირველი სიტყვასაც ბატონ დავითს ვანდობთ. პირველს მეორე მოჰყვაბა მეორეს - მესამე, მესამეს - შემდეგი, საბოლოოდ კი ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და დიდი სიყვარულს ვიღებთ. 

 

ვახო კამკამიძე

 


სადღეგრძელოები ერთ-ერთი ყვლაზე გამორჩეულია  ამ მართლაც საინტერესო დღეს. ეს არ არის  ტიპური, მონოტონური სადღეგრძელოები თამადის მხრიდან. შეიძლება ითქვას აქ არ არის ერთი თამადა , თითოეულს შეუძლია  წარმოთქვას  ის ,რაც მას სურს. ბევრი სახის სადღეგრძელოს ისმის,  თითოეულ სადღეგრძელოზე ყველა თავის აზრს გამოხატავს. ისმის ერთად ყოფნის, საქართველოს, სიყვარულის, ბავშვების,  ილია მეორის, ბუნების, მეგობრობის, საქართველოს კუთხეების, ქალების და ა.შ    მთლიანობაში პოლარიზებული დამოკიდებულებების მიუხედავად, არანაირი  დაძაბულობა არ იგრძნობა და ყველა თავს კარგად გრძნობს.

 

საბა კოხრეიძე

 

 

ლაშქრობის პირველი ,,ტაიმის" დასრულების შემდეგ, როცა უკვე ვნაყრდებით და დაღლილები, როგორც იქნა თვალიდან ბინდს ვიშორებთ, გართობის  დროც დგება.  მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ კრეატიული ახალგაზრდების გარემოცვაა, იდეების დეფიციტის პრობლემა თავს იჩენს, თუმცა ყველაფერი გენიალური მარტივიაო ნათქვამია, ლექტორი ჩვენი ბავშვობის თამაშს გვახსენებს და შესანიშნავ იდეას გვთავაზობს. გახარებული ქეთოს (ლაშქრობის ყველაზე პატარა მონაწილის) აღფრთოვანებულ შეძახილზე ვინტერესდებით. თამაშის სახელწოდება - ,,განძის ძიება" თავისთავად გულისხმობს პრიზად განძს, მაგრამ  როგორც უკვე აღვნიშნე, იმდენად ნიჭიერი ახალგაზრდები ვართ რომ, განძი თავად ჩვენ ვიყავით ერთმანეთისთვის. ამიტომ მთავარი, თამაშის პროცესია და არა ბოლოს ხის ძირში ამოთხრილი 3 ლარი.

 

ლექტორი და ქრისტინა კალმით და ფურცლებით ,,უღრან" ტყეში მინიშნებების დასამალად მიდიან, ჩვენც ლაპარაკში ვერთობით და ის ის არის, სრულიად გვავიწყდება თამაშის იდეის შესახებ, რომ დავითი და ქრისტინა სტრატეგია-შემუშავებული  და ანთებული თვალებით ბრუნდებიან. პირველი ხმოვანი მინიშნება ჟღერდება - ,,თეთრი ყვავილი", დიახ, ასე მისტიურად იწყება ყველაფერი. ისეთი შემართება იგრძნობა, მერწმუნეთ ინდიანა ჯონსს ნამდვილად შეშურდებოდა ჩვენი. 

 

მას შემდეგ რაც ვლახავთ 3 მთასა და 2 მდინარეს ( ხუთიოდე ხის მოშორებით)  მეორე  მინიშნებასაც ვაგნებთ. ეს მე, თაკო ვახტანგიშვილი ვარ, ვინც პირველად ვამჩნევ თეთრ ყვავილთან პატარა ფურცელს.  ფილმში რომ ვიყოთ, დაახლოებით ასეთი სიუჟეტი იქნება: (ცხვირზე ხელის მოჭერით: კალუმბია პიქჩერზ პრედსტავლიაეტ, ფილმ დავიტა რაზმადზე, ,, კაკ ისკაც საკროვიშუ")  დამაინტრიგებელი მუსიკის ფონზე სტუდენტები გზას იკვლევენ გაუვალ ტყეში. გოგონა, რომელიც ყვავილს აგნებს მუხლებზე ეცემა და მინიშნებას სასწრაფოდ იღებს.. კადრში სიჩუმე, მხოლოდ გულის ცემის და მძიმე სუნთქვის  ხმა ისმის..  აკანკალებული თითებით ფურცელს ხსნის  და კითხულობს - ,,დანაშაულის ადგილი".   

 


გუნდებად არ ვართ დაყოფილი, ამიტომ მინიშნებაც ხმამაღლა ისმის და სხვა მხარეს წასული რამდენიმე წევრიც იქით  გარბის. ლოგიკურად აზროვნება და შედეგიც სახეზეა...  ვხვდებით, რომ მეორე მინიშნებაც იქვე ახლოსაა და მიწაზე დაგდებულ ლენტსაც ,,უმალ" ვპოულობთ. ზემოთ ხსენებული სიამაყის გრძნობა ერთი ორად იზრდება. დანაშაულის ადგილზე აღებული მინიშნების თანახმად გეზს ჩვენი ,,ბულბულების ჭალაზე" შემორტყმული ღობისკენ ვიღებთ. გავრბივართ, ვერ გეტყვით სად გვეჩქარება და ან ვის ვასწრებთ, მაგრამ ფაქტია მავთულხლართებში საოცარი სისწრაფიდ ვძვრებით.  მინიშნების შინაარსი  მესერზე ჩარჭობილი ბოძების გარკვეული რაოდენობის გადათვლას გულისხმობს. გიორგი ყველას  ასწრებს.. ხან აქეთ თვალა ხან იქით... . ,,დიდი ქვა" იქვე იყო და რიგით მეექვსე მინიშნებისკენ მივრბივართ. (,,კოკა-კოლაო" წერია ფურცელზე) თუმცა აი აქ კი უკან მყოფი გუნდი წინას ასწრებს... ზეპირსიტყვიერად  ,,კაქტუსი"-ო ისმის. მერე რა, რომ აზარტში შესულს გვავიწყდება ეკლების არსებობის შესახებ, განძის პოვნის სურვილი მეტია  ვიდრე ამ მცენარის ძირში ეკალშერჭობილი თითებით ქაღალდის ამოღება. მინიშნების თანახმად, თამაშში შეკითხვის დრო დგება.   როგორც ამოცანის პირობა ამბობს -  ხეზე იჯდა 2 ჩიტი, მერე ზუსტად არ გვახსოვს, ან ჯერ მონადირე მივიდა ან ერთი ჩიტი მანამდე აფრინდა, მთავარი ამ ეპიზოდში ის იყო,  რომ მამის მხრებზე შემოსკუპებული ქეთი პასუხს შეკითხვის დასრულებამდე ამბობს - ,,ერთი ჩიტი ყრუ იყოო", ამიტომ განძის ადგილსამყოფელის მინიშნება ყველასთვის გაჟღერდა - ,,ყველაზე პატარა ხე". 

 

 

 ტყეში პატარა ,,ხეებს" რა გამოლევს, თანაც ბოლოს ეს პატარა ხე სულაც არ არის ხე... რაღაც მცენარე უფროა, ერთი ან მაქსიმუმ  ორწლოვანი. მიწას ვთხრით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.. განძი რომ არც ვიპოვოთ, ტყეს სიკეთეს ვუკეთებთ, მიწას ვაფხვიერებთ.  შეძახილიც არ აყოვნებს დიდხანს -,,ვიპოვე! ვიპოვე !" რკინის ფულს, 3 ლარს,  ანო და ხატია ინაწილებენ. თამაში რჩება და სასიამოვნოდ დაღლილები  საწყისს პოზიციას ვუბრუნდებით.  

   

თაკო ვახტანგიშვილი

 

როგორც ამბობენ ყველაფერ დასაწყისს, თავის დასარული აქვსო... ხოდა ჩვენი, ვებ-ადმინისტრირების სასწავლო კურსის ფარგლებში, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული სტუდენტებისა და ხელმძღვანელის გასეირნება ,,ბულბულების ჭალაში" დადასრულს უახლოვდება... არაყი ისხმება , ჭიქები ,,ივსება".... ,,დაშლა-არმოშლისაო" ისმის და... ბოლო ჭიქა მწარეა, მაგრამ ტკბილად მოსაგონებელი....

  

მართალია ბულბულისა და მისი გალობის აქაურობას არაფერი ეტყობა, არც ჭალისა აქვს რაიმე მსგავსი, მაგრამ ფიჭვების გარემოცვაში, სუფთა ჰაერზე ყოფნა, ლამაზი ხედი და რაც მთავარია, ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობა და შეცნობა, ყოველ ჩვენგანზე ახდენს  გავლენას... დღე, რომელიც ალბათ ყოველთვის იქნება აი იმ სადღეგრძელოში, ტკბილ მოგონებებს გაუმარჯოსო რომ იტყვიან ხოლმე...

 

 

სუფრა ზღაპრული... როგორც იტყვიან ხოლმე ჩიტის რძეც კი არ აკლია... სოსისების, ძეხვეულისა და ყველის ფართო ასორტიმენტი, ქათამი შემწვარი, ქათამი მოხარშული, ჰამბურგერები, ჩიზბურგერები... სუფრა რა სუფრაა თუ მას კიტრი და პომიდორი არ ამშვენებს.... ერთი სიტყვით ამ ყველაფერის გემრიელად დაგემოვნებისა და დანაყრების შემდეგ, მისი ალაგებისა და ადგილის მოწესრიგების დროც დგება... დედაბუნების დაბინძურება დანაშაულია კაცობრიობის წინაშეო - ხოდა თითოეული ჩვენგანი  ალაგება-ჩაბარგებას შევუდექით....

 

დროზე ადრე დაშლისა და შინ დაბრუნების იდეა, ზოგიერთი ჩვენგანის პროტესტს იწვევს... განსაკუთრებით მათი, ვინც უკვე კარგად შეზარხოშებული, სასიამოვნო განწყობასა და სუფთა ჰაერზე ყოფნის ტკბობაში არის... ხმათა უმრავლესობით, უკან დაბრუნების იდეა მიღებულია, კვორუმიც შედგა და ლოკაციის ადგილიდანაც ვიძვრებით... მართალია სიცხეში მიმავალმა შორმა და დამღლელმა გზამ, თითოეული ჩვენგანის ენეგრიასა და შესაძლებლობებზე იმოქმედა, მაგრამ მომავალ გზაზე, დადებითი და მხიარული განწყობის შენარჩუნებას ხელს მაინც ვერ უშლის...

 

 

 

 

ფიჭვნარისა და ეკლიანი მავთულის ღობის გადმოლახვის შემდეგ ჯგუფური ფოტოები, ბევრი ხალისი და შემართება... შემართება იმისა, რომ განვლილი გზა, კვლავ უკან უნდა გამოვიაროთ... გზა ჯერჯერობით სწორი და ადვილად სავალია... ზოგი სურათს იღებს, ზოგს ერთმანეთი მოჰყავს, ზოგს საჭმლის ნარჩენებით სავსე ცელოფანი უკავია და შუა ტყეში ურნას უშედეგოდ ეძებს, ზოგსაც წინამძღოლობა უკისრია, ჯგუფს წინ უძღვის და გზას ასწავლის.... არჩევანს სწორ, ტრაქტორისგან ახლადგკვალულ გზასა და გაბილიკებულ, ტყეში მიმვალ გზას შორის, ჯგუფი შეცდომაში შეჰყავს... ,,ფიანდაზად" დაგებულ გზას ჯგუფი, მთავარი და სწორი გზისგან აცდენს... წინამძროლი აცნობიერებს თავის ,,დანაშაულს", უმალ გამოსავლის ძიებას იწყებს და  პოულობს კიდეც მას... ვიწრო, ხეებითა და ბუჩქნარით გაუვალი, დამრეცი ბილიკი, მაგრამ გზა რომელსაც შინისკენ მივყავართ აღმოჩენილია...

  

 გზაში ბევრი ჭოჭმანი, წუწუნი, ეჭვი იმისა, რომ მიმართულება არასწორია, მაგრამ კარვებისა და დაბანაკებული ადამიანების დანახვა, რომელიც მიმავალ გზაზე უკვე ვნახეთ, გეზის სიწორეში გვარწმუნებს და ყოველგვარ ეჭვს გვიფანტავს.... კვლავ მცხუნვარე მზე, თითქოს დაუსრულებელი გზა, სიცოცხლის ნიშან-წყალის ძიება და უცებ გამოჩენილი კუს ტბა, მის გარშემო შეკრებილი უამრავი ხალხი, ჩვენი ბედნიერი სახეები და ფეხის ტემპის მომატება....  

 

კუს ტბასთან კვლავ მანქანებში ვნაწილდებით და ყველა დაბლა ჩავდივართ, ადგილას საიდანაც დავიძარით... ასე დაღლილები, მაგრამ ნასიამოვნები ვიშლებით, ზოგი მარშუტკით, ზოგიც ავტობუსითა და ზოგიც ტაქსით სახლებისკენ მივეშურებით....

 

დღე, რომელმაც სპონტანურად მოფიქრებული იდეის გარშემო მთელი ჯგუფი შეკრა... დღე, რომელმაც გაგვაერთიანა, დაგვაახლოვა, გვასიამოვნა და გვახალისა, ყოველი ჩვენგანის ტკბილი მოგონებების სიაში სამუდამოდ ჩაიწერა....  

 

გიორგი შავერდაშვილი

 

პ.ს.- იქაურობა უამრავი ყვავილით იყო შემკული, საოცარი მინდვრის ყვავილებით. 11 ივნისს ყვავილების ფოტოებით ხელში, რომელიც იმ დღეს გავამჟღავნე, ,,გარდენია შევარდნაძეს" ვესტუმრე მეგობართან ერთად, რათა ,,ბულბულების ჭალის" მცენარეთა დასახელება და მნიშვნელოვანი მახასიათებელი ან ისტორია გამეგო. აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი უცნობი იყო იქ მომუშავე პერსონალისთვის. ბატონი ზურაბი, სამწუხაროდ, არ დაგვხვდა, შედეგად, მხოლოდ რამდენიმე ყვავილის დასახელება გავიგეთ, ესენია: სისირიკუმი, მიხაკი, სედუმი, თრიმლი და წივანა. ეს უკანასკნელი რომ გენახათ, ზღვის ტალღები გაგახსენდებოდათ, ტაატით მოლივლივე.

 

სოფო ქემაშვილი

 

 

 

 

მასალა მომზადდა ვებ-ადმინისტრირების სასწავლო კურსის ფარგლებში.

ხელმძღვანელი დავით რიკიაშვილი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 5551 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა