13
ნოემბერი, 2019 ოთხშაბათი
08:35 AM
რეპორტაჟი - სხვა
გიორგი დვალიშვილი | 17 ივნისი 2014

რეპორტაჟი ცის კიდიდან

 

სოფელი როშკა თბილისიდან სამი საათის სავალზეა. ტრანსპორტი ჩერდება და მძღოლი ამბობს, რომ აქედან თავად უნდა განვაგრძოთ გზა, რადგან სოფლამდე დარჩენილი გზა მანქანისთვის მიუდგომელია. 

 

დროის გასვლასთან ერთად გულისცემა ჩქარდება და ყურებიც გვიგუბდება. ზღვის დონიდან 1700 მეტრზე ვართ და წინ კიდევ 5 კილომეტრია გასავლელი. საშუალო სირთულის რელიეფია - ძირითადად აღმართები, რაც ძალიან დამღლელია. ბოლო დასახლებული პუნქტი, სადაც მაღაზია და ამბულატორია შეგვხვდა 20 კილომეტრის იქით ჩამოვიტოვეთ. შორიდან მყინვარიც კი მოჩანს. 

 

სიმაღლის მატებასთან ერთად წინ ულამაზესი ბუნება იშლება. გარშემო სულ მთებია და შერჩენია თოვლი. გზადაგზა მთის ფერდობებზე ვხედავთ თითო-თითო სახლს. ეს ერთსულიანი სოფლებია. მთის იქითა მხარეს, ჰორიზონტზე მოსჩანს სამი სახლი - ეს სოფელი გუდანია, თუმცა ჩვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით იქ მოხვედრის შანსი არ გვაქვს. გზას ვაგრძელებთ.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ, მზის მცხუნვარებისგან მოთენთილი თვალებს ვიფშვნეტ და აი საოცრება! ჯერ მეგონა, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ ეს რეალური ადგილია. ეს მართლა არსებობს, ეს - სოფელი როშკაა! მწვერვალებს შორის უზარმაზარი მდინარე ჩამოედინება, თუმცა ისე სწრაფად ეშვება მაღლიდან დაბლა, რომ ჩანჩქერის იმიტაციას ქმნის. ამ „ჩანჩქერის“ თავზე კი რამდენიმე სახლია განლაგებული. დავითვალე და ზუსტად ათი სახლია .როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილამდე.

 

დასასვენებლად იქვე წყაროსთან ჩამოვსხედით .ცოტა სული მოვითქვით. უცებ ჰორიზონტზე ერთი მოხუცი კაცი გამოჩნდა.ოდნავ წელში მოხრილს ხელში ჯოხი ეკავა და მძიმე ნაბიჯებით მოაბიჯებდა ჩვენკენ. რომ მოგვიახლოვდა უკეთ გამოჩნდა მისი ნაპრალიანი სახე. ჩემი ყურადღება მისმა დაზიანებულმა თვალმა მიიპყრო. ჯერ გვკითხა ქართველები ვიყავით თუ არა. როგორც ჩანს ამ ადგილს უცხოელი ტურისტები ხშირად სტუმრობენ, როგორც მოგვიანებით მოხუცისგანაც შევიტყეთ. მოგვესალმა. სახეზე ღიმილი გადაეფინა, რომ გაიგო ქართველები ვიყავით. შევატყე ლაპარაკისთვის იყო განწყობილი და მივუახლოვდი. საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

 

 

77 წლის ბერდია წიკლაური იმ სამი ადამიანიდან ერთ-ერთია, რომელიც სოფელ როშკას შემორჩა. სოფელში სახლები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია შემორჩენილი და საცხოვრებლად სრულიადაა შექმნილი პირობები. თუმცა როგორც ზემოთ ვახსენე, სოფლამდე უკანასკნელი დასახლებული პუნტქი, სადაც ყველაზე ელემენტარული რამ - მაღაზია და ამბულატორია შეგვხვდა 20 კილომეტრის იქითაა.   სოფელში არც სკოლაა და არც ამბულატორია.

 

 სწორედ ესაა მიზეზი რის გამოც სოფელი დაიცალა და მხოლოდ 3 ოჯახი შემორჩა და ისიც სულ მოხუცები, რომელიც მამა-პაპურ მიწა-წყალს არ ღალატობენ. ბატონი ბერდიას ხალხის დანახვის სიხარულით გამოწვეულმა ემოციამ ჩვენზეც მოახდინა გავლენა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ სოფლის გასაჭირზე. ბატონი ბერდია ექიმის დახმარების არქონის გამო ცალი თვალიდან დაბრმავდა. თავის დროზე რომ ექიმის კონსულტაცია გაევლო ამას თავიდან აირიდებდა, თუმცა ამის რესურსი მას და მის სოფელს არ გააჩნია. იგი სინანულით იხსენებს იმ დროს, როდესაც მისი ხუთი შვილი მასთან ცხოვრობდა, თუმცა განათლების მიღების სურვილის გამო მათ სოფელი დატოვეს. სხვებსაც არ დასჭირვებიათ განსაკუთრებული მიზეზების ძიება, რადგან სოფელში არანაირი გასაქანი და პერსპექტივა არ არსებობს. აბსოლუტურად საკუთარი თავის იმედად არის დარჩენილი სოფლის 3 მკვიდრი.

 

გარდა აღნიშნული პრობლემებისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზამთარში სოფელი კიდევ უფრო მიუდგომელი ხდება და ფაქტობრივად,  როშკამდე მისვლა ფეხითაც კი, შეუძლებელი იქნება. ამის გამო, თავს იჩენს საკვების პრობლემაც. მათი მთავარი საკვები რძის პროდუქტებია და ის მწირი მოსავალი, რის მოყვანასაც მოხუცები ახერხებენ. გარდა საკვებისა, ზამთარში თავს იჩენს გათბობის პრობლემაც. ხშირ შემთხვევაში, მოხუცებს ძალა არ შესწევთ თავად მოიპოვონ შეშა, ამიტომ მათ ძალიან ხშირად სიცივეში ყოფნა უწევთ. ჩნდება კითხვა: რას აკეთებს სახელმწიფო სოფელ როშკასთვის და კიდევ რამდენი სოფელია მსგავს მდგომარეობაში?

 

საქართველოში არსებობს კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ,რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაცლილი და ნახევრად დაცლილი სოფლებისა და თემების აღორძინება.კანონში, მუხლების ჩამონათვალის ბოლოს იმ სოფლების სიაა, რომელიც მაღალმთიან რეგიონს ეკუთვნის და დაცვას საჭიროებს. თუმცა რატომღაც სიაში ვერ ვნახეთ სოფელი როშკა, რომელიც ზღვის დონიდან 2000 (და მეტი) მეტრზე. თუმცა,სიაში არის სოფელი კორშა, რომელიც როშკამდე მდებარეობს და არც ასეთი მიუდგომელია. საინტერესოა, რა პრინციპით არ შეიტანდეს დასაცავი სოფლების სიაში როშკა? გამოსავალი ალბათ სწორედ ის არის,რომ დარჩენილმა მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს, რომ სოფელი ამ სიაში შეიყვანონ და ეს კანონი თანაბრად გავრცელდეს როშკაზეც. აღნიშნული კანონის თანახმად კი, სახელმწიფო ვალდებულია მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკა გაატაროს თანამედროვე მოთხოვნებისა და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, რათა თავიდან ავიცილოთ სოფლების დაცარიელება.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, ხოლო 152 სოფელში 10 და ნაკლები კომლი ცხოვრობს.სოფლებს ყოველწლიურად ათობით ოჯახი ტოვებს და დუშეთის რაიონის 275 სოფლიდან 70 უკვე დაცარიელდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექსმინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, აუცილებლად უნდა გადაიხედოს ის მოძველებული კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რომელიც 1999 წელს იქნა შემუშავებული. ამასთან ერთად, სტიმულირების მექანიზმები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს როგორც ხელისუფლების, ასევე დონორი და სხვა ორგანიზაციების მხრიდან.

 

გარდა იმისა,რომ სოფელი როშკა მიეკუთვნება ნახევრად დაცლილი სოფლების კატეგორიას, იგი საინტერესოა იმითაც, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული ადგილი გახდა ტურისტებისთვის. როგორც ბატონ ბერდიასგან შევიტყეთ, ამ ადგილს გაზაფხულზე და განსაკუთრებით ზაფხულში ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. მათ შორის, უფრო მეტი უცხოელი ტურისტია. სახელმწიფოს დაინტერესება ამ ადგილის მიმართ, უფრო დიდი უნდა იყოს ამ მიზეზის გამოც.

 

    

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ ფარგლებში  (პედ. დალი ოსეფაშვილი)

 

სტატიის ვებ რედაქტორი: სოფო ქემაშვილი

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 7729 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10010შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა