10
დეკემბერი, 2019 სამშაბათი
03:54 AM
პროფაილი - საზოგადოება
ქეთევან ჭეიშვილი, ანა მსხალაძე | 06 ივნისი 2019

ძველი თბილისის მივიწყებული პროფესიები

 

 

 

სადგურის მოედანზე, ე.წ ვაგზლის ტერიტორიაზე, უამრავ პატარა სარდაფისმაგვარ სახელოსნოს შეხვდებით, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უკვე წლებია ძველი თბილისისთვის ესოდენ საჭირო და თანამედროვეობაში მივიწყებული ხელსაქმის შენარჩუნებას ცდილობენ. ,,საათების შეკეთება”, ,,ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გადაკეთება” – ეს და სხვა მსგავსი ფრაზები, რომელიც წითელი საღებავებით ქართულ და რუსულ ენაზე პატარა ხის ფიცრებზეა წაწერილი, თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ. ასეთი მოძველებული ბანერები იმაზე მეტყველებს, რომ ძველი თბილისის ცხოვრებაში ამ პროფესიებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. თუმცა, დღეს ეს სახელოსნოები მომხმარებელთა სიმრავლით ვეღარ დაიკვეხნის. სწორედ ამიტომ, ამ სახელოსნოებში მომუშავეთა პროფესიები უკვე მივიწყებულია და სავარაუდოდ, მომავალში გაქრობაც კი უწერია. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიებისადმი ინტერესი იკლებს, თბილისის მესაათეები, ხარაზები და მკერავები მაინც ძველებური ენთუზიაზმით აგრძელებენ 30 და მეტი წლის წინ შესწავლილ ხელობას _ საქმეს, რომელიც დღემდე მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ძირითადად მათ სახელოსნოებს სტუმრობენ ძველი კლიენტები, რომლებთან ურთიერთობაც კარგა ხანია მეგობრობაშია გადაზრდილი. 

 

პირველი ჩვენი გაჩერება ფეხსაცმლის სამკერვალო იყო, სადაც ასეთი მეგობრობის ძალიან კარგ მაგალითს გადავაწყდით. ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიქცია ძველებური სახელოსნოს ვიტრინაში განთავსებულმა ლურჯმა, თანამედროვე და საკმაოდ დიდმა ფეხსაცმლის საკერავმა მანქანამ, ამიტომ გავჩერდით და გავესაუბრეთ იქ მსხდომ ორ მოხუცს შორის ერთერთს. მხოლოდ ერთწუთიანი დიალოგის შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენთან მოსაუბრე არა ხელოსანი, არამედ მისი ერთგული კლიენტი იყო, რომელმაც უბრალოდ მეგობრის სანახავად შემოიარა. 

 

 

ხარაზი მიშა უკვე 30 წელია ამ საქმიანობას ეწევა. გრძელი და დამღლელი სამუშაო დღის მიუხედავად, მან მაინც ძალიან თბილად და თავაზიანად მიგვიღო. გვითხრა, რომ გაუხარდა ახალგაზრდა სახეების დანახვა. როდესაც გაიგო, რომ მისი პროფესია გვაინტერესებდა, გაკვირვება გამოხატა, სიგარეტს მოუკიდა და თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო. 

 

,,უკვე 30 წელი სრულდება, რაც ფეხსაცმელებს ვაკეთებ. პირველად ქარხანაში დავიწყე მუშაობა და პროფესიულად სწორედ აქ შევისწავლე ეს საქმე. ბოლო 10 წელია ჩემი სახელოსნო მაქვს, რომელსაც ხუმრობით ჩემს მეორე სახლს ვეძახი, რადგან ყოველდღე, დილიდან დაღამებამდე აქ ვარ და ვმუშაობ. ძალიან დავიღალე”-, გვიყვება ხარაზი მიშა. 

 

სევდიანად ჩაიცინა და თითქოს ამ ერთი სიტყვით მთლიანად გაგვიზიარა თავისი მდგომარეობა. როგორც თვითონ აღნიშნა, სათქმელი და მოსაყოლი ისტორია ძალიან ბევრი ჰქონდა, მაგრამ ბოდიში მოგვიხადა, ლაპარაკის ხასიათზე არ იყო. რომ ვკითხეთ, იყო თუ არა ამის მიზეზი დამღლელი სამუშაო დღე, ნაწილობრივ დაგვეთანხმა და აღნიშნა, რომ მის სადარდებელს სახელოსნოს ქირა უფრო წარმოადგენდა. ამბობს, რომ კლიენტები ადრე გაცილებით მეტი ჰყავდა, მაგრამ ახლაც არ უჩივის მათ ნაკლებობას. 

 

,,კლიენტები არც ისე ცოტაა, მაგრამ მალე საქართველოში ამ ხელობის ხალხი აღარ იქნება. Aახალგაზრდებს ამის სწავლა არ აინტერესებთ, ხალხსაც მეორადების ყიდვა ურჩევნია ძველი ფეხსაცმლის შეკეთებას”-, გვითხრა მან.

 

ხასიათი მაშინვე გამოუკეთდა, როცა მისი ფეხსაცმლის საკერავი მანქანით დავინტერესდით. თვალები გაუბრწყინდა და ამაყად გვითხრა: ,,აბა თქვენ რა გგონიათ? ეს ერთი მანქანის ფასია. 500 დოლარი მივეცი.” 

 

საბოლოოდ ვთხოვეთ, რომ ფოტოს გადავუღებდით მას და მის სახელოსნოს. თავიდან გაგვეხუმრა, ხალისიანად აწია ხელში თავისი გაკეთებული ფეხსაცმელი და შემოგვთავაზა, ფოტო ასე გადაგვეღო. Mმალევე დასერიოზულდა და კამერასთან პოზიორობაც კი დაიწყო. თბილად დაგვემშვიდობა და წარმატებები გვისურვა ჩვენს პროფესიაში.

 

მესაათეების დათანხმება გაგვიჭირდა. ერთმა უარით გამოგვისტუმრა. ჩვენი რესპოდენტი კი თავისი საქმის სიყვარულის გამო დაგვთანხმდა, ოღონდ იმ პირობით, თუ მას ფოტოს არ გადავუღებდით. 

 

 

მესაათე არტურა, რომელსაც სხვისი დროის კონტროლი ევალება, უკვე 25 წელია ამ ხელსაქმით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ იგი პროცესისგან დიდ სიამოვნებას იღებს, ამბობს, რომ მაინც ბევრ სირთულეს აწყდება და თავის საქმიანობას მივიწყებულ პროფესიად მიიჩნევს. 

 

,,ბევრი დრო, ნებისყოფა და ენერგია სჭირდება ამას. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ზოგჯერ ერთი საათის შეკეთებას მთელი სამუშაო დღეც კი მიაქვს. დამღლელია, მაგრამ მირჩევნია მთელი ენერგია დავხარჯო, ვიდრე საქმე ბოლომდე არ მივიყვანო”-, გვეუბნება მესაათე.

 

ციფრულ სამყაროში, სადაც მობილურმა ტელეფონმა საათის ფუნქცია შეითავსა, ეს პროფესია კიდევ უფრო არაპრესტიჟული ხდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი რესპოდენტი მწუხარებით აღნიშნავს, რომ კლიენტების რაოდენობა ამის გამო ბოლო 10 წელია შემცირდა: 

 

,,კლიენტების გარდა, ხელსაქმის შემსწავლელთა რაოდენობაც შემცირდა. გავა დრო და ალბათ, საერთოდ გაქრება ეს პროფესია.”

 

ბოლო პერიოდში საათების შეკეთების მსურველთა რაოდენობამ რომ იკლო, ეს მის სახელოსნოსაც ეტყობოდა, რადგან უკვე საათებისგანაც კი დაცარიელებული იყო პატარა ოთახი. Aრტურა, მიშას მსგავსად, თავისი ცხოვრების ძირითად დროს სახელოსნოში ატარებს, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ერთი ან საერთოდ არცერთი საათი არ აქვს შესაკეთებელი. 

 

 

ჩვენი მესამე რესპოდენტი არანაკლებ საინტერესო ქალბატონი გახლდათ, რომელიც ორი სახელით გაგვეცნო. გვითხრა, რომ მეგობრები მას ნანას ეძახდნენ, პასპორტის მიხედვით კი ლუსიანა ერქვა. საუბრისას მარტივად შეამჩნევდით მის რუსულ აქცენტს და თავაზიანობას, რომელიც მის პასუხებშიც გამოიხატა. Nნანა უკვე 20 წელია მკერავია და ბოლო 6 თვეა საკუთარი სამკერვალო აქვს. Gმანამდე კი ჭავჭავაძეზე მუშაობდა ერთერთ ატელიაში.

 

 

,,მართალია, ბოლო წლებში მკერავებზე მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ დღეში 5-6 კლიენტს მაინც ვიღებ. ძირითადად ჩემი ასაკის კლიენტები მყავს, ახალგაზრდები ნაკლებად მოდიან, თუმცა სეზონს გააჩნია. საბანკეტო პერიოდში ბევრ შეკვეთას ვიღებ, ისე კი ახალ ტანსაცმელს თითქმის არავინ იკერავს. ძირითადად ნაყიდის გადაკეთებაზე ვმუშაობ”-, გვიყვება ნანა.

 

საუბრისას ნანამ აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა დღითიდღე უფრო ნაკლებშემოსავლიანი ხდება და ახალგაზრდებისთვისაც აღარაა მიმზიდველი ამ პროფესიის შესწავლა, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ კერძო სამკერვალოები თანდათან დავიწყებას მიეცემა.

 

დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება, მაგრამ თავდაუზოგავი შრომა და საკუთარი საქმისადმი სიყვარული არის ის ორი ფაქტორი, რაც ახანგრძლივებს მივიწყებული პროფესიების არსებობას.

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის პარქტიკუმის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 372 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10013შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა