10
დეკემბერი, 2019 სამშაბათი
04:16 AM
პროფაილი - საზოგადოება
ხატია ვარდია | 14 იანვარი 2019

“დიახ, ჩავიბარებ!..”- ერთი ბუკინისტის ამბავი

 

 

მარჯანიშვილის მეტროსთან ერთხელ მაინც თუ ჩაგივლიათ, აუცილებლად შენიშნავდით ბუკინისტური წიგნებით სავსე დახლებს და ამ დახლებზე გამოკრულ წარწერას - “წიგნები 2 ლარად” - ამ წიგნების პატრონი თენგიზ თაქთაქიშვილია.

 

72 წლის ბუკინისტი უკვე 24 წელია, რაც მარჯანიშვილის მოედანზე წიგნებს ყიდის და ამით ოჯახს არჩენს. დღეს მას თბილისში წიგნის თითქმის ყველა მოყვარული იცნობს, თუმცა ძალიან ცოტამ იცის მისი ისტორიის შესახებ. ისტორია კი დაიწყო ასე…

 

2 წლის იყო, როცა ომიდან დაბრუნებული მამა ავადმყოფობით გარდაეცვალა. 4 შვილის გაზრდა დედამ მარტო ითავა, დაობლებული ბიჭის ისტორია კი ქუჩაში გაგრძელდა. 19 წლისამ სკოლა დაამთავრა და გადაწყვიტა უნივერსიტეტში ჩაებარებინა. პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა, მეორე ცდამ გაამართლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

 

“ძალიან უნიჭო ვიყავი, 19 წლისამ ძლივს დავამთავრე სკოლა. წერა-კითხვა კარგად არ ვიცოდი, მაგრამ სურვილი გამიჩნდა, რომ სწავლა გამეგრძელებინა, ამიტომ დამოუკიდებლად დავიწყე მეცადინეობა, გავბედე და უნივერსიტეტში განაცხადი შევიტანე, მაგრამ გრამატიკა მიჭირდა და ჩავიჭერი. მეორე წელსაც ვიმეცადინე და საბოლოოდ, უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე”-, მიყვება ბატონი თენგიზი.

 

 

უნივერსიტეტში 6-წლიანი სწავლის დასრულების შემდეგ, ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამეცადინებდა, პარალელურად კი რუსულ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა:

 

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსული სკოლების უმეტესობა დაიხურა, მათ შორის იყო 105-ე სკოლაც, სადაც ვმუშაობდი, დავრჩი უმუშევარი. წიგნი მქონდა დაწერილი- „ღმერთი და სატანა ანუ თავისუფლება და მონობა”, ჩემი დანაზოგით გადავწყვიტე ამ წიგნის გამოცემა, დავბეჭდე და ზუსტად ამ ადგილას, სადაც ახლა ვდგავარ, დავდგი მაგიდა, დავიწყე ამ წიგნების გაყიდვა; იმდენად მალე გაიყიდა, რომ ხელახლა დავბეჭდე, ბოლოს, როცა წიგნები ნელ-ნელა შემომელია, ვიღაც ქალი მოვიდა და მითხრა, წიგნებს ხომ არ ჩაიბარებთო, დავფიქრდი და ვუპასუხე- დიახ, ჩავიბარებ-მეთქი, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი, ერთ მაგიდას მეორე მიემატა, მეორეს მესამე და ა.შ“-, იხსენებს ჩვენი მოსაუბრე. 

 

ბუკინისტი კიდევ ორი წიგნის ავტორია, ერთ-ერთი მათგანი “ვვარგივართ თუ არა ქართველები” დაბეჭდა, მეორე წიგნის მკითხველისთვის მიწოდება კი ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლო. საკუთარი წიგნის გაყიდვამ ბატონი თენგიზი, როგორც თავად ამბობს, პროფესიონალ ბუკინისტად აქცია. 24 წლის წინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ საქმით დაკავდებოდა. დროთა განმავლობაში საქმეს შეეჩვია, წიგნების ყიდვა-გაყიდვის წესებიც დაადგინა და დღეს, მარჯანიშვილის მეტროსთან, ყოველდღიურად 1000-ზე მეტი წიგნი გამოაქვს გასაყიდად. ეს მისი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

 

წიგნის სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, საკუთარი ბიბლიოთეკა უნიკალური წიგნებით აქვს დაკომპლექტებული: “პაპაჩემის მამას არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა, თავად პაპაჩემი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა, ბებიაჩემი კი ექიმი იყო, სწორედ მათ დამიტოვეს უნიკალური წიგნები. ამას დედაჩემის წიგნებიც მიემატა, მერე კი მე დავიწყე შეგროვება და დღემდე ვაგროვებ. ჩემი ბიბლიოთეკიდან წიგნებს არ ვყიდი, არ მინდა რომელიმე მათგანი დავკარგო, რადგან უმეტესობა მათგანი აღარ იყიდება”-, მიყვება ბატონი თენგიზი.

 

მისი საყვარელი წიგნი “სახარებაა”, შემდეგ “ვეფხისტყაოსანი” და “დავითიანი”. უპირატესობას აღმოსავლურ პოეზიას ანიჭებს, ბევრი ლექსი ზეპირად იცის და ხშირად იმეორებს, რომ არ დაავიწყდეს.

 

 

წიგნებს მოსახლეობისგან იბარებს. თანხას იმის მიხედვით იხდის, თუ რამდენად საინტერესო და უნიკალურია წიგნი, ფასსაც ასევე ადგენს. მასთან იპოვით წიგნებს, რომლებიც მაღაზიებში ძნელად იშოვება, ბატონმა თენგიზმა კი ზუსტად იცის, რომელი წიგნი სად დევს, ამიტომ მისი ძებნა არ დაგჭირდებათ.

 

მისთვის ბუკინისტობა წიგნის სიყვარულთან ასოცირდება. მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც წიგნების გაყიდვას მხოლოდ კომერციული თვალით უყურებს, ვერასდროს გახდება ნამდვილი ბუკინისტი: “ყოფილა შემთხვევა, როცა წიგნები მოუტანიათ, ფასზე წინასწარ ვიყავით შეთანხმებული- თითო წიგნში ლარი უნდა გადამეხადა, თუმცა აღმომიჩენია, რომ წიგნები გაცილებით მეტი ღირდა, ამიტომ მეპატრონე დავაკავშირე ადამიანებთან, რომლებსაც მსგავსი წიგნები აინტერესებდათ. რა თქმა უნდა, მათ ბევრად მეტი გადაუხადეს, ვიდრე 1 ლარია”-, იხსენებს ბუკინისტი.

 

როგორც თავად ამბობს, მყიდველების სიმცირეს არ უჩივის, მასთან ყველა ასაკის მკითხველი დადის, თუმცა, უმეტესად ხანშიშესულები. ბევრი იცნობს, ამიტომ, როცა წიგნი დასჭირდებათ, მას აკითხავენ: “მუდმივი კლიენტებიც მყავს, რომლებიც დღეგამოშვებით დადიან, ძირითადად ხანშიშესულები. მყიდველები მხატვრულ და შემეცნებით ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას, სამწუხაროდ, პოეზიას ზურგი შეაქციეს. ახალგაზრდებიც მოდიან ხოლმე, მაგრამ მათგან 90%-ზე მეტი გოგონები არიან”.

 

 

ბატონ თენგიზს კარგად ესმის, რომ ინტერნეტი ინფორმაციის გაცემისა და მიღების შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა ელექტრონულ ბიბლიოთეკებს ეჭვის თვალით უყურებს. მიაჩნია, რომ ბუკინისტიკას გაქრობა მანამ არ ემუქრება, სანამ ნამდვილი მკითხველი იარსებებს.

 

72 წლის ბუკინისტი, წიგნებთან ერთად, ადამიანურ ურთიერთობებსაც აგროვებს, კლიენტებს ძალიან თბილად ეპყრობა და აღიზიანებს, როცა უხეშად ექცევიან, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც წიგნის გაყიდვისას აწყდება, თუმცა მსგავსი შემთხვევების რიცხვი ცოტაა. კითხვაზე, თუ რა შეიცვალა ბუკინისტობის პირველი დღის შემდეგ, მპასუხობს, რომ უცხო ადამიანების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, რაც ძალიან ახარებს. 

 

მისი ყველაზე დიდი სურვილია, რომ მომავალმა თაობებმა მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრონ, რომლის მოსახლეობაც იმაზე გაცილებით მეტი და განათლებული იქნება, ვიდრე დღესაა. 

 

თენგიზ თაქთაქიშვილის მსგავსად, თბილისში უამრავი ბუკინისტია, რომლებმაც განსხვავებული გზა გაიარეს ბუკინისტობამდე. თითოეული მათგანის ამბავი ორიგინალურია და მრავლისმთქმელია, ისევე როგორც ბატონი თენგიზის.

 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 728 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10013შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა