19
აგვისტო, 2019 ორშაბათი
12:46 PM
პროფაილი - საზოგადოება
თამარ ჩხიკვაძე | 19 ნოემბერი 2018

მალე ისევ წავა მთაში

შოთა მირიანაშვილის პორტრეტი ინტერიერში

„შოთა მირიანაშვილი 2014 წელს ალპინიადაზე გავიცანი, გუდამაყარში.   მაშინ მეც დამწყები მოლაშქრე ვიყავი. მახსოვს, დილით, ბანაკში, ბავშვებს თავისი ხელით უსწორებდა კარვებს. საოცარი ადამიანია, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,“ – მიყვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული,  ეკოლოგი რატი გელაშვილი. 

თუ თსუ-ის მეორე კორპუსის პირველ სართულს ქვემოთ ჩაუყვებით, ფიზიკის ლაბორატორიების გვერდით, 138-ე კაბინეტში აუცილებლად დაგხვდებათ შოთა მირიანაშვილი _ ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც წლების განმავლობაში თსუ-ის ალპინისტურ კლუბს ხელმძღვანელობდა და 82 წლის ასაკშიც მთის სიყვარულით ცოცხლობს. თსუ-ის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი;  საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტრავერსების კლასში; 1960-70 წლებში საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი; საერთაშორისო მასშტაბით რამდენიმე ათეულზე მეტი ექსტრაკლასის მარშრუტის ავტორი; 100-ზე მეტი ალპინიადის ხელმძღვანელი _ ეს მისი, როგორც მთამსვლელის `მონაგარია”, ხოლო უშბა, თეთნულდი, შხარა, აილამა, მაზერი, ჯანღა, წურუნგულა, ტიან-შანისა და პამირის მასივი... _ მის მიერ დალაშქრული მწვერვალების არასრული ჩამონათვალი. 

 

ჩვენი შეხვედრის  დროს შოთა მირიანაშვილი 2 კვირის დაბრუნებული იყო ხდის ხეობიდან, სადაც თსუ-ის ალპურმა კლუბმა 3600 მეტრი სიმაღლის  მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიანიჭა. 

`სოფელ ახალსოფელში დავიბადე,” _ მიამბობს ბატონი შოთა, –  " მამა ადრე გარდაიცვალა. გარკვეული პერიოდი სოფელ შილდაში ბებიასთან და ბაბუასთან ვიზრდებოდი, შემდეგ ქალაქში  წამოვედით მე და დედა.  თბილისის ვაჟთა მეექვსე სკოლა დავამთავრე და ბევრი არც მიფიქრია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემს ბიძაშვილს გოგი ოთარაშვილს, ალპინიადაზე ყაზბეგში მოუწია წასვლა. იქიდან დაბრუნებული კი მთაზე საოცარი ემოციებით საუბრობდა. ამან ისე ამაფორიაქა, მთელი წელი ველოდებოდი ზაფხულის სეზონის დადგომას და უნივერსიტეტის მორიგ ალპინიადას.  

პირველად 1953 წელს წავედი მთაში. მაშინ 17 წლის ვიყავი. უნივერსიტეტის რექტორი ნიკო კეცხოველი იყო. ყელის ტბის სათავეებთან ავედით და ერთ-ერთ  მწვერვალს `თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დავარქვით. შემდეგ მდინარე თერგის სათავეებში გადავედით. ამ ექსპედიციის დროს ნიკო კეცხოველთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. 

პირველად ჯგუფის ხელმძღვანელობა მწვერვალ `შტავლერზე” ასვლის დროს მომიწია. მახსოვს, ნისლი იყო, ვიცოდი, რომ ამ გზიდან ცნობილი ქართველი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე სამჯერ მობრუნდა, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც მშვიდობით ავიყვანე გუნდი მწვერვალზე.  სწორედ ამ პერიოდში ალპინიადების დროს  გავიცანი მთის ბევრი ჩემი მეწყვილე და შემდეგში მეგობარი. აქ იყო გურამ თიკანაძე _ არაჩვეულებრივი ადამიანი და ხელოვანი. სხვათაშორის, 1963 წელს შხარადან მის ჩამოსვენებაშიც ვიღებდი მონაწილეობას. გურამ რჩეულიშვილიც ჩემი ახლობელი იყო. ჩვენ ერთად ავედით დონღუზ-ორუნზე და როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, მის ნოველაში “ასვლა” ერთ-ერთი პერსონაჟის პროტოტიპი მეც ვარ. თუმცა ამ ექსპედიციაში ჩემი და გურამის აღქმა დიამეტრულად განსხვავებულია და ერთსა და იმავე მოვლენებსა და ფაქტებს  სხვაგვარ შეფასებას ვაძლევთ. 

_ გვიამბეთ ყველაზე რთული მარშრუტების შესახებ...

_ 1979 წელს პამირში 6800-მეტრიან მწვერვალზე ავდიოდით. ძალიან რთული აღმოჩნდა, ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ მაინც ავედით.  დაშვების დროს 45-მეტრიან ყინულის ვერტიკალზე მოგვიწია გაჩერება. პალოებს ვხსნიდით, როცა მოულოდნელად გუნდის ერთ-ერთმა წევრმა გონება დაკარგა და სამი კაცი ერთად მოვწყდით. სასწაულია, რომ გადავრჩით, თოვლის ნამქერში ჩავცვივდით და ამან გადაგვარჩინა. 

მძიმედ მახსენდება 1959 წელს ტიან-შანზე გასვლაც. გამარჯვების პიკის დალაშქვრა გადავწყვიტეთ. ახალი გზაც მოვამზადეთ, მაგრამ იმ პერიოდში მთაზე შუა აზიის სამხედრო ოლქის ნაკრები იმყოფებოდა. ავარია შეემთხვათ და მათ დასახმარებლად წავედით, მაშინ 3 ადამიანი დაიღუპა. 

მთაში ძირითადად ახალი მარშრუტების გაკვალვაზე ვიყავით ორიენტირებული. ასე ავედით  "ცალგმირზე”. მწვერვალ მაზერის დასავლეთ წვერზე არავინ იყო ნამყოფი, როცა მე და ირაკლი ბაქრაძემ აქედან დაშვება გადავწყვიტეთ. დაგვაღამდა.  ვიფიქრეთ, ე.წ გლისერით _ თოვლზე დაცურებით დავშვებულიყავით. 3900 მეტრზე ვართ. მომეჩვენა, რომ კლდეები იწყება. წერაყინით თოვლი გავსინჯეთ, საეჭვო არაფერი ეტყობოდა. თურმე წერაყინი ნაპრალებში მოხვდა და სინამდვილეში კლდეზე ვართ, რომელზეც მხოლოდ  10 სანტიმეტრიანი თოვლია. დავცურდი, წერაყინი გამივარდა და ირაკლიც მოვწყვიტე. გონს, რომ მოვედი ისევ მივსრიალებდი ყინულის კულუარში, რომელიც უზარმაზარი ლოდით იყო ჩაკეტილი. შემთხვევით გაჩერება მოვახერხე და ნაზვავებ თოვლში ჩავვარდი. ირაკლისაც იგივე დაემართა. ვერ  ვიჯერებდით, რომ გადავრჩით _ აღმოჩნდა, რომ 2 კილომეტრის სიგრძეზე, ვერტიკალურად,  თოვლზე "ვიფრინეთ”. სასწაული იყო. 

სამოცამდე ქართველია მთებში დაღუპული. წინასწარ არასდროს იცი, რა მოხდება. 1980 წელს, მწვერვალ "რასიაზე” 4 კაციანი ექსპედიცია ადიოდა, მე მეორე მწვერვალიდან ვაკვირდებოდი მათ გადაადგილებას, მეორე ღამეს ისინი საბანაკეზე ვეღარ შევამჩნიე. სასწრაფოდ უკან დავბრუნდით, მაგრამ მარშრუტის ძირში სამივე დაღუპული დაგვხვდა. გუნდის მეოთხე წევრის სხეულიც ვერ იპოვეს. დღემდე ბევრი რამ დარდად მაწევს  და  არის რაღაცები, რაც ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის.

_ 65 წელია მთაში ხართ. რა არის ყველაზე რთული ალპინიზმში?

_ რეალურად ალპინიზმი ბუნებასთან პაექრობაა. სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ბუნება შეცდომებს არ გპატიობს. ძალიან კარგად უნდა იცნობდე, როგორც საკუთარ თავს, ისე შენს მეწყვილეს, რომელიც მთაში გვერდით გიდგას. შეიძლება ზოგჯერ ისეთ კომპრომისზე მოგიწიოს წასვლა, რომელსაც სხვა დროს ვერ გაბედავდი. მთელი ცხოვრება ჭეშმარიტ ალპინისტად მაინც ის მთამსვლელი მიმაჩნია, რომელმაც საკუთარი ბილიკები დატოვა მწვერვალებზე და  რომელსაც სხვების გაკვალული გზებით არ უვლია.

ქართველ მთამსვლელთა თაობის 75% თსუ-ის ალპურ კლუბშია გაზრდილი. წელიწადში 4 ალპინიადას ვატარებთ. მთელი ამ წლების მანძილზე ოცი ათასზე მეტი სტუდენტი წავიყვანე მთაში, რაც ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწევად მიმაჩნია. მწვერვალის შემდეგ, ბევრს ბარშიც შევხვედრივარ და ხშირად უთქვამთ, რომ მწვერვალზე ასვლის ემოცია ყველაზე ძლიერი ემოცია იყო მათ ცხოვრებაში, როცა საკუთარ სამშობლოს მთის წვერიდან უყურებდნენ. ამ გზით ადამიანს თავისი ქვეყანა  სხვანაირად უყვარდება. მთელი გზა მწვერვალამდე ფსიქოლოგიურად გცვლის და ახალ ნიშანს გაპოვნინებს საკუთარ თავში”. 

 

***

შეხვედრის დასასრულს, ბატონი შოთას მეგობრები და ფიზიკოსები შემოგვიერთდნენ. მითხრეს, რომ ყველაფერთან ერთად, შოთა მირინაშვილი არაჩვეულებრივი ლექტორი, მეცნიერი და ფოტოგრაფიცაა. სამუშაო მაგიდის გვერდით მთის ჩანთები ეწყო, კედელზე რკინის კარაბინები და პალოები დაემაგრებინა. დამშვიდობებამდე, სანამ კითხვას დავუსვამდი, მითხრა, რომ ბევრი გეგმა აქვს. დიდ ქართველ მთამსვლელს ალიოშა ჯაფარიძესა და  გიორგი ნიკოლაძეს თავისი სახელობის მწვერვალები არ აქვთ და ამ საქმეს უნდა მივხედოო. 

ვიცი, რომ შოთა მირიანაშვილს არასდროს უფიქრია მწვერვალების მიტოვებაზე  და მალე ისევ წავა  მთაში. 

 

ავტორი:  თამარ ჩხიკვაძე

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში. 

ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი 

მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 437 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა