23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
12:46 AM
პროფაილი - საზოგადოება
თამუნა ზარანდია | 21 მაისი 2018

ბიჭი, “რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

  „19 წლის კასპელი ორიგინალური იდეით“ - ასე გაიცნო საზოგადოებამ 4 წლის წინ გენადი გაბოძე- ბიჭი, რომელიც ავტოგრაფიანი წიგნების შეგროვებით იყო გატაცებული და ბიბლიოთეკის გახსნაზე ოცნებობდა. 

4 წლის შემდეგ ოცნება- აუხდენელი, თუმცა, გატაცება უცვლელი დარჩა და მისი პირადი ბიბლიოთეკა  დღეს 11 000-ზე მეტ  მინაწერიან წიგნს ითვლის. 

ისტორია დაიწყო ასე...

სოციალური მდგომარეობის გამო სკოლის მხოლოდ საბაზო საფეხურის დამთავრება მოახერხა,შემდეგ მუშაობა დაიწყო, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, შეეყვარებინა წიგნები და არა მარტო კოლექციონერი, არამედ საკითხავის საუკეთესო მრჩეველიც გამხდარიყო. 

„რამდენიმე წლის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციაზე, სადაც ავტორმა წიგნი მაჩუქა და სრულიად უბრალო მინაწერი გაუკეთა - პატივისცემით გენადი გაბოძეს. ეს იყო გივი შაჰნაზარი და, შესაბამისად, ჩემი პირველი ავტოგრაფიანი წიგნი მის მიერ  ნათარგმნი საიათნოვას ლექსები გახლდათ. მას მერე გაჩნდა იდეა - შემეგროვებინა ხელმოწერილი წიგნები, რადგან, მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ისტორიისთვის, თაობებისთვის. წლების მერეც რჩება ავტორის ხელწერა, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად სწორედ ამაში ჩანს მწერლის ნამდვილი ბუნება“.

ერთი კრებულით დაწყებული კოლექციონერობა მალე გასცდა უბრალო გატაცებას და გენადიმ აქტიურად დაიწყო კასპიდან თბილისში სხვადასხვა წიგნის პრეზენტაციაზე სიარული, ერთ წელიწადში უკვე 3000-მდე წიგნი ჰქონდა შეგროვებული. 

„ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერთდროულად რამდენიმე ადგილასაა წიგნის პრეზენტაცია. ერთი დღის განმავლობაში 3-4 პრეზენტაციაზე ვყოფილვარ და ყველადან წამომიღია ხელმოწერილი წიგნი, წიგნებს არ ვყიდულობ, სულ მჩუქნიან. სპეციალურადაც მიწვევენ ხოლმე, რამდენიმეჯერ სიტყვით მიმართვამაც მომიწია პრეზენტაციაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან, ვფიქრობ მაქსმალურად უნდა გამოვიყენო ყველა ტრიბუნა, საიდანაც პოტენციურ სპონსორს მივაწვდენ ხმას.“

პოტენციურ სპონსორთან სალაპარაკო ნამდვილად ბევრი აქვს. იდეა, რომლისთვისაც ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, უკვე კარგად გაწერილ პროექტად აქცია და, როგორც თავადაც ამბობს, მისი  განხორციელების შემთხვევაში, კასპი ტურისტულ რუკაზე მნიშვნელოვან ადგილად მოინიშნება.

„ვგეგმავ, გავაკეთო მსოფლიოში პირველი ავტოგრაფიანი და იშვიათი წიგნების  ბიბლიოთეკა-მუზეუმი სოფელ ნოსტეში. ნოსტე კასპის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელია და იქ თითქმის არაფერი ხდება საინტერესო. ჩემი პროექტით კი ხელს შევუწყობ, რომ ეს არაჩვეულებრივი მხარე გაიცნოს მთელმა მსოფლიომ. მსგავსი ტიპის ბიბლიოთეკა მსოფლიოში არ არსებობს, არის გარკვეული ფონდები, თუმცა, ბიბლიოთეკა-მუზეუმი, თანაც ავტოგრაფიანი წიგნებით, მხოლოდ კასპში  გვექნება. ამავე სივრცეში  უნდა შეიქმნას მწერალთა მოსასვენებელი სივრცეც, აქვე გაიმართება ხოლმე წიგნის პრეზენტაციები.  ამ ეტაპზე ვაკეთებ ყველაზე მნიშვნელოვანს - ვაგროვებ შესაბამის ბაზას, შემდეგ ალბათ სპონსორსაც ვიპოვი“.

ჯერჯერობით საამისო ფინანსები 23  წლის ბიბლიოფილს არ გააჩნია. მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო ფოტოგრაფიაა. ეს საქმეც უბრალო გატაცებით დაიწყო და ჰობი მალევე  საქმიანობად აქცია. თვლის, რომ სწორედ ფოტოგრაფიის წყალობით ჰყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც, თავის მხრივ, წიგნების შეგროვებაში ეხმარებიან. წიგნის პრეზენტაციაზე სტუმრად მისული ხშირად საკუთარი ინიციატივით ითავსებს ფოტოგრაფობასაც და ცდილობს, არ დაიკარგოს  იმ შეხვედრების კადრები, რომლებიც მედიასა თუ სხვა ფოტოგრაფებს რატომღაც გამოეპარათ.

 ადამიანური ურთიერთობების შეგროვება გენადის  კიდევ ერთი საყვარელი საქმიანობაა - „ მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რის დაგროვებაც შეიძლება, ადამიანური რესურსია, კონტაქტები ნებისმიერ ფულზე ძლიერია და წარმოუდგენელ რამეს შეგაძლებინებს ხოლმე ადამიანს. ყველაზე უფრო სწორედ ასეთ ადამიანებს ვუფრთხილდები, იმათ, ვის გამოც და ვისი წყალობითაც ვარ ასეთი და ვარ აქ, ჩემს საყვარელ საქმეში“

ასეთი ადამიანები მის ცხოვრებაში არც ისე ცოტანი არიან, სწორედ ამიტომ, გენადის კოლექციაში აღმოაჩენთ პოლიტიკოსების მიერ ნაჩუქარ წიგნებს მათივე რარიტეტებით, ელჩების, პრეზიდენტების, ცნობილი ხელოვანებისა და ბიზნესმენების პირადი კოლექციებიდან სპეციალურად გენადისთვის გამეტებულ უიშვიათეს გამოცემებს. ამ უკანასკნელს გენადი განსაკუთრებით უფრთხილდება. იმდენად, რომ მასზე საუბარიც არ სურს. ბიბლიოთეკის დაარსების შემდეგ კი ელის დაპირებულ წიგნებს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ბევრმა კოლექციონერმა და ბიზნესმენმა გამოთქვა მზადყოფნა, ნოსტეს ბიბლიოთეკა-მუზეუმს, დაარსების შემდგომ,  დაუთმოს მათი პირადი კოლექცია. 

კითხვაზე რომელი წიგნია მისთვის ყველაზე ღირებული, პასუხის გაცემა ძალიან უჭირს და ამ სიტყვის პრაგმატული გაგებით მპასუხობს - ყველაზე ძვირადღირებულ წიგნს მისახელებს, რადგან არაპრაგმატული და განსაკუთრებული „ღირებულება“ მისთვის ყველა წიგნს აქვს, ყველას თანაბრად. 

კოლექცია ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან გამოცემას მოიცავს, მათ შორის, ისეთებსაც, რომლებიც ძნელად თუ მოიძებნება ბუკინისტებში და რომლებზეც თავის დროზე ავტორებს საკუთარი ხელწერა დაუტოვებიათ. გაცვეთილი პერგამენტიანი წიგნებიდან ჩინეთის პრეზიდენტის ორტომეულამდე ( რა თქმა უნდა, შესაბამისი ავტოგრაფით) გენადის ბიბლიოთეკა  ქართულ, უცხოენოვან, მხატვრულ თუ პროფესიულ ლიტერატურას აერთიანებს  საერთო კვანძით, რომელმაც წლების განმავლობაში სახე იცვალა და თუ ადრე უბრალოდ გენადი გაბოძეს უსახსოვრებდნენ, ახლა წიგნებზე სხვადასხვა მიმართვებია - „მწიგნობართუხუცესს“, „ბიბლიოფილს“, „კასპის ბიბლიოთეკა-მუზეუმის დამფუძნებელს“, “გენიალური იდეით შეპყრობილ ბიჭს“ ... 

სანამ ნოსტეში გენადის საოცნებო ბიბლიოთეკა-მუზეუმი რეალობა გახდება, 23 წლის  ნახევრადუკრაინელმა ბიჭმა, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს, მირგოროდში პირველი ქართული ბიბლიოთეკა უკვე დააარსა, რა თქმა უნდა, დავით გურამიშვილის სახელობის. 

 

 მომზადებულია სასწავლო კურსის “ბეჭდური მედია პრაქტიკუმი“-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი მაია ტორაძე.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2886 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9564შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა