13
ნოემბერი, 2019 ოთხშაბათი
10:37 AM
პროფაილი - საზოგადოება
გვანცა მელიქიძე | 19 ივნისი 2017

თბილისს 86 წლის მეეზოვე ჰყავს

  შეხვედრა თბილისის ყველაზე მხცოვან მეეზოვესთან დილის ცხრა საათზე უნდა შემდგარიყო. ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი მისი ქუჩისკენ მიმავალ გზას. წარმოსახვამ შორს წამიყვანა და გონებაში წარმოვიდგინე მეეზოვე, ისეთი, თბილისის ქუჩების სევდას რომ ხვეტავს. დილის ბინდ-ბუნდში, დარდით დაღლილი და ნაღვლიანი, ტომარაში კრავს წუხანდელი ღამის მოგონებებს.
  სულ რამდენიმე წუთიც და დათქმულ ადგილას ვიყავი. ქუჩის კუთხეში, ხის ქვეშ, სკამთან 86 წლის ტარიელ მაისურაძე მელოდებოდა. ის თბილისის დასუფთავების სამსახურის ყველაზე ასაკოვანი თანამშრომელია. წვერგაპარსული და მხნე მოხუცი ჩემს წინ გაღიმებული იდგა. კეთილი გამომეტყველება ჰქონდა და უბრალოებასა და ხიბლს ატარებდა.
  მეეზოვე, რომლის შესახებაც გიყვებით, 14 წელია, რაც თბილისის ქუჩების სისუფთავეზე ზრუნავს. ტარიელ მაისურაძე ყოველდღე დილის ექვსის ნახევარზე დგება. იმ დროს, როდესაც ყველას სძინავს, იგი ფეხაკრეფით მიუყვება თავისი სამუშაო ადგილისაკენ მიმავალ გზას. საჭირო ხელსაწყოებიც თან აქვს. დინჯად აყოლებს ცოცხს ქუჩის ნაგავს. დილის სუსხი და ხეების შრიალი მისი ყოველდღიური თანამგზავრია.
პროფესიით მშენებელ-ინჟინერი რაჭაში, ონის რაიონის სოფელ წედისში დაიბადა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, სამუშაოდ აფხაზეთში წავიდა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, მაყვალა მაისურაძე. ოჯახის შექმნის შემდეგ, საბოლოოდ დასახლდა აფხაზეთში და ბედნიერად ცხოვრობდა 1992 წლამდე, ვიდრე საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული მოვლენები არ განვითარდა.
  აფხაზეთის ომმა, სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, სრულიად შეცვალა მისი ცხოვრებაც. ამ საბედისწერო მოვლენამ წაართვა ყველაფერი, რაც მისთვის ძვირფასი იყო. ყველაზე უფრო მძიმე მისთვის შვილის დაკარგვა აღმოჩნდა. მისი ვაჟი ფრიდონ მაისურაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ბრძოლას შეეწირა. ომში თვითონაც მონაწილეობდა. აბა რა გააჩერებდა სახლში, როდესაც მისი სამივე ვაჟი იარაღით ხელში იცავდა სამშობლოს. ბრძოლისას დაიჭრა. იარა დღესაც ემჩნევა.
  დღეს ის დევნილია, საკუთარი მიწიდან იძულებით გადმოხვეწილი. წლების მანძილზე შვილის საფლავზეც კი არ შეეძლო მისვლა. მხოლოდ 2016 წელს მოახერხა მისი ცხედრის გადმოსვენება და დატირება. ენატრება და ენანება ყველაფერი დაკარგული. ომის შემდეგ რამდენიმე წელი წყალტუბოში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად იმ იმედით, რომ მალე სახლში დაბრუნდებოდა. შინ დაბრუნების იმედი საბოლოოდ რომ გადაეწურა, გადაწყვიტა, თბილისში ჩამოსულიყო. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მეეზოვედ მუშაობა. სამოც წელს გადაცილებულმა, უსახლკარომ და მშიერმა ვერსად შეძლო სამსახურის პოვნა. მის უკან კი, ოჯახი იდგა, რომელსაც რჩენა სჭირდებოდა. ახალი სამსახური სრულიად შემთხვევით, ქუჩაში გავლისას ნახა. პირველად ისიც კი ჰკითხეს, მეეზოვედ მუშაობას, თუ იკადრებდა. 2003 წლის 28 აპრილი იყო. სწორედ ამ, დროიდან დაიწყო მის ცხოვრებაში მუდამ ძველი და გახუნებული ტანსაცმლის, მტვრისაგან დახეთქილი ხელების ხანა.
  მოხუც მეეზოვეს უბედურება სწორედ მაშინ დაატყდა თავს, როდესაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განვლილი ჰქონდა.როგორც თვითონ ამბობს, უკვირს, უდიდესი ტრაგედიის შემდეგ მაინც როგორ შეძლო ცხოვრების თავიდან დაწყება. „სამი ოჯახი დავკარგე, შვილი დავკარგე, ცხოვრება დავკარგე, ყველაფერი და როგორ შემიძლია მაინც. ყოჩაღ მე! ", გვეუბნება ტარიელ მისურაძე. ომმა დაღი დაასვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკუთარი სახლი აქვს, თავს მაინც დევნილად გრძნობს. დევნილად საკუთარი მიწიდან, საკუთარი სახლიდან, ამიტომ ომი მისთვის არ დასრულებულა. მუდმივმა ბრძოლამ გამოაწრთო და გააძლიერა. მან შეძლო წლების წინ ნანგრევებად ქცეული ცხოვრების საძირკველზე ახალი აგურები დაეწყო. დარდს ქუჩაში მოფრიალე ფოთლებს აყოლებდა, სტკიოდა მაგრამ მაინც არ ნებდებოდა გასაჭირს.
  დღეს ის ყველაზე მდიდარი ადამიანია. ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟი, ხუთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. განსაკუთრებით გარდაცვლილი ვაჟის, ფრიდონის, შვილი ეიმედება. როდესაც მას უყურებს, ფიქრობს, რომ მისთვის ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. „რაკი ვხედავ მის შვილს, ვფიქრობ,რომ ის გადამატანინებს". აქვს სახლი, საკუთარი ხელით გაშენებული ვენახი, ბაღი და ბოსტანი. მისი მარანი მუდამ სავსეა ქართული ღვინით, რომლითაც, ტრადიციულად, აფხაზეთში დაღუპული ბიჭების სადღეგრძელოს სვამს.
მოხუცი მეეზოვისთვის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და დამხმარე მისი ოთხმოცდაერთი წლის მეუღლე, მაყვალა მაისურაძეა. „ ის არის არაჩვეულებრივი დიასახლისი, არაჩვეულებრივი მეუღლე, საყვარელი ადამიანი. ამდენი წელია ერთად ვართ და „შე ოხეროს " მეტი არაფერი მითქვამს მისთვის. " ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად ცხოვრობენ „ძალიან კარგი მეუღლეა. ჩვენ უკვე 61 წელია ერთად ვართ, ერთმანეთს ვუწყობთ ხელს შრომაში და ცხოვრებაში ", ამბობს ქალბატონი მაყვალა. 26 ივნისს ქორწინების 62 წლისთავი აქვთ. ამ თარიღთან დაკავშირებით სურთ ჯვარი დაიწერონ და ოქროს ქორწილი გადაიხადონ. ფიქრობენ, რომ თუ ჯვარს არ დაიწერენ, იმქვეყნად ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.
  ტარიელ მაისურაძისეთვის მეეზოვის საქმე არ არის მხოლოდ ყოველდღიური და მოსაწყენი რუტინა. „ვემსახურები ხალხს, სანამ შემიძლია. ადამიანი თუ ხარ ,ადამიანურად უნდა მოეპყრო ყველას. უნდა იყო კაცი, უნდა იყო ერთგული შენი ქვეყნის,შენი ხალხის. სიყვარული უნდა დაიმსახურო. მე სულ ხომ არ ვიცოცხლებ, მოვკვდები, ის კი არ უნდა თქვან, ცუდი კაცი იყოო, უნდა თქვან, კარგი კაცი იყო, ცოდო იყო, რომ წავიდაო ...ქუჩაში გამველელები ყრიან რაღაცეებს, მაგრამ ლანძღვა საჭირო არ არის. იმ ადამიანმა ნაგვის დაყრით თავი დაიმცირა და მე კიდევ აღარ დავამცირებ, არ გავლანძღავ. ჩემთვის მთავარია ცოცხალი ვარ და მიხარია, რომ ჩემი ხალხის ლამაზ და სუფთა გარემოზე ვზრუნავ".
  სიცოცხლე რომ უყვარს, ეს მის ყველა ქმედებაში ჩანს. დღემდე სწორედ სიცოცხლია სიყვარულმა მოიყვანა. „ ჩემი ხნის ხალხი, ზოგი ვეღარც დადის. გუშინ მოხუცმა კაცმა გაიარა ჯოხით. ჩემგან ცოტა მოშორებით მანქანამ დაუსიგნალა და წაიქცა. მივედი და ავაყენე", გვიყვება ტარიელ მაისურაძე. სამსახურიდან სახლში მიმავალი ხშირად სხვა მეეზოვეებსაც ეხმარება. სხვისთვის სიკეთის კეთება აძლიერებს . უკვე მოხუცს და წარმავალს ბევრი არაფერი უნდა. სურს, რომ სამშობლო, რომლის უკეთესი მომავლისთვისაც ის და მისი შვილები იბრძოდნენ, ერთიანი და ძლიერი იყოს. დღემდე იმედით და რწმენით მოვიდა. სჯერა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. „მინდა ვუსურვო ჩემს ხალხს მშვიდობა, ბედნიერება და ცხოვრების იმედი. იმედი ნუ მოუშალოს ღმერთმა"

ტარიელ მაისურაძე

„მინდა ვუსურვო ჩემს ხალხს მშვიდობა, ბედნიერება და ცხოვრების იმედი. იმედი ნუ მოუშალოს ღმერთმა"

 

 

ქუჩაში გამველელები ყრიან რაღაცეებს, მაგრამ ლანძღვა საჭირო არ არის. იმ ადამიანმა ნაგვის დაყრით თავი დაიმცირა და მე კიდევ აღარ დავამცირებ, არ გავლანძღავ. ჩემთვის მთავარია ცოცხალი ვარ და მიხარია, რომ ჩემი ხალხის ლამაზ და სუფთა გარემოზე ვზრუნავ

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1838 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10010შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა