20
ოქტომბერი, 2019 კვირა
01:28 PM
პროფაილი - საზოგადოება
ანანო შარიქაძე | 25 მაისი 2016

ჟეტ’ემ ჟე’ბოტა...

    დაბა  თიანეთიდან   მდინარე  იორზე  გადაკიდულ  ორ  ხიდს  რომ  გადაკვეთ, გაზაფხულის  ზამთარს  შემოხვდები,  თითქოს,  მაღალი  მთებიდან  თოვლი  და ნისლი  კამკამა  წყალთან  ჩამოსულა.  შემდეგ, ბოლომდე  გაუყვები  სუსხიან  გზას და, გაშლილი  სივრცითა  და  გაზაფხულის   შემოდგომით,  სოფელი  ჟებოტა  მოგეგებება.   იქვე,  ხიდის  დასასრულს,  ახლადშემწვანებულ  ბალახს ჯერ  კიდევ  შიშველი  ხეების   გამხმარი  ფოთლები  ახურავს , მათი  სილუეტებით  კი  მზე სინათლის  ფერებს   ხატავს. ნიავს  მატყლის  სუნი  მოაქვს  და  ბალახი  ცხვრის შეხებას  გრძნობს.  მიშა  პაპა  შორიდან  გასცქერის  მათს  კუნტრუშს  და  სიტყვებს ლექსებად  აწყობს. თვალთან  ჩაწყობილი  ნაოჭებით,  თხრობისას, თბილად  იღიმება და  ნაშრომი  ხელით  მაგრად  ეჭიდება   ჯოხს.  სამოცდათვრამეტი  წლის  მწყემსად გამოვიდა,  ორმოცდაოთხი  ცხვარი  ჰყავს  ფარაში  და  თითოეულს  ოთხ-ოთხ ლარად  პატრონობს. მეუღლე  სახლში  ფუსფუსებს,  შვილები  საზღვარგარეთ მუშაობენ  და  ასე,  ყველა  ერთად  არჩენს  თბილისში  სასწავლებლად  წასულ  შვილიშვილებს...  ამბობს, რომ  ისინი  სოფელში  ჩამოვლენ, სანამ  პაპა ეყოლებათ, მერე  ზაფხულობით  ივლიან,  ბოლოს  კი  სახლ-კარი  უპატრონოდ  დარჩება...

   ტყის  ბოლოს  სოფელი  იშლება  თავისი  სკასახლებით,  ბუხრის  საკვამური ღრუბლებს  უერთდება  შეშის  სურნელებით  და  ბილიკებში  გიკვალავს  გზას. სისუფთავეს  აქ  ნაგვის  ბუნკერები  იცავს, მაგრამ  გადათხრილი  გზა  კედებს ტალახით  თხუპნის.   გზებზე   წვიმას  ტბორები ჩაუყენებია.   ამღვრეული   წყალი  ცელქი   ჩოჩორის  სახეს  ირეკლავს. ნაბიჯების  ხმაზე,  შეშინებული,  ლევან პაპასთან  გარბის. მოხუცი  გუთნისდედა  ვირს  ხსნის  გუთანს  და  რკინის  ხელით  თავზე ქუდს  იფხატებს,  მზეს  უმალავს  ნაღვლიან  თვალებს.  მარტო  ცხოვრობს,  შვილი დაეღუპა,  თავს  მიწადმოქმედებით  ირჩენს.  ამბობს,  რომ  მოხუცია,  მეტი  არაფერი შეუძლია , თანაც, მხოლოდ  ექვსი  კლასი  დაამთავრა  სოფელში  და  ბავშვობიდან იმდენად  დიდი  შრომა  დააწვა  მხრებზე,  რომ  ახლა  წერა-კითხვაც  კი  აღარ ახსოვს...

    ჟებოტას  ბილიკებს თბილისიდან  ექსპედიციაზე  ჩამოსული  სტუდენტები მოუყვებიან,  თიანური  ცხოვრების  ძიებაში...

   გზა  მარჯვნივ  უხვევს,  მიწყობილ  სახლებს  „იყიდება“  აწერია,  დროს ჩუქურთმები   ჩამოუშლია,  კარი  ჩაურაზავს  და  მიწაც  მოუხრიოკებია....

   ცისფერ  ჭიშკარზე,  ღრიჭოს  მიღმა,  პატარა  თათა  ველოსიპედით  უვლის ხეებს, მეორე  ღრიჭოს  მიღმა  ეზოა  ცარიელი,  მესამესთან  კი -   ბებო  ჩანს  ბარით ხელში, მიწას  ამუშავებს. ბოსტნეული  მოჰყავს.  ნოყიერი  მიწა  არა  გვაქვს   ჩვენს კუთხეშიო,  დიდი  შრომა  სჭირდება  მოსავლის  მოწევასო,  ამბობს  და  მაინც ყველაფერს  ურჩევნია  თავისი  მიწა-წყალი...   ჰო,   სოფელში  ონკანის  წყალს ჭიაღუები   მოჰყვებაო...

   თიკო  და  ანი  მეთორმეტე  კლასის  მოსწავლეები  არიან  და  ახლა  სოფლიდან დაბა  თიანეთში  ფეხით   მიუყვებიან  სკოლის  გზას. 

   თორმეტი   თანაკლასელი  ჰყავთ  და  მათი  უმრავლესობა  თბილისში  აპირებს სწავლის  გაგრძელებას.  გოგოები  ამბობენ,  რომ  ჟებოტა  უყვართ,  მაგრამ  არ  იციან დაბრუნდებიან  თუ  არა  უმაღლესის  დამთავრების  შემდეგ,  სოფელში  სამუშაო ადგილები  პრობლემურია.  სკოლისკენ   მიმავალნი სახლის  მოსახვევს   გასცდნენ თუ  არა,  ანას  ბებო  მოადგა  ჭიშკარს  და  გასძახა,  ბებო,  რომელზე  დაბრუნდები სახლშიო?   გოგონაც  პასუხობს,  რომ  ექვსზე...

    ბებო  ოთხმოცდაორი  წლის  იმერელი  ქალი   რაისაა.  თიანელი  მეუღლე  ჰყავს  და  წლებია, აქეთ  ცხოვრობს,  თავისი  კუთხე  ენატრება ,  მაგრამ  ჟებოტაც  მისია  უკვე.    ცოტა  იმორცხვება,   წინსაფარს  ისწორებს  და  დამბალხაჭოზე  ყვება. თბილისიდან   ჩამოსულ  სტუდენტებში   გვანცას  იმერლობა  გაიგონა  და  კოცნა-ხვევნით მოიკითხა.  გახარებულია,  რომ  ახალგაზრდობა  სოფლით დაინტერესდა.  ცოტა  ლაპარაკის  შემდეგ  სახლში  ბრუნდება,  თონეში  პური  აქვს  ჩასაკრავი...   სტუდენტებსაც   იხმობს  შინ,  მაგრამ  მეზობელი   არ  უთმობს,  ჯერ  მე ვუმასპინძლებ,  მერე  შენი  სტუმრებიც  იყვნენო...

   ჟებოტას  გზა  მაღალი  ფერდობისკენ  გრძელდება  და  გაზაფხულის  გაზაფხულიც დგება.  ჭიამაიების  მთაზე,  „სუსუ“  ზევით,  მწვანე  ბალახსა  და  თეთრი  მთების ფონზე, მეთხუთმეტე  საუკუნის  ამაღლების  ტაძარი  დგას...  ნანგრევებში  ჯერ კიდევ  ჩანს  ძველი  ეკლესია,  საფეხურები,  ზემოთ რომ  მიუყვება   მრევლს გუმბათისკენ.  სარკმელში მინდვრის  ყვავილებს  გაუხარიათ,  ლოდები  მოხატულა ხალხის  სახელებით  და  ტაძრის  საყრდენი  საქონელს  მოუსვრია...  ნანგრევების გვერდით  ახალი  ტაძარია, უკვე  დარბაზული... 

    მდელოზე  სტუდენტებმა  ჭიამაიები შეაგროვეს  და  ტაძარმაც  იხილა  ჟებოტას ცა  წვიმასთან  ერთად...

   ნახირის  სახლში  მორეკვის  დროა,  ფერდობზე  საქონელი  ეშვება  მწყემს კაცთან ერთად,  ექსპედიციის   სტუდენტებიც  ელიზბარ  პაპას  მიჰყვებიან,  სუსხიან გაზაფხულს, ცხელ  ყავასა  და  თიანეთურ  სიყვარულზე   არიან  დაპატიჟებულნი....

   ჟებოტა  გაზაფხულის  ზაფხულს  ელოდება...

 

 

 

 

მომზადებულია სასწავლო კურს "ბეჭდური მედია"-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი: მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 28062 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა