23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
12:04 AM
პროფაილი - საზოგადოება
მარიამ გვარამია | 20 იანვარი 2016

შემოდგომის ლეგენდა

ბაკურიანის ჯერ კიდევ მწვანე და თბილ გზას პატარა ავტობუსი მიუყვებოდა, რომელსაც 50-მდე მოხალისე სიმღერით, ლექსებით და სიცილ-ხარხარით მიჰყავდა ხუთღდღიანი ბედნიერებისკენ. ერთ-ერთი ვიყავი მე და ერთადერთი იყო ის.

რომ გავიცანი სკოლის მოსწავლე მეგონა. ჩემთვის დამახასიათებელი მიამიტობით წყნარად ვკითხე, რომელ კლასში ხარ-მეთქი და პასუხის მოლოდინში თვალები მოვჭუტე. მშვიდად გამიღიმა და ხმამაღლა მითხრა, რა დროს ჩემი სკოლაა ქალო, რა ხანია დავამთავრე და მასწავლებელი ვარო.მაშინ მივხვდი, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც უყვარდა ყველა და ის იყო ადამიანი, რომელიც უყვარდა ყველას.

მას ტასოს ეძახიან. დაბნეულობის გამო მეგობრები ბატ ტასიკოს ამსგავსებდნენ. დროდადრო, ამ სახელის მოდაში შემოსვლის შემდეგ კი კნინობითი ფორმიდან „ტასოზე“ გადავიდნენ და ნამდვილი სახელი დაივიწყეს. სინამდვილეში კი ნინო ჰქვია, თუმცა ყველა „ტასო“-თი იცნობს.

მას კარგი მახსოვრობა არ აქვს, თუმცა საკუთარი თავი 2 წლის ასაკში მაინც ახსოვს. ამბობს, რომ მხოლოდ მნიშვნელოვანი ამბები ამახსოვრდება და მისი შინაგანი განწყობა შემოდგომამ განსაზღვრა - ტკბილი სევდა და განდეგილობა. ყოველთვის იცოდა, რომ იყო მძიმე და ფიქრებისკენ მიდრეკილი „ტიპი“ - მხოლოდ საკუთარ თავში მოფუსფუსე.

ნინო, მეგობარი - „სულ შრომობს და ამიტომ ჭიანჭველას ვეძახი. სულ მაქვს განცდა, რომ ის უფროა ჩემი მეგობარი, ვიდრე მე მისი“.

რთული ბავშვობა ჰქონდა. ერთადერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად კარგად გრძნობდა თავს  სკოლა და სოფლის უბანი იყო.  

სტუდენტობის წლები ცუდად ახსენდება - გაუთავებელი ფინანსური პრობლემები და მისგან არშემდგარი პოლიტოლოგი. მესამე კურსზე იყო, როცა მასში პიროვნული გადატრიალება მოხდა. „ღმერთის არსებობის აზრი დავკარგე და ისევ მის არსებობამდე მივედი. მისი შექმნილი სამაყრო ბოროტი და უსამართლო მეჩვენებოდა. ძმა გარდამეცვალა, მეორე ძმა ციხეში იჯდა. მამაჩემი გალოთების პირას იყო მისული და მე ფინანსების არქონის გამო სწავლას ვერ ვამთავრებდი. მაშინ ჩვენ მოვკვდით“.

მაშინ, როცა ყველა იმედი გადაწურული იყო, მეგობრისგან შემთხვევით გაიგო, რომ არსებობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის", რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება ყველა პროფესიის წარმომადგენელს შეეძლო. ასე მოხვდა თეთრიწყაროს რაიონის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში, სადაც ორი წელი იცხოვრა და ბავშვებს ქართული ასწავლა.

აქედან დაიწყო მისი დედამიწური ცხოვრება. სკოლა და ბავშვები, რომლებმაც მასში მზე ამოიყვანეს, ძალიან უყვარს. ოთხი წელია სკოლაში ასწავლის. „სიყვარული ახლა უფრო ბევრია ჩემში, ვიდრე ოდესმე“.

ნინა, მეგობარი: „პირველი კლასიდან ვიცნობ. საოცრად კარგი მრჩეველია, საოცრად კარგი მსმენელი და საოცარი მოსაუბრე“.

მას ლამაზი თაფლისფერი თვალები აქვს. საოცრად ღრმა და სანდომიანი მზერა. იმდენად იდუმალი ადამიანია, რომ მისი ამოცნობა ერთ ცხოვრებაში შეუძლებელია. გრძელი კაბები უყვარს და თავსაფრები, ჭრელ-ჭრელი. როცა საუბრობს, ყველა უსმენს, რადგან ყურადღების მიპყრობა კარგად ეხერხება.გაიცანით, ეს ტასოა.

ოცნება - მუდმივი სიხარული და სრული ბედნიერება

ტკბილი მოგონება - სკოლაში ჩემი გადარეული მეგობრების დაუთვლელი ოხუნჯობები

რომ არა ქართველი იქნებოდა - რომელიმე აზიური ქვეყნის შვილი

ადგილი, სადაც იცხოვრებდა - მეტ მთასა და მეტ ჰაერში

ბედნიერება არის - სიყვარული ღმერთისა და ადამიანების მიმართ. სიყვარული მათავისუფლებს. თავისუფლებაც ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზია

შესაძლებლობა, რომ ჰქონოდა - გაიცნობდა გალაკტიონს, ტატოს, ვაჟას, ბესიკ ხარანაულს, დოჩანაშვილს, გია ყანჩელს

ფრაზა, როემლიც ყველაზე მეტად ახასიათებს - მე იმდენად აღარ ვეკუთვნი საკუთარ თავს, რამდენადაც სამყაროს.

უყვარს - ალ პაჩინო და სიცოცხლე

მოსწონს - სამყაროში არსებული ფერები

უყურებს - „ტყვეობის 12 წელს“

უსმენს - max richter – on the nature of daylight

იყო მასწავლებელი ნიშნავს - იყო სულის ოსტატი

ბავშვებთან ურთიერთობა არის - ურთიერთობა მზესთან

ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს -  ჩემი და

გავა დრო და იტყვის - სიხარულს ვეზიარე

რომ არა ტასო - იქნებოდა აუცილებლად მზე

მარიამი, მეგობარი:  ეს გოგო სხვებისთვის დაბადებული ადამიანია, ჩემთვის, შენთვის და ყველასთვის. ყველას მეგობარია, მათიც კი ვინც მას არ იცნობს. ერთი სიტყვით? - ის ძლიერია, ადამიანი, რომლის შესახებ უნდა გაიგოს მსოფლიომ“.

გოგონა, რომელსაც უყვარს მზე და სიცოცხლე, მხოლოდ 26 წლისაა, მაგრამ უკვე ბევრის ნახვა, სწავლა და გააზრება მოასწრო.  თუკი მას ერთხელ მაინც შეხვდებით, არასდროს დაგავიწყდებათ მისი თბილი ხმის ტემბრი და მზერა, რომელიც უთქმელ სიტყვებს გეუბნებათ.

ბავშვებს ძალიან უყვართ ტასო მასწავლებელი, რომელსაც იმედი აქვს რომ ათი წლის მერე იქნება ადამიანი უფრო მეტი სიყვარულით გაბერილი გულით და ბედნიერი.

ის თავისებურად პოეტი და მწერალია. მისი ნათქვამი თითოეული ფრაზა, იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენ გვგონია. წაბლისფერი თმების და თაფლისფერი თვალების მიღმა კი იმალება ადამიანი, რომლის გაცნობას ერთი ფუთი მარილი არ ეყოფა.

ის შემოდგომის ლეგენდაა. შემოდგომასავით ამოუცნობი და იდუმალი.

გოგონა, რომელსაც უნდა რომ იყოს მზე.

 

 

მასალა  მომზადებულია  სასწავლო  კურსის "ანალიზისა  და  მოსაზრების წერის"  ფარგლებში.

ლექტორები: მარიამ   გერსამია,  დალი   სინჯარაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1629 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9564შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა