23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
12:04 AM
პროფაილი - საზოგადოება
ანანო შარიქაძე | 20 იანვარი 2016

ის და დახეული ჯინსის მანდილი...

    გადახოტრილი  თმა  ერთზე,  ცხვირზე ლენონები,  დახეული  ჯინსი  და  კედი უცვლელად,  ხმამაღალი  მუსიკა და  სიცილი-  ქუჩის  კუთხემდე რომ  აღწევს…  მერე ნაცნობს  შეხვდა,  სათვალე  მოიხსნა,  თვალის  ციმციმითა  და  ლოყების  ჩაჩხვლეტამდე  ღიმილით   შეეგება…

    მეგობრები  ამბობენ,  ღიმილიც  შეეცვალა და  გამოხედვაცო,  მაგრამ  მანამდე  ბანაკის ამბებს  ყვებიან:  თურმე  პირველივე დღეს  ოთახებში  ჩამოურბენია  და  ყველა გაუცნია,  ვის  სიცხე ჰქონდა,  ვის  შიოდა და  ეტირებოდა,  ყველაფერი  იცოდა  და ყველას  ართობდა,  ჰოდა,  ამ  წოწიალში  ცელქი  აზრებიც მოსდიოდა  შუაღამისთვის, მაშინ,  როდესაც  ყველას  ეძინა, მეგობრებთან  ერთად  „გაპასტვისა და  გაქაფვის“  სტრატეგიებს  ადგენდა… წამოსვლისას  მაინც   ცრემლებით დაშორდნენ…  ბანაკმა  ყველაზე   „ღიმილიანი“ გოგოს ტიტული  მიანიჭა, მაგრამ მაშინ  არავინ  იცოდა,  რომ ხოტორა  გოგონას  ციმციმა  თვალების  დახუჭვისას,  სიბნელესთან ერთად,   ბოროტი  ტკივილი  ისადგურებდა…  მას  შემდეგ,  რაც  მამის  ბოლო ამოსუნთქვა  იგრძნო  და  უმცროს ძმასა  და  დებთან  ერთად მარტო  დარჩა,  ისევ ნანუს,  სანდროს,  სოფოსა  და იმ  უცნობ  სიცხიანს ამხნევებდა.  მუდმივად  ამბობდა,  რაც  არა გვკლავს,  გვაძლიერებსო  და  ერთხელაც   ცხოვრებამ  საჭირო ადგილას,  მისაბაძ    ადამიანებთან მოახვედრა…

   ამავე  ზაფხულს  ფშავში  წასულა ხრიდოლიონებთან  ერთად   კარვებით…  ცვრიანი  ბალახისა და  ცივი  ნისლის შეგრძნება,  საძილე  ტომარასთან,  არაგვის მჩქეფარება,   ქართულ  ჰანგებში ჩაქსოვილი  ეროვნული  სული,  ჯინჯილებისა და  ფარების  ჟღრიალი ცეკვაში,  ლაშარობა,  ხოშაობა,  თამარღელეობა  და  ნუცას დალალები  გაეზარდა,  ბუნებამ  კაბა ეროვნული  ნაქარგებით  შეუმკო,  ქართულმა ბრძოლის ხელოვნებამ   კი  ღიმილი და  გამოხედვა  შეუცვალა, არა,  ისევ  ისე  ბრწყინავს,  უბრალოდ,  სიცილია  უფრო ჩუმი  და  მზერა- დახრილი  ქვემოთ…  

   ჰოდა,  ამ დალალებს  ახლა  დახეული ჯინსის  მანდილი  ფარავს, ეს  პირობითად,  თორემ  თავშალი ჩითისაა, უბრალოდ,  ნუცაა  ტრადიციული  ქართველი  ქალისა  და  დახეული  ჯინსების  თაობის  ერთიანობა…  როგორც თვითონ  ამბობს,  ყურადღების მიქცევას  არ  ცდილობს. ფიქრობს,  რომ  მანდილი  არც  მის დადებით, ან   უარყოფით  თვისებებს  არ  გამოხატავს, უბრალოდ,  საკუთარ ცხოვრებაში  ასე  აცოცხლებს ეროვნულ  ტრადიციებსა და  ქართველ  ქალს,  რომელსაც  სიძლიერისა  და  კდემამოსილების თავშალი  ასე  შვენოდა…  ძველის  საფუძველზე ახლის  შენება  უნდა და  ამ  შენებისთვის ქვითკირად  განათლებას  იღებს,  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  სწავლობს, მომავალი  ისტორიკოსია… დაწყებითების მასწავლებლობა უნდა.

    ერთხელაც,   ლექტორთან  გენდერზე   საუბრისას,   კამათი   მოსვლია,  უთქვამს,  რომ ქართველ   ქალებს   ფემინიზმი  არ  სჭირდებათ, რადგან  ჯერ  კიდევ  საუკუნეების წინ ჩვენში  არსებობდნენ   ნანა, თამარი  და  ქეთევან დედოფალიო.  ჰოდა, სიტყვას  დიდი აჟიოტაჟი  მოჰყოლია…    ჯგუფელები  ყვებიან, რომ  ნუცას  ყველაფერზე   განსხვავებული აზრი  აქვს  და ეს  გამაღიზიანებელია…

    მეგობრები  იხსენებენ, ადრე  რომ  გეკითხა,  რაზე  ოცნებობდა,  უცხოეთში  სწავლასა და  თავგადასავლებთან  ერთად,  აუცილებლად  გეტყოდათ,  - ერთი  გამოხედვით ჟრუანტელზე…  ალბათ,  გულის    სიღრმეში  ახლაც  ოცნებობსო,  მაგრამ  ადრე  ვერა და ახლა  უკვე  შეელევაო.  შეელევაო, რადგან   საკუთარ  ცხოვრებაში  ოცწლიანი  მოგზაურობის  შემდეგ   თავისი „მე“  იპოვა   და  მიხვდა,  რომ   ბუხართან  შეკრებილი   ბევრი   შვილი  და მათთან  მოთამაშე  მამა   ბევრად    ძვირფასია.

    შეეცვალა  აზრები, ოცნებები,  ღიმილი   და   გამოხედვაც შეეცვალაო,-  ამბობენ მეგობრები  და  ცოტა ბრაზობენ,  მაგრამ  ისიც  არ ავიწყდებათ,  რომ  მათთვის ნუცა ისევ  ის  ნუცაა, დახეული  ჯინსითა  და  ლენონებით…

   ჰოდა,  ახლა,  მის  აწმყოში,  ცეკვისა  და  სიმღერის გაკვეთილებია,  ცივ  დარბაზში. სანამ   ხრიდოლიონები  ქართული  ბრძოლის  ხელოვნებას  ეუფლებიან, ცივი  ორთქლის წანამძღვრებით  ეროვნულ  ჰანგებს  უშვებს  გულიდან და  დარბაზსაც  მტკიცე ჩაკვრებით   უვლის…

   ხშირად ბიჭებსაც  შემოგვიძახებსო,  ძლიერი გოგოა,  დამსახურებულად  მიგვიძღვება  მედროშედო.  სულ   ვაბრაზებთ და  ისიც  არ აყოვნებს  მწარე-  მწარე   პასუხებსო… არ  ვეუბნებით,  მაგრამ ბევრს  ვსწავლობთ მისგანო…

    სახლში  ოთახი აქვს   წინაპართა ფოტოებით,  კიდევ ძველი,  სპილენძის  ნაკეთობებით,   კედელზე  ქართული  ფარ-ხმალი  კიდია  და  წიგნის  თაროებია, განსაკუთრებულად   დიდი.  ერთ კუთხეში,  ფანდურის  გვერდით,   პატარა  ჩოხა, ტალავარი  და  ნაქარგი ტომარა  მიუწყვია-  ნუცას  ნაკეთობებია,  ბევრი გაუჩუქებია,   ბევრიც   დაუსრულებელია,  თურმე  ბოლო წამამდე  მიჰყავს  ყოველთვის  საქმე…

    ნაციონალური   სამოსის კერვა  ისწავლა, უნდა,  ტრადიციული სიმდიდრე  ყველასთვის   ხელმისაწვდომი   გახადოს   და   ხრიდოლიონებიც  თვითონ  შემოსოს-ეს  პრობლემა  მაინც  გადაუჭრას ნუკრის. ნუკრი  ბიძამისია,  ქართული ბრძოლის  ხელოვნების  გამგრძელებელი  და  ხელმძღვანელი,  პრეზიდენტა  შეარქვეს და,  ზოგადად,  „ახალი  ნუცას შემოქმედია“. მასთან  ერთად  დადის ფშავში  ადგილობრივი  პატარების  მოსამზადებლად,  დაყვება  კულტურულ  ღონისძიებებზე  და  ორგანიზებაშიც ეხმარება.  გოგოსთვის  ნუკრი  მისაბაძი ადამიანია…  პრეზიდენტა ნუცას  არ  ეუბნება,  მაგრამ   ამაყია  მისით…

    კითხულობს  წიგნებს და  ბავშვობიდან  საყვარელ ფრაგმენტებს  იწერს,  ბევრი დაუგროვდა…  იწერდა საკუთარ  ფიქრებს,  მაშინაც და  ახლაც-  განსხვავებულიაო. ფიქრები  ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ  ადამიანები  არაო,  ემოცია  არაო,  მეგობრობა  არაო…   უბრალოდ,  ახლა  არიან  ის  და  დახეული  ჯინსის მანდილი…

  მასალა  მომზადებულია  სასწავლო  კურსის "ანალიზისა  და  მოსაზრების წერის"  ფარგლებში.

ლექტორები: მარიამ   გერსამია,  დალი   სინჯარაძე

           

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2652 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9564შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა