23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
01:00 AM
პროფაილი - საზოგადოება
მარიკა ჯინჯიხაძე | 23 დეკემბერი 2015

იასამნისფერი გოგონა

  გოგონა, რომელიც მუდმივად იღიმის, ხელებით საუბარი უყვარს, წერს და სულ ლაპარაკობს 20 წლის ლიკა ჯანყარაშვილია. უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ხშირად დავინახავთ სიგარეტითა და ყავით ხელში.

   წერა ბავშვობიდან დაიწყო, ყოველ შემთვევაში, როგორც ამბობს, ეგონა, რომ წერდა. ჰქონდა ორწლიანი პაუზაც.  ერთი რამ, რაც დანამდვილებით იცოდა, ის იყო, რომ ჟურნალისტობა სურდა. წერის მიზეზი დედაა, უნდოდა, დედას გაეგო, რას ფიქრობდა. მისთვის წერდა წერილებსაც და ლექსებსაც. როგორც თვითონ ამბობს, მწერლობამდე კიდევ დიდი გზაა.

   ბავშვობა არც ისე კარგი ჰქონდა. თუ სხვა ბავშვები თოჯინებით თამაშობდნენ, ის საავადმყოფოში სევდიანი თვალებით მისჩერებოდა ექიმს, რომელსაც შეიძლებოდა ეთქვა, რომ მამა ცოცხალი აღარ იყო. როცა ცოტა გაიზარდა, სახლში  მარტო ტოვებდნენ. ლიკაც დამოუკიდებლობას სწორედ აქედან შეეჩვია. ,,მთელი ბავშვობა სისხლი და წამლები იყვნენ ჩემი მეგობრები და კიდევ ისეთი ნიღაბი, ძალიან რომ გეშინია ნემსების, მაგრამ გგონია, მამასაც შეეშინდება და ამიტომ სახეს მთელი ძალით ჭიმავ, რომ ცრემლები არ წამოგივიდეს. იცით? ექიმებს სჯეროდათ, რომ მე ძალიან მაგარი გოგო ვიყავი და არაფრის მეშინოდა. ისინი მართლები იყვნენ, მე მართლა არაფრის მეშინოდა, მამის დაკარგვის გარდა.’’

   ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ძმის დაბადება იყო. 17- წლიანი მარტოობა დასრულდა და, როგორც თვითონ ამბობს, ეგოისტობაც ჯანდაბაში გაუშვა. სწორედ მაშინ იყო ლიკა ყველაზე ბედნიერი. ისწავლა ადამიანებზე ზრუნვა. ,,მივხვდი რამდენის გაკეთება შემიძლია და გავიაზრე, რომ ამიერიდან, ჩემი თავის გარდა, მყავს ადამიანი, რომლისთვისაც უნდა ვიცხოვრო, როგორი პერიოდებიც არ უნდა მქონდეს მაინც’’.

   მუშაობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო. უყვარს ცვლილებები და ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება, ამიტომ მოასწო 20 წლამდე 7 სამსახურის გამოცვლა.

   თსუ-ში ჟურნალისტიკაზე სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ დადის უნივერსიტეტში და სწავლითაც არ იკლავს თავს, ბევრ საგანში A-ი გამოყვა. როგორ ახერხებს ლიკა ამას თვითონ არ იცის, მაგრამ… ,,მეექვსეში’’ მისი საყვარელი ადგილი ,,ბირჟაა’’, სადაც სიგარეტს ეწევა და ყავას სვამს.

   სულ წუწუნებს, ბუზღუნებს და უკმაყოფილოა ყველაფრით. წუწუნის გარეშე წარმოუდგენელია. ვაი და ლიკას სხვა აზრი აქვს რაიმე საკითხზე და შენ სხვა, ოოო… ოთხსაათიანი კამათის შემდეგ მაინც ვერაფერს შეცვლი.  მთავარია, არ ზღუდავდნენ, რადგან ჩარჩოებში მოქცევას ვერ იტანს.

   ყავა. სიგარეტი. ყავა. სიგარეტი. ისევ ყავა და ისევ სიგარეტი. ყოველ დღეს ასე იწყებს. დილით ადგომა და ლიკა უბრალოდ არ არსებობს. ღამურაა, დღე სძინავს, ღამე ღვიძავს. ამიტომ ყველგან იგვიანებს.ობლებს თითქმის არ იცნობს, ერთადერთი მაღაზიის გამყიდველი ცნობს, რომელთანაც ლიფტის ხურდებს ცვლის, მეათე სართულზე ცხოვრობს და სხვა გზა არ აქვს.

   მეზ

   სამზარეულოში არაფერი გამოსდის, პიცის დაჭრაც კი. ოთახში განსაკუთრებული კედლებია, მარჯვენა მხარეს წარწერაა გაკრული ,,Kid, we are too much’’.  იქვეა ბევრი ფოტო და ,,რუსთავი 2 -ის’’ მიკროფონი, რომელიც ,,ლუკას ფლი მარკეტზე’’ შეიძინა. მიკროფონი ახსენებს, რომ ჟურნალისტიკა კლავს და ის მზად უნდა იყოს სიკვდილისთვის.

   ლიკას პირადი ცხოვრება მრავალფეროვნებითაა სავსე. ქართველ ,,ქერისაც’’ ეძახიან ,,sex and the city-დან’’ . სწორედ ეს უჩვეულო ცხოვრებაც ეხმარება წეროს. ბევრი წეროს. 

   სიყვარული მისთვის სიმშვიდეა, ტანგოს ცეკვაა, წერაა, ყურიდან ყურამდე გადაჭიმული ღიმილია. სიყვარულია, როდესაც სადმე გაქცევის სურვილი არ უჩნდება. სიყვარულია, იჯდეს ყოველ საღამოს იმ ადამიანის გვერდით, ვინც მუცელში პეპლებს აუფრიალებს, თვალებში ციმციმებს გააუჩენს და ჟასმინის ჩაის სვამდეს. მთავარია, შიში არ ჰქონდეს, რომ ერთმანეთს ,,ამოწურავენ’’.

   ბიჭებში განსაკუთრებით მოსწონს, რომ ,,ლამაზად’’ ეწევიან, როგორია ლამაზად მოწევა ვერ გეტყვით, თუმცა საინტერესოა. კიდევ უჩვეულო ბიჭები მოსწონს, აი ისეთები, ბებიებმა რომ იციან თქმა: ,,მთლად გადაგვარდა ახალგაზრდობაო’’.

   მიუხედავად მხიარულებისა, სახლში სულ სხვანაირია. ძირითადად მოწყენილი.

   მის ბლოგს ,,weirdo’s diary’’ ჰქვია, რაც ექსტარავაგანტულ პიროვნებას ნიშნავს. ლიკას ონლაინ დღიური ყველა კურსელმა იცის, ხშირად ვკითხულობთ, ლიკას ფეისბუქზე დაწერილ პოსტებს: ,,რა კარგად წერ, ლიკა, სულ წერე!! ‘’

   ხანდახან ჰგონია, რომ წრეზე დადის და საჭიროა წერის მიტოვება. ხალხს ყველაზე მეტად ის  მოსწონს მასში, რომ ადამიანების ამბებზე წერს, ისეთებზე, რაზეც ყველას უფიქრია, რასაც ყველა განიცდის.

   მისთვის რელიგია ადამიანების სამართავადაა შექმნილი. სწამს, ოღონდ არა რომელიმე დოგმის, არამედ ძალის, რომელიც აცხოვრებს. წარმოუდგენელია ცხოვრებდეს ჩარჩოებში მოქცეული, შიშით, რომ ვინმე დასჯის. კარგი ადამიანობა მისთვის ცხოვრებასთან იგივებდა და არ აქვს მნიშვნელობა, კაბით დადიხარ თუ შარვლით ან რამდენჯერ მიხვალ ეკლესიაში. რწმენა მისთვის ძალა და იმედია.

   მიზანი ბედნიერებაა. სურს, დილით გაღვიძებისას სიმშვიდის შეგრძნებით იყოს სავსე. უნდა ჟურნალისტიკის ქაოსში ცხოვრობდეს. უნდა, რომ ძლიერი ქალი იყოს და სხვა არ სჭირდებოდეს დაბრკოლებების გადასალახავად. ,,მიზანია, შევძლო იმდენი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანების გაბედნიერებაც მოვახერხო და ყოველთვის, როცა სამსახურიდან გადაღლილი მივბრუნდები მათთან, არცერთი მეკითხებოდეს ,,მართლა როგორ ვარ.“

   საყვარელი ყვავილი იასამანია. მაშინ, როდესაც იასამნები ყვავის, ის ყველაზე ბედნიერია. ცხოვრებაშიც ყველაფერი საინტერესო მაშინ ხდება. სიყვარულიც ხშირად, სწორედ ამ დროს მოდის.

   უყვარს ზღვა და ზღვის სუნი, ზაფხულში,ზამთარში, შემოდგომასა და გაზაფხულზე. ამ დროს ბევრი მუზა ჩნდება მის გონებაში.

   ხო და კიდევ, მომავალ წელს რაღაც უნდა დაამრგვალოს, ოღონდ ვერ გეტყვით რა.

 

მასალა მომზადდა სასწავლო კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში 
ხელმძღვანელი: მარიამ გერსამია, დალი სინჯარაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2669 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9564შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა