14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
08:23 AM
პროფაილი - საზოგადოება
შორენა ღვინიანიძე | 18 მაისი 2015

ცოტა რამ „სტიქიურ ბედნიერებაზე“

“სახელი: ლია
გვარი: ლიქოკელი
ასაკი: არც ისე ბებერი.
სქესი: ძირითადად მდედრობითი (პერიოდულად აინტერესებს ზომიერად ფერხორციანი მოწიფული მამაკაცები, პროპელერების გარეშე).
თვალის ფერი: დაუდგენელია, საჭიროებს გამოკვლევას (თუმცა, გაურკვეველია, რა საჭიროა ამის გამოკვლევა).
თმის ფერი: მოცემულ მომენტში მწიფე ალუბლებში ნაგორავები ზღარბისფერი.
პროფესია: მოცემულ მომენტში - თაფლიანი ნამცხვრების მჭამელი.
წონა: 200 კილოგრამი
სიმაღლე: არ აქვს
ცხოვრების მიზანი: ჰქონდეს ბევრი ჭრელი მუთაქა, რომლებსაც გარშემო შემოიწყობს, თანდათან დაემსგავსება და გახდება ყველაზე მუთაქოვანი ხონთქარი ამქვეყნად“.
 ასე ახასიათებს თავის თავს ახალგაზრდა პოეტი ლია ლიქოკელი, რომელიც წლის აღმოჩენად იქცა თანამედროვე ქართულ პოეზიასა და პროზაში. წერა მხოლოდ სამი წლის წინ დაიწყო, თხრობის გასაოცარი და თავისი სტილი აქვს, ამბობს, რომ მთავარია, ის ენა იპოვო, რომლითაც დაწერ და ადამიანებამდე მიიტან შენს სათქმელს და მერე ადვილია წერა. მისი ერთერთი პირველი ლექსის, „აშექალის ქორწილის“ წაკითხვის შემდეგ, პოეტმა თემურ ჩხეტიანმა მას „სტიქიური ბედნიერება“ უწოდა. სტიქიური იმიტომ, რომ ის უცბად დაატყდა თავს ქართულ პოეზიას. ის მართლაც სტიქიურად გატყდება თავს, ჩაგითრევს, წაგაკითხებს და ბოლოს გულს გაგიჩერებს მოულოდნელი დასასრულით. თვითონ ამბობს, რომ, მართლაც, დაუწერია რაღაცები სტიქიურად. თვლის, რომ არის ამბები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი თავიანთი მნიშვნელობის გამო თვითონ გაწერინებენ – თვითონ იწერებიან. ზოგი ადამიანი გარედან წერს, აკვირდება მოვლენებს, თვითონ კიდევ თითქოს ამბების ტყავში ძვრება და შიგნიდან წერს.
წერა არის ის, რის ნაკლებობასაც გრძნობდა მთელი ცხოვრება და აწუხებდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ წარმოედგინა, თუ წერას დაიწყებდა. ისევე, როგორც ყველაფერი მის ცხოვრებაში, ესეც დაუგეგმავად მოხდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ ლექსი უნდა დაეწერა. წერა ბევრი – გაურკვევლად და უშინაარსოდ და შემდეგ წამოვიდა ტექსტი, რომელზეც არ უფიქრია თავიდან და დაწერა ლექსი - „ნეტა საფერთხელებს არ ვაცხობდეთ“ , რომლითაც იწყება მისი ლექსების პირველი კრებული – „დევის ცოლის სიცილი“. ლიას არასოდეს უზრუნია თავისი ლექსების გავრცელებაზე. მხოლოდ სოციალურ ქსელში აქვეყნებდა საკუთარ გვერდზე. მეგობრებმა გადაწყვიტეს მისი ლექსები რამდენიმე ლიტერატურულ ჟურნალში დაებეჭდათ. კრებულის გამოცემაც მეგობრების დიდი ძალისხმევით მოხდა. „დევის ცოლის სიცილმა“ იმდენად აღაფრთოვანა ლიტერატურული საზოგადოება, რომ „საბაც“ გადაეცა წლის დებიუტისთვის. შემდეგ იყო ლიტერატურულ კონკურს „წეროში“ გამარჯვება. პროზაც ისეთივე საოცარი და ემოციურად მძიმე გამოუვიდა, როგორიც თავისი ლექსებია. ამბობს, რომ წინა „წეროსგან“ განსხვავებით, რომელზე წარდგენილ ნაწარმოებშიც თავის ამბავს მოჰყვა და ჟიურის სიმპათიაც დაიმსახურა, წელს შეეცადა რაიმე ამბავი შეექმნა.
ასე დაიბადა იდეა, რომ ეს იქნებოდა მოხუცი ქალის ისტორია, რომელიც სკოლაში დადის, ასე გაჩნდა პირველი ფრაზაც - „წელს ჩემი კლასელები უფრო დაბლები მოვიდნენ სკოლაში“. ნაწარმოები იმდენად ემოციური გამოვიდა, რომ კონკურსის ვებგვერდზე, სადაც გამოქვეყნებული იყო ნაწარმოები, კომენტარები არ წყდებოდა, რომ ცრემლის გარეშე ვერ კითხულობდნენ ნაწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტურ ლექსებს წერს, წინასწარ არასოდეს ფიქრობს იმაზე, თუ რის დაწერას აპირებს.
ამბები თვითონ მოდიან მასთან და ისტორიას აწერინებენ. თვლის, რომ კონკურსები მოტივაციას ზრდის და საბოლოოდ კარგ რამეებს ქმნის. წერა მისთვის შესაძლებლობაა, რომ ადამიანებამდე მიიტანოს ის, რაც მოსაყოლია... რაც აუცილებლად მოსაყოლი ამბები.
ლია ლიქოკელი ხევსურეთში, კერძოდ ბარისახოში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. იქაურობა ძალიან ჩაკეტილი სივრცე იყო, ამიტომ სახლიდან არ გამოდიოდა და ძირითად დროს კითხვაში ატარებდა. როგორც თვითონ ამბობს, მუთაქაზე მეტად ზარმაცია. უყვარს ფოლკნერი, ამბობს, რომ ესმის თუ რატომ და როგორ წერდა. უყვარს თომას მანი და განსაკუთრებით „ ჯადოსნური მთა“, თვლის, რომ მასზეა დაწერილი და პათოლოგიურ სიამოვნებას იღებს მისი კითხვისას. უყვარს ერლომ ახვლედიანის მთელი შემოქმედება.
დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი. პროფესიით კინორეჟისორია. ამბობს, რომ რეჟისორობა აქტიურ ადამიანების საქმეა, რომლებსაც ხალხთან მუშაობა უყვართ. თვითონ კი, გუნდური მუშაობა არ შეუძლია.
მოწონს თანამედროვე ქართული პოეზიაც. განსაკუთრებით ქალი პოეტები, არა იმიტომ, რომ ქალები არიან. უბრალოდ, მიაჩნია, რომ ქალებმა უფრო თამამად იციან თავისი ამბების მოყოლა. მის შემთხვევაშიც ასეა. შეიძლება ზოგს აღიზიანებს, როგორ ჰყვება ასე გულწრფელად, როგორი სენტიმენტალურია, იმიტომ, რომ მიჩვეული ვართ ადამიანები, რომ რაღაც უნდა დავმალოთ, წერის დროსაც კი, მაგრამ მიაჩნია, რომ პოეზიას აქვს ის ღირსება, მოჰყვე ყველაფერი შენს თავზე. გულწრფელობას ყველაზე მეტად აფასებს. მასზე ამბობენ, ერთხელ უკვე დაბერებული და თავიდან დაბადებულიაო, აბა ასეთი ახალგაზრდა გოგო ამდენ ტკივილს და ემოციას როგორ იტევსო. ამას თვითონაც არ უარყოფს.
წითელი თმა და ჩაცმის განსაკუთრებული სტილი აქვს. ძირითადად, დიდი „ბათინკებითა“ და ზურგჩანთით დადის. ქუჩებში სიარული და ფიქრი უყვარს. განსაკუთრებით ხიდებზე. ამბობს, რომ დღე არ გავა, რომ ერთ ხიდზე მაინც არ გადავიდეს. გაჩერდება შუა ადგილას და გადაჰყურებს წყალს. ამბობს, რომ ასე უფრო კარგად ფიქრობს.
„ფიქრის დღეები მაქვს. ასეთ დღეებში მარტო ვფიქრობ, სხვას არაფერს ვაკეთებ, არც ვლაპარაკობ. წარმოიდგინეთ, ბოლთას ვცემ ოთახში, უკან ჩემი კატა დამდევს და გულის გამაწვრილებლად წივის. კარგი სანახაობა ვართ. ისე ვერაფერს მოვყვები ჩემზე ხუმრობისა და ირონიის გარეშე. აღმოვაჩნე, რომ თუ რამე აფუჭებს ჩვენს ცხოვრებას, ზედმეტი სერიოზულობაა. საკუთარი თავი კარგი გასართობია, აი, ვუყურებ და ვხალისობ. თუ ოდესმე მივხვდი, ვინ ვარ და რა მინდა, ყოველგვარი ირონიისა და ხუმრობის გარეშე, ჩათვალეთ, რომ ცხოვრების აზრის პრობლემა გადავჭერი. თუმცა დიდი იმედი მაქვს, ეს არ მოხდება - მაშინ ხომ საინტერესოც აღარაფერი იქნება“ .

მომზადებულია სასწავლო კურსის "ბეჭდური მედია 1"–ს ფარგლებში ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2179 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა