23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
12:22 AM
პროფაილი - საზოგადოება
თამარ უმფრიანი | 18 მაისი 2015

სპილენძში ნაპოვნი ხელოვნება

 თქვენ ალბათ შეხვედრილხართ მარიამს. შესაძლოა ყოველდღიურად საერთო ტრანსპორტითაც მგზავრობთ, მაგრამ არ გახსოვთ. ერთი შეხედვით, მასში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით. ამბობენ, მასისგან განსხვავებულ ინდივიდებს თვალის ერთი შევლებითაც აღმოაჩენო, მარიამი კი ან გამონაკლისია ან საკუთარ ორიგინალურობას ოსტატურად მალავს.
თქვენ მიერ გადასაყრელად გამზადებული ნივთებისგან ის ხელოვნების ნიმუშებს, ბრინჯის მარცვლებისგან კი ადამიანისეულ სახეებს ქმნის. თავის პირველ ნამუშევრად თევზის ფხისა და გუაშით შექმნილი „სასაცილო კაცის“ პორტრეტი მიაჩნია. სპილენძით ხატვა კი სპონტანურად დაიწყო: „სახლში ძველი მავთულები ვიპოვნე და ვიფიქრე, მათი ნახატის კონტურებზე დაწეპებით საინტერესო შედეგს მივიღებდი“. ცნობისმოყვარეობით დაწყებული ჰობი უკვე მესამე წელია გრძელდება და ათეულობით ნამუშევარს ითვლის. მის ნაცნობ-მეგობრებს კი სპილენძის ნებისმიერი ნატეხი ნაგავსაყრელის ნაცვლად ახლა უკვე მარიამთან მიაქვთ.

 ამბობს, რომ ხატვა უყვარს, მაგრამ ეს მისი ძლიერი მხარე არაა, სპილენძში კი საკუთარი ნიშა და თავის გამოხატვის საუკეთესო გზა იპოვნა. თითოეულ ნახატზე მუშაობისას მიღებული სიამოვნების მიუხედავად, მუშაობის პროფესი მაინც დამღლელი და შრომატევადია. სახელოსნოდ გადაკეთებულ პატარა ოთახი კი ამ მიზეზით არაერთი უძილო ღამის მომსწრე გამხდარა. „დღის საათებში ვერ ვმუშაობ, ამიტომ ძირითადად ყველა ნახატს საღამოს ვაკეთებ და, უმეტესწილა, ვათენებ კიდეც. ადრე ვცდილობდი, რაც შეიძლება ადრე დამესრულებინა ნამუშევარი. ახლა თითოეულ მათგანს უფრო დიდ დროს ვუთმობ და ყველა დეტალზე დიდხანს ვმუშაობ“ ბოლო ნახატის ხატვა დიდი ხნის დაიწყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დასასრულებლად მუზას-სიყვარულს ელოდება. დამთვალიერებელი კი ავტორისეულ დამოკიდებულებას ამ გრძნობის მიმართ ყველა ფოტოში შენიშნავს. თბილი ფერები, აბსტრაქტული სახეები და წყვილების სიჭარბე, ასე შეიძლება დახასიათდეს უბრალო მნახველისათვის მარიამ მელაძის შემოქმედება.

 ბოლო დროს მოდილიანმა გაიტაცა და სპილენძში მისი სამი ნახატიც შეასრულა. ერთ-ერთი მათგანი კი 12 ივლისს, მოდილიანის 132-ე იუბილის აღსანიშნავად გამართულ გამოფენაზე ესტონეთში იქნება წარმოდგენილი. კითხვაზე, რატომ ამადეო, პასუხობს, რომ მის ნახატებშიც არაერთგზის შეხვდებით უპროპორციო სახის მქონე ქალბატონებს -სხვა გალაქტიკიდან. ძირითადად სწორედ აბსტრაქტულ პორტრეტებზე მუშოაბს, მაგრამ მათ იდეებსა და შინაარსზე თავად არ საუბრობს: „ვფიქრობ, თითოეულ მნახველს უნდა შეეძლოს საკუთარი ხედვით შეხედოს ნახატს და ამოიკითხოს ავტორის აზრები, ამიტომ არასდროს ვამბო, თავად მე რა ჩავდე ნამუშევარში.“ 


 ავტორის აზრით, მისი ნახატები: ახალგაზრდა წყვილები, მულატი ქალბატონების სახეები თუ ჭრელი მოზაიკისგან შექმნილი ყვავილები ზოგს შესაძლოა ბავშვურადაც მოეჩვენოს, მაგრამ,, ფაქტია სწორედ ეს „სიმჩატე“ და სილაღე ქმნის მის ხელწერას, რაც მისი შემოქმედების შეძენის მსურველთა რიცხვზეც აისახება. მიუხედავად მსურველებისა, ჯერ ჰონორარი არ აუღია – საკუთარ ნაშრომს მატერიალურად ვერ აფასებს, თუმცა მსურველების უარით გასტუმრებაც არ სურს და ნახატების უმრავლესობას ჩუქნის.
 მომავლის გეგმებზე საუბრისას სახიდან ღიმილი არ შორდება, ცოტა ხნის წინ საკუთარი დიზაინით სამოსის შექმნა დაიწყო და ამ ეტაპზე სრულადაა ამ საქმიანობაზე გადართული, სულ მალე ხატვის ტექნიკის დახვეწასა და სპილენძის ნამუშევრების ახალი ეგზემპლიარებით გამდიდრებას აპირებს, რაც,, სავარაუდოდ პერსონალური გამოფენით დასრულდება. მანამდე კი მსურველებს მისი შემოქმედების ნახვა Facebook–ზე Spilen ძ 3D-ს გვერდზე შეუძლიათ.
 




 მასალა მომზადებულია ბეჭდური მედია 1–ის სალექციო კურსის ფარგლებში.
 ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 3572 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9564შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა