19
აგვისტო, 2019 ორშაბათი
12:05 PM
პროფაილი - სხვა
თამარ ონიანი | 29 იანვარი 2019

ფრენა ფრთების გარეშე

 

 

,,სიბერე საშინელებაა... ცხოვრებაში რამის შეცვლა რომ შემეძლოს ახალგაზრდობას დავიბრუნებდი და ვიფრენდი“, - მეუბნება პროფესიით მფრინავი და გეოგრაფი, 96 წლის ვერა ლამბრიანოვა, რომლისთვისაც ფრენა ცხოვრებაში ახლაც კი პირველ ადგილზეა. 

 

სახელს დღეს თითქმის არავინ ეძახის, ვერა მხოლოდ საბუთებშია. მასაც უფრო მეტად დისშვილების მიერ შერქმეული ვავილა მოსწონს. დედა ადრე, ტიფით გარდაეცვალა. გარკვეული პერიოდი მისი სიკვდილის ამბავს უმალავდნენ, რეაქციის ეშინოდათ. ის და მისი ორი და მამამ გაზარდა. ალბათ სწორედ ამიტომაც ახსენებს ყველაზე ხშირად მას, მამის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვერ მალავს. ჰყავდა ტყუპისცალი, რომელიც 9 თვის იყო, როდესაც გარდაიცვალა. 

 

,,ჩემი და ჩემზე ბევრად ჯანმრთელი ყოფილა, არავინ ელოდა მის სიკვდილს“, - ამბობს ვერა. 

 

მიუხედავად ცხოვრებაში გადატანილი ბევრი სირთულისა, ის მაინც ძალიან მხიარულია, იუმორის საოცარი გრძნობა აქვს. თავის ისტორიის ზოგიერთ დეტალს ისე ჰყვება, რომ შეუძლებელია არ გაგეცინოთ. მფრინავობა ბავშვობის ოცნება იყო. ჰგონია, რომ მისი ახდენა გარშემომყოფებს, გარკვეულწილად, შეუძლებლად მიაჩნდათ, რადგან სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა. საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც გაიგო, რომ ახალგაზრდობაში მამამისსაც იგივე სურვილი ჰქონდა, თუმცა საავიაციო სასწავლებელში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო არ მიიღეს.

 

,,მაშინ ვთქვი შენ თუ ვერ გახდი მფრინავი, მე გავხდები. მიზანი დავისახე და ოცნება რეალობად ვაქციე“, - გვიყვება ვერა.

 

მართალია, ქალბატონ ვერას ბევრი რამის გახსენება უჭირს, მაგრამ არასდროს ავიწყდება პირველი ფრენა და სევდანარევი ღიმილით საუბრობს მასზე: 

 

,,ფრენა ისეთი შეგრძნებაა, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, ეს რომ გაიგო, აუცილებლად უნდა გამოსცადო. მასწავლებლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ კარგი პილოტი ვიყავი. პირველად დამოუკიდებლად რომ დავსვი თვითმფრინავი, იმდენად კარგად გამომივიდა, ინსტრუქტორები მანიშნებდნენ ისევ გავფრენილიყავი. მე კი თვალებს არ ვუჯერებდი, რადგან ასე არ ხდებოდა ხოლმე, თვითმფრინავის დასმის შემდეგ მაშინვე თავიდან აფრენის უფლება იქამდე არავისთვის მიუციათ. მეც კიდევ ერთი წრე გავაკეთე ჰაერში, დაფრენისას ისევ მანიშნეს გამეგრძელებინა, მაგრამ მე რატომღაც თვითმფრინავი დავსვი, რასაც დღესაც ძალიან ვნანობ. მერე მარტოს არასოდეს მიფრენია, ყოველთვის ვიღაც იჯდა ჩემთან ერთად კაბინაში“.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავის მოდელის ხმით გამოცნობა ევალებოდა, რასაც ძალიან კარგად ართმევდა თავს. მის მიერ გადაცემული ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი იყო. იხსენებს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც სხვებს არასწორად, მას კი სწორად გამოუცნია მოდელი. ამით მან ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ომმა ისევე როგორც ყველაზე, მასზეც მძიმე კვალი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სიცოცხლის ფასად შეიძლება დასჯდომოდა მფრინავობა, მაინც ამ საქმის შესრულება ერჩია თვითმფრინავების მოდელის ხმით ამოცნობას, თუმცა ამბობს, რომ ნებისმიერ საქმეს, რაც ევალებოდა, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ცდილობდა შეეყვარებინა.

 

ვერას ყველა სიტყვასა და ქმედებაში ჩანს პროფესიის სიყვარული. სახლში შესვლისას თვალში მოგხვდებათ კარადაში გამოსაჩენ ადგილას დადებული სათამაშო თვითმფრინავი, რომლის პილოტიც გოგონაა. ის, გვინდა თუ არა, ასოციაციური აზროვნებისაკენ გვიბიძგებს და, თითქოს, იმ დროში გვაბრუნებს, როდესაც ვერა ბებოც მართავდა თვითმფრინავს. 

 

სამწუხაროდ, დღეს ქალბატონი ვერა თითქმის ვერაფერს ხედავს, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, სათვალესაც ვეღარ უნიშნავენ. პროფესიისგან გამომუშავებულ სმენის განსაკუთრებულ უნარს კი წლებმა ვერაფერი დააკლო. ყველაზე მეტად გული იმაზე სწყდება, რომ წიგნებს ვეღარ კითხულობს. საუბრისას თანდათან უფრო მეტი დეტალი ახსენდება.

 

,,მახსოვს, ასეთი ვარჯიში გვქონდა - გაფრენილი თვითმფრინავის ფრთაზე უნდა დავმდგარიყავით, ამით წონასწორობის შენარჩუნებას ვსწავლობდით. მე ფრთაზე დადგომის ნაცვლად მასზე გავიარე, სიტყვებით ამ გრძნობას ვერ გადმოგცემთ, იმდენად ამაღელვებელი იყო, სხვას ნამდვილად ვერაფერს შევადარებ’’, - გვიყვება ვერა. 

 

ავიაციიდან წამოსვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუწია, რის შემდეგაც საქმიანობა თავის დასთან ერთად ობსერვატორიაში გააგრძელა. პერიოდს, როდესაც იქ მუშაობდა, სასიამოვნოდ იხსენებს, თუმცა მფრინავობა მაინც უმთავრეს ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში. საუბრისას, ალბათ, სწორედ ამიტომაც გვიმეორებდა ყველაზე ხშირად, რომ ჯანმრთელობა მთავარია და სხვა წინაღობების გადალახვა თავისუფლად შეუძლია ადამიანს. გვეუბნება, რომ სიბერე ძნელია და მისთვის, გარკვეულწილად, უსუსურობასთან ასოცირდება. მით უმეტეს, მაშინ, თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან აქტიური იყავი და სხვადასხვა საქმეს დაუზარებლად, სიყვარულით ასრულებდი. დღესდღეობით სიამაყით ამბობს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწია და დაეუფლა ორ განსხვავებულ პროფესიას, გახდა მფრინავი და გეოგრაფი. 

 

მოხდა ისე, რომ 75 წლით მოუწია ფრენასთან დაემშვიდობა, წელს კი, ამდენი ხნის მერე, პირველად იყო ნატახტარის აეროპორტში. მართალია, კარგად ვერ დაინახა, მაგრამ ხელით შეეხო თვითმფრინავს, რა დროსაც, როგორც თვითონ მეუბნება, ემოციების მოზღვავება იგრძნო, თუმცა, შეთავაზების მიუხედავად, მაინც არ ჩაჯდა მასში.

 

როგორც ომის ვეტერანს, მიღებული აქვს რამდენიმე მედალი. ამბობს, რომ იწვევენ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე, თუმცა მას მისვლის სურვილი არ აქვს. 

 

,,ყოველთვის მარტოსული ვიყავი, საკუთარ თავთან ყოფნა და ფიქრი მიყვარს და ამიტომ არ ვჩნდები ხოლმე ხალხმრავლობაში“, - ამბობს ვერა.

 

დაოჯახებული არასოდეს ყოფილა. გვეუბნება, რომ მფრინავობით ცხოვრობდა და ისე არაფერი შეუყვარდებოდა, როგორც ეს საქმიანობა უყვარს. დღესდღეობით ის თავის ნათესავებთან ცხოვრობს, რადგან საკუთარ სახლში შესაფერისი პირობები არ აქვს, თანაც უკვე მომვლელიც სჭირდება, რამაც თავისთავად გამორიცხა მისი მარტო ცხოვრების შესაძლებლობა.

 

გოგონებს, რომელებიც ახლა ოცნებობენ მფრინავობაზე, ურჩევს, რომ არასოდეს დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის და, რაც მთავარია, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, რადგან ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ პროფესიაში.

 

ქალბატონი ვერას გაცნობა ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებს იმაში, რომ სული ნამდვილად არასოდეს ბერდება და მთავარია იმ პროფესიის სიყვარული, რომელსაც ეუფლები. მას დღესაც სჯერა, რომ ფრენა შეუძლია, ფრენა ფრთების გარეშე.

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 316 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა