23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
12:04 AM
პროფაილი - სხვა
სალომე სამხარაძე | 21 მაისი 2018

პარადოქსული დროის გენერალი


სოფელი სასირეთი კასპიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სოფელში შესული გზის პირას მსხდომ ადგილობრივ მცხოვრებლებს მოჰკრავთ თვალს. მათ რომ ჰკითხოთ, ვისია ეს სოფელი, გიპასუხებენ: ერთი დიდებული პიროვნების, დაუმარცხებელი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილისო. მერე გენერლის სახლ-მუზეუმისკენ მიმავალ გზასაც მიგასწავლიან. გზის პირას პატარა გადასახვევია, საიდანაც ოღრო-ჩოღრო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩაზე გადიხართ. აქაც დაგჭირდებათ გზამკვლევი, რადგან ძნელია, შეამჩნიოთ ბოძზე დამაგრებული ერთადერთი აბრა, რომელიც გენერლის ნამოსახლარისკენ მიგითითებთ. ვიწრო ორღობეში შესულს მაშინვე თვალში მოგხვდებათ მაღალი, ოდა სახლის ტიპის ხის შენობა, რომელსაც გარშემო ღობე არტყავს. სწორედ ეს ნახევრად ქვაშინაკვეთი ნაგებობა გახლავთ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ნამოსახლარი. ყვავილებით, ქვევრებითა და ურმით “მორთულ” ეზოში შესულს ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს დრო წამიერად უკან ბრუნდება და თქვენც XIX-XX საუკუნეებში გადაყავხართ. ჩრდილქვეშ ხის გრძელი სკამები და მაგიდა დგას, აქვე ქვის კედელში ამოყვანილი წყარო მოედინება. ეს ის წყალია თავისდროზე გენერალმა უწყლოდ დარჩენილ სოფელს რომ გამოუყვანა. მშობლიური სასირეთისთვის გაწეული ამაგი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სოფელი ღარიბი იყო, ხალხმა არც თეატრი იცოდა, არც წარმოდგენები. გიორგი მაზნიაშვილმა მათ განათლებაზე იზრუნა, სოფელში წარმოდგენებს მართავდა და 1919 წელს სკოლაც ააშენა. აშურიანის ველებზე მტკვარზე გასასვლელი ბორანიც გააკეთა, რათა სოფლელები სამუშაოდ გაეყვანა. სასირეთელები დღემდე არ ივიწყებენ მაზნიაშვილის ღვაწლს, მისი დაბადებისა (6 მაისი) და გარდაცვალების (9 სექტემბერი) დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ, სახლ-მუზეუმის ეზოში სხვადასხვა ღონისძიებას მართავენ და პატივს მიაგებენ გენერლის ხსოვნას. 

“ჩვენთან არ არსებობს ჭირისა თუ ლხინის, დაბადების დღის სუფრა,  მაზნიაშვილის სადღეგრძელო რომ არ დაილიოს. ეს კაცი იყო იდეალური მამა, მეუღლე, მეზობელი და მეგობარი. მე არ მეგულება მასზე უფრო პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი,”-ამბობს მედეა მამულაშვილი.

ის პირველია, ვინც ჯერ კიდევ 1987 წლიდან დაიწყო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლა. 

”ამ სოფლის სკოლაში დაწყებით კლასებს ლიტერატურას ვასწავლიდი. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო გიორგი მაზნიაშვილი. ჩემს დროს არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არაფერი ისწავლებოდა მასზე. ვინ ახსენებდა მაშინ გენერლის სახელს?! როდესაც სოფელში ხმები დაირხა მაზნიაშვილის რეაბილიტაციის შესახებ, სწორედ მაშინ დავინტერესდი ამ პიროვნებით. დავიწყე მისი ნაცნობების, ახლობლებისა და ოჯახის წევრების მოძებნა,”-ამბობს ადფგილობრივი ქალბატონი მედეა მამულაშვილი. 

გენერლის შესახებ მოსწავლეებსაც გაუღვივა ინტერესი. სკოლაში ლიტერატურული წრე ჰქონდათ. მოწაფეებს ისტორიულ თემებზე ჩანაწერებს აკეთებინებდა, მათ შორის,  გენერალ გიორგი მაზნიაშვილზეც. ბავშვების დახმარებით მაზნიაშვილის ნაცნობებისგან მცირე ინფორმაცია მოიძია. შემდგომ კი 1987 წლიდან 1989 წლამდე გენერლის შთამომავლებისგან თავად შეაგროვა მასალები. 

”მივაგენი მაზნიაშვილის ნაცნობებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს. მაშინ მათი არსებობის შესახებ არავინ იცოდა. შევხვდი გენერლის უფროს ქალი შვილსა და შვილიშვილებს. ის ადამიანები, რომლებიც გენერალს პირადად იცნობდნენ, მასთან უსაუბრიათ, მისი ავი და კარგი იცოდნენ, ცოცხლები აღარ არიან. ისინი მე ვნახე და მოვასწარი მათი ჩაწერა, ”-იხსენებს მედეა მამულაშვილი.

მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორის, ოლია მაისურაძის თქმით, გენერალ მაზნიაშვილს გვარის გამგრძელებელი აღარავინ დარჩა. მისი 4 შვილიდან ერთერთი ვაჟი, ივანე, მამასთან ერთად 1937 წელს დახვრიტეს. პატარა ვასილი სამი წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალიშვილისგან ჰყავს შთამომავლები, გვარად დეგელიძეები, ხოლო ერთადერთი გადარჩენილი ვაჟის, ბორის მაზნიაშვილის, შთამომავლები გოგოები არიან.

სწორედ გენერლის სახელისა და მაზნიაშვილთა საგვარეულოს უკვდავსაყოფად მედეა მამულაშვილმა გენერლის ნამოსახლარის მუზეუმად ქცევის ინიციატივა გამოიჩინა. მისი პირველი ხელმძღვანელიც თავად გახლდათ(1990-1993 წწ.). წლების შემდეგ კი გიორგი მაზნიაშვილის შთამომავლებს მამაპაპისეული სახლის კარი თავისი ხელით შეუღო. სახლ-მუზეუმის გასახსნელად საჭირო ისტორიული დოკუმენტები თუ მემორიალური ნივთები თავად გამოითხოვა გენერლის შთამომავლებისგან და ამგვარად გაამდიდრა მუზეუმის არქივი. ამჟამად სახლ-მუზეუმში დაცულია გენერლის ოჯახის წევრების სურათები, ისტორიული დოკუმენტები, მათ შორის, გიორგი მაზნიაშვილის წერილები და მისი დახვრეტის აქტი, საგვარეულო ჭურჭელი, თიხის დოქები, ზარდახშა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე, ოქროს ვადიანი ხმალი, რომელიც რუსეთის მეფემ, ნიკოლოზ II-მ, გენერალს პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისთვის უბოძა, და წმ. გიორგის ორდენი, რომლითაც მეფემ იგი 1904-1905 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში თავდადებული ბრძოლისთვის დააჯილდოვა. 

ის ფაქტი, რომ მაზნიაშვილი ერთერთი უკანასკნელი მხედართმთავარი იყო, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძოდა და მისი წყალობით დღეს აჭარა და გურია საქართველოს ეკუთვნის, ბევრისთვის ნაცნობია. არსებობს გენერლის ცხოვრების რანდენიმე საინტერესო და უცნობი დეტალი, რომელთა შესახებაც მისი ცხოვრების მკვლევარმა, მედეა მამულაშვილმა, გვიამბო.

როდესაც 1904-1905 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში გენერალი დაიჭრა, გონებაწასულს მოელანდა, როგორ მიუძღოდა წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი და მისი გამარჯვება უწინასწარმეტყველებია. მაზნიაშვილს მისთვის უთხოვია, ოღონდ ჩემს სასირეთში დამაბრუნე ცოცხალი და შენს ეკლესიას განვაახლებო. მართლაც, როცა გენერალი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, 1910 წელს ეკლესია აღადგინა. სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დღემდე ინახება 6 წმინდანის ხატი, რომლებიც მაზნიაშვილმა ერთერთ ბერძენ მხატვარს დაახატინა.

გენერალს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა პოეტ კოტე მაყაშვილთან. მისი ქალიშვილი, მარო მაყაშვილი, მაზნიაშვილს სარძლოდ მოსწონდა.  1921 წელს 19 წლის მარო კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში მონაწილეობდა. შეტაკების დროს გენერლის შვილი, ივანე, მას გადაეფარა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ქალს ტყვია მოხვდა და ივანე მაზნიაშვილს ხელში ჩააკვდა. ამბობენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ. მაროს დაღუპვის შემდეგ ივანეს ცოლი არ შეურთავს. 

მედეა მამულაშვილმა გვიამბო გენერალ მაზნიაშვილის დაკავების ფაქტიც. მან ეს ამბავი მოისმინა იმ ქალებისგან, რომლებიც გიორგი მაზნიაშვილის დაპატიმრებას პირადად შეესწრნენ.

გიორგობა დღე იყო, 5 მაისი. ქალები დღესასწაულისთვის თონეზე ნაზუქებს აცხობდნენ. ამ დროს მათთან გიორგი მისულა. გენერალს ცხელი ნაზუქით გაუმასპინძლდნენ. როცა შეჭმა დაუპირებია, ჩეკისტების ცხენშებმული ეტლი თონეს მოადგა. იკითხეს, თუ სად ცხოვრობდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, გიორგიმ კი მათ თავისი ვინაობა გაუმხილა. ჩეკისტებმა გენერალი ეტლში ჩასვეს, ცოტა ხნის მერე უკან გამოატარეს და გიორგიმ თონესთან შეკრებილ ქალებს მიმართა:”კარგად იყავით, მე თქვენ ვეღარ გნახავთ და ვერც თქვენ მნახავთ.” ეს იყო გენერლის ბოლო სიტყვა. იმავე დღეს თბილისში მყოფ ივანე მაზნიაშვილს მეზობლებმა უთხრეს, რომ მასთან ჟანდარმერები იყვნენ მისულები. ივანე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. უეცრად ფერი დაკარგა, სარკესთან მივიდა, თმები და საყელო გაისწორა და ისე შეეგება მის წასაყვანად მისულ ჟანდარმერიას. იმ დროს, თურმე, გენერლის უმცროსი შვილი, ბორია, ეზოში შესულა. მისთვის მეზობლებს უთქვამთ, არ შეხვიდე, ჩეკისტები არიან თქვენთანო. ახალგაზრდა ბორია შიშით გაქცეულა, სირბილით მისულა რკინიგზის სადგურში, მოძრავ მატარებელს შეხტომია და უმისამართოდ წასულა. მატარებელი ბაქოში მიდიოდა. ბორია იქ დასახლდა და ზეინკლობას მიჰყო ხელი, შემდგომ ტრაქტორისტად მუშაობდა. ომის დროს ჯარში გაიწვიეს ტანკისტად. ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და დაინვალიდდა. სამშობლოში დაბრუნებულს თავი პენსიით გაჰქონდა.

გაზეთში გიორგი მაზნიაშვილზე პირველად დაიბეჭდა გიორგი გიორგაძისა და ელიზბარ მაისურაძის წერილი, რომელშიც გენერლის ნათლული, მწერალი ელიზბარ მაისურაძე, იგონებს მისი დაპატიმრების ფაქტს. იმ დღეს, როცა გენერალი აიყვანეს, სუსხიანი ამინდი იყო. გრაკლის სადგურში, როცა ელიზბარი მატარებლიდან ჩამოვიდა, დაუნახავს, როგორ მიჰყავდათ  ჟანდარმებს ნათლიამისი. როცა გენერლისთვის უკითხავს, თუ სად მიდიოდა, მას უპასუხია, რომ ვეღარასდროს ნახავდნენ ერთმანეთს.

გენერლის დახვრეტის შემდეგ მისი ოჯახის წევრები თბილისში დაბრუნდნენ. მალე მათ კუთვნილი ბინა ჩამოართვეს და სევასტოპოლის ქუჩაზე გადაასახლეს. ელიზბარ მაისურაძის დახმარებით გენერლის ოჯახს დაუბრუნეს თავისი სახლ-კარი, რომელშიც ანეტა მაზნიაშვილის შთამომავლებმა გააგრძელეს ცხოვრება.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მედეა  სახლ-მუზეუმს ოფიციალურად აღარ ხელმძღვანელობს, მაინც ხშირად სტუმრობს გენერლის ნამოსახლარს. ამბობს, რომ მუზეუმის არქივი ჯერ კიდევ გასამდიდრებელია. იმასაც აღნიშნავს, რომ შენობას რესტავრაცია ბოლოს 2006 წელს ჩაუტარდა, თუმცა განახლება ისევ სჭირდება, რადგან ხე ლპება, ჭერში კი ჭია გაჩნდა. თავად, კი შვილთან ერთად ისტორიულ რომანზე მუშაობს.

მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორის, ოლია მაისურაძის თქმით, გენერლის მემორიალურ ნამოსახლარს ბევრი ტურისტი სტუმრობს, ძირითადად, რუსეთიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, იუგოსლავიიდან, ქუვეითიდან და სხვა.  აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ძეგლია, რომელიც საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის, პარადოქსული დროების გმირის ისტორიას ინახავს.

მომზადებულია სასწავლო კურსის “ბეჭდური მედია პრაქტიკუმი“-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი მაია ტორაძე.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 545 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9564შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა