09
დეკემბერი, 2019 ორშაბათი
07:49 PM
პროფაილი - სხვა
ჯუნა ნონიაშვილი | 24 დეკემბერი 2015

ქუდბედიდან იარაღამდე და იარაღიდან შემოქმედებამდე

 1963 წლის 18 სექტემბერს   ბიჭი დაიბადა. როგორც დედამ უთხრა ქუდბედით, თუმცა ეს უკანასკნელი  საავადმყოფოში ყოფნის პირველივე დღეს მოუპარავთ მისთვის. საბედნიეროდ, ნიჭის მოპარვა მაინც  არ შეიძლება და ვინ იცის იქნებ ბედნიერებამოპარული, მაგრამ მრავალმხრივ ნიჭიერი ჯაბა ნონიაშვილი დღეს, 52 წლის ასაკში, ისევ განაგრძობს საკუთარი თავის სრულყოფას სხვადასხვა მიმართულებით. „თუ ადამიანის დაწყევლა გინდათ უსურვეთ, რომ საინტერესო ცხოვრება ჰქოდეს“- ამბობს ჯაბა, რომელმაც საინტერსო ცხოვრების დადებითი და უარყოფითი შედეგები ზუსტადაც რომ  საკუთარ „კანზე“ გამოსცადა. 

 ჯერ იყო ცელქი ბავშვობა მრავალშვილიან ოჯახში, ჩხუბისგან დაყვლეფილი ხელ-ფეხი და  დახეთქილი ტუჩები ყოველდღე. აბა რა ექნა, ვერ იტანდა მის წინ პატარებს რომ ჩაგრავდნენ, მერე რა, რომ თითონაც პატარა იყო, საბრძოლო ფილმების მოყვარულს, ზურგს სამართიანობის რწმენა და რჩეული კინოგმრების სიყვარული უმაგრებდა. შემდეგ პატარა მოჭიდავეს, რომელსაც  „სამბომ“, საკუთარი თავის რწმენა შეჰმატა,  დიდებიც კი ერიდებოდნენ. საკუთარი თავის ძიებამ ახალგაზრდა ბოქსზეც კი მიიყვანა და ალბათ, უფრო შორსაც წაიყვანდა სავალდებულო ჯარის მოხდის დრო რომ არ დამდგარიყო. ჯარს ჯერ დუშეთში, სერჟანტთა სკოლის ქვეითთა ბატალიონში,  შემდეგ კი სასომხეთში, „კანაკერში“,   „სამთო-მოტო-მსროლელთა ბატალიონში" იხდიდა. ახლაც არ სჯერა, რომ „კანაკერში“,  ყელამდე თოვლში 40 კილოიანი აღჭურვილობით თვეში ერთხელ 80 კილომეტრს დარბოდა, „ეს იყო არაადამიანური შრომა, წვრთნა“, თუმცა, იქაც  რიგით პირველი იყო, ამიტომ   გაზეთებშიც დაბეჭდილა  მისი ჩანაწერები ბაზიდან. 

 ლოგიკურია, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ  1985 წელს ჯაბა ცოლს ირთავს და მალე პირველი ქალიშვილის, ინგას, მამა ხდება. თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა 1992 წელს  აფხაზეთის ომში ნებაყოფლობით ჩაწერილი, გვარდიის სწრაფი რეაგირების ბატალიონში ხვდება. ამბობს, რომ სახლში ვერ იჯდებოდა მაშინ, როცა გამოუცდელი ახალგაზრდები ბრძოლის ველზე იხოცებოდნენ. „როდესაც ომს ტელევიზორში უყურებ გზარავს, მაგრამ შენი გადასაყვეტია გადართავ, თუ განაგრძობ ყურებას. როდესაც ომში უშუალოდ მონაწილეობ ხვდები, რომ არ ხარ მოაზროვნე ზეარსება, რომ არაფრით განსხვავდები  ცხოველებისგან. თუ საღამოს, მიტოვებულ, ჩაწყნარებულ ბრძოლის ველზე შენი მეგობრებისა და მტრების გვამებს შორის გაგივლია მიხვდებოდი, რომ ადამიანი უფრო დიდი ცხოველია, ვიდრე მოაზროვნე, რომ ომში სიკვდილის აღარ გეშინია, სიკვდილი ხარ შენ!“ სახლში ომიდან მშვიდობით დაბრუნებულს ოჯახისწევრები და  ახლობლები  ვეღარ სცნობდნენ. ანდა, ვინ იცნობდა ომში 95-, ხოლო სახლში დაბრუნებულ  60  კილოიან, გაფითრებულ  ბიჭს. მიუხედავად მომზადებისა, ომში ადამიანთა სიმდაბლით იმედგაცრუებულმა, შვება აღმოსავლურ ფილოსოფიასა და საბრძლოლო ხელოვნება „კარატეში“ ჰპოვა, ერთ წელში გაიარა 10 წლის პროგრამა და საქართველოს კარატე-დოს ფედერაციის ერთ-ერთი სენსეი გახდა. გახსნა კლუბი „ზევსი“ და  დაიწყო მოსწავლეთა მიღება. მოსწავლეთა, რომელთა უმრავლესობა საქართველოსა და ევროპის მომავალი ჩემპიონები აღმოჩნდნენ. როგორც თვითონ ამბობს, 1994 წელს ჯაბას ცხოვრებაში გარდამტეხი ამბავი მოხდა. ოჯახში კიდევ ერთი  ქალიშვილი,  გაჩნდა და ძალიან მალე ჯაბა იძულებული გახდა უფრო შემოსავლიანი სამსახური ეპოვნა. ყოფილმა სპორტსმენმა და უბრალოდ ჯარ-ომ გამოვლილმა, მუშაობა კერძო დაცვის სამსახურში, სხვადასხვა  პიროვნებასთან ( ბადრი პატარკაციშვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი და სხვ.) განაგძო და დღემდე დაცვის სამსახურში მუშაობს.

 მიუხედავად ამ  „საინტერესო“ და დაძაბული ცხოვრებისა, ჯაბა ყოველთვის პოულობდა დროს თავისი შემოქმედებითი მხარისთვის და ნიჭს სხვადასხვა მიმართულებით ცდიდა: პოეზიაში, ფერწერაში, ქანდაკებაში და მუსიკაში, როგორც კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი და შემსრულებელი.   14 წლის იყო, როდესაც "ბიტლზების" ერთერთი ფირფიტის გამო  გადაწყვიტა გიტარაზე დაკვრა ესწავლა. „ამ ფირფიტის მოსმენის შემდეგ მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებდა, მცოდნოდა როგორ დამეკრა ის“. დაკვრის შესწავლაში მისი ძმის მეგობარი, ვალიკო პაპალაშვილი, დაეხმარა. მასთან  სულ 2 თვე იარა, შეისწავლა ძირითადი აკორდები და დამოუკიდებლად განარგრძო დაკვრის სრულყოფა. „ვფიქრობ ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება“ -ამბობს ჯაბა. ჯერ კიდევ 90-იანებში ჰქონდა "ბიტლზის" მსგავსი ჯგუფი, რომელთა წევრებიც მუსიკის სიყვარულმა გააერთიანა. ჯგუფი დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მართავდა კონცერტებს. რა თქმა უნდა, რეჟიმი აიძულებდათ შეესრულებინათ მხოლოდ ქართული და რუსული სიმღერები, თუმცა იცოდნენ, ხალხს სხვა რამის მოსასმენა სურდა, ამიტომ  დასასრულს  იწყებდნენ ინგლისურენოვანი სიმღერების შესრულებას მანამდე, სანამ ჯგუფის წევრებს კანონის ძალით არ ჩამოყრიდნენ ხოლმე სცენიდან. შემდგომ მათი ჯგუფი დაიშალა ქვეყანაში არსებული პრობლემების, სიდუხჭირის გამო, თუმცა   2008 წლიდან ჯაბამ ახალი ჯგუფები "Lost in time  " და "Hidden soul" შეიქმნა - რომლის ვოკალისტთან ერთად იგი პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ გამოვიდა, თუმცა  მაღალი მუსიკალური დონის ან პოლიტიკური მიზეზების გამო ტელეარხმა ნომერი ეთერში არ გაუშვა. მელევე  სამსახურების გამო ჯგუფებიდან წამოვიდა, მაგრამ მუსიკისთვის თავი არ დაუნებებია. ის ყოველდღიური მეცადინეობით ცდილობს  ავიდეს ოსტატობის უფრო მაღალ საფეხურზე, აგრძელებს სიმღერების წერას და დაინტერესებული პირებისთვის მათ   youtube-ზე ტვირთავს. სტივ მორსი, ჯონ პეტრუჩი, სტივ ვეი და ზაკ ვაილდი -ეს არის სია გიტარისტებისა, რომლებმაც მუსიკოსის განვითარებაზე იმოქმედეს. ჩამოთვლილი გიტარისტები ძალიან უყვარს და მათ გავლენასაც ვგრძნობს თავის მუსიკაში, თუმცა მაინც თვლის, რომ ზაკ ვაილდის სტილი უფრო გავს მისას, ორივე უფრო წყნარ და ღრმა მუსიკას ქმნიან. კაცმა, რომელსაც მუსიკა ძლიერ უყვარს ბოლო დროს  საკუთარი კომპოზოციების ტილოზე გაცოცხლებაც ისწავლა დამოუკიდებლად და დღესდღეობით ათობით ნახატის უცნობი ავტორი მომავალს მთლიანად მუსიკასა და ფერწერსთან აკავშირებს.

 მოკლედ, 1963 წლის 18 სექტემბერს   ბიჭი დაიბადა. როგორც დედამ უთხრა ქუდბედით, თუმცა ეს უკანასკნელი  საავადმყოფოში ყოფნის პირველივე დღეს მოუპარავთ მისთვის. საბედნიეროდ, ნიჭის მოპარვა მაინც  არ შეიძლება და ვინ იცის იქნებ ბედნიერებამოპარული, მაგრამ მრავალმხრივ ნიჭიერი და საინტერესო ცხოვრება გამოვლილი, ჯაბა ნონიაშვილი დღეს, 52 წლის ასაკში, ისევ განაგრძობს საკუთარი თავის სრულყოფას სხვადასხვა მიმართულებით.


 

მომზადებულია სასწავლო კურს, „ბეჭდური მედიის“ ფარგლებში
ხელმძღვანელი: მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 17367 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10012შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა