21
სექტემბერი, 2019 შაბათი
03:16 PM
პროფაილი - კულტურა
ნინო ტაბაღუა | 20 იანვარი 2016

ბიჭი “გაღმა ნაპირიდან”


ვინ ხარ შენ და ვინ არის ბიჭი გაღმა ნაპირიდან, რომელმაც მსოფლიოს საქართველოს შესახებ ხელახლა ამცნო. მუქი წაბლისფერი თმა და სახასიათო თვალები მის სავიზიტო ბარათად იქცა.
არავინ იცის მისი ისტორია ფილმის გადაღებამდე და მას შემდეგ… 
გაიცანით, ის არის თედო ბექაური. 

ბიჭი, რომელიც მანგლისში დაიბადა და სოფელ ორბეთში გაიზარდა, რიგით ბექაურად დარჩებოდა, რომ არა განსხვავებული გარეგნობა და საოცრად გულუბრყვილო ღიმილი. 9 წლამდე ბავშვობა სოფელში გაატარა, მერე, როგორც თვითონ ამბობს, სერიოზულ საქმეში ჩადგა და გადაღება დაეწყო. გადაიღეს ფილმში, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა სამყაროს, რომ საქართველო არსებობს და რომ თედოს ისტორიის მსგავსი ამბები რეალურად ხდება. 
იხსენებს, როგორ ნახა რეჟისორმა საავადმყოფოში და როგორ ავიდა პირველად სცენაზე. 
„თვალის ექიმთან ვიყავი საავადმყოფოში მისული, როცა დედა ექიმთან რაღაცის საკითხავად შევიდა, მე გარეთ ველოდებოდი, გიორგის თავისი შვილები ჰყავდა მოყვანილი და ერთმანეთს სათამაშოს გამო წაკამათდნენ, ამაზე გამეცინა და სწორედ მაშინ შემამჩნია  გიორგიმ, ჩემთან მოვიდა და მეკითხებოდა ვინ ვიყავი, საიდან, დედიკო სად იყო… მერე თბილისში წამომიყვანეს გადაღებებზე. ძალიან მორცხვი ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი თავიდან. ორი თვის მანძილზე ჩემზე ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი არ გაგიმართლებს, სხვა მსახიობი მოიყვანეო, მაგრამ მას ჩემი სჯეროდა. არ ნებდებოდა და ისე მათამამებდა რომ 2 თვის შემდეგ დუბლს დუბლში ვსვამდი“. 
ბავშვობიდან თითქოს მორცხვი, ყველაზე ცელქ ბავშვად შერაცხული ყოფილა და ამ სიცელქის გამო ჭაშიც კი ჩავარდნილა, ძაღლსაც კი უკბენია მარცხენა ყურზე, ცხვირიც გაუტეხავს და 6 წლის ასაკში მეზობლის ინდაურიც მოუპარავს, რის გამოც, როგორც იხსენებს, მაგრად მოხვდა. 
ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული იყო დედაქალაქში მარტო ცხოვრების პერიოდი, როცა გადაღების გამო მარტო, სასტუმროში უწევდა ყოფნა. თუმცა ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის მხარში ედგნენ, მერე დედა ჩამოვიდა და ყველაფერი დალაგდა.  
განსაკუთრებით ხიფათიანს და სიცელქით გამორჩეულს ჯარისკაცობა ან პოლიციელობა უნდოდა. რომ არა „გაღმა ნაპირი“, აუცილებლად „რიგითი ბექაური“ იქნებოდა.  იმის გარდა რომ ცალსახად, რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება ამ ფილმმა, მისი თქმით სადაც ახლა სწავლობს „სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯმა“ დიდი გავლენა იქონია, გემოვნება ჩამოუყალიბა და მიახვედრა, რა უყვარს, რისი კეთება უნდა, საკუთარი ნამდვილი სახე დაანახა.   მღერის ყველაფერს, რაც ხალხურია, უკრავს ფანდურზე და თამაშობს სცენაზე.   უკვე მხოლოდ მაშინ, იბნევა როცა ლამაზ გოგოს ხედავს და არა სცენაზე. 
რამდენიმე წლის წინ მეგობარი დაკარგა და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, სწორედ მას გააცოცხლებდა „ ვერ ვიჯერებ ხოლმე, რომ როცა მასთან მივალ, იქ აღარ დამხვდება , სადაც მეგულება“ 
ოცნებობს ისეთ სამყაროში ცხოვრებაზე, სადაც ომი არაა და საქართველო დავითის დროინდელი სიდიადით გამოირჩევა. ყოველთვის ცდილობს სხვას არ აწყენინოს და კარგ ხასიათზე მყოფმა, სხვებიც გაახალისოს. 
ამბობს რომ აბედნიერებს ქართველობა და ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების დაკარგვა აშინებს.  
კითხვაზე, თუ ვის გაიცნობდა, გულწრფელად პასუხობს: „არ მინდა ჰოლივუდის ვარსკვლავების გაცნობა, არავინაა უცხო ქვეყანაში ისეთი, ვისაც ახლა გავიცნობდი, მაგრამ საქართველოში ასეთი ორი მეგულება- კახი და გივი, რომ შემეძლოს ახლოდან გავიცნობდი“.



მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის არც ერთი ვარსკვლავის გაცნობაზე არ უფიქრია, თავად უნდა რომ დიდ კინოში მოხვდეს  და არ შემოიფარგლებოდეს მცირე როლებით. ახლა ერთერთ სერიალში იღებენ, სადაც მსჯავრდებულის როლი უნდა შეასრულოს. 
ყველაზე დიდ წარმატებას 10 წლის ასაკში მიაღწია, მაგრამ არ ნებდება და აქტიურად მუშაობს საკუთარ თავზე, უნდა, რომ შემდგარი მსახიობი ერქვას, თუმცა რაოდენ დიდებასაც არ უნდა მიაღწიოს, ის მაინც დარჩება ბიჭად „გაღმა ნაპირიდან“ 

მე რომ დავიბადე - ვიყავი ბავშვი
გოგოდ რომ დავბადებულიყავი - ვიქნებოდი "ცუდი" 
არ ვარ - კარგი
ჩემთვის კინო არის- ყველაფერი
ვგრძნობ რომ - გავიზრდები
მაინტერესებს-თეატრი
უარვყოფ - ტყუილს
ვპატიობ -ტყუილს, კეთილს
ვდარდობ - ყველაფერზე, ძმაკაცზე, რომელიც მომიკლეს
მახსოვს, როცა პირველად - ავედი სცენაზე
ბოლოს მუცლის ტკივილამდე ვიცინე - ძმაკაცი რომ წაიქცა სცენაზე
რომ არია ის, რაც ვარ ვიქნებოდი - ჯარისკაცი
5 წლის მერე ვქნები - ჩამოყალიბებული მსახიობი
ყოველდღიურად ვკარგავ - დღეებს
რომ არა საქართველო დავიბადებოდი - საერთოდ დავიბადებოდი რო?!
ვიცი რომ შემიძლია - გავხდე მსახიობი
დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, შევცვლიდი - არაფერს
ვიტყუები, როცა - საქმეს სჭირდება
არ ვიტყუები, როცა - საქმეს არ სჭირდება
ვუსმენ - ყველაფერს რაც მომწონს, თუნდაც როკს.
მიყვარს - სმა-ჭამა
ჩემს შემდეგ დარჩება - ალბათ მხოლოდ სახელი
არასდროს მივცემ უფლებას - მიღალატონ
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში იყო - გადაღების პერიოდი, როცა პირველად გადამიღეს ფილმში
ვემალები - არაფერს
ხშირად მიფიქრია, რომ - მოვკვდე რა მოხდება
რა მოხდება რომ მოკვდე - არაფერიც არ მოხდება, უბრალოდ მოვკვდები რაა
ვიცინი - მაშინ როდესაც მეცინება
ვინახავ - საიდუმლოს
80 წლისა ალბათ ვიქნები -თედო პაპა
და ბოლოს, ვიტყვი -  მე ვარ თედო ბექაური "გაღმა ნაპირიდან"

 

მომზადებულია  სასწავლო  კურსის "ანალიზისა  და  მოსაზრების წერის"  ფარგლებში.

ლექტორები: მარიამ   გერსამია,  დალი   სინჯარაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 262 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა