13
ნოემბერი, 2019 ოთხშაბათი
08:06 AM
ინტერვიუ - სხვა
ნინი ტაველიძე | 21 მაისი 2018

საქართველოს პირველი ლედის – მაკა ჩიჩუას ინტერვიუ


 პრეზიდენტის ოჯახი დუშეთში ცხოვრობს. აქაურები ამაზე სიამაყით გვესაუბრებიან და პრეზიდენტის სახლისკენ გვითითებენ – ძალიან უბრალო და კეთილი პრეზიდენტი გვყავს, ის კი არა, თუ მიხვალთ და ქალბატონი მაკა სახლში დაგხვდებათ, უარს არ გეტყვით გასაუბრებაზეო... სტუდენტის  ამბავი მოგეხსენებათ, მოგვერიდა ასე პირდაპირ სტუმრობა, მით უფრო, რომ ბევრი ჩინოვნიკისგან მიგვიღია უარი – "სათამაშოდ სად გვცალიაო", მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც გაგვიჩნდა. მერე ანდაზაც გაგვახსენდა: "ცდა ბედის მონახევრეაო" და... ვცადეთ. 

ჩვენდა გასაკვირად, ერთ მშვენიერ ლექციაზე სატელეფონო ზარმა გვამცნო, რომ ქალბატონი მაკა ჩიჩუა მზად იყო ახალბედა, გამოუცდელი ჟურნალისტისთვის დაეთმო დრო...

ასე აღმოვჩნდით პრეზიდენტის სასახლეში, სადაც მასპინძლობა თბილმა, სანდომიანმა და საოცრად გულწრფელმა პირველმა ლედიმ გაგვიწია.

საუბრის თემა, ბუნებრივია, დუშეთი იყო. 

 

– ქალბატონო მაკა, რითი გამოარჩევდით საქართველოს ამ მხარეს სხვა მხარეთაგან, თქვენთვის რითია ის განსაკუთრებული ?

– სიმართლე გითხრათ, ადრე  ვერასდროს წარმოვიდგენდი, ოდესმე დუშეთში თუ მომიწევდა ცხოვრება. რაც უფრო ახლოს გავეცანი აქაურ მხარეს ჩემთვის, ის უფრო განსაკუთრებული და მშობლიური  გახდა. დუშეთში თქვენ შეხვდებით უამრავ  ისტორიულ ძეგლს, აქ არის გეოფიზიკური ობსერვატორიის ნარჩენები, ეს ადგილი იმდენად იდუმალია და  ისეთ ენერგეტიკას ატარებს, რომ, უნებურად, ყოველივე შენზეც გადმოდის. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ  ჩემთვის, ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი პიროვნება – ილია ჭავჭავაძე  რაღაც პერიოდი სწორედ დუშეთში ცხოვრობდა და საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობდა.

 ჩემი სახლი, ფაქტობრივად, ტყეშია. ეს არის ნაძვებისა და ფიჭვების ტყე, რომელიც   ზემოდან დაჰყურებს მთელ დუშეთს და აი, სწორედ  ეს სივრცის შეგრძნება მოქმედებს ძალიან პოზიტიურად და დადებითად  ჩემზე. რაც ყველაზე  მთავარია, აქ ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. დუშეთი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩემივე ეზოში, ჩემივე ხელით დავთესო და მოვიყვანო კარტოფილი, ლობიო, კიტრი, პომიდორი. საქართველოს ამ მხარეში უჩვეული სილაღე და თავისუფლება სუფევს.

– დუშელ ხალხს როგორ დაახასიათებდით – რა მოგწონთ მათში და რა არა ?

– ყველაზე მეტად მთის ხალხისთვის ესოდენ დამახასიათებელი უშუალობა მომწონს. ძალიან ნაღდი და პირდაპირი ხალხია.  პირველ რიგში, ადამიანებში კარგს ვეძებ ხოლმე. რომ მოინდომო ყველა მხარეს უპოვი ნაკლს, მაგრამ აქცენტს მაინც მათ უშუალო, ლაღ და ალალ კონტაქტზე გავაკეთებდი, რომელიც მე ასე ხშირად მიგრძვნია და მიმიღია მათგან.

– აქაური გარემო, როგორ მოქმედებს თქვენზე, თქვენს განწყობაზე ?

– თბილისი სადაც მე დავიბადე, გავიზარდე და განათლება მივიღე, ჩემთვის ბეტონის ჯუნგლები გახდა. იქ ცხოვრება და სუნთქვაც კი  კატასტროფულად საშიშია დღეს.

მე მყავს ძალიან პატარა შვილები, რომლებისთვისაც ცხოვრებაში მხოლოდ საუკეთესო მინდა, დუშეთი კი იმის საშუალებაა, რომ ჩემს შვილებს საუკეთესო ეკოლოგიური გარემო შევუქმნა. აქაურობა ჩემზე დადებითად მოქმედებს, გარემო მამშვიდებს და საოცარ ენერგიას მაძლევს,  თუმცა, თბილისთან კავშირს არ ვწყვეტ – როგორც კი დედაქალაქთან შეხება საჭირო ხდება, ჩამოვდივარ და  სხვადასხვა აქტივობით ვარ დაკავებული. 

– როგორია საქართველოს პირველი ლედის ერთი დღე დუშეთში ?

– ყოველდღიურობას დუშეთში სეზონი და მისი მახასიათებლები ცვლის. ზამთარში ძირითადად სახლში ვართ, აი, გაზაფხულზე კი, ბუნების გამოღვიძებასთნ ერთად, ჩვენც ვხალისდებით და ყოველ ჯერზე პომიდვრისთვის ახალ ადგილს ვეძებთ, ეზოს დაგეგმარებასაც ერთად შევუდგებით ხოლმე, მიწას ვამუშავებთ, ვწმენდთ. თუმცა, ჩემი ყოვედღიურობის განუყოფელი ნაწილი ჩემი შვილები არიან. დუშეთში ძირითად მარტო ვარ, ძიძები მეხმარებიან.  ასევე  ვცდილობ, ჩემი ყოველდღიურობის ნაწილად ხატვაც ვაქციო, თუმცა, ძალიან რთულია, რადგან ამ საქმეს განმარტოება და ბევრი დრო ესაჭიროება. 

 

    პ.ს. ჩემი, როგორც რედაქტორის და "გზავნილის" მთლიანი გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით მაკა ჩიჩუას იმისთვის, რომ დრო გამონახა და მისი თვალით დანახულ საქართველოს ამ მხარეზე გაგვესაუბრა.

 

მომზადებულია სასწავლო კურსის “ბეჭდური მედია პრაქტიკუმი“-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი მაია ტორაძე.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 793 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10010შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა