02
აპრილი, 2020 ხუთშაბათი
12:14 PM
ინტერვიუ - სხვა
ნოდარ ლაფანაშვილი | 29 მაისი 2017

პირველი გერმანელები ქვემო ქართლში და რუსთავის დაარსების ისტორია

რუსთავის მშენებლობის პროცესში გერმანელი ტყვეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. გერმანელი ტყვეებისა და რუსთავის დაარსების ისტორიას, რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ნაზი პაჭიკაშვილი გვესაუბრება:

-რუსთავი
, როგორც ქალაქი, 1265 წელს მონღოლთა შემოსევის დროს განადგურდა. თუმცა მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მისი ხელახალი მშენებლობის იდეა გაჩნდა. საბოლოოდ როდის დაიწყო მშენებლობა და ფუნქციონირება ამიერკავკასიის უდიდესმა მეტალურგიულმა ქალაქმა?

-როგორც მოგეხსენებათ, რუსთავი ერთ-ერთი უნიკალური ქალაქია საქართველოს ქალაქებს შორის, რადგან მას ორი სიცოცხლე აქვს. როგორც ქართული საისტორიო წყაროები გვიყვებიან, რუსთავი უძველესი ქალაქია და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აქტიურად ასრულებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან ფუნქციას. 1265 წელს მონღოლთა შემოსევის დროს რუსთავი, როგორც ქალაქი სრულად განადგურდა, თუმცა პატარა დაბის სახით შემდგომ საუკუნეებში კვლავ აგრძელებს არსებობას. XX . 30-იან წლებში კი სსრკ ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით გადაწყდა, რომ ამიერკავკასიაში უნდა აშენებულიყო უდიდესი მეტალურგიული ქარხანა და ქალაქი, სადაც ქარხანაში მომუშავე პერსონალი დასახლდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ  ხელი შეუშალა მშენებლობის პროცესს და 1944 წელს, როდესაც ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო,  ქალაქისა და ქარხნის აშენების გეგმას კვლავ დაუბრუნდა ცენტრალური კომიტეტი. თავდაპირველად ადგილი შეირჩა სადგურ ველის ტერიტორიაზე (დღევანდელი გაჩიანი) დაიწყო კიდევაც მშენებლობა, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ის სივრცე სადაც უნდა გაშენებულიყო ქალაქი და მეტალურგიული ქარხანა,  ვერ პასუხობდა იმ დროისთვის არსებულ სტანდარტებს.  შემდგომ  სტალინის უშუალო გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ  მშენებლობა უნდა გადმოტანილიყო  ე.წ. ყარაის ველის ანუ დღევანდელი რუსთავის ტერიტორიაზე, სადაც საკმაოდ ვრცელი და თავისუფალი ტერიტორია იყო. მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა და  უკვე 1948 წელს  ფაქტობრივად ქალაქი აშენებული  იყო და მალევე მიიღო სტატუსიც. 

-ვინ იყვნენ პირველი მშენებლები?

-საბჭოთა კავშირის წევრი თითოეული რესპუბლიკა თანაბარ მონაწლილეობას იღებდა მშენებლობის პროცესში, რადგან ომმა ბევრი ქართველის სიცოცხლე შეიწირა და ამ ფაქტის გამო სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს მშენებლები. 18 წელს მიღწეული ქართველი ახალგაზრდები კი რუსეთში სასწავლებლად გაუშვეს და მაშინ, როდესაც ქარხნის მშენებლობა დასრულდა, პროფესიონალი კადრები დაასაქმეს სხვადასხვა მიმართულებებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ქალაქის მშენებლობის დროს ტყვეებსაც ამუშავებდნენ.

-უკავშირდება თუ არა გერმანელი ტყვეების სახელს ქალაქის მშენებლობა? და რა წვლილი შეიტანეს ამ პროცესში?

-აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ გერმანელი ტყვეების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან საბჭოთა კავშირში ამ თემაზე არ საუბრობდნენ. საქართველოში ამ თემაზე მასალები თითქმის არ მოგვეპოვება. მიუხდავად ამისა, მკვლევართა ჯგუფის მიერ  რუსეთის არქივებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავში შენობების დიდი ნაწილი სწორედ გერმანელი ტყვეების აგებულია და ქალაქის მცხოვრებლებისგანაც ხშირად გაიგებთ, რომ მისი სახლი გერმანელების აშენებულია.

-დაახლოებით რამდენი გერმანელი ტყვე მუშაობდა ქალაქის მშენებლობის პროცესში?

-ჩემთვის ეს მონაცემები უცნობია. როგორც აღვნიშნე, ეს  იყო დახურული თემა საბჭოთა კავშირში. თუმცა როგორც ვიცი, რუსეთის არქივებში ყველანაირი ინფომაცია ინახება ამ თემასთან დაკავშირებით ვინ, სად და რა რაოდენობით იყვნენ გადანაწილებულნი.

-სად და რა პირობებში უწევდათ ცხოვრება გერმანელ ტყვეებს?

-რუსთავის ტერიტორიაზე იყო ერთ-ერთი  ყველაზე დიდი კარვების ბანაკი, სადაც გერმანელი ტყვეები ცხოვრობდნენ და მათ როგორც მუშა-ხელს ისე იყენებდნენ.  საცხოვრებელი პირობები არანაირ სტანდარტს არ შეესაბამებოდა, საკვებსაც არასრულფასოვნად იღებდნენ და ხშირად ავადდებოდნენ, რის გამოც ხშირი იყო გარდაცვალების ფაქტები.

-რუსთავის გარდა, ქვემო-ქართლის რეგიონში არსებობდა თუ არა გერმანელთა დასახლებები?

-ქვემო-ქართლის რეგიონში ნამდვილად იყო გერმანელების დასახლებები, თუმცა მათ გერმანელ ტყვეებთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ.  1817 წელს გერმანელთა ნაწილი საკუთარი სურვილით ჩამოდიან საქართველოში და იწყებენ აქტიურ ცხოვრებას. სწორედ მათი აშენებულია სოფელი ელიზზაბეტალი, როემლიც რუსეთის მეფის ნიკოლოზ მეორის მეუღლის საპატივცემულოდ უწოდეს. მეფის რუსეთმა გერმანელებს განსაკუთრებული პირობები შეუქმნეს, რომ მათ  ფეხი კარგად მოეკიდათ.

- რა ინფორმაციას ფლობდნენ საბჭოთა მოქალაქეები გერმანელი ტყვეების შესახებ?

-საბჭოთა  მოქალაქისთვის გერმანელი ასოცირდებოდა ფაშიზმთან. სახელმწიფოს პოლიტიკაც ისეთი იყო, რომ თითქოს ქვეყანაში ტყვეები არ იყვნენ, სინამდვილეში იყვნენ, მაგრამ მათ როგორც ადამიანებს ისე არ აღიქვამდნენ.  არსებობდა გამონაკლისებიც, როდესაც ქართველები ხელს უმართავდნენ და შეძლებისდაგვრად ეხმარებოდნენ გასაჭირში მყოფ ტყვეებს.

-რატომ და რა მიზნით გადაასახლეს გერმანელები ასურეთიდან?

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში გერმანელებისთვის მოულოდნელად ერთ ღამეში  საბჭოთა ხელისუფლება სოფელ ასურეთის მცხოვრებნი შუა აზიაში გადაასახლა, ხოლო მათ სახლებში რაჭველები შეასახლეს.

-როგორ შეაფასებდით გერმანელების საქმიანობას საქართველოში?

-გერმანელმა კოლონისტებმა და ტყვეებმა დიდი კვალი დატოვეს ქართული სოფლის მეურნეობაში, მშენებლობასა და ქალაქ გეგმარებაში. სწორედ მათი დახმარებით ისწავლეს ქართველმა გლეხებმა  სოფლის მეურნეობის ახალი ტენდენციები. სოფელი ასურეთი კი გერმანელი კოლონისტების ცხოვრებას ყველაზე კარგად და ნათლად ასახავს. მათ ჰქონდათ სამსართულიანი, გერმანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სახლები უზარმაზარი მარნებით. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დროს არცერთი ლურსმანი არ აქვთ გამოყენებული. ყველას ჰქონდა საკუთარი  ვენახი და ღვინოს გერმანული ტექნოლოგიით აყენებდნენ.

-როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში მცხოვრები გერმანელების  შთამომავლები ხშირად ინტერესდებიან მათი წინაპრების ისტორიით და საფლავებით.  თქვენთან თუ  ჰქონიათ კომუნიკაცია და რა შედეგით დამთავრდა?

 

-ბოლო წლებში ხშირად აკითხავენ გერმანელების შთამომავლები ქართულ არქივებს, მუზეუმებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს. ჩვენს ქალაქში არის 2 სასაფლაო, სადაც გერმანელებს მარხავდნენ. მათთვის პატივის მისაგებად არსებობს კიდევაც მცირე მემორიალი. გავიხსენებ ერთ-ერთ შემთხვევას, რომელიც  უშუალოდ რუსთავთანაა დაკავშირებული. 2 წლის წინ მუზეუმში გვესტუმრა გერმანელი მამაკაცი, რომელიც დაინტერესებული იყო, რომ საკუთარ ბაბუაზე შეეგროვებინა ცნობები და მოეძებნა საფლავი.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მუზეუმში არანაირი მასალა არ მოიპოვება ამ თემაზე, ჩვენ მხოლოდ ორივე სასაფლაოს ადგილმდებარეობა მივუთითეთ. შემდგომ ამ კაცმა ქართულ არქივში დაიწყო მასალების მოძიება, მაგრამ უშედეგოდ. დიდი ძიების მერე კი, რუსეთის მთავარ არქივში, რომელიც მოსკოვში მდებარეობს მიაგნო ჩანაწერებს გერმანელი ტყვეების შესახებ, რომლის მიხედვითაც ზუსტად დაადგინა, რომ ბაბუამისი რუსთავის ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა და რუსთავშივეა დაკრძალული...

 

 

 

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკისფარგლებში (პედდალი ოსეფაშვილი)

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 3100 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10027შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა