28
მაისი, 2020 ხუთშაბათი
07:21 PM
ინტერვიუ - სხვა
მაია ჭანტურიძე | 02 დეკემბერი 2014

,,ბესტსელერი“ – წიგნი წიგნებზე

ყველა მკითხველისთვის ნაცნობია სახარებისეული, ყურანის და სხვა ცნობილ ავტორთა (ხშირად, უკონტექსტო) ციტატები, ლათინური (გაუგებარი) ფრაზები, აუხსნელი ილუზიები და პეიზაჟების, გარეგნობისა თუ არქიტექტურის ისეთი დეტალური აღწერა, რამდენიმე ფურცლის თვალგადაუვლებლად გადაშლას რომ გაიძულებს. თუმცა, ,,კლასიკოსზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი“. დუმილი ,,ბესტსელერმა“ დაარღვია. წიგნის მთავარი პერსონაჟი სიტყვების მარტივი თამაშისას გაჩნდა. პიერ სონაჟი – ასე ჰქვია მწერალს, რომელსაც 33 წლის ასაკში 12 მკითხველზე მეტი არ ჰყავს და რომელიც საკუთარი თავისა და წიგნების პიარისთვის მსოფლიოს უმაღლესი შენობიდან ხტება. ბურჯ–ხალიფადან მიწას დანარცხებულ ადამიანს ჰოლივუდის ყველაზე ოპტიმისტი რეჟისორიც ვერ გააცოცხლებს, ამიტომ, ბუნებრივია, პიერი მოკვდა, მაგრამ მოხვდა არაბუნებრივ, ლიტერატურულ ჯოჯოხეთში... ადგილზე, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათი წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს. თუმცა, როგორც ბექა ამბობს, ,,ყველაფერს ანოტაციაში ვერ მოყვები“. სხვა დანარჩენისთვის არსებობს ,,ბესტსელერი“ და ინტერვიუ მის ავტორთან ბექა ადამაშვილთან:

 

 

_ ბექა, ,,წინასიტყვაობის მაგიერ“ – ის მაგიერ“ – ში წერ, რომ შენი წიგნი არანაირი ღრმა და ყოვლისმომცველი აზრის მატარებელი არ არის. მაშინ რატომ დაწერე? და საერთოდ, რისთვის იწერება წიგნები?

_ ჩემი მიზანი იყო ღრმა და ყოვლისმომცველაზრიანი ნაწარმოებების შარჟი. რთულია ეძებო რამე კონკრეტული აზრი წიგნში, იმიტომ, რომ რასაც იპოვი, მაინც სუბიექტური შეხედულება იქნება. როგორც ვაჟას არწივზე არ იცის კაციშვილმა ,,საქართველო“ იგულისხმებოდა, თვითონ ,,ვაჟა“ თუ უბრალოდ პოეტის ორნიტოლოგიური ექსკურსი იყო ბუნებაში, ისევეა წიგნების უმეტესობის აზრიც. ამიტომ, ვინც რას დაინახავს, თავად განსაზღვრავს, რამდენად ღრმა და ყოვლისმომცველია. მგონია, რომ წიგნები იწერება სიამოვნების მისაღებად, მაგრამ სიამოვნების მიღებას თან მოჰყვება განათლება, შემეცნება, ,,თვალსაწიერის ზრდა“ და მათი თანმდევი დადებითი სახელზმნები.

_ როგორ გაჩნდა იდეა დაგეწერა ,,სატირულ–პაროდიულ–დეტექტიურ–თავსატეხ–ფენტეზ–დაკიდევრაცგამოგვრჩა“ ჟანრის რომანი?

_ იდეა გაჩნდა ერთი ჩვეულებრივი ფეისბუკ–საუბრიდან, როდესაც მოსაუბრემ აღნიშნა, რომ ძალიან ცუდად იმახსოვრებდა მწერლების გვარებს და თუ ოდესმე ჯოჯოხეთში მოხვდებოდა, მისი სასჯელი იქნებოდა ის, რომ მწერლები მივიდოდნენ მასთან, ის კი ვერაფრით შეძლებდა მათ გახსენებას. მაშინ მივხვდი, რომ მწერლებზე შეიძლებოდა საინტერესო ამბავი გამოსულიყო. მწერლების ჯოჯოხეთზე.

_ რომელმა მწერალმა დაგტანჯა? ვის დაუწესებდი ხანგრძლივ სასჯელს ლიტერატურულ ჯოჯოხეთში?

_ მე ,,ულისემ“ დამტანჯა და თან ისე, რომ თავის გადადებას წიგნის გადადება ვამჯობინე. რა სასჯელიც დაიმსახურა ამისთვის პატივცემულმა ჯოისმა, კი არის მოთხრობილი წიგნში. პრინციპში, ეს უფრო ჩემი ბრალია, ვიდრე ჯოისის, ჰიუგოს ან თომას მანის. იმიტომ, რომ შეიძლება უასაკო ასაკში წავიკითხე ეგ წიგნები და ვერაფერი დავიჭირე მათში, კარგი ჩიტის გარდა.

_ პიერ სონაჟი ,,ბესტსელერის“ მთავარი გმირის სახელია. აქამდე როგორ ვერავინ დაიჭირა ეს სიტყვების მარტივი თამაში?

_ მეც ეგ მიკვირს, სხვათა შორის და თან იმდენად გამიკვირდა, რომ ,,გუგლს“ ჩავეძიე. მაგრამ ,,გუგლმაც“ საძიებო ველი აიჩეჩა: არ გამიგიაო. ალბათ, იმიტომ, რომ ,,სონაჟი“ როგორც გვარი, მაინცდამაინც, არც ქართულ რეალობაში არსებობს და მით უმეტეს, არც ფრანგულში.

_ რომელიმე მწერლის გავლენა გიგრძვნია?

_ იმდენად ხშირად არ ვწერ, გავლენებზე რომ ვიფიქრო. რაც იმ მომენტში მომადგება კლავიატურაზე, იმას ვკრეფ. ჯერჯერობით, არ ყოფილა შემთხვევა, გავჩერებულიყავი და ,,უი, ახლა ფოლკნერი ვიგრძენი ჩემში“ მეთქვას.

_ პიერ სონაჟი და ოქტავი, ,,99 ფრანკიდან“ 33 წლის ასაკში აპირებენ თვითმკვლელობას, რადგან როგორც ბეგბედერი ამბობს, ,,ეს საუკეთესო ასაკია აღდგომისთვის“. წერის მანერითაც თითქოს გავხარ ფრანგ მწერალს. ფრედერიკ ბეგბედერთან შენს მსგავსებაზე რას იტყვი?

_ ბეგბედერთან, ალბათ, უფრო სტილური მსგავსება შეიძლება იყოს – ვგულისხმობ ირონიას, თვითკრიტიკას, იუმორს.

_ ,,ბესტსელერი“ – რამდენად ამბიციური ნაბიჯი და განაცხადია ეს სახელი ლიტერატურაში? უწინასწარმეტყველებ თუ არა ბესტსელერობას?

_ ამბიციური განაცხადია კი, მაგრამ მარკეტინგულად კარგი სახელია. ,,ბესტსელერი“ რომ აწერია წიგნს, სულაც ჯოკრის სათამაშო ფურცლების ნაკრები რომ იყოს, მაინც მიმზიდველად გხვდება თვალში. ბესტსელერობას რაც შეეხება, ცოტა კომიკურია ქართულ ბაზარზე ამის წინასწარმეტყველება, როცა ტირაჟი ხუთასია. ანუ, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის იმდენად მიზერული პროცენტი, რომ ყველას გაყიდვის შემთხვევაშიც კი, ,,ისერასელერი“ გამოდის.

_ შენი აზრით, რა არის მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს საუკუნეში დაწერილ კარგ წიგნს?

_ მარტივად გადმოცემული აზრი, 21–ე საუკუნის შესაბამისი ზომა, თხრობის განსხვავებული სტილი და ეფექტური ფინალი.

_ რეცეპტი მარტივია და ლაკონიური. ამის ფონზე, ბევრი კარგი წიგნი იწერება?

_ შეიძლება ბევრი კარგი წიგნი იწერება, მაგრამ მე იმდენად ცუდი ინტუიცია მაქვს, რომ მათ პოვნას იშვიათად ვახერხებ.

_ რომელია შენი საყვარელი ავტორი და წიგნი?

_ საყვარელი წიგნი არ მაქვს, მაქვს წიგნები, რომლებიც შემიძლია წავიკითხო რამდენჯერმე. მაგალითად, ,,პატარა პრინცი“ და ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების კრებული. საყვარელი მწერლის დასახელება კი მარტო მაშინაა ადვილი, როცა ერთი მწერალი გაქვს წაკითხული.

_ და ბოლოს, რის თქმა გინდოდა წიგნით და რამდენად გამოგივიდა სათქმელის მკითხველამდე მიტანა?

_ მაგის ჩამოყალიბებას ვეცადე ექვსი–შვიდი თვე და ექვს–შვიდ წუთში გამიჭირდება ცოტა. პრინციპში, რის თქმაც მინდოდა, წიგნშია ნათქვამი და თუ არ ჩანს, ესე იგი, მაინცდამაინც სათქმელიც არ მქონია.

 

მაია ჭანტურიძე

 

მომზადებულის სასწავლო კურსის “ბეჭდური მედია 1"-ს ფაგრლებში (ხელ-ლი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე)

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2862 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10030შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა