28
მაისი, 2020 ხუთშაბათი
05:33 PM
ინტერვიუ - სხვა
ანა ლომთაძე | 17 ივნისი 2014

ნანა ფაჩუაშვილი თეატრში რეჟისორების ნაკლებობას უჩივის

 

ნანა  ფაჩუაშვილი  რუსთაველის თეატრის  ერთ-ერთი  გამორჩეული მსახიობია.  მან   თავის, როგორც მსახიობის,  განვლილ  გზაზე   და  თეატრში  არსებულ  პრობლემებზე ჩვენთან  ისაუბრა  და  რჩევებიც  მისცა მომავალ  მსახიობებს.  გთავაზობთ ინტერვიუს ნანა ფაჩუაშვილთან:

 

-ქალბატონო ნანა,  რამდენიმე  ინტერვიუში  აღნიშნავდით,  რომ ბავშვობაში სამედიცინოზე  ჩაბარებას  აპირებდით. რამ  განაპირობა  თქვენი გადაწყვეტილების ცვლილება, რატომ  აირჩიეთ  მსახიობის  პროფესია?  


-დიდი რეჟისორი, ბატონი სიკო  დოლიძე ჩემი ოჯახის ახლობელი იყო. მაშინ ბატონი სიკო კინოსამსახიობოს ხსნიდა და ჩემს მშობლებს უთხრა: ნუ აწამებთ ბავშვს სამედიცინოსთვის, ჩემთან წავიყვანო და ასე, პატარა პროტექციით მოვხვდი თეატრალურში. ძალიან უღიმღამოდ ჩავაბარე, მაგრამ მაშინ დავიფიცე, რომ ბატონ სიკოს იმედს არ გავუცრუებდი და ეს შევასრულე იმ მხრივ, რომ კარგად ვსწავლობდი. თან მქონდა ჟინი საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე შემიძლია...


- პირველი  როლი  ჯერ  კიდევ  მეოთხეკურსელმა  ითამაშეთ  სპექტაკლ  ,,იმედის დაღუპვაში “. ამის შემდეგ მოხვდით რუსთაველის თეატრში. თქვენი  თეატრში მოხვედრა  ამ  როლმა  განაპირობა?


-  არა, ამ როლმა ნამდვილად არა.  არც კი ვიცი, რამ განაპირობა. უბრალოდ მოვხვდი. ჩვენ გავდიოდით პრაქტიკებს რუსთაველის თეატრში, რისი საშუალებაც ახლა ნაკლებად აქვთ ახალგაზრდებს, სამწუხაროდ. იქ  არჩევანი იყო, ვის აიყვანდნენ და ვის არა. მე ამიყვანეს და  ამაში რა თქმა უნდა იყო ბედი, მსახიობს ბედი უნდა სწყალობდეს, ამაზე ბევრია დამოკიდებული.
-  თეატრში  მოხვედრის  შემდეგ, სხვადასხვა  დროს  სხვადასხვა  რეჟისორთან მოგიწიათ  მუშაობა: დოდო   ალექსიძე, მიხეილ  თუმანიშვილი, თემურ  ჩხეიძე, რობერტ  სტურუა...  

 

როგორც  მსახიობს  რომელ  რეჟისორთან  მუშაობამ  მოგიტანათ ყველაზე  დიდი  გამოცდილება?

 

-  დოდო ალექსიძე იყო ჩემი პირველი პედაგოგი. მისი მალე წასვლის შემდეგ, უპედაგოგოდ არ დავრჩენილვარ, მოვხვდი მიხეილ თუმანიშვილთან, რომელიც იყო გენიალური პედაგოგი. ისეთი, როგორიც, ჩემი აზრით  ჩვენს თეატრალურ სამყაროს იშვიათად  თუ ჯყოლია. არაჩვეულებრივი მეთოდი ჰქონდა, სადღაც სიმკაცრითაც და ადამიანური თვისებებით გამოირჩეოდა. ძნელია გამოვყო, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მისი ხელწერა დამეტყო. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

 

- თქვენი  თეატრში  მოღვაწეობის  რომელი  პერიოდი  შეგიძლიათ  შეაფასოთ როგორც  ყველაზე  ნაყოფიერი  შემოქმედების  მხრივ? 

- ჩემს შემოქმედებას სამ ნაწილად დავყოფდი. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ყოველთვის ვიღებდი ისეთ როლებს, სადაც ვიყავი მსხვერპლი. მაგ დროს როლებს მაძლევდნენ ფიზიკურობიდან გამომდინარე. მეორე პერიოდში უკვე  დაღვინებული, ვთამაშობდი  ისეთ ქალს, რომელიც  ან დაკარგულია ან მარტოსული ან ეძებს. ასეთი როლები სულ მიტაცებდა. ალბათ იმიტომ, რომ  შინაგანად ყოველთვის მეშინოდა მარტოობის. მესამე პერიოდში ვთამაშობდი უფრო ავადმყოფ, შურისმაძიებელ ადამიანებს, რაც საინტერესო გამოვიდა.  ყველა ამ პერიოდში ალბათ თანაბრად აქტიური ვიყავი. ახლა დაიწყო მეოთხე პერიოდი, როცა ვთამაშობ მოხუცებს  და გატაცებული ვარ ამით.

 

- როგორც მსახიობს,  გქონიათ კრიზისული  მომენტები ?

- ყველა მსახიობის შემოქმედებაში როდესმე დგება კრიზისი. ეს თითქოს კანონზომიერია, მაგრამ მე პირადად ამ დროს გამოსავალს ყოველთვის ვნახულობდი. იცით რით? ბრძოლისუნარიანი ადამიანი ვარ და  საქმით ვუმკლავდებოდი ასეთ სიტუაციებს. საერთოდ მსახიობი ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში. როცა სცენაზე დგახარ, მაყურებელს არ აინტერესებს შენი პირადი პრობლემები. შენ უნდა გააკეთო მაქსიმუმი.

 

-მაყურებელი თამამი სცენებიდან გიცნობთ.  მესამეკურსელმა ითამაშეთ ბადრი კობახიძის სპექტაკლში  ,,ადამი და ევა”, რის გამოც ინსტიტუტიდან გაგრიცხეს. შემდეგ ,,რიჩარდ მესამე”, ,,მილიონერი ქალი ვიზიტში”...  რთული იყო თქვენთვის ასეთი როლების მორგება, თუნდაც იმიტომ,  რომ საზოგადოების რეაქცია მკვეთრად უაროფითი შეიძლებოდა ყოფილიყო?

- არა, რთული არ იყო. როდესაც კარგ რეჟისორებთან მუშაობ, გარანტია გაქვს, რომ იქ არ იქნება უხეშობა, სიბილწე და არაესთეტიურობა. მე სწორედ ასეთი რეჟისორები მთავაზობდნენ თამამ როლებს. თუნდაც ,,რიჩარდ მესამეში” რობერტ სტურუასთან. აქ თამამი სცენა ისე პლასტიკურად იყო, რომ ლონდონშიც  განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

-თამამ სცენებში უნდა აღინიშნოს თემურ ჩხეიძის სატელევიზიო სპექტაკლი ,,ჯაყოს ხიზნები”, სადაც მარგოს როლი ითამაშეთ, რამაც მაშინ საზოგადოებაში  უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ელოდით ამას და თუ იყავით მზად ამისთვის?

- ამაზე დღემდე არ წყდება საუბარი და ასეთ რეაქციას ველოდი, მაგრამ თემური არის რეჟისორი, რომელმაც იცის თავის საქმე. ასევე იყო ,,გუშინდელნში”, რომელიც თემურ ჩხეიძის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია. იქ ჩემი და ჟანრი ლოლაშვილის სცენაა. რუსი ჯარისკაცი ჩამოდის და ძალადობით ეუფლება თავადის ქალს. ძალადობა უხმოდ, ცეკვით არის გადმოცემული და ეს ძალიან საინტერესოა იმ მხრივაც, რომ პარალელი შეიძლება გავავლოთ რეალობასთან. საქართველოსაც ასე, თითქმის უხმოდ მოუწია რუსეთის მხრიდან ძალადობა გადაეტანა.  რაც შეეხება თემურს, რეჟისორების ასეთი პროფესიონალიზმი დღეს ჩვენს რეალობაში ძალიან იშვიათია.

 

-  ქალბატონო ნანა, თქვენ  ახსენეთ  დღევანდელობა  და  ხშირად ისმის  ადამიანებისგან,  რომ კარგი მსახიობი დღეს სცენაზე ძალიან ცოტაა და ახალი თაობა  მოლოდინს და იმედებს  ვერ  ამართლებს.  თქვენი აზრით,  მართებულია ეს კრიტიკა?

-  მე ვიტყოდი, რომ კარგი მსახიობები არიან, მაგრამ მსახიობს სჭირდება პატრონი რეჟისორის სახით. როცა რეჟისორი არ გყავს, ვერაფერს გააკეთებ. ჩვენ ამის უკმარისობა არ გვქონდა და დღევანდელ თაობას აქვს. თეატრში ბევრი პრობლემაა, მაგალითად, ინფრასტრუქტურა, ანაზღაურება და სხვა და სხვა. ერთ-ერთია მსახიობთა გამოუცდელობა, რაც სცენასთან ნაკლები სიახლოვითაა გამოწვეული. ჩვენ თეატრის სცენაზე ვმუშაობდით ყოველდღიურად, ახალ თაობას კი ამის საშუალება არ აქვს.  მათ შესაძლებლობა არ ეძლევათ, რომ გაიზარდნონ. იმედია გამოჩნდებიან რეჟისორები, რადგან თეატრი ერთი და ორი რეჟისორის იმედად არ უნდა იყოს.

 

- ბოლო დროს მსახიობის პროფესია ძალიან პოპულარული გახდა. ბევრია მსახიობობის მსურველი. როგორც მსახიობი,  რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც მომავალში  აპირებს  აირჩიოს  ეს  პროფესია?

-მათ ვეტყვ,ი რომ ეს ურთულესი პროფესიაა. ის ფანატიზმს მოითხოვს. ფანატიკურად უნდა გიყვარდეს შენი საქმე. მსახიობს ადარებენ მეშახტეს და მაღალი პოზიციებიდან ეს ასეცაა. შრომა ყველაზე მნიშვნელოვანია ნიჭიერებასთან ერთად. შრომით ძალიან ბევრს მიაღწევ. მსახიობის გზა ძალიან რთული და ეკლიანია და ამ გზაზე ყველას წარმატებას და იღბალს ვუსურვებ.

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ ფარგლებში  (პედ. დალი ოსეფაშვილი)

სტატიის ვებ რედაქტორები: ვახო კამკამიძე, ნინო კახნიაშვილი, საბა კოხრეიძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1521 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10030შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა