28
მაისი, 2020 ხუთშაბათი
06:47 PM
ინტერვიუ - სხვა
სალომე ფხალაძე | 17 ივნისი 2014

„დემოკრატია, განათლება და მედია სამკუთხედია, ერთის დაზიანებით - დანარჩენ ორსაც საფრთხე ექმნება“


 

„კაცობრიობას გაჩენის დღიდან სურვილი აქვს იყოს ინფორმირებული.მას, ვინც ბევრ ინფორმაციას ფლობს ცნობისმოყვარეს უწოდებენ, ვინც ძალიან ბევრ ინფორმაციას ერკინება-ჟურნალისტს.“-ასე იწყება მარიამ გერსამიას სადოქტორო დისერტაცია... ის უკვე მე-3 წელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ „მე-4 ხელისუფლების“ მიმართულებას ხელმძღვანელობს. 

 

მომავალი ჟურნალისტების „შტაბბინის“, მე-6  კორპუსის,   205 ოთახში,  მარიამი გვესაუბრება ჟურნალისტიკაზე, ამ  მიმართულების პრობლემებზე, რეფორმებზე და არა მარტო...

 

 -მარიამ, ამ გადმოსახედიდან თუ შეაფასებთ, რატომ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება  ჟურნალისტიკას?

 

- როცა დავწერე წიგნი „ელემენტარული ნაწილაკები  ჟურნალისტიკაში“, ჩავეჭიდე იმ აზრს, რომ სამყარო თავისი უხილავი ელემენტებით, ძალიან ჰგავს ინფორმაციულ  სამყაროს - ჟურნალისტის გარშემო: ის სავსეა ძიებით, აღმოჩენებით. ჟურნალისტისთვის აუცილებელი თვისებებია ცნობისმოყვარეობა, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნის სურვილი, საზოგადოების დროული ინფორმირება, მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობა, წერის და კითხვის სიყვარული, მოსმენის უნარი, კრეატიულობა და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარული... მედია და კომუნიკაციების სფერო ძალიან მულტიდისციპლინურია და მოიცავს ყველა იმ საინტერესო სფეროს, რაც ჩვენს გარშემოა. ინტერესები იცვლება და თუ 15 წლის ასაკში იურისტობა და ადვოკატობა მინდოდა, ახლა მედიასამართალი და მედიის სფეროს ადვოკატობა მაინტერესებს.

 

 -2011 წლიდან ხელმძღვანელობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას; გვესაუბრეთ თქვენ მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომლებიც წარმატებული იყო

- ჩემი მოსვლისთავავე, სამ თვეში, საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის მოვამზადეთ. ეს გამოწვევა იყო და  ნიშნავდა სასწავლო პროგრამების განახლებას. პროგრამების განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, დღემდე. დაიწერა სტრატეგიული განვითარების გეგმა. ამჟამად, ჩვენი პროგრამები ყველაზე რეიტინგულია, თუმცა მუდმივ მოდერნიზაციას საჭიროებს. ამაზე ბევრს ვმუშაობთ. იუნესკოს კურიკულუმის შესწავლის შედეგად მოხდა ხარვეზების გამოვლება და მათზე მუშაობა. შეიქმნა ახალი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. კონტაქტები დავამყარეთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და პროფესორებთან. პროგრამებს დაემატა ათობით ახალი სასწავლო კურსი, მემორანდუმი გაფორმდა 20-ზე მეტ ორგანიზაციასთან, დაიწყო სტაჟირებები, რომლებშიც სტუდენტები იღებენ კრედიტებს. კომპეტენციებზე დაფუძნებული განათლების განვითარებისთვის, ხარისხის ასამაღლებლად, თსუ-ში ჩვენ პირველებმა შემოვიღეთ 3,4,5 და 6 კრედიტიანი სასწავლო კურსები. აქცენტი გადავიტანეთ მულტიმედიის სწავლებაზე. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადავამზადეთ პროფესორები. გაძლიერდა კვლევითი კომპონენტი. ეს მცირე ჩამონათვალია...  

 

-რომელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები?

 

- სასურველია სწავლების პროცესი და მენეჯმენტი ბოლომდე იყოს სტუდენტზე ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ მთელი რესურსი უნდა მოხმარდეს ხარისხიან კვლევას და სწავლებას. მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია გაურემონტებელი მეექვსე კორპუსი, უცხო ენების არასაკმარისი სწავლება. მომავალი წლიდან, უცხო ენების სწავლება გაძლიერდება და ინგლისური ენის სწავლებას დაემატება კიდევ 10 კრედიტი. ვთვლი, რომ ყველაზე კარგ რჩევებს თავად სტუდენტები იძლევიან, ამიტომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოკითხოს სტუდენტები,  და რაც მთავარია, სტუდენტები და პროფესორები უნდა იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მართვის პროცესი უნდა იყოს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული. 

 

- მიმართულების სტუდენტები, რიგ შემთხვევებში, უკმაყოფილონი არიან სწავლის დონით; რა კეთდება იმისთვის, რომ სწავლება სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის სტანდარტებს?

 

-სამწუხაროდ, განათლების ხარისხის პრობლემა ზოგადი განათლების საფეხურიდან, სკოლიდან მოდის და არც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მთავრდება. თანამედროვე ადამიანი განათლებას უნდა იღებდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. მართალია, ძალიან ძნელია მსოფლიოს თუნდაც 500 საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვედრა, მაგრამ საუკეთესო ათეულის პროგრამებზე სწორებას ნამდვილად ვცდილობთ. პრობლემები ბევრია, თუმცა მაინც სასიხარულოა, რომ ჩვენ ლიდერები ვართ რეგიონში. რა უნდა გაკეთდეს? აუცილებელია ახალგაზრდა კადრების მოზიდვა აკადემიურ სფეროში. ჩვენს მიმართულებაზე მუდმივად მიმდინარეობს პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლება და ეს პროცესი გაგრძელდება. ნებისმიერი სიახლის, ახალი სასწავლო კურსის დანერგვისას, სწორედ ადგილობრივი საჭიროებებიდან გამოვდივართ, თუმცა, ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას. ეს პროცესია, რომლის შედეგს, სტუდენტები და პროფესორებიც, უკვე ვხედავთ. რაც მთავარია, ჩვენ უკეთესად მომზადებული კურსდამთავრებულები გვყავს, ვიდრე გვყავდა სამი ან ხუთი წლის წინ. იმედი მაქვს, რომ მომავალ ხუთ წელიწადშიც ამას ვიტყვით. 

 

-ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით,  ჟურნალისტიკის მიმართულებისათვის  მულტიმედია ცენტრი გაიხსნა. როგორ ფუნქციონირებს  ცენტრი ახლა?

 

- სტუდენტების და პროფესორების ინიციატივით, მიმდინარეობს ცენტრის რეორგანიზაცია. იმედია, მომავალი წლიდან, ადამინისტრაციის მხარდაჭერით იქნება უფრო  მოქნილი მენეჯმენტი. ანუ, ჩვენი ინიციატივა იქნება მხარდაჭერილი და შეიქმნება სტუდენტების და პროფესორების ბორდი, რაც ხელს შეუწყობს  სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესებას.

  

- საქართველოში ჟურნალისტიკას  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის გარდა, სხვა უნივერსიტეტებშიც ასწავლიან. რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა თსუ?

 

- ჩვენ გვყავს საუკეთესო პროფესორები და სტუდენტები, ჩვეთან სწავლა შედარებით იაფია, ჩვენთან ყველაზე კარგად სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, იღებენ არამარტო ცოდნას და უნარებს, არამედ იძენენ ღირებულებით კომპეტენციებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ყველაფერს არც უნივერსიტეტი, არც სკოლა, არც ოჯახი ან სამსახური მოგცემთ. მთავარი მოკავშირე ყოველთვის არის თავად ადამიანი, რომელიც შრომობს, სწავლობს, აქვს მონდომება, უყვარს საქმე და არ არის შურიანი. 

 

-თქვენ ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციის მიმართულებაზე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემქმნელი და ხელმძღვანელი ხართ, მოკლედ გვესაუბრეთ მათ შესახებ

 

- სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ არის ძალიან რეიტინგული და მასზე მოხვედრა საკმაოდ ძნელია. იგივე ითქმის სადოქტორო პროგრამაზე, რომლის მოდერნიზებაში აქტიურად არიან ჩართულნი ძალიან ცნობილი უცხოელი მეცნიერები. 

 

- დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკაზეც ვისაუბროთ. რა დადებით და უარყოფით ტენდენციებს ამჩნევთ?

 

- დადებითი არის ის, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, რომელიც აუცილებლად შეცვლის არსებულ მედიაგარემოს. უარყოფითი ისაა, რომ მედია ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ მეოთხე ხელისუფლებაა და ამას, სამწუხაროდ ვერც ხელისუფლება აცნობიერებს. როგორც ერთ-ერთი ჩემი უცხოელი კოლეგა ამბობს, დემოკრატია, განათლება და მედია სამკუთხედია, სადაც ერთის დაზიანებით  - დანარჩენ ორსაც საფრთხე ექმნება. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ მედიის და მედიაგანათლების განვითარება, თანამედროვე, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  

 

- რა თვისებები უნდა ახასიათებდეს იდეალურ ჟურნალისტს?

 

- იდეალური არავინაა. კარგი ჟურნალისტი არის ის, ვისაც უყვარს ადამიანი და ჰუმანური ფასეულობების დამცველია. ჟურნალისტი და საერთოდ, ადამიანი არ უნდა იყოს მავნე და შურიანი. იქ, სადაც იწყება სიძულვილის ენა, ძალადობა და შედეგად, ზიანი ადგება ადამიანს, მარტო ჟურნალისტიკა კი არა, ნებისმიერი პროფესია ხდება გამრუდებული. იცი რა ჰქვია ბარბარა სტრეიზანდის ბოლო ალბომს? „Love is the answer. დიახ: „პასუხი - სიყვარულია“.

 

 

-მომდევნო კითხვები ფრანგმა ტელეწამყვანმა ბერნანდ პივოტმა შექმნა პრუსტის პიროვნულ კითხვარზე დაყრდნობით; მათ წარმატებით იყენებს ჯეიმს ლიპტონი შოუში „Inside The Actors Studio” და ჰოლივუდის წამყვანი მსახიობებიც დიდი ხალისით პასუხობენ. იმედია, თქვენთვისაც სახალისო იქნება მათზე პასუხის გაცემა. მაშ ასე...

 

-რომელია თქვენი საყვარელი სიტყვა?

სიყვარული.

-რომელი სიტყვა არ გიყვართ ყველაზე მეტად?

სიძულვილი.

-რა იწვევს თქვენში სასიამოვნო ემოციებს?

ღიმილი.

-ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ?

საკუთარი შეცდომები.

-რისი ხმა გიყვართ?

სამყაროს და სიცოცხლის ხმა.

-რისი ხმა არ გიყვართ?

ომის და ყვირილის.

-რომელია თქვენი საყვარელი სალანძღავი სიტყვა?

-სალანძღავი სიტყვა ჯერ არ მაქვს. ახალი მძღოლი ვარ და მეგობრები ელიან ჩემს „ტრანსფორმაციას“ საჭესთან (იღიმება).

-თქვენი პროფესიის გარდა სხვას რომელს აირჩევდით?

იურისტი, ფსიქოლოგი, მოცეკვავე.

-რომელ პროფესიას არ აირჩევდით არასდროს?

ასეთი ბევრია.

-თუ სამოთხე არსებობს, რა გსურთ რომ გითხრათ ღმერთმა როცა სამოთხის კართან მიხვალთ?

მინდა მითხრას: „მარიამ“.

 

 

სალომე ფხალაძე

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ ფარგლებში  (პედ. დალი ოსეფაშვილი)

სტატიის ვებ რედაქტორები: ნათია სუხიტაშვილი, ლექსო მურღვლიანი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2241 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10030შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა