10
დეკემბერი, 2019 სამშაბათი
03:52 AM
ინტერვიუ - განათლება
ელისო ფურელიანი | 22 მაისი 2017

გზა სვანეთის პატარა სოფლიდან ლა სკალას დიდ საოპერო სცენამდე

ინტერვიუ ქართველ ტენორ გიორგი ონიანთან, რომლის გამოჩენასაც ქართულ საოპერო სივრცეში ჯასუღ კახიძემ აბესალომის დაბადება უწოდა და რომელსაც ნამღერი აქვს 1200 არია. 2006 წლიდან გიორგი გერმანიაში მოღვაწეობს,  თუმცა აქტიურად სტუმრობს საქართველოსაც. ამჟამადაც გასტროლზე იმყოფება ოპერით ,,კარმენი“, რომლის პრემიერაც თბილისში 20 აპრილს ფურორით შედგა.

როგორი იყო ტენორის ბავშვობა, როგორ მოხვდა სვანეთიდან დიდ საოპერო სცენამდე, როგორია მისი ამჟამინდელი საქმიანობა და რას აპირებს სამომავლოდ? ამ თემებთან დაკავშირებით გიორგი ონიანს ვესაუბრებით.

–თქვენ როგორც ვიცით, სვანეთში პედაგოგების ოჯახში დაიბადეთ. ამბობენ, რომ საკმაოდ ცელქი იყავით...

-დიახ, დავიბადე პედაგოგების ოჯახში. მამა რუსული ენის პედაგოგი იყო, ხოლო დედა კი, გერმანისტი. ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც, მაგრამ რაც მთავარია, უზრდელი არასდროს ვყოფილვარ.

–ბავშვობიდან მღეროდით, ვინ აღმოაჩინა თქვენში საოპერო მომღერლის ტალანტი?

პირველ რიგში ისევ მე, დედაჩემი საოცარი მელომანი იყო. თბილისში 60–იან წლებში სწავლისას მთელს თავის სტიპენდიას ოპერის ბილეთებში ხარჯავდა. შემდეგ კი, რაც იმ დროს ფირფიტებზე გამოსული ოპერის ჩანაწერები არსებობდა, ყველა შინ ჰქონდა და შესაბამისად, ოჯახში ხშირად ისმოდა ოპერა. მეც ხშირად ვაკეთებდი პაროდიებს და ვხვდებოდი, რომ მქონდა მონაცემები, ამიტომ ვუფრთხილდებოდი ხმას...

–თქვენი პრემიერა დიდ სცენაზე თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა. როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ როლს?

-მახსოვს, 2000 წლის 7 მაისი იყო. წინა დღით ჯანსუღ კახიძემ ადამიანმა, რომელიც იშვიათად აქებდა ვინმეს, სასწაული რეკლამა გამიკეთა. მან ტელევიზიით განაცხადა, რომ დაიბდა ახალი აბესალომი და მას ჩვენ 25 წელი ველოდითო... მეორე დღეს სანამ სცენაზე გავიდოდი,  ჭუჭრუტანაში გავიხედე და გადაჭედილი დარბაზის დანახვაზე ცოტა ავღელდი, მაგრამ სცენაზე დავდგი ფეხი როგორც აბესალომმა და გავართვი თავი ჩემს მოვალეობას. როგორც აღნიშნავენ, არც თუ ისე ცუდად...

–თავდაპირველად იყო კონსერვატორია, შემდეგ კი ლასკალა, სადაც ოპერის ბევრ ცნობილ მომღერალთან ერთად სწავლობდით. როგორ ფიქრობთ, რა გამოცდილება შეგძინათ ლა სკალაში სწავლამ?

-ლა სკალა არის მექა ოპერის მომღერლებისთვის. თავიდან ოცნებაც კი არ შემეძლო, რომ ოდესმე მანდ მოვხვდებოდი. თავიდან მე წავედი მიუნხენის მუსიკალურ უმაღლეს სასწავლებელში, როგორც ასპირანტი და იქ ერთერთ მოსმენაზე, ვერდის ოპერისთვის ეძებდნენ ტენორს. ამარჩიეს, შემდეგ შემომთავაზეს სტაჟირება და ასე აღმოვჩნდი ლასკალაში.

ლა სკალაში სწავლამ მომცა უდიდესი გამოცდილება - სტაჟირება ცნობილ ოპერის მომღერლებთან, სახელი. გამიცნო ხალხმა ლა სკალამ მომცა ის ყველაფერი, რაც ოპერის მომღერალს სჭირდება..

–ამჟამად ხართ ბონის საოპერო ანსამბლის წევრი და ძირითადად მოღვაწეობთ გერმანიაში. გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე

-დიახ, ბონის ანსამბლთან მაქვს კონტრაქტი, მაგრამ წელიწადში მხოლოდ ორი თვით. დანარჩენი 10 თვე ძირითადად გასტროლებზე ვარ საზღვარგარეთ.

–როგორც აღნიშნეთ , ხშირად იმყოფებით გასტროლებზე აქამდე თქვენს მიერ მონახულებული ქვეყნებიდან რომელი ქვეყნის მაყურებელს გამოარჩევდით?

-მაყურებელი ყველა ქვეყანას თავისებური ჰყავს. ყველა თავისებურად აღიქვამს მუსიკას. მაგალითად იტალიაში, ჩვეულებრივი მაყურებლების გარდა არიან ,,ლოჯონისტები“, რომლებსაც თავი მუდამ დახრილი აქვთ, არც კი გიყურებენ, ზუსტად იციან თითოეული პარტია და აკვირდებიან იმას თუ, რამდენად სწორად ასრულებ. თუ რაიმე შეგეშალა, დაუნდობლები არიან, მაგრამ თუ მოეწონათ, კომპლიმენტებს არ იშურებენ. მაყურებლებიდან ალბათ გამოვყოფდი რუსებს, რომლებმაც უსაზღვრო სიყვარული იციან. გელოდებიან,გთხოვენ ავტოგრაფს,იღებენ სურათებს და რაც მთავარია, ტკბებიან ოპერით

–არიებს მღერით 13 ენაზე. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული იმ ენაზე შესრულება, რომელიც არ იცით და რომელი გაგიჭირდათ ყველაზე მეტად ამ 13 ენიდან?

-ყველაზე რთული იყო იაპონური, მაგრამ ჩვენი პროფესია მხოლოდ სიტყვების და ენის არ არის და გრძნობებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ვსწავლობ ტექსტს, ვთარგმნი, ვგებულობ რას უნდა გრძნობდეს ეს პერსონაჟი, ვაქართულებ გრძნობას და შემდეგ ვმღერი რომელიმე კონკრეტულ ენაზე.

–უამრავი როლი გაქვთ  განსახიერებული. თქვენს მიერ აქამდე განსახიერებული პერსონაჟებიდან რომელთან გრძნობთ ყველაზე მეტად სულიერ სიახლოვეს?

-ალბათ, უფრო ვერისტულ ოპერებთან. ვერიზმმა ოპერა დაახლოვა დრამასთან, რაც უკეთ გეხმარება გაიგო შენი პერსონაჟის ბუნება, ამიტომ ვერისტული ოპერები არის ჟანრი, სადაც თავს კარგად ვგრძნობ და გათავისებული მაქვს ჩემს მიერვეე განსახიერებული ყველა პერსონაჟის ბუნება. კონკრეტულად რომელთან ვგრძნობ სულიერ სიახლოვეს, ვერ გეტყვით.

–თქვენ უამრავ საოპერო მომღერალთან გიმუშავიათ. როგორ ფიქრობთ, ვისთან ერთად მუშაობა იყო ყველაზე კომფორტული და ყველაზე რთული?

-ჩვენებიდან გამოვარჩევდი ანიტა რაჭველიშვილს, რომელთანაც შესანიშნავი დუეტი გამომდის, როგორც ხმაში, ასევე ემოციურადაც. საბედნიეროდ, მრავლად არიან სხვა ქართველი და უცხოელი მომღერლებიც. რაც შეეხება სირთულეებს, განსაკუთრებული სახის სიძნელეები, არცერთ მომღერალთან არ მქონია.

–რომელია თქვენი საყვარელი სცენა, ადგილი, სადაც მუდამ სიამოვნებით მღერით?

-თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ადგილი, სადაც შედგა ჩემი პრემიერა და სადაც მუდამ დიდი სიამოვნებით ვმღერი

–მიღებული გაქვთ პრესტიჟული ჯილდოები. თქვენ რომელს გამოარჩევდით, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

-ალბათ პირველი ჯილდო, რომელიც იტალიაში მივიღე, სადაც 240 კაცში ამომარჩიეს. არასდროს დამავიწყდება ის განცდა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სკამს ვეხუტებოდი, რადგან არავინ მყავდა იქ იმ წუთას გულშემატკივარი...

–სულ ცოტა ხნის წინ თბილისში შედგა ,,კარმენის“ პრემიერა თქვენი მონაწილეობით. როგორ ჩაიარა პრემიერამ და თქვენი აზრით , რა განსხვავებაა ქართველ და გერმანელ მსმენელს შორის?

-პრემიერამ ჩაიარა შესანიშნავად, სრული ანშლაგით. რაც შეეხება მსმენელებს შორის განსხვავებას, საქართველოში უფრო ბევრი ინტრიგანი მოდის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს ასეა. გერმანიაში კიდევ მოდიან სიამოვნებისთვის, ოპერიდან სიამოვნებას იღებენ.

–სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ..

2018–2019 დაგეგმილია გერმანიის ქალაქებში კასელსა და ბონში რამდენიმე ოპერა ჩემი მონაწილეობით, ასევე 2018 წლის იანვარში მაქვს ორი მოწვევა იაპონიიდან.

–რაც შეეხება თქვენს ოჯახს, გყავთ მეუღლე და ორი შვილი. იმ გადატვირთული გრაფიკის ფონზე, რომელზეც ისაუბრეთ, რამდენად ახერხებთ ოჯახთან ერთად დროის გატარებას?

-ჩვენი პროფესია და ოჯახი ცოტა ვერ ეწყობა ერთმანეთს, იშვიათად გვიწევს ოჯახთან ყოფნა მაგრამ მთავარია მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს და მეც როცა დრო  მაქვს მაქსიმალურად ვცდილობ, ოჯახთ ერთად გავატარო ძვირფასი წუთები.

–და ბოლოს, რომ არა მომღერალი ვინ იქნებოდით?

-ჩვეულებრივი ადამიანი,რომელსაც არ აქვს ხმა მაგრამ ტკბება ცხოვრებით. ხმაც არ არის მუდმივი, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიმღერებ, მაგრამ ვთვლი რომ ის, რაც აქამდე ნამღერი მაქვს, სრულიად საკმარისია. 1200 არია არ არის ცოტა. მას შემდეგ, რაც აღარ ვიმღერებ მეც ისეთივე ვიქნები,როგორებიც ჩემს გარშემო მყოფები არიან…

 

ესაუბრა ელისო ფურელიანი

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის" ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2715 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10013შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა