14
ნოემბერი, 2019 ხუთშაბათი
04:38 AM
ინტერვიუ - კულტურა
მარიამ კეპულაძე | 03 დეკემბერი 2018

ქართველი მხატვარი აღმოსავლური კულტურიდან

  შუა საუკუნეების  პერიოდის თანამედროვე ინტერპრეტაცია, დახვეწილობა, სიმბოლიზმი, დეტალიზაცია, ალეგორიულობა და რაც მთავარია - შინაარსი შედევრის მიღმა. სოფიო ვარაზი წარმატებული ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით კერძო კოლექციებშია დაცული. მათ შორის კანადაში, ავსტრალიაში, ამერიკაში, ირანსა  სამხრეთ აფრიკაში.

 

-ჰყავს თუ არა სოფიო ვარაზს საყვარელი მხატვარი, რომელიც მისი შთაგონების წყაროდ ქცეულა?

– რა თქმა უნდა, უამრავი საყვარელი მხატვარი მყავს. ვერ ვიტყვი, რომ მათ ვბაძავ. როგორ შეიძლება რემბრანდტს მიბაძო. ძალიან მიყვარს კლიმტი და ალფონს მუხა, ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული ინსპირაცია მათგან და ზოგადად, მოდერნის სტილის მხატვრებისგან, ნამდვილად იყო. ძალიან მიყვარს ძველი ოსტატები, განსაკუთრებით მცირე ჰოლანდიელები.  ისინი გენიოსები იყვნენ და შეუძლებელია მათ მიბაძო, ეს არც მინდა, მაგრამ ყველა მათგანი ჩემზე შთაბეჭდილებას დღემდე ახდენს. ქართველებიდან ძალიან მიყვარს პეტრე ოცხელი. 

- როგორც ამბობენ „საუცხოოდ უცხო“ სტილში ხატავთ, რომელიც ჯერ ვერცერთ მიმდინარეობას დაუქვემდებარეს. როგორ იპოვეთ ეს სტილი? ბუნებრივად თუ რაღაც ფაქტორებმა უბიძგა ჩამოყალიბებისკენ? 

– ეს სტილი ბუნებრივად და ძალიან უცნაურად მოვიდა. ახლა, როცა ვაცნობიერებ ამ ყველაფერს, ვხვდები, რომ მისი ფესვები ისევ ბავშვობაშია. ახლაც თვალწინ მიდგას სურათი ჟურნალიდან, კარიკატურასავით იყო შავ ფონზე კარი, წინ ყვავი და კარს იქით პეიზაჟი. იმდენად ჩამებეჭდა მეხსიერებაში ეს ფოტო, რომ იმის მერე მეც მუდმივად შავ ფონს ვიყენებ. ეს იყო არაჩვეულებრივი მიგნება, რადგან შავი ფონი უნივერსალურია, ყველაფერი უხდება. ამ სტილს რა ჰქვია, ნამდვილად არ ვიცი, ვერც ერთმა ხელოვნებათმცოდნემ  ვერ მითხრა, ალბათ, ბევრი რამის სინთეზია, უფრო ეკლექტიკურია.

- თქვენი ნახატები განსაკუთრებული დეტალიზაციით გამოირჩევა. როგორ ხვდებით, რომ  ნახატზე მუშაობა დაასრულეთ და ბოლო აკორდი შეასრულეთ?

– სიმართლე გითხრათ, უკვე ინტუიცია ჩამომიყალიბდა და ალღო ავუღე. ეტაპობრივად ვასრულებ სამუშაოს. ბოლო აკორდია ჩემთვის, როდესაც ოქროს დეტალებს და შავ ფონს მეორე ფენას ვუსვამ. მაგრამ მუდმივად კრიტიკულად ვარ განწყობილი, კმაყოფილება არასდროს მოდის. ნებისმიერი ნამუშევარი თავიდან რომ შევაფასო, ყველგან ვიპოვი დეტალს, რომელსაც სხვანაირად გავაკეთებდი, ან დავამატებდი, ან გამოვაკლებდი. მე ეს მზრდის და მავითარებს. მხატვრობა – ეს არ არის სინამდვილის იმიტაცია და ზუსტად გადმოტანა, თითოეული ნახატის ისტორიას ვიგონებ. ჩემთვის ეს არა რეალობის,  არამედ  ჩემი გამოხატვაა, როგორც მინდა და ვხედავ.

- იქ, სადაც სიტყვები ვერაფერს ხდებიან, ხელოვნება საუბრობსო. რისი თქმა სურს სოფიო ვარაზის ნამუშევრებს?

– ძალიან მწყინს, როდესაც სათაურებს არ მეკითხებიან, რადგან თითოეულ ნამუშევარს თავისი ისტორია, ამბავი და პრეისტორია აქვს. ამ ამბებს ძირითადად მე ვიგონებ, სიუჟეტს ვაგებ და შემდეგ ვხატავ. მირჩევნია. მე თვითონ მოვიფიქრო ამბავიც და სათაურიც, ვიდრე ილუსტრაციები ვაკეთო, ამით სხვებსაც თავისუფლებას ვანიჭებ აზროვნებაში, რომ თავად იფიქრონ და განავითარონ სცენარი. ყველა პერსონაჟს თავისი ისტორია, ხასიათი და დანიშნულება აქვს, რაც რეალურად ქმნის კარგ ნამუშევარს. 

- რომელია თქვენთვის გამორჩეული ნახატი ან ისტორია? 

– ძალიან მიყვარს აღმოსავლური სიუჟეტები, სადაც შეგიძლია გადმოსცე სიმდიდრე, ხაზი გაუსვა ჩაცმულობასა და ფერების მრავალფეროვნებას. მიყვარს მრავალფიგურიანი კომპოზიციები, რომლებსაც დიდი ისტორია აქვთ. ძალიან მიყვარს დასავლურ სტილში შესრულებული ნახატი „მარტოსული დედოფალი“, რომელზეც მეფე-დედოფალთან ერთად მთელი ამალაა გამოსახული. ისინი ჭორაობენ, ერთმანეთს ეპირფერებიან, ღალატობენ და ასე შემდეგ. აქაც, რა თქმა უნდა, თითოეული პერსონაჟის როლი და ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია. 

- გარდა იმისა, რომ თქვენი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით კერძო კოლექციებშია დაცული, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თქვენს პერსონალურ გამოფენებზე, რომლებიც ყოველთვის დიდი წარმატებით იმართება. 

– 15 წელია რაც ამ სტილში ვხატავ, მანამდე შავ-თეთრად ვხატავდი, მერე ნელ-ნელა ფერი შევიტანე და ეს სტილიც ჩამოყალიბდა. ამ 15 წლის მანძილზე მქონდა ექვსი პერსონალური გამოფენა, თუმცა, მარტო თბილისში. ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა და სიხარული იყო, როდესაც ხელოვნების სასახლემ შემომთავზა გამოფენის გაკეთება. ძალიან არ მიყვარს გამოფენისთვის აქტიურობა და ამიტომ, როდესაც ისინი თავიანთი ნებით დამიკავშირდნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ შემამჩნიეს და მიპოვეს. 

- რასაკვირველია, ნებისმიერ ხელოვანს სჭირდება პირობები ნაყოფიერად სამუშაოდ და ხელშეწყობა. როგორია ოჯახის როლი ახლა, როდესაც ხელოვანთან ერთად უნდა იყო დედა, მეუღლე და დიასახლისი?

– ოჯახის როლი უდიდესი და განუზომელია. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მეუღლე ნადმვილად ოქრო და ბრილიანტია. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო მორალური მხარდაჭერა და ბიძგი მისი მხრიდან, რომ  მეხატა. მეორე მხრივ, ძალიან რთულია თან ხატვა, თან ოჯახის საქმეები. როდესაც ვხატავ ან გამოფენა მაქვს, ის მოდის სამსახურიდან დაღლილი და ღამე აკეთებს სადილს, რომ დილა თავისუფალი მქონდეს, ამიტომ მე ძალიან მადლიერი ვარ მისი, რადგან ყველა ამას არ გააკეთებს.

- ვინ არის ნამდვილი ხელოვანი სოფიო ვარაზისთვის?

– ჩემთვის ნამდვილი ხელოვანი თავისი საქმის უზადო პროფესიონალია, კარგი გემოვნებით, ზომიერების გრძნობითა და, რაც მთავარია, თავმდაბლობით, რადგან ზედმეტი ამბიცია ყოველთვის ვნებს.

-ნიჭსა და შრომას შორის მხატვრობაშიც თანაზომიერებაა საჭირო თუ რომელიმე მათგანის უპირატესობა უფრო მნიშვნელოვანია?

– რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ასეა. ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, თავდაუზოგავი. ისევ და ისევ ძველ ოსტატებს მოვიყვან მაგალითად, რომლებიც მუდმივად შრომობდნენ და სწავლობდნენ, ამის გარეშე ვერც რაფაელი და ვერც ლეონარდო შექმნიდნენ შედევრებს. თავისით არაფერი მოდის, ეს არ არის გართობა, ეს არის ურთულესი, მძიმე შრომა, როდესაც სხეულის თითოეული კუნთი ტკივილს იწყებს და შენც იფიტები, ამიტომ გართობა და პროფესიული მხატვრობა ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

- რამდენად მნიშვნელოვანია განათლება მხატვრისთვის?

–  განათლება და წიგნების მუდმივი კითხვა არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, იმისთვის, რომ შექმნა საინტერესო ნამუშევარი, რადგან უინტერესოს შექმნა ძალიან მარტივია და ნებისმიერი შეძლებს. ჩემთვის განათლების გარეშე ხატვა წარმოუდგენელია. წიგნებიდან მოდის იდეები, ინსპირაცია, პერსონაჟები, განწყობა და უამრავი დეტალი. 

- რამდენად ფასდება ხელოვნება ჩვენს ქვეყანაში და რთულია თუ არა იყო ხელოვანი საქართველოში?

– ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან რთულია იყო ხელოვანი. სამწუხაროდ, საქართველოში ორმაგად რთულია. პატარა ბაზრის გამო, რთულია გაყიდვა და ხალხსაც არ აქვს შესაძლებლობა ხელოვნების ნიმუშები შეიძინოს. მე ვიცი ბევრი მხატვარი, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ფუნჯი და საღებავი შეიძინოს. უცხოეთში პირიქით, ბაზარი საკმაოდ დიდია, თუმცა ათმაგი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრო. სიდუხჭირესთან ერთად, დიდ როლს თამაშობს განათლების ფაქტორი და რღვევა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ მივიღეთ. როცა გადარჩენისთვის იბრძვი, შეუძლებელია ხელოვნებით ტრფობა და ტკბობა მოგინდეს.

- რას ურჩევდით იმ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც ხატავენ, უყვართ ეს საქმე, მაგრამ საქართველოში შექმნილი სიტუაცია მოტივაციასა და შრომის სურვილს უკარგავთ?

– სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში არ შემიძლია კარგი რჩევის გაცემა, მაგრამ გულწრფელად, რომ გიპასუხოთ, როგორც ადამიანმა, რომელიც არაერთხელ წასულა უცხოეთში და უცდია იქ ცხოვრება (ავსტრალიაშიც კი ვცხოვრობდი), საქართველოში ხელოვნება და მხატვრობა არ ფასობს, ამიტომ წარმატებისთვის საზღვარგარეთ წასვლა ნამდვილად საჭიროა. რასაკვირველია, თავდაუზოგავი შრომის გათვალისწინებით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოშიც დადგება ის დრო, როდესაც ყველა ხელოვანი დაფასდება და შემდეგ ჩემი რჩევაც შეიცვლება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარიამ კეპულაძე

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში

ხელ–ლი  ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 468 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10010შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა