16
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
06:35 PM
ინტერვიუ - კულტურა
ნელი ვერულაშვილი | 01 ივნისი 2017

„მძევლები“ - რეალობაზე დაფუძნებული ხელოვნება თუ შთაგონება?

2017 წელს გამოვიდა რეზო გიგინეიშვილის ფილმი ,,მძევლები", რომელსაც უკვე წლის კინომოვლენად თვლიან და ბერლინალეზეც დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება და გადმოსცემს 1983 წლის 18-19 ნოემბრის მოვლენებს, როცა შვიდმა ახალგაზრდამ გაიტაცა თვითმფრინავი საბჭოთა რეჟიმიდან თავის დაღწევის მცდელობით. აღნიშნული ფილმის ისტორიასთან თანხვედრაზე, მის ღირებულებებზე, საარქივო მასალათან შესაბამისობაზე ჟურნალისტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ყოფილ თანამშრომელს, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორს თამარ ბელქანიას ვესაუბრებით: 

-    2017 წელს გამოვიდა რეზო გიგინეიშვილის ფილმი ,,მძევლები", რომელსაც წლის კინომოვლენად თვლიან და ბერლინალეზეც საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა. თქვენი აზრით, რამდენად აღწერს ეს ფილმი რეალობას და რამდენად მიაქვს მაყურებლამდე ის საქმე, რასაც ,,თვითმფრინავის ბიჭები" ჰქვია?

-   დავიწყოთ იმით, თუ რა არის ხელოვნება. ხელოვნება ადამიანის შემოქმედებითი დამოკიდებულებაა  ნებისმიერი თემისადმი. რა უნდა ახასიათებდეს ხელოვნებას?! როგორც ხელოვნებათმოცდნე, გეტყვით, რომ მთავარია რამდენად მოაქვს ეპოქალური შთაბეჭდილება და რამდენად იკითხება ის ეპოქა, რომელშიც შეიქმნა. ეს ფილმი  არის ძალიან საინტერესო,  იდეა -  ადამიანები დახურული სისტემის წინაშე ილაშქრებენ და მათი პერფორმანსი თუ როგორ თქვან წყობაზე უარი, ეს ამ ფილმში არის. თუმცა სხვა თემაა ბოლშევიზმი. ეს არის ვირუსი, რომელიც სისტემურად ებრძვის ერების იდენტობას. ბოლშევიზმი არის წყობა, რომელიც რეპრესიებზეა დაფუძნებული და კლავს ადამიანის თავისუფალ შემოქმედებით ნებას. ისტორია და ხელოვნება სრულიად სხვადასხვა რამაა. ისტორია გარკვეული ინსპირაციაა ხელოვნების შესაქმნელად, მაგრამ ერთია ამ შემთხვევაში თვითმფრინავის ბიჭების საქმე, მეორეა ნაწარმოები, რაც ამ ამბის მიხედვით შეიქმნა - ,,ჯინსების თაობა" და მესამე, რეპრეზენტაცია, რასაც ჰქვია ფილმი. ხელოვნება, რომელსაც არ მოაქვს განწყობა, ეპოქა, იდეა - ის არ არის ხელოვნება. ამ ნამუშევარში თუკი მიზანი იყო, რომ კარგი ფილმი გადაეღოთ, ეს ნამდვილად გამოუვიდათ და დააინტერესებს ევროპას და მსოფლიოსაც, რადგან იდეა -  ცნობილი ადამიანები იტაცებენ თვითმფრინავს და ილაშქრებენ წყობის წინაშე.  

-  გინდათ თქვათ, რომ ისევე როგორც დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა" ეს ფილმიც რომანული უფროა, ვიდრე რეალობა?

-  მე როგორც სოვეტოლოგს, რომელსაც ძალიან მაინტერესებს მოვლენა საბჭოთა კავშირის სახით, ჩემთვის მთავარი იყო ის ნიშნები დამეჭირა, რითაც ვიცი, რომ ბოლშევიზმი ბოლშევიზმია და ეს ამ ფილმში არ ჩანს.

-  ამ თემატიკაზე შექმნილია ,,ჯინსების თაობა", რომელიც ახსენეთ, ამ ნაწარმოების მიხედვით დადგმულია სპექტაკლიც, ზაზა რუსაძის ფილმი ,,ბანდიტები", თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი, არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და გადაცემა ყოფილა, თუმცა არსად იკვეთება საარქივო მასალების სიღრმე, თუ რა წერია რეალურად 22 ტომიან საქმეში. რა არის ამის მიზეზი და ამ ფილმში თუ ჩანს საქმის ადეკვატურად და ღრმად ცოდნა?

-  ზოგადად, არქივის სპეციფიკაა, რომ ყველა საქმე აწერია ვინმეს თუ ჰქონდა გატანილი. 2004 წელს, როდესაც გაიხსნა ყველა საქმე, მასთან ერთად იყო ,,თვითმფრინავის ბიჭებიც".  ძალიან დიდი მასალაა და ეს საქმე თავიდან ბოლომდე რომ გემრიელად წაეკითხათ, ფილმიც ბევრწილად მოიგებდა და ბოლშევიზმიც ბევრად გამოჩნდებოდა. აქ არ ჩანს  ბევრი მიმართულებით ტრაგედია, რაც ფილმს უფრო ,,ექშენურს" გახდიდა. აქ არ ჩანს სახელმწიფო, რომელმაც პირველი დღიდან ბოლო წამამდე იცოდა რა ხდებოდა, სახელმწიფოს შეეძლო, როცა მათ ბინა იქირავეს, შეჩერება. სახელმწიფოს შეეძლო მათი შეჩერება, როცა იარაღი ვითომ შემთხვევით იყიდეს და გაიტანეს აეროპორტში. სახელმწიფოს შეეძლო მათი გაჩერება, როცა გაიგეს, რომ ეს იგეგმებოდა და რეისზე ხალხი არ აეშვა. სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით წირავს ყველას, რომ მან მიიღოს რეკლამის პრინციპზე დაფუძნებული ამბავი, მაქსიმალურ კონდიციამდე მიიყვანოს სიტუაცია და ბოლო წამს მოხსნას, რომ მიიღოს სამაგალითო სასამართლო პროცესი და ვერავინ ვეღარ შეძლოს წყობის წინააღმდეგ ბრძოლა.

ამ ფილმის მიხედვით, სულ ახლახანს რამდენიმე გადაცემა გაკეთდა. ვგულისხმობ ნანუკა ჟორჟოლიანის და ეკა ხოფერიას შოუებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს სტუმრების ვინაობით, საუბრით და იმით, რომ არსად იკვეთება საარქივო მასალების ცოდნა და მის მიხედვით განხილვა, თქვენი როგორც ჟურნალისტის აზრით, რატომ?

-  არ შეიძლება არქივის გამოცალკევება სხვა მასალებისგან, იქ არის სტალინის საქმე, რეპრესიები, საბჭოთა კავშირი და თუ შენ არ იცი მთლიანად ეპოქა ვერ მოყვები ამბავს. ასეა ამ შემთხვევაშიც, თუ რეალურ ცოცხალ ადამიანებთან ერთად არ აჩვენე საარქივო მასალები, ე. ი. ამბის ნაწილს ჰყვები. რა არის ამის მიზეზი, ვერ გეტყვით. რეალურად ფილმშიც უნდა ჩანდეს რეალობაზე დაფუძნებული ხელოვნება, მაგრამ სიღრმეებში უნდა შეხვიდე. არქივს სხვა ენა აქვს, ამას სჭირდება გარკვეული ცოდნა.

-  როდესაც თქვენ გახსენით საქმე ,,თვითმფრინავის ბიჭები" რა ნახეთ, რა იცოდით მანამდე და რა აღმოჩნდა ახალი?

- ეს არის ჩემი ყველაზე მძაფრი მოგონება ბავშვობიდან. ვიყავი ძალიან პატარა და სამეგრელოში გარეთ გამოიტანეს ტელევიზორი და ყველა ერთად უყურებდა სასამართლო პროცესს. მაშინ ხალხს გააზრებულიც არ ჰქონდა რა მოხდა რეალურად. ამიტომაც ამ ფილმის ავტორს ჰქონდა ძალიან დიდი მისია, რადგან ეჩვენებინა ბოლშევიზმი, როგორც ადამიანის მენტალობაზე მოქმედი ძალა. ამიტომაც ჩემი დამოკიდებულება ფილმისადმი ძალიან პრეტენზიულია. ეს თუ არ ასახავს რეალობას მერე გაწყდება სურვილი. საქმეში ჩადებულია მოწმეების ჩვენებები დეტალურად, კარგად ჩანს, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო, რომ ვერაფერს იტყოდნენ ისეთს, რაც სისტემას არ ჰქონდა გათვალისწინებული. შეეძლოთ უბრალოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და არა დახვრეტა, მაგრამ ეს დეტალებიც კი გაწერილი. მახსოვს, როცა არქივში ვმუშაობდი, თსუ-ს იურიუდული ფაკულტეტის სტუდენტებმა გააკეთეს იმიტირებული სასამართლო პროცესი და განაჩენი ისევ იგივე გაკეთდა, რატომ? იმიტომ, რომ საქმეში ჩადებული ყველა მასალა სხვა რამის საშუალებას არ იძლეოდა.

-  როგორ აშუქებდნენ ამ ყველაფერს მედიასაშუალებები მაშინ და ახლა?

-  სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, როცა სახელმწიფო ენა ქართულია, განაჩენის გამოტანა ხდება უმოკლეს ვადაში, იქვე ხდება ჯვარედინი თუ ღია დაპირისპირება, იქვე აძლევენ ადამიანები აღიარებით ჩვენებას. პირველი კადრი რაც ეთერში გავიდა დაკრძალვის კადრებია, ადამიანების, რომლებიც სახელმწიფომ გაწირა. აქ ჩანს სახელმწიფო, როგორც აღმკვეთი ტერორიზმის, ძალადობის და როგორ ღირსეულად კრძალავენ გმირებს, რომლებიც თავად სისტემამ გაწირა. მედიით ხდება თემის სპეკულირება, მედიას გამოჰყავს ეს ადამიანები, როგორც კრიმინალები, რომელთაც ჩაიდინეს უპატიებელი დანაშაული. თუმცა ამ დანაშაულამდე სახელმწიფომ მიიყვანა ისინი, რისი ჩვენებაც არ და ვერ მოხდებოდა, რა თქმა უნდა. დღესდღეობით, როცა არსებობს თავისუფლება საკითხის მრავალი ასპექტით აღქმის და ეს მაინც არ ხდება, ძალიან ცუდია. მედია უნდა ეძებდეს ახალს, უნდა იყურებოდეს სიღრმეებში და დეტალებში, უნდა ჩანდეს საკითხის ღრმა ცოდნა, რაც ამ საქმის მიმართ არ იკვეთება.

თუ ვსაუბრობთ ფილმის მიერ რეალობის და ისტორიის აღქმაზე, აქ არის ერთი დეტალი და არც ისე მცირე, მამა თეოდორე ჩიხლაძის სახით, რომელიც საქმეში სრულიად არ ფიგურირებდა, მაგრამ ისიც დახვრიტეს. გაძლევთ ფილმი რეალურ სურათს რელიგიის მიმართ საბჭოთა კავშირის დამოკიდებულებაზე?

- დიახ, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. იმისთვის, რომ იცოდეთ რა დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა კავშირს რელიგიისადმი, მთელი საქმეები არსებობს ბერიას და სტალინის მიმოწერაზე. რელიგია არის ნარკოტიკი ადამიანებისთვის, ამიტომაც ისინი ცდილობენ, რომ ტაძარი ვიზუალური და გადატანითი მნიშვნელობით გამოათავისუფლონ ადამიანის გონებიდან. მამა თეოდორე ჩიხლაძის საქმეც სწორედ ამას ემსახურება. მათ სურთ ქრისტიანობის როლის დაკნინება, იმის ჩვენებით, რომ სამღვდელო პირი ტერაქტის მონაწილეა და მონაწილე კი არა იდეოლოგიური მმართველი. როგორც გითხარით, არ ჩანს ამ საქმეში ისტორიის მრავალი ასპექტი. თუ ჩვენ გვსურს ისტორიის გადმოცემა, მაშინ ვალდებულნი ვართ სიღრმეებში ჩავიდეთ და თუ უბრალოდ ფილმის გადაღება ან ტილოს დახატვა გვსურს, მაშინ კარგი ფილმია. უნდა დავინახოთ, როგორ ხდებოდა ქრისტიანობის პროფანაცია და ხდებოდა ყველაფრის პარტიულ ვუალამდე დაყვანა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლით საგანს ,,საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას", რომლის სალექციო კურსშიც არის თვითმფრინავის ბიჭები საქმე. რა არის ამ კურსის მიზანი, რისი ჩვენება გსურთ?
-  ეს საქმე რამდენიმე მიზეზის გამო შევიტანე სალექციო კურსში, ერთი ის, რომ ეს არის საარქივო დოკუმენტი და საგანსაც ასე ჰქვია, მეორე არსებობს საქმის ვიდეოკადრებიც და ჩვენთვის, როგორც ჟურნალისტებისთვის,მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რა არის ტოტალიტარიზმის ფორმულა, თუკი სახელმწიფო განაგებს სასამართლოს, მედიას და ინტელიგენციას, გამოდის რომ ტოტალიტარიზმის ფორმულაც ესაა. იქ კამერა მხოლოდ ჩართული მექანიზმია. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ადამიანები ჩვენებას რუსულ ენაზე აძლევენ ანუ ენობრივი ინტერვენცია. საქმეში დევს დოკუმენტი, როცა ადამიანი ჩვენებას ჯვრის დასმით ეთანხმება ანუ მან არ იცის რუსული, ხოლო მეორე გვერდზე სჩანს თუ როგორ ვრცლად საუბრობს ამავე ენაზე და წერს კიდეც თურმე. როგორი იყო მაშინ კულტურა, როგორ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა და სხვა ბევრ ასპექტზე გვაძლევს ინფორმაციას აღნიშნული საქმე.

-  როგორია თქვენი საბოლოო შეფასება, ფილმში ეს ადამიანები არიან ტერორისტები თუ გმირები და თქვენთვის ვინ არიან ,,თვითმფრინავის ბიჭები"?

მთავარი არის, რა არის მთავარი და ამ შემთხვევაში ის არის, რომ საბაზისო დანაშაულს ჩადის სახელმწიფო. ჩემთვის ფილმში არ ჩანს საბჭოთა რეალობა და ბოლშევიზმი თავისი იდეით, თუმცა არის ნამდვილად შემდგარი ისტორია, თუ როგორ გაილაშქრეს ახალგაზრდებმა სისტემის წინააღმდეგ და ისინი დაისაჯნენ. არ შეიძლება ჩემთვის ეს ადამიანები იყვნენ ტერორისტები, უდანაშაულო ადამიანების სიკვდილში მხოლოდ სისტემაა დამნაშავე და სახელმწიფოს, როგორც დანაშაულის აღმკვეთის არარსებობა.

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის" ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 3706 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა