10
დეკემბერი, 2019 სამშაბათი
03:50 AM
ინტერვიუ - კულტურა
ბარბარე მერაბიშვილი | 29 მაისი 2017

ლიზა ბაგრატიონი და მისი „ბრილიანტი“

ქართული ტრადიციული და თანამედროვე მოტივების გემოვნებიანი ნაზავი ვიწრო ქუჩის პირა ნათელ ბინაში, რომლის დიასახლისიც ქართული სამეფო გვარის წარმომადგენელი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლიზა ბაგრატიონია. სამშობლოსა და თავის საქმეზე შეყვარებული საქართველოს ბრილიანტს უწოდებს, რომელიც მსოფლიოს წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებით უნდა წარდგეს. მისი თვალით დანახული სოციალური პრობლემები, სასურველი ცვლილებები ქვეყანაში, გზა უცხო ენების ინსტიტუტიდან ქართულ ესტრადამდე და თანამშრომლობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ის თემებია, რომლებზეც მომღერალი ემოციურად საუბრობს:

 

-ლიზა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იყოთ ქართული სამეფოგვარის წარმომადგენელი-შთამომავალი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ? 

-პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დიდია. 21-ე საუკუნე თითქოს ამსუბუქებს ამ ვითარებას იმიტომ, რომ ჩვენ წინაშე სხვა ბევრად უფრო დიდი პრიორიტეტები და გამოწვევები დგას და იერარქიას, წარმომავლობას დიდად ყურადღება არ ექცევა. ალბათ, ეს ნორმალურიც არის, ცივილიზაციას თავისი კანონები შემოაქვს. თუმცა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ის, რაც ტრადიციულადახასიათებდა ჩვენს ქვეყანას და რითიც მოვიდა აქამდე, უნდა იყოს პრიორიტეტული. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ბაგრატიონი იქნები, თუ რომელიმე სხვა გვარის წარმომადგენელი, ისეთი პატარა, ისეთ ტრადიციული და დიდი კულტურის მატარებელ ერში, როგორიც ჩვენია, თითოეულ ჩვენგანს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა იყოს დიდი სამყაროს ღირსეული ნაწილი.

-როგორ ფიქრობთ, ამისთვის ყველამ საკუთარ სფეროში უნდა გააკეთოს თავისი საქმე კარგად ? 

აუცილებლად იმიტომ, რომ, რეალურად, პროფესიონალიზმის ძალიან დიდ ნაკლებობას განვიცდით ბევრ სფეროში. მეორეც, მოქალაქეობრივი მოვალეობა უნდა იყოს თითოეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.  ჩემთვის პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ დროშის ფრიალი, ჰიმნის მღერა და მღიჯების რტყმა, რომ ქართველი ვარ. პატრიოტიზმი ჩემთვის არის ნაგვის არგადაყრა ქუჩაში, გზის დათმობა „ზებრაზე“, გვერდში მდგომის დახმარება, ქართული ენის ზედმიწევნით ცოდნა, შენი საქმის კარგად კეთება და ა.შ. ჩემთვის ქვეყნის სიყვარული ასეთ დეტალებში გამოიხატება. ყველა უნდა შევეცადოთ, რომ თუნდაც საჭე ვმართოთ ისე, როგორც უნდა ვმართოთ, ნაკლებად შეურაცხვყოთ ერთმანეთი, სიყვარულით ვიცხოვროთ და ის ადამიანური თვისებები, რომლისთვისაც შეგვქმნა ღმერთმა, უბრალოდ გამოვიყენოთ.

ლიზა ბაგრატიონის გზა უცხო ენების ინსტიტუტიდან სცენამდე ... 

-ჩემი პროფესიული არჩევანიდან გამომდინარე, ალბათ, გასაგები ხდება, რომ მე დიდად არ ვაპირებდი პროფესიულ მუსიკალურ ცხოვრებაში ჩართვას. ბავშვობიდან ვმღეროდი ოჯახისა და მეგობრების წრეში, მაგრამ არასდროს მიფიქრია პროფესიულად სცენაზე მღერა მიუხედავად კლასიკური მუსიკალური განათლება. დღეს მე ვამბობ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება არის ჭეშმარიტ მაღალ მუსიკასთან ურთიერთობა. თუმცა მე მაღალი მუსიკის ჩემით ინტერპრეტირება ვერ შევძელი, მაგრამ, აი, მოხდა ისე, რომ მე სცენაზე მაინც აღმოვჩნდი. თავიდან მეგონა, რომ ეს იყო რაღაც შემთხვევითობა, ერთჯერადი აქცია. მაგალითად, პირველად სცენაზე გამოვედი გოგი დოლიძესთან, ბიძაჩემთან-ჯანო ბაგრატიონთან, ეკა მამალაძესთან და „გეპეის“ ჯაზორკესტრთან ერთად, ჯემალ სეფიაშვილმაც მიმიწვია თავის საავტორო საღამოზე. შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა ჩემი და მამუკა ჩარკვიანის დუეტი  „მუხამბაზი“ და ამასობაში სხვადასხვა კომპოზიტორმა შემომთავაზა თავისი სიმღერის შესრულება. ასე შემთხვევით შემოვრჩი სცენაზე. 

-მაინც როდის მიხვდით, რომ ეს ის საქმე იყო, რომლის კეთებაც გინდოდათ ?

-რაღაც მომენტში, როცა შვილს ველოდებოდი და მნიშვნელოვან მდგომარეობაში ვიყავი, დიდხანს მომიწია სახლში ყოფნა და მივხვდი, რომ მე ამის კეთება ძალიან მინდა.

-თქვენს რეპერტუარს ძირითადად რომანსები, კინომუსიკა და ჯაზი შეადგენს. ზოგადად რომელია თქვენი სულის მუსიკა ?

-ალბათ, მაინც, რომანსი. თუმცა სამივე, რომლებიც ჩამოთვალეთ, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რომანსის მღერა არის ძალიან რთული, საპასუხისმგებლო, რადგან ამ დროს ჩნდება შენი ტექნიკური და ტემბრალური მონაცემები, შინაგანი მდომარეობა და, სხვათა შორის, მენტალიტეტიც. ეს რაღაც ყველაზე ინტიმური, ჩემთვის შინაგანად ძალიან ამაღლებული მუსიკაა. დღესაც, როდესაც ცოტა მოწყენილი ვარ, ვჯდები ფორტეპიანოსთან და სწორედ, რომანსების საშუალებით მომყავს ჩემი თავი უკეთეს ხასიათზე.

-ანუ თქვენს სათქმელს რომანსებით ამბობთ ?

-იყო პერიოდი, როცა ახალი დაწყებული მქონდა სიმღერა და ვერავის ვეუბნებოდი უარს სიმღერის ჩაწერაზე, მაგრამ დღეს უკვე ვმღერი მხოლოდ იმას, რაც ჩემს სათქმელს გამოხატავს, რაც ზედმიწევნით მომწონს და იმას, რასაც ვთვლი, რომ ჩემი შესრულება არ გააფუჭებს. 

-რა არის თქვენი ნაყოფიერი შემოქმედებითი კოლაბორაციის საიდუმლო ნიკოლოზ რაჭველთან, ნატო მეტონიძესთან და შვიდკაცასთან ?

-ასეთი კოლაბორაციის ამოსავალი წერტილი არის ერთნაირი მუსიკალური გემოვნება, მცდელობა იმისა, რომ ფასეული ვიმღეროთ და კლასიკური ქართული სიმღერა არ დაიკარგოს. ეს არის, როგორც უკვე ვთქვი, ერთი გემოვნება, სიყვარული იმისა, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი მეგობრობა, საქმიანი მიდგომა და პროფესიონალიზმი. ყველა, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეპყრობა იმას, რასაც აკეთებს. ჩვენ არასდროს გავსულვართ სცენაზე ურეპეტიციოდ, ზედაპირულად, ღელვის გარეშე.

-აქტიური მუსიკალური კარიერის შემდეგ იყო თუ არა რთული წამყვანის როლის მორგება ? 

-პირველად დიდ სცენაზე სწორედ წამყვანის ამპლუაში ვიყავი, როდესაც ებრაელ ხალხთან ოცდაექვსსაუკუნოვან მეგობრობას აღვნიშნავდით. რადგანაც ინგლისური ენის სპეციალისტი ვიყავი, ჩემი ცოდნა სტუმრებთან ინგლისურ ენაზე ურთიერთობისთვის, ასე ვთქვათ, გამოიყენეს. მერე ისევ მეგობრების წრეში ყოველთვის, როცა რაღაც ხდებოდა, ასევე სკოლაშიც ამ ამპლუაში ვიყავი. ორატორული ნიჭი ყოველთვის მქონდა, ძალიან მიყვარს საუბარი.

-სატელევიზიო წამყვანის ამპლუაში როგორ იგრძენით თავი?

სხვათა შორის, ძალიან კომფორტულად. წამყვანის ამპლუა მე უკვე გამოცდილი მქონდა. პირველი გადაცემა 2008 წელს აჭარის ტელევიზიისთვის მოვამზადე, რომელიც 2013 წლამდე არ გავიდა ეთერში. ფორმატი ჩემი ახლანდელი გადაცემისგან განსხვავდებოდა. ამის შემდეგ ძალიან გამიხარდა, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმიწვია. 

-როგორ გაჩნდა იდეა, გაგეკეთებინათ ქართული ტელესივრცისთვის ერთგვარად უჩვეულო ფორმატის მუსიკალური გადაცემა-„შაბათს საღამოს ლიზასთან“ ?

-საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს ის არხია, რომელიც ყველა სეგმენტს უნდა მოიცავდეს. ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსად ქართულ ტელესივრცეში არ ჟღერს ქართული კლასიკური მუსიკა. ეს საზოგადოების მითხოვნაა და ასეთი გადაცემა აუცილებელია. გადაცემის გაკეთება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივა იყო. ვერ ვიტყვი, რომ პროექტი მე მივიტანე. მათ შემომთავაზეს და თავით გადავეშვი ამ საქმეში იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შევძლოთ, ახალ თაობას მივაწოდოთ ის ღირებული ქართული სიმღერა, რომელზეც ჩვენი თაობა გაიზარდა. 

-რომელია გადაცემაზე მუშაობის პროცესის თქვენთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი ?

-ყველა ნაწილი საინტერესოა და ყველასთავისი ადგილი აქვს. ძალიან მიყვარს პირველი ნაწილი, რადგან სულ მინდა, რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც გვაწუხებს. ადამიანი ხანდახან არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ რაღაც გადააგდო ქუჩაში და ამით ქალაქი დაანაგვიანა, ან თავისი სახლის წინ ხეს რომ მოჭრის, ამით შვილებს აკლებს აუცილებელ ჟანგბადს. მე მაქვს საშუალება ყურადღება მივაქცევინო მაყურებელს ამ პრობლემებისთვის, ასევე წარმოვაჩინო ადამიანები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ რადიოში ვუსმენთ. რა თქმა უნდა, საოცრად მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რომელშიც მათ ვაძლევთ საშუალებას ცოცხლად კიდევ უმღერონ თავიანთ მსმენელს.

-გადაცემის პირველ ნაწილში სტუმრებთან სხვადასხვა თემაზე საუბრობთ, მათ შორის სოციალურ თუ ეკოლოგიურ პრობლემებზე. როგორ საქართველოში ისურვებდით ცხოვრებას ?

-მე ვისურვებდი ისეთ საქართველოში ცხოვრებას, რომელშიც, ალბათ, უკვე შეუძლებელია, რადგან მე ძალიან ბევრ შენობა-ნაგებობას დავანგრევდი, სხვა არქიტექტურულ მიმართულებას ვისურვებდი. ვისურვებდი უფრო გამწვანებულ, სუფთა და მოწესრიგებულ საქართველოს,  ამის გაკეთება ჯერ კიდევ შეიძლება.  ვისურვებდი, არ ვწამლავდეთ ჩვენს შვილებს სიგარეტით, ვისურვებდი, განათლება იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, კულტურის პოლიტიკა იყოს უფრო მრავალპროფილური და დიდი დაფინანსებით. საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება ისევ და ისევ სხვა - ტურისტები, ინვესტორები და არა ჩვენ, ქართველები. ჩვენ იმდენი რამ გავქვს ისეთი, რაც სხვას არავის აქვს, მაგრამ ვერაფრით მოვახერხეთ ამ ყველაფრისთვის თავის მოყრა, რათა ჩვენც განვვითარდეთ და მსოფლიოსაც ვაჩვენოთ საქართველო. ტირილამდეც კი მივსულვარ და მითქვამს: “მე ისე მიყვარს საქართველო, რომ ხანდახან მძულს“. რადგან ეს ბრილიანტი, რომელიც გვაქვს და შეგვიძლია ვაბრჭყვიალოთ ისე, რომ მთელ მსოფლიოს პატარა სხივები გავუგზავნოთ, უფრო და უფრო ტალახში ვდებთ. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და თქვენი თაობის იმედი მაქვს. 

- რას ურჩევდით ლიზა ბაგრატიონს ათი წლის შემდეგ?

- ვურჩევდი, რომ უფრო ჭკვიანად მოქცეულიყო, მეტი დრო დაეთმო ოჯახისთვის. ვუსურვებდი, უფრო მშვიდ ქვეყანაში ეცხოვრა. ვურჩევდი, მეტი საქმე გააკეთოს ქვეყნისთვის, იყოს ყოველთვის კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ, ახალი თაობების მიმართ, ხარობდეს მათით, ხელს უწყობდეს და მაქსიმალურად ეხმარებოდეს იმ ადამიანებს, ვისი დახმარებაც შეუძლია.

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის" ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2464 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10013შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა