28
მაისი, 2020 ხუთშაბათი
06:14 PM
ინტერვიუ - კულტურა
სალომე ჩადუნელი | 20 იანვარი 2016

წარსულისა და თანამედროვეობის სინთეზი ღვინოში

ქართული ღვინის უძველესი სახეობები ერთ სივრცეში - იდეა, რომელიც ქართველ სტუდენტს, დათო ნადირაძეს დაებადა, საქართველოში უძველესი ქართული ღვინის შემეცნებითი მუზეუმის დაარსებას გულისხმობს. მუზეუმის კონცეფცია საბჭოს მმართველობის მოდელს დაეუფუძნება, ინტეგრირებული იქნება ტურიზმთან და დამთვალიერებელს ქართული კულტურის უკეთ შემეცნებაში დაეხმარება. ღვინის მუზეუმის დაარსების იდეა, პირველად, იუტას მუზეუმთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაჟღერდა. ინოვაციურმა ბიზნესიდეამ, რომელსაც მსოფლიოში ჯერჯერობით ანალოგი არ ჰყავს, მუზეუმის თემებზე მომუშავე ორგანიზაციების, მათ შორის სამხრეთი ამერიკის მუზეუმთა ასოციაციების, დიდი ინტერესი გამოიწვია.

დათო ნადირაძე განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით იუტას უნივერსიტეტის არტ-ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მისი ამოცანაა ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარება ამ კუთხით მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერების გზით. 

ღვინის მუზეუმის კონცეფციისა და ღირებულების შესახებ, უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გაზეთი ,,ჰორიზონტი“ დათო ნადირაძეს აშშ-ში დაუკავშირდა. 

დათო ნადირაძე: ,,21-ე საუკუნეში და 21-ე საუკუნის შემდეგ, ომები და კონფლიქტების მიზეზი კულტურა და კულტურული განსხვავებები იქნება და გადარჩებიან ის ქვეყნები, რომლებსაც ექნებათ ძლიერი კულტურა“, - ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების სიტყვები. იმისთვის, რომ ძლიერი კულტურა გქონდეს, ეს კულტურა, ჩვენს ცხოვრებასთან, მენტალობასთან და იდენტობასთან უნდა იყოს ინტეგრირებული. შესაბამისად, ისეთი მოვლენები, როგორიცაა, ქართველებისთვის მედიცინა, აიეტის ასული მედეასგან, კავკასიიდან რკინის გავრცელება მსოფლიოში, თაფლი, ღვინო, და მრავალი სხვა მოვლენა, რომელიც უძველესია, ქმნის ჩვენს იდენტობას, გვაყალიბებს ქართველ ერად და გვაძლიერებს. კულტურა განგვასხვავებს სხვა ადამიანებისგან, კულტურა არის ისიც, თუ როგორ ვესალმებით ერთმანეთს“.

- რატომ მაინც და მაინც ღვინის მუზეუმი და არა , მაგალითად, ტრადიციული სამოსის, რომელიც შეიძლება არანაკლებ საინტერესო ყოფილიყო?

-  უძველესი ღვინის შემეცნებითი მუზეუმი, ჩემი ერთ-ერთი იდეაა, რომელსაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ განვახორციელებ. პირველი, თუ რატომ ავირჩიე ღვინო, არის ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს ღვინის მუზეუმი, არსებობს მხოლოდ კონკრეტული კერძო კომპანიების მიერ დაარსებული მუზეუმები, რომლებიც ძირითადად კომერციული მიზნებისთვისაა შექმნილი. ღვინო და ღვინის კულტურა ისეთი საკითხია, რომელიც მსოფლიოში წინ იწევს და კიდევ უფრო წამოიწევს. ეს არის მსოფლიო დონის კულტურა ,რომელიც მარკეტინგულად ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მუზეუმი იქნება. ასევე, ღვინო იმიტომ ავირჩიე, რომ ქართული იდენტობის გამყარებისთვის შემეწყო ხელი. კულტურაში ყოველთვის მიმზიდველია საკრალური საკითხები. ის, რაც იდუმალია და ადამიანებს შემეცნებული არ აქვთ, ყოველთვის საინტერესოა. უძველესი ქართული ტექნოლოგიით ღვინის დამზადების ტექნიკის, ქვევრის პრინციპის, მიწაში მყოფი ,,მძინარე ღვინის“ და სხვა კონცეფციების ინტეგრირებას თუ შევძლებთ, ნებისმიერი ერისთვის და კულტურისთვის ძალიან საინტერესო იქნება. შესაბამისად გაყიდვადიც, რა თქმა უნდა, აქ კულტურული მემკვიდრეობის გაყიდვა არ იგულისხმება.

- თქვენ ამბობთ, რომ ღვინის შემეც-ნებითი მუზეუმის შექმნის იდეა გაქვთ, რა ეტაპი იქნება შემეცნება ამ პროექტში?

- თუკი ჩვენ ვართ იურული პერიოდის მუზეუმში, სადაც დინოზავრებია წარმოდგენილი, ადამიანს შეუძლია ნახოს დინოზავრების ჩონჩხები მოძრავ პროცესში, ანუ შეიგრძნოს როგორ მოძრაობდნენ, დარბოდნენ, ნადირობდნენ. მსგავსი გახსნილი პროცესის ნახვას ევროპასა და ამერიკაში სამეცნიერო ტიპის მუზეუმს უწოდებენ. ქართულ თარგმანში მე ამას დავარქვი შემეცნებითი და არა სამეცნიერო მუზეუმი. შესაბამისად, ღვინის მუზეუმში ადამიანებს, ღვინის წარმოების შემთხვევაში საშუალება უნდა ჰქონდეთ იგრძნონ ის ტემპერატურა, რომელიც ქვევრშია, სინესტე, რომელიც, მაგალითად, ღვინოს ახასიათებს, ის სუნი და ქართული ხმები, რომელიც ვენახთან ასოცირდება - ეს ყველაფერი არის შემეცნება. ადამიანი, რომელიც ყოფილა რთველში, აქვს შესაძლებლობა შეიმეცნოს ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგია, ასეთივე სულის მატარებელი უნდა იყოს ეს მუზეუმიც. თუკი კულტურამ და ხელოვნებამ შემეცნების კუთხით შენზე შთაბეჭდილება არ მოახდინა, რთულია შემეცნება. 

- თქვენს საუბარს თუ დავეყრდნობით, ეს პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, ინტერაქციულია და შესაბამისად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ერთგვარი რისკფაქტორია... 

- გეთანხმები, ერთი შეხედვით ეს სწორია, მაგრამ ჩვენ თუ ფულს დავითვლით და ფინანსებამდე დავიყვანთ, იმას თუ ვინ ვართ, ვინ ვიყავით, ვინ გვინდა, რომ ვიყოთ და ვის გვინდა რომ გადავცეთ ჩვენი იდენტობა, პირობას გაძლევთ, რომ ასეთი იდეები არ განხორციელდება. შეიძლება, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აქვს მსოფლიოს ასეთი ტიპის მუზეუმი. მუზეუმის კონცეფციიდან გამომდინარე, მუზეუმისთვის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შექმნა გვჭირდება, რომელმაც თავისი შინაარსით, ქართულ უძველეს კულტურას ხაზი უნდა გაუსვას და გააძლიეროს. ჩვენ უძველესი კულტურის შექმნა არ გვჭირდება, იმიტომ, რომ მასალის ყველაზე დიდი ნაწილი უკვე გვაქვს. შესაბამისად, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან კულტურის მნიშვნელობის სწორი გაგება, იდეის მხარდაჭერა, კერძო ბიზნესის ჩართულობა, საზოგადოების მაღალი ინტერესი და იმის გაგება, თუ რატომაა ასეთი კულტურული მოვლენა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. ეს მუზეუმი არ უნდა იყოს სახელმწიფო, ეს მუზეუმი უნდა იყოს ხალხის. დაფინანსების პროცესში საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული, არა იმიტომ რომ ხალხის ფულით უნდა გაკეთდეს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი კულტურის მიმართ.

- გაწერილი გაქვთ ბიუჯეტი პროექტისთვის? 

- კონკრეტულ ციფრს არ ვასახელებ და აგიხსნით, რატომ. მუზეუმი დაფუძნებულია საბჭოს ტიპის მმართველობაზე. მუზეუმს მართავს არა 2-3 ადამიანი, არამედ საბჭო, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება: ბიზნესი, ჯანდაცვა, მარკეტინგი, ხელოვნება, ტურიზმი და სხვა. პირველი შრე არის საბჭო და მენეჯმენტი, მეორე შრე საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები: ისტორიკოსები, მეცნიერები, ფერმერები, ქალები, სასულიერო პირები და სხვა. მესამე შრე ხელოვანები, მხატვრები, არქიტექტორები, ფიზიკოსები, კურატორები, მედია ხელოვანები ანუ ადამიანები, რომლებმაც უნდა იმუშაონ სამუზეუმო მასალის შექმნასა და ინსტალაციაზე. პირველი შრე უზრუნველყოფს, რომ მაქსიმალური სარგებელი (ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსი) მოუტანოს მუზეუმს, მეორე შრე საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, შექმნას და ჩამოყალიბებას. მესამე შრე მეორედან მიღებული გადაწყვეტილებებით უკვე ქმნის სამუზეუმო არტეფაქტებს. ყველაფერი, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ ვამბობ ასეთი ტიპის მუზეუმის დაფინანსების კონკრეტულ ციფრს. მე არ ვიცი, რა ტიპის მხარდაჭერა მექნება, როდესაც საქართველოში დავბრუნდები. 

- რა მნიშვნელობა აქვს სამუზეუმო ადგილის სწორად შერჩევას? 

- თბილისი იყო, არის და იქნება ეკონომიკურად ძლიერი ადგილი, რადგან დედაქალაქია, მაგრამ რეგიონებს მიხედვა და გაძლიერება სჭირდებათ. სიღნაღი იმიტომ ავირჩიე, რომ თბილისთან ახლოსაა, ასევე მნიშვნელოვანია სიღნაღის ხედი და პოტენციალი. წარმოიდგინეთ სიღნაღის მთაზე რკალისებური ლიანდაგი რომელზეც იქნება, მაგალითად, მოძრავი კაფე/ვაგონი, რომელიც დიზაინით თანხვედრაში უნდა მოდიოდეს კულტურულ გარემოსთან. შენ შეგიძლია მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ასეთ ადგილზე შესთავაზო დამთვალიერებელს ღვინისა და სხვა ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. წარმოიდგინეთ, რამდენად ზრდის ეს ყველაფერი ტურისტულ პოტენციალს, არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ტურისტულ დონეზე. ერთ დღეს ,,გუგლში“ ავკრეფთ მსოფლიოს უძველეს ღვინის შემეცნებით მუზეუმს და ამოაგდებს საქართველოს.

- ბევრი ქართული კულტურისა და ტრადიციების დამცველი შეიძლება შემოგედავოთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ხელს უშლი კულტურის პირველად აღქმას 

- ეს გამოწვევა ყოველთვის იარსებებს და არასდროს მოიშლება. არტ-მენეჯერის ერთ-ერთი ფუნციაა, დაიცვას ხელოვნება სხვა ინტერესების შემოჭრისგან და გახადოს კულტურა და ხელოვნება მაქსიმალურად ავტონომიური. ასეთი პროფესიონალები ჩვენ, პრინციპში, არ გვყავს, ერთეულებზე არ ვსაუბრობ. ჩემი ამოცანაა, ძველი დაუკავშირდეს თანამედროვეობას ისე, რომ არაფერი მოაკლდეს, პირიქით, თანამედროვე ტექნოლოგიები იმისთვის არის, რომ გამოვიყენოთ, გავაძლიეროთ და ამით უკეთ წარმოვაჩინოთ წარსული. თუ ამას ვერ შევძლებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ პროფესიონალები და ჩვენი ამოცანა ვერ შევასრულეთ. თუ პირადად მე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ხელოვნების გამოყენებით უძველესი კულტურის სათანადოდ წარმოჩინებას ხელი ვერ შევუწყვე, ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიული ვალდებულებები ვერ შევასრულე და გამოუსადეგარი ვარ, როგორც პროფესიონალი...

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1043 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10030შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა