09
დეკემბერი, 2019 ორშაბათი
07:51 PM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
ირმა კურტანიძე | 19 ივნისი 2019

ქართული შრომის ბაზარი - "თუ არ გინდა, წადი"

 

21 წლის მარიამი უკვე რამდენიმე თვეა თბილისის ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელში კონსულტანტად მუშაობს. კვირაში 6-ჯერ, დილით ადრე, სამსახურამდე ავტობუსით მიდის და სამუშაო დღეს იწყებს,  თვეში 300 ლარის სანაცვლოდ.  როგორც თვითონ ამბობს, გარდა კონსულტანტისათვის ნაკისრი ვალდებულებებისა - დამლაგებლის, მტვირთავის, ზოგჯერ მოლარისა და დაცვის თანამშრომლის ფუნქციებსაც ითავსებს. ამას ემატება  სამუშაო საათების გახანგრძლივება, მენეჯმენტის მხრიდან უხეშობა და შეურაცხყოფა. თუმცა, უნივერსიტეტში სასიარულო  და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად უსაქმოდ ყოფნას, 300 ლარად ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების შესრულებას არჩევს. კითხვაზე, რატომ არ ცდილობს სამსახურის შეცვლას,  მისი პასუხი ასეთია: "სასურველ სამსახურში მოხვედრა ნაცნობის გარეშე თითქმის შეუძლებელია, ვცდილობ სხვაგან ვნახო სამუშაო, მაგრამ უშედეგოდ".

 

მარიამის მსგავსად საქართველოში არაერთი ადამიანია დასაქმებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური 1939.9000 ადამიანიდან დასაქმებული მხოლოდ 1 694.2000 ადამიანია, ხოლო 245.7000 ადამიანი უმუშევარია. თუ გავითვალისწინებთ საქსტატის მეთოდოლოგიას და იმას, რომ დასაქმებულთა შორის შინამეურნეობის მქონე და თვითდასაქმებული ადამიანებიც ითვლებიან, გამოვა, რომ სამსახურში დაქირავებულ მოქალაქეთა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ უფრო ნაკლებია. ასეთ პირობებში  წლების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა და შედარებით მცირე მასშტაბის საპროტესტო ტალღებმა აჩვენა, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევა სავაჭრო სფეროს გარდა, დასაქმების თითქმის ყველა არეალს მოიცავს.  

 

ღირსეული შრომითი პირობების აქტიურად მოთხოვნა ახალგაზრდებმა 2015 წელს დაიწყეს  ლოზუნგით - "შრომა არ არის იოლი".. მომდევნო წლებში მას მოჰყვა სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელების თანამშრომელთა პროტესტი, კომპანია "ბიბლუსის" შრომითი უფლებების დარღვევაში დადანაშაულება, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან 150 თანამშრომლის უფლებების დასაცავი პროტესტი, კომპანია „თბილისის ბიზნეს სახლის“ 30-მდე თარჯიმნის გაფიცვა და ამჟამად სოციალურ ქსელში ახალი კამპანიის #არამონობას  წამოწყება. 

 

ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოსახლეობის 27% მიიჩნევდა, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვეოდა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ამ კვლევის შედეგების მსგავსი იყო ორგანიზაცია "თბილისის სოლიდარობის ქსელის" 2017 წლის მონაცემები, რომელთა  თანახმადაც, შემთხვევითი შერჩევის პირინციპით სუპერმარკეტებში დასაქმებული 114 რესპოდენტიდან 98%-ს სამუშაო პირობები არ მოსწონდა. ყოველი 10 დასაქმებულიდან კი 5 მათგანი ფიქსირებულ ხელფასს სრულად არ იღებდა.

 

 

მას შემდეგ,   დიდად არაფერი შეცვლილა.. ამას კი #არამონობას საპროტესტო განცხადებები ცხადყოფს. სოციალურ ქსელში ამა თუ იმ კომპანიაში დასაქმებულები და ყოფილი თანამშრომლები შეუსაბამო სამუშაო პირობებზე ანონიმურად საუბრობენ.

 

“8 საათს ვმუშაობ როგორც უღელში შებმული ხარი, ხშირად მენეჯერი არ მაცდის გამოვიყენო კუთვნილი შესვენება, ნორმალურად შევჭამო და მოვწიო, გვესაუბრება როგორც მონებს, მოგვმართავს უხეშად  და უტაქტოდ. ძაღლად არ გვაგდებს, რადგან იცის,  თანამშრომლებს გვიჭირს და ვერსად წავალთ... "

 

“ვმუშაობდი კასპის ერთ-ერთ სუპერმარკეტში. ჩვეულებრივი მონა ხარ,  არავინ  არის შენი დამცველი. უფროსობა ზემოდან გიყურებს და გაგრძნობინებს, რომ შენ მასზე ნაკლები ხარ. ვმუშაობდით დილის 8 საათიდან და ღამის 12-მდე, თვეში 15 დღეს და ანაზღაურება გვქონდა 300 ლარი. გვევალებოდა აბსოლუტურად ყველაფერი: პროდუქციის საწყობიდან გამოტანა, სექციებში დალაგება, ვადაგასული პროდუქციის შემოწმება და დახლიდან გატანა, მაღაზიის დალაგება, ლუდის ჩამოსხმაც ჩვენ გვეხებოდა. ეს არის მონობის ბოლო სტადია, როდესაც  მუდამ დაჩაგრული ხარ და პასუხი ყოველთვის ერთია - თუ არ გინდა წადი. იმით სარგებლობენ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს სხვა გზა არ გვაქვს.”- ეს იმ წერილების მცირე ნაწილია, რომლებსაც დასაქმებულები ანონიმურად #არამონობას გვერდზე აქვეყნებენ. 

 

შვებულების განსაზღვრას და ზოგადად,  დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას საქართველოს ორგანული კანონი -  შრომის კოდექსი აწესრიგებს.  კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოს . დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დრო   არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში – კვირაში 48 საათს. გარდა ამისა, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. ამავე კანონის მიხედვით, უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა. დასაქმებულს უქმე დღეების ნაცვლად სხვა დღეებში დასვენების მოთხოვნაც შეუძლია. შრომის კოდექსში წერია ისიც, რომ დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. აღსანიშნავია,   რომ შრომის კოდექსში  2019 წელს რამდენიმე   ცვლილება    შევიდა. მათ შორის კოდექსს დაემატა შემდეგი პუნქტი: 

 

"აკრძალულია  დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და მის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.“ - კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელს აწერს  საქართველოს  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

 

შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საქართველოში რამდენიმე გაერთიანება და ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობაც. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა დოლაბერიძე ჰყვება,  ქართულ შრომის ბაზარზე არსებული დარღვევები სხვადასხვა სფეროში განსხვავებულია. მაგალითად, თუ მძიმე ინდუსტრიაში პრობლემას შეიძლება უსაფრთხოება, ცუდი კვება, უხარისხო ტანსაცმელი წარმოადგენდეს, მომსახურების სფეროში შედარებით სხვა ტიპის დარღვევები ჭარბობს.  "დარღვევების მხრივ გააჩნია ინდუსტრიას. ეს შეიძლება იყოს ირიბი იძულება, ხშირად ერთი ადამიანი ასრულებს რამდენიმე სამუშაოს, ერთის ანაზღაურებით, ასევე შრომის კონტრაქტებიც ხშირად არ პასუხობს შრომის კოდექსს. საქართველოს შრომის ბაზარზე უამრავი და სხვადასხვა კატეგორიის პრობლემებია", - აცხადებს ნიკა დოლაბერიძე.

 

ქვეყანაში ადეკვატური შრომითი პირობების არსებობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც მოითხოვს. "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველო სამართლებრივად და პოლიტიკურად შებოჭილია ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებით, მათ შორის დასაქმებულთა უფლებების დაცვის სფეროში.

 

"რამდენადაც საქართველო ILO-ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) და ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა, ხოლო ამჟამად ევროკავშირთან ასოცირების პროცესში იმყოფება, უდიდესი მნიშვნელობისა და მაღალი ინტერესის საგანია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერება, მათ შორის დასაქმებისა და შრომის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. ILO-ს ფუნდამენტური და პრიორიტეტული კონვენციების (რომლებიც  საქართველოში 1994-2004 წლებში რატიფიცირდა) დებულებები ჯერ კიდევ სრულად არ არის ასახული ეროვნულ კანონმდებლობაში. ევროკავშირის შრომის სამართლისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დირექტივებთან დაახლოება მიმდინარეობს ხარვეზული პოლიტიკით, კერძოდ, დირექტივების სტანდარტები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება და არა საქართველოს შრომის კოდექსში, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

როგორც "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" აღნიშნავს, საქართველოს ნორმატიული სივრცე და პრაქტიკა ჯერ არ არის დაახლოებული ევროკავშირის შრომის კანონმდებლობასთან. ამისთვის კი ასოცირების შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრულია კონკრეტული ვალდებულებები, რომლის შესრულების საბოლოო ვადას 2023 წელი წარმოადგენს.

 

ამ ეტაპზე  ქართულ შრომის ბაზარზე პირობების შეცვლის მიზნით,  პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი "სოლიდარობის ქსელთან", სატრანსპორტო კომპანიის პროფკავშირ "ერთობა 2013"-თან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ კავშირთან და სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ აქამდე განხორციელებული რეფორმები მხოლოდ დასავლეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურებოდა და რეალობაში არ ასახულა: "შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით ქმედითი ნაბიჯები მაინც არ იდგმება. ის რეფორმები, რომლებიც ტარდება არის მხოლოდ და მხოლოდ სიმულაცია და ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მექანიკური შესრულება. ჩვენ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე შევთავაზებთ რეფორმებს".

 

 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო პეტიციისთვის სახელწოდებით "ღირსეული შრომისთვის" ის მინიმალური ხელფასის 500 ლარით (სრულ განაკვეთზე დარიცხული ხელფასი) განსაზღვრას, კერძო სექტორში ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების დადგენას, ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირებას, სასამართლოში მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის გამოყოფასა და სხვა მოთხოვნებს აყენებს. თუმცა, სანამ საქართველოში მშრომელთა პირობები ევროპაში მცხოვრები დასაქმებულების შრომით პირობებს გაუთანაბრდება და კერძო და საჯარო სექტორში არსებული ხარვეზები გამოსწორდება, მომსახურების სფეროში მომუშავე მოქალაქეები მუშაობას დამსაქმებლის კეთილსინდისიერების იმედად განაგრძობენ. 

 

 მომზადებულია   საგან  ,,ანალიზისა და მოსაზრების წერა “ ფარგლებში.

ხელმძღვანელი:  მარი წერეთელი

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 423 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10012შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა