18
ივლისი, 2019 ხუთშაბათი
11:53 PM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
ეკატერინე ჯანიაშვილი | 13 ივნისი 2019

მორალი, რომელიც უნდა ვისწავლოთ

 

ამასწინანდელმა ამბებმა  მართლაც რომ შეგვძრა — 26 მაისს ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდა 16 წლის გოგონა, რომლის ცხედრის პოვნაც მაშველებმა უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მეორე დღეს შეძლეს. იმავე დღეს უფლისციხეში 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა და დაცემისას სხეულის დაზიანებები მიიღო. იგი  მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ფაქტებს ერთმანეთთან ის აკავშირებს, რომ ორივე მოსწავლე შემთხვევის დროს სკოლიდან ექსკურსიაზე იყო წასული. გაუფრთხილებლობა - ის სიტყვაა, რომელიც, ალბათ, ასეთ  ამბებზე  დაფიქრებისას პირველად მოგვდის ხოლმე თავში. თუმცა, საკითხავია, ვისი მხრიდან  გაუფრთხილებლობაა საგანგაშო, ბავშვების თუ თანმხლები პირებისა. თუ  დავუშვებთ, რომ გაუფრთხილებლად მხოლოდ ბავშვები  იქცევიან, მივალთ ინდივიდუალურ პრობლემამდე, რომელთან ბრძოლაც თითქმის შეუძლებელია. თუ მოვლენებს უფრო ფართოდ  შევხედავთ, დავინახავთ, რომ ექსკურსიებზე მომხდარი უბედური შემთხვევებისას პასუხისმგებელნი, ძირითადად, ზრდასრული ადამიანები არიან და პრობლემაც   სიმპტომატურია.

 

სახელმწიფომ გაუფრთხილებლობის პრობლემის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა. პარლამენტმა 29 მაისს პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტს, რომელიც  საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისას ბავშვის უსაფრთხოების დაცვასაც არეგულირებს. მაგალითად, თუ  მოსწავლეთა ჯგუფური ტრანსპორტირების დროს ორგანიზატორის მიერ ექიმის ან ექთნის 24-საათიანი მომსახურება არაა უზრუნველყოფილი, ჯგუფში უნდა იყოს  სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი აქვს გავლილი. სავარაუდოდ, ამ პუნქტს ზედმეტი ხარჯებისა თუ ძალისხმევის გამო, სკოლები არ შეასრულებენ და, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ პირველადი სამედიცინო მომსახურების მცოდნე ადამიანს დასჯერდებიან. აქვე დგება ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი,  კომპეტენტური პირის გამო.   ჩნდება  კითხვაც — რამდენად  შედეგიანი  იქნება   ჯგუფური ტრანსპორტირების დროს  წაყვანა  ისეთი პირისა, რომელსაც  მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარება შეუძლია? საკითხს ასეც შევხედოთ — გამოადგებოდა  თუ არა  მხოლოდ ამ შესაძლებლობის მქონე ადამიანი რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევებში? თანაც, ჯგუფი მსგავსი აღჭურვილობით მზად მხოლოდ მას შემდეგ იქნება, როცა ვინმე დაშავდება.  პრევენციული  ზომები კი არ მიიღება. 

 

კანონპროექტი, რომელზეც მთავრობაში დიდ იმედებს ამყარებენ, შესაძლოა, იქცეს კანონად, რომელიც ფორმალურად ან საერთოდ  არ შესრულდება.  რამდენიმე ხნის წინ კი პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მძღოლებმა ექსკურსიაზე მოსწავლეების წაყვანისას უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან. კერძოდ, თუ ტრანსპორტი 500 კილომეტრზე შორს მიდის, სათადარიგო მძღოლი უნდა წაიყვანონ, ტრანსპორტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი ტექნიკური დათვალიერება, სამარშრუტოსა თუ ავტობუსში უსაფრთხოების ყველა ნორმა უნდა იყოს დაცული, მძღოლმა კი ნარკოლოგიური ტესტი უნდა ჩააბაროს. ამ შემთხვევაშიც კანონპროექტი, შესაძლოა, ფორმალური აღმოჩნდეს  — სავარაუდოდ, ისე, როგორც პრაქტიკაში ხდება ხოლმე, ვალდებულებებს თავს  აარიდებენ. არადა, სწორედ ასეთ გაუთვალისწინებელ მომენტებში შეიძლება მოხდეს უბედური შემთხვევა. ასევე, არ ვიცით, იმოქმედებს თუ არა ზემოაღნიშნული ვალდებულებები ოფიციალური დასვენების დროს. მასწავლებლებმა თავისუფლად შეიძლება წაიყვანონ ბავშვები ექსკურსიაზე ზაფხულის არდადაგებზე, რასაც, ალბათ, ვერავინ გააკონტროლებს. ამის გამო, შესაძლოა, გახშირდეს ბავშვების ექსკურსიაზე არაოფიციალურად წაყვანა, რაც სიტუაციას უფრო გაართულებს. შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ კანონით მორალური საკითხების მოგვარება შეუძლებელია. ექსკურსიებზე უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად საჭიროა თანხმლები პირების ერთობლივი ძალისხმევა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.

 

ზოგადად, ექსკურსიებზე ზრდასრული პირების უყურადღებობა  ახალი არაა. მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა გააანალიზონ, რომ მათი მოსწავლეები თუ შვილები ჯერ კიდევ არასრულწლოვნები არიან და მუდმივი თვალყურის მიდევნებაა საჭირო. მოსწავლეს, რომელიც ექსკურსიის დროს საფრთხისშემცველ ადგილას ხვდება, ვერც პირველადი სამედიცინო დახმარების მცოდნე პირები დაეხმარებიან და ვერც ტექდათვალიერებაგავლილი ტრანსპორტი უშველის.  მსგავსი უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრევენციული ზომები. კერძოდ, მასწავლებელმა ყველაფერი უნდა იცოდეს იმ ადგილის შესახებ, სადაც ბავშვები მიჰყავს: ყველა თავისებურება, საფრთხე თუ რისკი. ამასთან, ის გასავლელი გზის შესახებაც უნდა ფლობდეს ინფორმაციას. უნდა იცოდეს, რამდენადაა წელიწადის მოცემულ  სეზონზე რეკომენდებული ბავშვების კონკრეტულ ადგილას წაყვანა. ასევე, წინასწარ უნდა განსაზღვროს, იმ შემთხვევაში, თუ მშობლები არ წამოვლენ, რამდენად შეუძლია  მას  თავად ექსკურსიის  სრულფასოვნად ორგანიზება. მასწავლებელი თუ სხვა თანმხლებმი პირები ადგილზე მისვლის დროს მაქსიმალურად უნდა იყვნენ ორიენტირებული ბავშვებზე და ამით თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. რა თქმა უნდა, ბავშვები ექსკურსიებზე ფრთხილად უნდა იყვნენ, თუმცა,  უსაფრთხოების დიდი წილი ზრდასრულთა თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე მოდის. კანონით კი ამის დარეგულირება შეუძლებელია. თუ ისინი ბოლომდე არ გაანალიზებენ, რომ მითითებების მხოლოდ ოფიციალურად შესრულება უფრო მეტ პრობლემას შექმნის, იქამდე სიტუაცია ვერ გამოსწორდება. სხვა შემთხვევაში, ექსკურსიები უსაფრთხო ვერასდროს გახდება, ხალხი კი რამდენიმედღიანი განხილვის შემდეგ პრობლემას ახალ უბედურ შემთხვევამდე დაივიწყებს.

                                                                                         

                                                                               

                                                                              

           

                             მომზადებულია   საგან  ,,ანალიზისა და მოსაზრების  წერა “ ფარგლებში.

                                                                                             ხელმძღვანელი:  მარი წერეთელი.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 126 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9560შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა