19
აგვისტო, 2019 ორშაბათი
04:38 PM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
ეკატერინე ჯანიაშვილი | 10 ივნისი 2019

რას (არ) აკეთებს სახელმწიფო შშმ პირების დასაქმებისთვის

 

 

სოციალური შემწეობის შეწყვეტა, დასაქმების პროგრამების შესახებ არაინფორმირებულობა, უარი გონივრულ მისადაგებაზე, უპერსპექტივო სუბსიდირება — ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მიმართულებით ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა. ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მათი დასაქმების ერთიანი ხედვა არ აქვს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. განსხვავებული მდგომარეობაა სახელმწიფო სტრუქტურებში. 

 

დასაქმების პროგრამების ზოგადი ხასიათი და მათი შედეგები

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენიმე პროგრამა შშმ პირთა დასაქმებასა და ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მათ შორისაა „დასაქმების მხარდამჭერი პროგრამა“, „კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა“ და სხვ.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, მარიამ ჯანიაშვილი ამბობს, რომ დასაქმების პროგრამები არაეფექტურია, რადგან მათ განხორციელებას შშმ პირთა საჭიროებების კვლევა არ უძღოდა წინ:

 

„შინაარსობრივად ეს პროგრამები ერთმანეთს არ ავსებენ და და ნაკლებად პასუხობენ დასაქმების მსურველ და დასაქმებულ შშმ პირთა რეალურ საჭიროებებს. ამას მოწმობს სტატისტიკაც.“

 

საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2018 წელს სამუშაოს მაძიებელ 6073 შშმ პირთაგან პროგრამების ფარგლებში მხოლოდ 99 დასაქმდა.

 

 

სოციალური მომსახურების სააგენტოში სტაჟირების პროგრამის შედეგად დასაქმებულთა მონაცემებს გვაწვდიან. სტატისტიკის მიხედვით, სტაჟირებაგავლილ შშმ პირთაგან ბოლო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ მცირე ნაწილი საქმდება. 

 

 

ისტორია N1 — შეწყვეტილი სოციალური შემწეობა, როგორც დემოტივატორი

 

„2012 წელი იყო. დასაქმების შემდეგ სოციალური შემწეობა ავტომატურად შემიწყდა მეც და მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე სხვა დასაქმებულ პირებსაც. საქმე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან“ ერთად სასამართლოში შევიტანე, სადაც პირდაპირი დისკრიმინაცია დადგინდა. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ და საქმე გაჩერდა. დღეს შეხვედრებზე ვაჟღერებ, რომ გადაიხედოს ეს საკითხი და აღდგეს ის, რისი დაკარგვაც არ გვეკუთვნოდა. ჯერჯერობით, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“, — ამბობს თამარ მაჭარაშვილი.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, გარდა მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა, საჯარო სექტორში დასაქმების შემდეგ სოციალური შემწეობა უწყდებათ. სწორედ ამ პრობლემის წინაშე დადგა თამარ მაჭარაშვილიც, რომელიც პროცესში აშკარა დემოტივაციას ხედავს. 

 

შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიშში“, რომელიც სახალხო დამცველმა 2018 წელს გამოაქვეყნა, წერია, რომ სოციალური შემწეობის შეწყვეტა შშმ პირთა მიერ დასაქმების შესაძლებლობის გამოყენებას მნიშვნელოვნად აბრკოლებს. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს უწყდებათ სერვისით სარგებლობის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირებსაც მსგავსი საჭიროებები აქვთ.

 

მთავრობის ახალი ინიციატივით, შემწეობა სამსახურის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში აღარ გაუქმდება. თამარ მაჭარაშვილისთვის საეჭვოა ინიციატივის პირვანდელი სახით დიდხანს შენარჩუნება. მისი თქმით, ინიციატივა პერიოდულად დასაქმებულ ადამიანებზეა გათვლილი, რადგან სოციალურად დაუცველთა ბაზაში სამსახურის დაკარგვის შემდეგ მათი თავიდან ჩასმა ძალიან რთული პროცესია.

 

ისტორია N2 — უარი გონივრულ მისადაგებაზე - ჩვეული პრაქტიკა

 

“2015 წელს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის კონფერენცია იყო თბილისში, სადაც სჭირდებოდათ უცხო ენების მცოდნე თანამშრომელი. დროებითი ვაკანსია იყო. გავუგზავნე CV, სამოტივაციო წერილი და არ მივუთითე, რომ ვიყავი უსინათლო. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ინგლისურის ტესტი მექნებოდა დასაწერი, ამ დროს ვუთხარი, თუ რა ფორმით შემეძლო ტესტის დაწერა. მითხრეს, რომ მოგვიანებით დამიკავშირდებოდნენ და არ დამიკავშირდნენ. ეს საქმე შემდეგ სახალხო დამცველის აპარატში შევიტანე  და თანასწორობის დეპარტამენტმა დისკრიმინაციის ფაქტი ვერ დაადგინა.” 

 

შშმ პირთა აქტივისტს, ესმა გუმბერიძეს გონივრულ მისადაგებაზე უარი უთხრეს. გონივრული მისადაგება სამსახურში საქმიანობის ისეთ გადანაწილებას გულისხმობს, რომელიც შშმ პირისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული იქნება. კერძო სექტორის დამსაქმებლებს უფლება აქვთ, უარი თქვან რეორგანიზაციაზე, რაც, კანონმდებლობის მიხედვით, დისკრიმინაციად არ ითვლება. გუმბერიძე ამბობს, რომ სანამ კანონმდებლობაში ცვლილება არ შევა და გონივრულ მისადაგებაზე უარი დისკრიმინაციად არ იქნება მიჩნეული, საყოველთაო თუ არა, მასობრივ დასაქმებასთანაც ვერ გვექნება საქმე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ კვლევის ანგარიშში წერია, რომ გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმა დასაქმებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რადგან კერძო დამსაქმებლების ინტერესი, სამსახურში შშმ პირი აიყვანონ, მინიმალურია და ეს ყველაფერი შშმ პირებს შრომის ბაზარში ჩართვის შესაძლებლობას ართმევს. 

 

უპერსპექტივო სუბსიდირება დასაქმებისთვის

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთი პროგრამის, „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების“ ფარგლებში უწყება 4 თვის განმავლობაში დამსაქმებლის ნაცვლად შშმ პირს ხელფასის 50%-ს (არაუმეტეს 470 ლარისა) უხდის. სუბსიდირების მიზანი დამსაქმებლის წასალისებაა.

 

საქართველოს სახალხო დამცველი წერს, რომ პროგრამა შშმ პირებს დასაქმების გარანტიას არ აძლევს. 

 

„სუბსიდირების განხორციელების პერიოდის გასვლის შემდგომ არ არსებობს გარანტია და ეფექტური ბერკეტი დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა, რადგან ეს უკანასკნელი დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ხდება დამოკიდებული. შედეგად, წარმოიშობა გონივრული ეჭვი, რომ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიება ატარებს დროებით ხასიათის და არ არის შედეგზე ორიენტირებული“, — ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს სუბსიდირებაში 19 შშმ პირი ჩაერთო, რომელთაგანაც ხელშეკრულება გაუფორმდა 11-ს. 2017 წელს კი ჩართული 53 პირიდან ეს მაჩვენებელი მხოლოდ 22 იყო. 

 

 „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ კვლევის ერთ-ერთი მიგნება კი ისაა, რომ შშმ პირებისთვის მხოლოდ სუბსიდირების კომპონენტი არაა საკმარისი, რადგან ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ პირველ ყოვლისა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცნობიერების ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი. 

 

ინფორმაციის ნაკლებობა დასაქმების პროგრამების შესახებ

 

სოციალური მომსახურების სააგენტო ამბობს, რომ „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიება: ჯგუფური კონსულტირება, მასობრივი და ინდივიდუალური გასაუბრება, დასაქმების ფორუმები, მხარდაჭერითი დასაქმება, სტაჟირებისა და სუბსიდირების სერვისის მიწოდება.

 

მათივე ინფორმაციით, 2016-17 წლებში ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან ერთად 4 ფორუმი გაიმართა თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში, რომლებიც განკუთვნილი იყო შშმ პირებისთვის. ამასთან, დასაქმების ფორუმები 2018-19 წლებშიც გაიმართა და შშმ პირები მათი საშუალებით დასაქმდნენ.

 

შშმ პირთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასაქმების დაბალი დონე, ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. კერძოდ, ომბუდსმენის სპეციალურ კვლევაში მონაწილე შშმ პირების უმრავლესობამ დასაქმების პროგრამების არსებობის შესახებ არ იცის. 

 

ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ დაბალია გამოხმაურება პროგრამებში მომუშავე დასაქმების კონსულტანტების მხრიდანაც:

 

„კონსულტანტი რომ დამკავშირებოდეს და ეთქვას ჩემთვის, რომ ვაკანსიაა და შეავსეო, არასდროს მომხდარა. წნორში შევხვდით ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რომ ვიკითხეთ, პროგრამების არსი იცოდა თუ არა ვინმემ. აღმოჩნდა, რომ მათი არსებობის შესახებაც კი არავინ იცის“.

 

შშმ პირებისთვის დასაქმების დამაბრკოლებელი სხვა მიზეზები არაადაპტირებული გარემო და დამსაქმებელთა მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაა, თუმცა, პირველყოვლისა, ხარვეზები კანონმდებლობასა და დასაქმების პროგრამებში უნდა აღმოიფხვრას. სანამ სახელმწიფო თანმიმდევრულ პოლიტიკას შექმნის და საკითხის მიმართ სისტემურ დამოკიდებულებას ჩამოაყალიბებს, ის შშმ პირებს დასაქმებაში კვლავაც ვერ დაეხმარება. 

 

მომზადებულია სასწავლო კურსის ფარგლებში - ''სოციალური საკითხების გაშუქება''

ხელმძღვანელი:  მაგდა მემანიშვილი

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 335 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა