16
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
05:53 PM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
ნინო წვერავა | 05 ივნისი 2019

მთავარი გამოწვევა

                                            

 

ჩვენს ქვეყანაში ერთერთ მნიშვნელოვან  პრობლემად   რჩება  სამუშაო ადგილების არარსებობა და დასაქმებულთა მცირე რაოდენობა.  მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო დროს აქტიურად ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას, პროგრესი არც ისე თვალსაჩინოა, ადამიანების დიდი ნაწილი ჯერაც უმუშევრად თვლის თავს.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 0.1 %-ით გაიზარდა და, დაახლოებით, 14% შეადგინა.  უმუშევარ ადამიანთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო 2017 წელსაც, ,,საქსტატის’’  მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 1,706 მილიონ ადამიანი  იყო,  შემდეგ კი,  1,666-მდე შემცირდა.  ,,საქსტატის’’ მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე გასულ წელთან შედარებით 1.2%-ით შემცირდა და 12.7 % შეადგინა.  აღნიშნული მაჩვენებელის მიხედვით უმუშევართა რაოდენობამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.  

 

ეს, რა თქმა უნდა,  პოზიტიური ფაქტია, თუმცა,  საყურადღებოა ისიც, რომ დასაქმებულთა შორის დაქირავებულ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი  მხოლოდ 50.8%-ს შეადგენს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი თვითდასაქმებულად ითვლება. 

 

ტერმინები - უმუშევარი და დასაქმებული,    ყველასათვის გასაგებია, თუმცა,  არსებობს ბევრად ზუსტი განმარტებებიც.  საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული განმარტების მიხედვით, უმუშევარია 15 და უფრო  მეტი  ასაკის პიროვნება, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტში, გასული შვიდი დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი ორი კვირის ვადაში.  ამ ჯგუფში შედიან ისეთი პირებიც, რომლებსაც არ აქვთ მუშაობის სურვილი, თუმცა,  კვლევით დასტურდება, რომ  მათი რიცხვი მცირეა. ამავე ორგანიზაციის მიერ შექმნილი განმარტების მიხედვით, დასაქმებულია ყველა, ვინც თუნდაც ერთი საათით მაინც იმუშავა ნებისმიერი ტიპის სარგებლის სანაცვლოდ.  ეს  განმარტება სათანადო სტატისტიკის შემუშავების გარანტი ნამდვილად არაა, რადგან ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. 

 

საქართველოში დასაქმებულად ითვლებიან ის ადამიანებიც, რომლებიც მისდევენ სოფლის მეურნეობას, აქვთ მიწა და ამუშავებენ მას. უფრო კონკრეტულად, მსგავს ჯგუფში გაერთიანებული ადამიანები თვითდასაქმებულად მოიხსენიება. თუმცა, ისიც  აღსანიშნავია, რომ ადამიანთა უმრავლესობას წლის განმავლობაში მოჰყავს იმ რაოდენობის პროდუქტი, რაც საჭიროა ოჯახის გამოკვებისთვის. ისინი სრულიად ითვისებენ საკუთარ მიწაზე მოყვანილ მოსავალს, მისი რეალიზაცია ვერ ხერხდება, შესაბამისად, ოჯახი მეურნეობით შემოსავალს ვერ იღებს. 

 

ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულ/უმუშევართა სტატისტიკის მიღმა რჩება ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობაც.  1990-იან წლებში მოსახლეობის შრომითი სტრუქტურის აღწერა შესაბამისობაშია  საერთაშორისო სისტემის აღრიცხვასთან, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ორ ნაწილად – ეკონომიკურად აქტიურ და არააქტიურ მოსახლეობად ჰყოფს. 

 

ამ უკანასკნელში შედიან: 

 

* მოსწავლეები და სტუდენტები;

 

*პირები, რომლებიც იღებენ შრომით ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთათვის განკუთვნილ პენსიას;

 

* დიასახლისები, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლით დაკავებული პირები;

 

* სამუშაოს ის მაძიებლები, რომლებმაც დაკარგეს მისი პოვნის იმედი, თუმცა,  მზად არიან მუშაობისთვის;

 

* პირები, რომლებიც იძულებით გადიან მკურნალობის კურსს; 

 

* პირები, რომლებსაც არსებული შემოსავლის გამო არ სურთ მუშაობა.

 

ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო ჯგუფში გაერთიანებულ  ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი 32%-ს შეადგენს, რაც თითქმის ერთ მილიონ ადამიანს გულისხმობს. 

 

როგორც ჩვენთან საუბრისას ეკონომისტმა  იოსებ არჩვაძემ განაცხადა, დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს, უამრავ მიზეზს შორის მნიშვნელოვანია სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები: ,,უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის თანხმლები კომპონენტია და ვერცერთი ქვეყანა ვერ ასცდა მას, მსოფლიოს მასშტაბით 100%-იანი დასაქმება არსად არ არის, რაც უნდა განვითარებული იყოს ქვეყანა. უმუშევრობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია პროცენტულობა, მაგალითად,  ამერიკაში ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ევროპაში - უფრო მაღალია და 7.7%-ს შეადგენს.  საქართველოსთან შედარებით უმუშევრობის დონე მაღალია ევროკავშირის ორ ქვეყანაში – ესპანეთსა და საბერძნეთში.  რაც შეეხება უმუშევრობის მიზეზებს, სტრუქტურული უმუშევრობაა, როდესაც მრავლად გვყავს ერთი სპეციალობით მომზადებული ადამიანები. მათზე მოთხოვნა კი  დაბალია, მაშინ, როდესაც  გვაკლია ისეთი სპეციალისტები,  რომელთა რაოდენობაც მცირეა, თუმცა,   მიზეზთა გამო მათ ვერ ამზადებენ“. მისი თქმით, უმუშევრობა აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე და გავლენას ახდენს საქონლის შესყიდვისა და მომსახურეობის სფეროში მიმდინარე პროცესებზეც: ,,რაც მეტი ადამიანია დასაქმებული, მით მეტი იქნება მათ მიერ შექმნილი დოვლათი. ასეთი ადამიანები არა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიდნენ, არამედ გაიზრდებოდა საქონლის შესყიდვა და მომსახურეობის ხარჯები, შესაბამისად, ბევრად მეტი თანხა შევიდოდა ბიუჯეტში.  ჩვენ რომ უმუშევრობის დონე 1%-ით მაინც შევამციროთ, ახლა არის 12.7%, ანუ გავხადოთ 11.7%, 400-450 მილიონი ლარის დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობა გვექნებოდა. ბიუჯეტში კი შევიდოდა, დაახლოებით, 100-150 მილიონი ლარი”.  

 

უმუშევრობის მაღალი დონე ეკონომიკაზეც აისახება. იმ ქვეყანაში, სადაც ბევრი დაუსაქმებელი ადამიანი ცხოვრობს, ეკონომიკა არც ისე სახარბიელო მდომარეობაშია. საქართველოში არსებულ სურათის მიხედვით,  ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს უცხოეთიდან შემოსული გზავნილები თამაშობს.

 

საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, სამუშაო ძალის მქონე ადამიანები მასობრივად მიედინებიან სხვა ქვეყანაში.  ამ ტიპის მიგრაციაში გამოყოფენ ორ სახეს – ტვინებისა და კუნთების გადინებას. პირველ შემთხვევაში მაღალკვალიფიცური კადრები უკეთესი ანაზღაურების სანაცვლოდ საქმდებიან სხვა ქვეყნებში, ხოლო ,,კუნთების გადინების’’ დროს დაბალი ან კვალიფიკაციის არმქონე კადრები არაგონებრივი, ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად მიდიან მათთვის სასურველ ქვეყანაში. 

 

ბუნებრივია, ორივე შემთხვევა საგულისხმოა ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ფულადი გზავნილები დიდ როლს თამაშობს, ეს მოსახლეობის მკვეთრად შემცირების ხარჯზე ხდება, ბევრი სამუშაოდ წასული ადამიანი წლების განმავლობაში არ ბრუნდება, ან საერთოდ უარს ამბობს უკან დაბრუნებაზე. 

 

იოსებ არჩვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტთა რაოდენობა 90-იან წლებთან შედარებით შემცირდა, ეს პრობლემა დღესაც ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის: ,,ტვინებისა და კუნთების მიგრაცია არის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა,  ადამიანი   თავისუფალია  თავის არჩევანში, მას წმინდა ეკონომიკური მეთოდებით ვერ დააკავებ.  ბევრმა ადამიანმა 90-იან წლებში საქართველო მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო დატოვა. მაშინ ხელფასი დაახლოებით 3-4 დოლარის ფარგლებში იყო.  ამან გამოიწვია მასობრივი მიგრაცია.  დღეს მიგრანტები გადიან შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ ისინი არიან ბევრად კვალიფიციური და მომზადებული კადრები, 90-იან წლებში გადიოდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები, მათში არ იყო ჩადებული ის რესურსი, რასაც დღეს სახელმწიფო დებს თითოეულ მოქალაქეში, ახლა ნებისმიერი პროფესიის ადამიანის მომზადებაზე იხარჯება ბევრად მეტი თანხა. ჩვენთან 2000-იან წლებთან შედარებით  განათლების დაფინანსება  33-ჯერ გაიზარდა. ამიტომ,  სახელმწიფომ უნდა იზრუნოს კვალიფიკაციური კადრების ადგილზე დასაქმებასა და კიდევ უფრო განვითარებაზე. ხოლო უცხოეთში წასულ ადამიანებს უნდა შესთავაზოს კარგი პირობები, რათა ისინი დაბრუნდნენ უკან“. 

 

საქართველოს პრემიერ - მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მედიასთან  ხშირად საუბრობს  სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობაზე.  ერთერთ შეხვედრაზე მან ემიგრანტების შესახებაც აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოში სამუშაოს მაძიებლებისთვის ყველანაირი პირობა შეიქმნას, რათა ემიგრანტები ქვეყანას დაუბრუნდნენ: ,,ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები და გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი და მისი ინკლუზიურობა იყოს საკმარისი პირობა იმისთვის, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები. რაც შეეხება იმას, რომ მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო, დიახ, ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა, საქართველოში ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს“ .

 

აღსანიშნავია,  რომ მამაკაცებში უმუშევრობის დონე 2.7%-ით აღემატება უმუშევრობის დონეს ქალებში.  ,,ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ამასთან, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს’’, - ნათქვამია ,,საქსტატის’’ ანგარიშში.  უმუშევრობის პრობლემა ჯაჭვურადაა დაკავშირებული სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემებთან, როგორებიცაა: საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა და სამუშაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა. განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელშიც საქართველოც მოიაზრება, მეორეხარისხოვანია შრომითი კოდექსი. 

 

უცხოური კომპანიები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მრავლადაა ქართულ ბაზარზე, ყურადღებას არ აქცევენ ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას. მაგალითად, საქართველოს შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ მოვალეობებში განმარტებულია, რომ დასაქმებულის სამსახურეობრივი  მოვალების შესრულების დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, აღნიშნული წესის მიხედვით, დასაქმებული ადამიანი დღის განმავლობაში დაახლოებით 8 საათს უნდა მუშაობდეს.

 

თუმცა, ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სხვაგვარია, სახელმწიფო ვერ აკონტროლებს კერძო კომპანიებში არსებულ სამუშაო კოდექსებს, რომლებიც, წესით, ქვეყნის ზოგად კანონმდებლობასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. სამუშაო ადგილების რაოდენობის შენარჩუნების მიზნით კი კანონდამრღვევი კომპანიების მფლობელები    დაუსჯელები    რჩებიან.

 

იურისტ გიორგი გელენიძის თქმით, პროფკავშირები ვერ აკონტროლებენ ქართულ შრომის ბაზარს. გარდა ამისა, მოუწესრიგებელი კანონმდებლობა ვერ აწესრიგებს არსებულ სიტუაციას: ,,საქართველოში ადამიანის შრომითი უფლებები ვერანაირ სამართლებრივ ჩარჩოში ვერ ჯდება, არ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებსაც კი. ამის პირველი მიზეზი მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა და სუსტი პროფკავშირებია. ისინი ვერ ცვლიან ამინდს ქართულ შრომის ბაზარზე, საქმე არ ეხება მხოლოდ შრომის კოდექსს, სულ რომ დეტალურად გათვლილი იყოს მასში მოყვანილი პუნქტები ან შევქმნათ ახალი კოდექსი,  თუ პროფკავშირები მოწოდების სიმაღლეზე არ იქნებიან და თვალს დახუჭავენ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევაზე, კანონი მაინც უმოქმედო იქნება“ . 

 

ევროპული ქვეყნების გამოცდილებით, უმუშევრობის პრობლემის მოგვარება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობით შეიძლება. ბევრი დასავლური ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს უმუშევრობისა და ფარული უმუშევრობის შესწავლის პროცესს, რათა სწრაფად გამოვლინდეს მიზეზები და ოპერატიულად შეძლონ მისი მოგვარება.

 

ევროპული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია. წევრი სახელმწიფოებიდან უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე საბერძნეთშია და 21.1% შეადგენს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2,9%,  ჩეხეთში ფიქსირდება.   ამერიკის შეერთებული შტატები  დასაქმებასთან დაკავშირებით ორი ტიპის კვლევას აწარმოებს: პირველი – ესაა უმუშევრობის კვლევა, პრობლემის სათავის პოვნა და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა მის აღმოსაფხვრელად, ხოლო მეორე კვლევის ფარგლებში სიღრმისეულად შეისწავლიან შრომის ბაზრის სტრუქტურას, ამ კვლევაში ერთნაირი ყურადღება ექცევა ინფორმაციას  დასაქმების, უმუშევრობის, ნახევარ განაკვეთზე დასაქმების, არასაკმარისი დასაქმებისა და მუშაობის პროცესში იმედგაცრუებული ადამიანების შესახებ .

 

უმუშევრობის პრობლემა ინდივიდუალურ დონეზე არ განიხილება, არამედ ესაა სახელმწიფო პრობლემა, რადგან დასაქმებული ადამიანების რაოდენობა პირდაპირ აისახება  ქვეყნის  განვითარების დონეზე. 

 

              

                       მომზადებულია   საგან  ,,სტრატეგიული წერა ჟურნალისტიკაში“ “ ფარგლებში.

ხელმძღვანელი:  მარი წერეთელი.

 

 

                                            სტატიაში გამოყენებულია  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  

                                             ცხრილი. 

 

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 234 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა