14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
11:56 AM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
მარიამ ტალახაძე | 29 მაისი 2019

ჯარიმა და შენობის სავალდებულო რემონტი - ახალი კანონპროექტის ხარვეზები

 

 

იერსახის დამამახინჯებელი შენობა-ნაგებობის რემონტი, რეკონსტრუქცია, აღდგენა ან დემონტაჟი შესაძლოა მესაკუთრის ვალდებულება გახდეს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, თუ მესაკუთრე შენობას არ გაარემონტებს, მას 200-დან 5000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუმცა, ჩნდება კითხვა _ რამდენად არის სავალდებულო გარემონტებისა და ჯარიმის დაწესება იერსახის მოწესრიგების გზა და რამდენად ეფექტიანი იქნება კანონი მისი მიღების შემთხვევაში. 

 

რას გულისხმობს კანონპროექტი?

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ შენობა მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში და  მუნიციპალიტეტს ამახინჯებს, დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშემომზღუდავი ან/და მზიდი კონსტრუქციები, ის უნდა გარემონტდეს მეპატრონის მიერ. 

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების მიზეზად ის სახელდება, რომ ამ ტიპის შენობების არსებობა აფერხებს მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას.  „ერთი მხრივ, თავად არ ფუნქციონირებენ და მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში არ ხდება მიმდებარე ტერიტორიით ინვესტორის დაინტერესება შენობის არსებობის ან მისი მდგომარეობის გათვალისწინებით“, _ ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 

კანონპროექტის ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს ამ ტიპის შენობების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა,  „რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში მყოფი ვიზიტორების მხრიდან უარყოფითი შეფასებები ამ მიმართულებით“.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება დამატებითი მუხლის სახით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შედის. აღნიშნული მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით, რათა   „არ მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა და არ დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები“. 

 

კანონპროექტის ხარვეზები: იერსახის დამახინჯების დეფინიცია

 

კანონპროექტის პარლამენტში შეტანის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოამზადა დასკვნა და რეკომენდაციები აღნიშნული კანონპროექტის შესახებ. კომიტეტის მოსაზრებით, მეტ კონკრეტიზაციას საჭიროებს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების დეფინიცია, რათა კანონპროექტში მოცემულმა ჩამონათვალმა არ მოგვცეს ინტერპრეტაციის საშუალება. 

 

მართლაც, ყოველდღიურად გვესმის იერსახის დამახინჯებასთან დაკავშირებით წარმოთქმული მოსაზრებები, თუმცა,  არ გვაქვს ზოგადი დეფინიცია,  რომელიც  განსაზღვრავს, რას გულისხმობს  იერსახიდან ამოვარდნა  ან მისი დამახინჯება.  ზოგიერთის აზრით, ეს მრავალსართულიანი შენობებია, რომლებიც ქალაქში მასობრივად შენდება, სხვების აზრით, მიშენებები. ნაწილი კი,  მაგალითად, სატელიტური ანტენის აღქმად ადგილზე გამოჩენასაც იერსახის დამახინჯებად მიიჩნევს. ამრიგად, მნიშვნელოვანია დეფინიცია იყოს ნათელი და არ იწვევდეს გაუგებრობას, უნდა დაკონკრეტდეს, რამდენად შორს მივდივართ იერსახის დამახინჯების განმარტებისას. 

 

ჯარიმა, როგორც ძალადობრივი მეთოდი

 

კანონპროექტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჯარიმაა. თუ შენობის მეპატრონე დადგენილ ვადაში არ გაარემონტებს შენობას, ის ჯარიმდება. ჯარიმა ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომზადებულ დასკვნაში არც ეს მიდგომა   მიიჩნიეს სწორად:

 

„კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს არა მხოლოდ ადგილმდებარეობის, არამედ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვითაც” ¬_ ვკითხულობთ დასკვნაში. 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი მაია დავითაია საკითხის ეკონომიკურ მხარეზე  ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობების რეკონსტუქცია სახელმწიფოს საქმეა  და არა მოქალაქეების: „თვითონ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ჰქონდეს ინტერესი, რომ იერსახიდან ამოვარდნილ შენობებს ეტაპობრივად ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია. კერძო პიროვნებებისთვის ამ საქმის მიწერა არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებაა. დაუშვებელია, მოქალაქეები დაავალდებულოს სახელმწიფომ, მით უმეტეს იმ ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, რომელიც დღეს გვაქვს, არა მგონია, ვინმეს აწუხებდეს შენობის რეკონსტრუქციის საკითხი, როცა საკვების ფულის პრობლემაც კი უდგას. კანონის მიღების შემთხვევაში, მგონია, რომ ის გამოიწვევს დიდი პროტესტს საზოგადოების მხრიდან“ . ჯარიმის შემოღებას პრობლემურად მიიჩნევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ხაბურზანიაც. მისი აზრით, კანონის აღსრულების მექანიზმი გამართული არააა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა გზების ძიებაა საჭირო:

 

„კანონი აღსრულების თვალსაზრისით იქნება პრობლემური, იმის გათვალისწინებით, რომ არც კომპანიებს და არც კერძო პირებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ შენობა საკუთარი სახსრებით გაარემონტონ. თუ სახელმწიფო ვაუჩერებს გამოყოფს და თვითონ გაურემონტებს ფასადს, ეს სხვა საკითხია, თუმცა,  მოქალაქის იძულება, რომ საკუთარი ფინანსური რესურსი დახარჯოს, არ არის გამოსავალი.   მესაკუთრეს,  რომლის შენობაც იერსახეს ამახინჯებს  რომ ჰქონდეს მისი გარემონტების ფინანსური რესურსი, თვითონაც გაარემონტებდა, არა მგონია, ვინმეს მოსწონდეს ჩამონგრეული შენობა, რომელიც ფასადს ამახინჯებს“ კანონპროექტში ბუნდოვანია ის საკითხიც, რა მოხდება მას  შემდეგ, როდესაც  მოქალაქე ჯარიმას გადაიხდის. ამ დროს შენობა კვლავ გაურემონტებელი რჩება, მოქალაქის ჯიბე _ ცარიელი. მთავარი მიზანი _ იერსახის გამოსწორება _ კვლავ მიუღწეველი.

 

საცხოვრებელი სახლისა და ვიზუალური აღქმის არეალის დეფინიცია

 

საკანონმდებლო ინიციატივაში აღნიშნულია, რომ კანონი საცხოვრებელ სახლებზე არ გავრცელდება. თუმცა,  არსებობს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობებიც, რომელთა ქვედა სართულები შესაძლებელია  კომერციული დატვირთვის იყოს, ხოლო ზედა სართულები - ფუნქციურად საცხოვრებელი. კანონპროექტი უნდა განმარტავდეს, როგორ გავრცელდება ასეთ შემთხვევებში კანონპროექტით შემოთავაზებული სანქციები. უნდა განისაზღვროს,  ვის ეკისრება ამ შემთხვევაში რემონტის ტვირთი, საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ადამიანს, კომერციული ფართის მფლობელს თუ ორივეს. 

 

გარდა ამისა, ბუნდოვანია,  რას გულისხმობს ვიზუალური აღქმის არეალი. მნიშვნელოვანია, დაკონკრეტდეს, რა მანძილი მიიჩნევა საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალად.

 

შესაძლებელია თუ არა კანონის ბიზნესინტერესებისთვის გამოყენება? 

 

თბილისის იერსახის დამახინჯება და მასობრივი მშენებლობები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების პროტესტის მიზეზი. 2018 წელს ერთ-ერთი ასეთი პროტესტის ტალღა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოიწყეს და თბილისის მერიას ღია წერილით მიმართეს. „სამეზობლო თემის“, „თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანებისა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ღია წერილში საუბრობდნენ თბილისში  კლდეების ნგრევის პროცესზე, რაც მათი შეფასებით, ქალაქის იერსახეს აზარალებს და ამახინჯებს, ასევე ისტორიულად მნიშვნელოვანი ლოკაციების კვალს შლის და ტურისტებისათვის საინტერესო ადგილებს ანადგურებს. 

 

„თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანების“ პრეზიდენტი გიორგი ფხალაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის შინაარსს მიესალმება ქალაქგეგმარებითი და იურიდიული თვალსაზრისით, თუმცა,  აღნიშნავს, რომ კანონში ამ ცვლილების მიღება ორმაგ სტანდარტს დანერგავს: ,,კანონის მიღების შემთხვევაში, პირველად გაჩნდება დემონტაჟის შესაძლებლობა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც არ ჯდება ქალაქის ერთიან არქიტექტურულ სურათში. მაგრამ, ვფიქრობ, ეს კანონი უკვე განწირულია ჩავარდნისთვის. იგი  ორმაგ სტანარტს დანერგავს და გახდება ერთგვარი დასჯის იარაღი“. 

 

გიორგი ფხალაძე ვარაუდობს, რომ კანონში ამ ცვლილების მიღება შესაძლოა პრივილიგირებულმა ბიზნესმენებმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. 

 

„მუნიციპალიტეტის მმართველობებში წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ დეველოპერები და ბიზნესმენები, რომელთაც საკუთარი ბიზნესინტერესები აქვთ, ამ კანონის გამოყენებით მათ შეუძლიათ შეავიწროვონ კონკურენტები, დაავალდებულონ მათ შენობის გარემონტება ან დაუნგრიონ კომერციული საქმიანობისთვის არსებული შენობა“ _ ამბობს „თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანების“ პრეზიდენტი. 

 

არსებული რეგულაციები მშენებლობებთან დაკავშირებით

 

მშენებლობასა  და მასთან დაკავშირებულ საკითხებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არეგულირებს, თუმცა,  არცერთ კანონში არაა ზუსტად მოცემული, რას ნიშნავს იერსახის დამახინჯება და როგორ უნდა მოერგოს მშენებლობა ესთეტიკურ გარემოს. 

 

თბილისის მიწათსარგებლობის 2019 წლის გეგმაში მე-18 მუხლი  განაშენიანების ესთეტიკური პარამეტრების რეგულირებას ეთმობა. მუხლში აღნიშნულია რამდენიმე პუნქტი, რომელიც მშენებლობისას უნდა გაითვალისწინონ,  მათ შორისაა სახურავის მასალა და მისი ფერი¬ _ „სახურავზე მასალების ფერების შერჩევა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გათვალისწინებულ იქნეს მიმდებარე განაშენიანების დომინანტური, ესთეტიკური თვალსაზრისით ღირებული არქიტექტურული გამომსახველობა”. გარდა ამისა, მუხლში აღნიშნულია ანტენების, ჟალუზებისა და გისოსების სავარაუდო განთავსების არეალი, რათა მიმდებარე ქუჩის ესთეტიკა არ დაირღვეს.

 

რა ეტაპზეა კანონპროექტი?

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  დასკვნაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტი სრულად ვერ პასუხობს ზოგად მიზანს, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების იერსახის მოწესრიგების ხელშეწყობას. სხდომაზე აღინიშნა, რომ კანონპროექტი საჭიროებს დამატებით განხილვებსა  და მუშაობას“.  თუმცა,  კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტის განხილვას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 28-31 მაისის პლენარულ სხდომაზეა ჩანიშნული.

 

ფოტო: ეკატერინე ჯანიაშვილი   

მომზადებულია   საგან  ,,ანალიზისა და მოსაზრების წერა “ ფარგლებში,

 

       ხელმძღვანელი:  მარი წერეთელი.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 290 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა