14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
11:37 AM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
ილია მეგრელიძე | 27 მაისი 2019

ეკომიგრაციის პრობლემები - ძველი და ახალი დინამიკა

 

,,მთა წამოვიდა, გორა, ხე-ტყე  მოვიდა ჩვენს სახლებთან.  სტიქიის შედეგად გადაგვასახლეს შუახევიდან სამეგრელოში-ჭაქვინში, გეგმური გადასახლება იყო. 80-იანი წლებიდან აქ ვცხოვრობ.  ჩემთვის  აქაურობა არ შეედრება აჭარას; სასმელ წყალს ვეძებთ, უფრო გვიჭირს, თხილითა და მანდარინით ვირჩენთ თავს, ზოგიც - ვაჭრობით. აჭარლების დასახლება ჰქვია ამ ადგილს და 8 ოჯახი ვართ ჩამოსახლებული. იქაურობა გვენატრება, სასაფლაოები დავტოვეთ, ნათესავები, კარგი ბუნება და კარგი სახლები“ - გვიყვება  ნინო ებრალიძე აჭარელი ეკომიგრანტი, შუახევის  მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნიდან. 

 

,,წალკაში  გადმოვედით  2005 წელს, 124 ოჯახი ვცხოვრობთ აქ, სვანები და აჭარლები.  124 ოჯახიდან  4 ოჯახს აქვს შესყიდული სახლები. ამათგან 2 სახელმწიფომ, ორიც კი თავად მოსახლეებმა შეისყიდეს.  ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ღია ცისქვეშ ვართ, რომელ წუთს  მოვა სახლის ყოფილი მეპატრონე  ბერძენი და მეტყვის,  დამიცალე სახლიო,  არ ვიცი.  შეიძლება ერთ დღესაც მივიდე და სახლში დამხვდეს...“ - აღნიშნავს  წალკაში გადასახლებული ეკომიგრანტი თემურ მელაძე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან საუბარში 

 

 აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ეკომიგრატების გეგმიანმა ჩასახლებამ თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.  დასავლეთ  საქართველოში მრავლად შევხვდებით სოფლებს, სადაც  ორი ათეული წელია ბინადრობენ ისინი. ეკომიგრანტების გარკვეული ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილმა კი  ცხოვრება  გააგრძელა  იქ, სადაც თავიდანვე  გადაასახლეს. 

 

სტიქიური მოვლენების შედეგად, 90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოში უამრავი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, აქამდე არ იყო ცნობილი, რამდენი ეკომიგრანტი გვყავდა ქვეყნის მასშტაბით ან რამდენი ადამიანი საჭიროებდა დახმარებას. 

 

თავდაპირველად 2006 წელს დაიწყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ინფორმაციის შეგროვება. მოპოვებული ცნობების თავმოსაყრელად შეიქმნა კიდეც საინფორმაციო ბანკი. აღმოჩნდა, რომ 31 ათას 341ოჯახი  სტიქიით არის დაზარალებული. ისინი ოთხ კატეგორიად დაიყო:

 

1.სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად და მასში ცხოვრება შეუძლებელია;

2.სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად და საცხოვრებლად გამოუსადეგარია, აღდგენას არ ექვემდებარება;

3. სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად, მაგრამ საცხოვრებლად ვარგისია და აღდგენას ექვემდებარება;

4. სახლი საცხოვრებლად ვარგისია, მაგრამ მიმდებარე ტერიტორია დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად.

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2013 წლის 13 ნოემბერის ბრძანებით, ,,გარკვეული პრიორიტეტით სარგებლობენ ის ეკომიგრანტები, რომლებიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომატებული საფრთხის შემცველ შენობაში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში ცხოვრობენ“. ამგვარი გარემოს მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი  შენობის  მდგომარეობა – შესაბამისი  საექსპერტო  დასკვნით.  

 

ამ ბრძანებით გათავალისწინებული მონაცემების დამმუშავებელი პირები განისაზღვრებიან მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. ბრძანებაში ასევე მითითებულია  ფორმა, რომლითაც ადამიანს  შეუძლია განაცხადოს საცხოვრებელი  სახლის  მიღების  თაობაზე.

 

2016 წელს ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. დადგინდა  დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა. ამ წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროს  კონსტანტინე რაზმაძის  ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სტიქიით დაზარალებული, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების რიცხვი 9 000-ს შეადგენდა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს არსებული ინფორმაციით,   ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობა 5285-ს შეადგენს.  ყველაზე მეტი დაზარალებული, 2078 ოჯახი აღირიცხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი, 865, მას მოსდევს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 673, გურიაში - 636, იმერეთში 589 ოჯახი და ა.შ. ყველაზე ნაკლები ეკომიგრანტი აღირიცხება სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში.

 

სამინისტროს ცნობით,  შესყიდული სახლების ყველაზე დიდი ოდენობა წალკის რაიონზე მოდის. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ აქ ასობით სახლი შეიძინა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნიდან ბერძნების გადინებაც სახელდება.

 

ეკომიგრანტები ამჟამად საქართველოს ბევრ სოფელში ცხოვრობენ:  სამთაწყარო, შუამთა, ვანი, გვერძინეთი, მარადისი, ფონა, ხაშმი, ერისიმედი, ტიბაანი, თელავი, ლაგოდეხი, ავრანლო, გუმბათი და სხვ.

 

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ აჭარელი ეკომიგრანტები კარგად არიან ინტეგრირებულები   კახეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან. ისინი მონაწილეობენ  სხვადასხვა პროექტში და მცირე ბიზნესს აწარმოებენ, რითიც შემოსავალს იღებენ და კმაყოფილები არიან. 

 

ონლაინგამოცემა  „ბათუმელების“ ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საბინაო პირობების უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარედ,  72-ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარი აჭარის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და ტენდერი აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა.  72-ბინიანი კორპუსის ასაშენებლად ხელშეკრულება სამინისტრომ „ხიდთან“  3 მილიონ 253 933 ლარზე გააფორმა. აღნიშნულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით ხულოს გამგეობას 83-მა ოჯახმა მიმართა, მაგრამ სოციალური სახლის მშენებლობა 2015 წელს შეწყდა და მას შემდეგ არ განახლებულა.

 

2016  წლის კვლევაში „ეკომიგრანტები და პოტენციური ეკომიგრანტები საქართველოში:  გამოცდილება და თვითშეფასებები“,  რომელიც ევროპის ფონდისთვის მოამზადეს თინათინ ზურაბიშვილმა და გიორგი თავბერიძემ, ყოველმხრივ  არის განხილული პოტენციურ ეკომიგრანტთა და განსახლებულ ეკომიგრანტთა საკითხები. 

 

მაღალმთიანი აჭარიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წლების განმავლობაში 9 ათას ოჯახზე მეტი, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი გაასახლეს. ისინი სტიქიური უბედურების დროს დაზარალდნენ და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში დღემდე რჩება ათეულობით ოჯახი, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. კვლევის ანგარიშში  მოხვედრილი ერთი ოჯახი  ცხოვრობს  უკვე გადასახლებული ოჯახის ყოფილ სახლში, რომელიც დანგრევის პირასაა. კითხვაზე,   ეშინიათ თუარა იქ ცხოვრების, რესპონდენტი პასუხობს: „საშიშროებას წარმოადგენს, როგორ არ წარმოადგენს, მაგრამ თავს ზევით გზა რომ არ გვაქვს? სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, და მაინც ვიბრძვით, მამა-პაპისეული მიწა-წყლის შესანარჩუნებლად. არ გვინდა დავკარგოთ ნაშრომი და ნაწვალები. მამაჩემი ასაკოვანი კაცია, ვერ ტოვებს ამ  ტერიტორიას და ვერ წარმოუდგენია, რომ სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად“.

 

აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები, სახლების გამოსასყიდად, ხელისუფლებას დახმარებას  2018 წელსაც   სთხოვდნენ. მათი ნაწილი, დაბალ პროცენტიანი სესხების მიღებაზეც თანახმა იყო. მართავდნენ საპროტესტო აქციებსაც. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ხელისუფლება მათ ბერძნებისგან მიტოვებული სახლების გამოსყიდვას დაჰპირდა. 

 

წელს, აპრილის თვეში, წალკაში მცხოვრებმა ეკომიგრანტებმა მთავრობას კვლავ წაუყენეს მოთხოვნები.  მათ აქციაც გამართეს ლოზუნგებით: „არა სახლი, არა მიწა, არა მომავალი“ ,  „მოვითხოვთ შეიქმნას სამთავრობო კომისია“. 

 

ეკომიგრანტთა პრობლემას დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე 16 აპრილს გამოეხმაურა და პარლამენტში განცხადება გააკეთა და პრობლემის მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრაც  მიმართა: ,,მთავრობამ დღემდე ვერ შეასრულა დანაპირები და ვერ გამოისყიდა შეპირებული კარ-მიდამოები. კონკრეტულად წალკის რაიონში. ბოლო პერიოდში, მხოლოდ 80-მდე ოჯახისთვის შეისყიდეს მიწა, ამის გამო, ჩვენი თანამოქალაქეები ტოვებენ საქართველოს და ოჯახებით მიემგზავრებიან სხვა ქვეყანაში. მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების მხრიდან ჩართულობა არსებობს, ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს. რადგანაც კრიზისული მდგომარეობაა. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, პრემიერ - მინისტრს ამ საკითხით დაინტერესდეს'' . 

 

არსებული ინფორმაციით ეკომიგრანტის დადასტურებული სტატუსი ამჟამად წალკის მუნიციპალიტეტში 300 ოჯახს აქვს, ხელისუფლება კი წელს მხოლოდ 170 ოჯახის დახმარებას გეგმავს.

 

ეკომიგრაციის პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის არაერთი სოციალური და ეკონომიკური საკითხი უნდა იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან ეკომიგრაცია უაღრესად კომპლექსური პროცესია. ამ ეტაპზე რთულია საუბარი ამ პროცესის წარმატებულად წარმართვაზე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ცალკეულ ღონისძიებებს ატარებს  პრობლემის აღმოსაფხვრელად. ყოველწლიურად  იზრდება ეკოლოგიური კატასტროფებით დაზარალებული ხალხისათვის გამოყოფილი დაფინანსება.   სახელმწიფო ვალდებულია კონტროლზე აიყვანოს ეკომიგრანტთა საკითხები და მათი პრობლემები. 

 

მომზადებულია   საგან  ,,სტრატეგიული წერა ჟურნალისტიკაში“ “ ფარგლებში.

ხელმძღვანელი:  მარი წერეთელი.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 263 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა