19
აგვისტო, 2019 ორშაბათი
11:30 AM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
ირმა კურტანიძე | 30 იანვარი 2019

რა იცის Facebook-მა ჩვენ შესახებ?!

 

დღესდღეობით, "ფეისბუქი" ყოველთვიურად 2.27 მილიარდი აქტიური მომხმარებლით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. 2004 წელს დაარსებული პლატფორმა უამრავი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის მარტივი კომუნიკაციის, მეგობრებთან მუდმივი ინტერაქციის, სიახლეების გაცნობის, ბევრისთვის ფულის შოვნის ან სასურველი იმიჯის შექმნის საშუალებაა. მეტიც, ხშირად დამსაქმებლები ახალი კადრების აყვანის საკითხს მათს სოციალურ ქსელზე დაყრდნობითაც წყვეტენ. კომპანია Kaplan Test Prep-ის კვლევის თანახმად კი, ფეისბუქ გვერდებს არამარტო კანდიდატის დასაქმებისას, არამედ უნივერსიტეტში აპლიკანტების მიღების პროცესშიც განიხილავენ. ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის "ჰარვარდის" უნივერსიტეტიცაა.

 

"ფეისბუქი" ერთი შეხედვით მარტივი და უწყინარი სოციალური ქსელია, რომელსაც თითოეული მომხმარებელი გარკვეულ დროს უთმობს. ყოველდღიურად აზიარებს თავის შეხედულებებს, ფოტოებს, ეკონტაქტება მეგობრებს და საკუთარი თავის შესახებ იმაზე მეტ ინფორმაციას გასცემს, ვიდრე თვითონ წარმოუდგენია. The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვებდეველოპერი დილან კურანი ამტკიცებს, რომ "ფეისბუქი" ინახავს ყველა ტექსტურ და ხმოვან შეტყობინებას, რომელიც გაგიგზავნიათ, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ თემებზე საუბრობთ სხვებთან,  რომელ სიტყვას იყენებთ ყველაზე ხშირად, ის ინახავს ყველა გეოგრაფიულ კოორდინატს, საიდანაც ოდესმე შესულხართ ქსელში, ასევე იცის, რომელ მობილურსა და კომპიუტერს იყენებთ, შენახული აქვს ყველა სტიკერი, რომელიც ვინმესთვის გაგიგზავნიათ, თითოეული გამოქვეყნებული და წაშლილი პოსტი, ასევე იცის ყველა აპლიკაცია, რომელიც მობილურში გაქვთ და მეტიც, ხშირ შემთხვევაში "ფეისბუქს" შეუძლია წვდომა ჰქონდეს თქვენს ვებკამერასა და მიკროფონზე, ელ.ფოსტაზე, კონტაქტებზე, სატელეფონო ზარების ისტორიაზე, ყველა თამაშზე, რომელიც გითამაშიათ და იმ ფაილებზე, რომლებიც უკვე დიდი ხნის წინ წაშალეთ და ალბათ, თავადაც აღარ გახსოვთ მათ არსებობის შესახებ.

 

რა ხდება მაშინ, როცა თქვენსა და "ფეისბუქის" ურთიერთობაში, მესამე პირი ერევა? ამ მხრივ რისკები და საფრთხეები მრავალფეროვანია. საერთაშორისო სტატისტიკური პორტალის Statista-ს გასული წლის მონაცემებით, "ფეისბუქზე" საქართველოდან 2 000 000 ადამიანია რეგისტრირებული და ეს ციფრი მუდმივად იზრდება. ხოლო ყველა ის საფრთხე, რაც "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეიძლება ახლდეს, თითოეულ ფეისბუქმომხმარებელს, მათ შორის რამდენიმე მილიონ ქართველსაც ეხება.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის, სანდრო მეზურნიშვილის ინფორმაციით, ფეისბუქმომახმარებელთა პერსონალური მონაცემები, როგორც წესი, კომერციული მიზნებით გამოიყენება.

 

"ყოველდღიურად "ფეისბუქზე" მილიონობით ადამიანი აზიარებს  თავის მოსაზრებებს, ინტერესებს, რა აშინებს, რა ღირებულებებით ცხოვრობს და "ფეისბუქიც" ამ ყველაფრით  ე.წ Big Data-ს (მეგამონაცემებს) ქმნის, აგროვებს ინფორმაციას და შემდეგ რეკლამისთვის იყენებს. კერძოდ, როდესაც რომელიმე კომპანიას სურს სეგმენტირებულად თავისი რეკლამის გაშვება  მაგალითად, სქესის ან ადგილმედბარეობის მიხედვით, ასევე  სამიზნე აუდიტორია შეიძლება იყოს კონკრეტულ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ სპორტი, პოლიტიკა და და სხვა თემები. ამ მონაცემებს "ფეისბუქი" სეგმენტირებულად აწვდის კომპანიებს. ამ მხრივ პერსონალური მონაცემები  კომერციული კუთხით ღირებულია და დღესდღეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინფორმაცია ნავთობივით არის",-  აცხადებს მეზურნიშვილი.

 

თუმცა, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი "ფეისბუქის" პოლიტიკურ გარემოზე ზეგავლენის მოხდენის შესაძოებლობაზეც საუბრობს და ამის ერთერთ მაგალითად კომპანია "კემბრიჯ ანალიტიკას" სკანადლი მოჰყავს, რომლის გამოც "ფეისბუქის" დამფუძნებელს, მარკ ზაკერბერგს, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დაკარგვა და აშშ-ის კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემა მოუწია.

 

"რაც შეეხება კემბრიჯ ანალიტიკასა და ტრამპის არჩევნებს, აქ უკვე სხვა კუთხით უნდა შევხედოთ პერონალურ მონაცემთა გამოყენებას. ჩვენს ფეისბუქ კედელზე ძალიან ხშირად გვხვდება მრავალი ტესტი. მაგალითად, იმის შესახებ თუ ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში ან როგორი მომავალი გვექნება და სხვ. მაგრამ არის ისეთი ტესტებიც, რომლებიც "კემბრიჯ ანალიტიკამ" შექმნა და რომლის საშუალებითაც  პირდაპირ ადგენს იმას, თუ რა ღირებულებებით ცხოვრობს ადამიანი. მაგალითად, ტრამპის საარჩევნო კამპანიისას "კემბრიჯ ანალიტიკამ" ზუსტად გამოთვალა მოსახლეობის უმრავლესი ნაწილისთვის რა მესიჯები უნდა მიეწოდებინა პიარ კამპანიის დროს. სწორედ ამ მონაცემების გამოყენებით ხალხს  ის ინფორმაცია მიაწოდა, რისი მოსმენაც უნდოდათ, შედეგად კი მოხდა ის, რომ ტრამპმა გაიმარჯვა არჩევნებში."

 

კიდევ ერთი საფრთხე, რაც ციფრულ სამყაროში ჩვენს თითოეულ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს - კიბერდანაშაულია. სანდრო მეზურნიშვილი ამბობს, რომ საქართველოში განსაკუთრებით ხშირია "ფეისბუქით" თაღლითობის შემთხვევები.

 

„როდესაც ადამიანები თავიანთ შესახებ ასაჯაროებენ რაიმე ინფორმაციას. თუნდაც, მათ მიერ განთავსებული ფოტო შესაძლოა სხვა პირმა მისი დაშინების, შანტაჟის ან ფულის გამოძალვის მიზნით გამოიყენოს. ასევე, თქვენ მიერ განთავსებული პროფილის ფოტოებით შესაძლოა შექმნან იდენტური ფესიბუქის ასლი და თქვენს მეგობრებს მიწერონ , რომ დახმარების მიზნით თანხა გადაურიცხონ ან მოგაყენონ როგორც მატერიალური ისე არამატერიალური ზიანი. საქართველოში ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ვითომ თქვენი ფეისბუქ ანგარიშით სთხოვენ თქვენს მეგობრებს ფულის გადარიცხვას“, - აღნიშნავს ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი.

 

პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისგან დაცვის ერთერთი საშუალება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაა, რომელსაც საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გასცემს - "ნაკლები პერსონალური მონაცემი უნდა გავასაჯაროვოთ და  გავაზიაროთ, მათ შორის ჩვენი ადგილმდებარეობა და როდესაც „ფეისბუქის“ ანგარიშს რაიმე აპლიკაციას ვაბამთ ან თვითონ ამ ანგარიშით შევდივართ სხვაგან უნდა ვიცოდეთ, ეს აპლიკაცია რა პერსონალურ მონაცემებზე ითხოვს წვდომას, რისთვის სჭირდება ეს პერსონალური მონაცემები  და შემდეგ როგორ ამუშავებს მას. ასევე, უნდა მოვერიდოთ ჩვენი ინტერესების გასაჯაროებას, ტესტებისა და მსგავსი სერვისების გამოყენებას, ხოლო კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით, საჭიროა გამოვიყენოთ ორმაგი ავტორიზაცია და შედარებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია უმჯობესია არა საჯაროდ, არამედ მხოლოდ მეგობრებისთვის გავასაჯაროვოთ." - აცხადებს ჩვენთან საუბარში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი, სანდრო მეზურნიშვილი.

 

2004 წლის 4 თებერვალს „ჰარვარდის“ 19 წლის სტუდენტის მიერ საერთო საცხოვრებელის ოთახში შექმნილი ვებგვერდი დღეს 55 მლრდ აშშ დოლარი ღირს. „ფეისბუქი“ მიუხედავად ბოლოდროინდელი სკანდალებისა, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მზარდი სოციალური ქსელია, რომელიც მომხმარებლებს ბევრ შესალებლობასა და სიახლეს სთავაზობს, თუმცა ამ სიახლეების გამოცდისას ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ციფრულ სამყაროში თქვენი კვალი სამუდამოდ რჩება.

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 573 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა