10
დეკემბერი, 2019 სამშაბათი
03:51 AM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
აკაკი ალაგარდაშვილი | 14 იანვარი 2019

რა ღირს სითბოში გატარებული ზამთარი?

                              

 

 

ბუნებრივი აირის ნამწვით გამოწვეული მსხვერპლი, ადამიანების მოწამვლა და   საცხოვრებელი ბინების აფეთქება ქართველებისთვის უცხო არ არის. ყოველი წლის შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის დასაწყისამდე ათობით ასეთი შემთხვევა ხდება, რაზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირით 64 ადამიანი გარდაიცვალა, 194 კი მოიწამლა.  მიზეზი  ადამიანთა გაუფრთხილებლობა, ტექნიკის გაუმართავობა, გაზგაყვანილობის მოძველება და სხვა მრავალი შეიძლება იყოს. მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, არ არსებობს საფრთხე, რომელზეც ზოგადი ინფორმაცია აბონენტებსა და გაზის მიმწოდებელ კომპანიებს  არ აქვთ. 

 

21 წლის რომა კალანდაძეს გაზით მოწამვლის არაერთ შემთხვევაზე სმენია, თუმცა ამას საკუთარ თავზე თუ გამოცდიდა, ვერ წარმოიდგენდა. 1 წლის წინ მისი ოჯახი ტრაგედიას გადაურჩა. რომა იხსენებს, რომ ძლიერ ქარს წყლის გამათბობლის ნამწვი სახლში შეჰქონდა, რასაც ხელი შეუწყო მოძველებულმა გამწოვმა სისტემამ და გამათბობელმა. ,,სახლში 6 ადამიანი ვიყავით, აქედან 3 არასრულწლოვანი. თავიდან გვეგონა, რომ საჭმელმა მოგვწამლა, თუმცა როდესაც დეიდაჩემს ფეხზე დგომა გაუჭირდა, მაშინვე დავრეკეთ სასწრაფოში. 5 წუთში მოვიდა პოლიცია, სასწრაფო და ყაზტრანსგაზი, აღმოგვიჩინეს პირველადი დახმარება და შეაკეთეს დაზიანებული გამათბობელი. გაგვიმართლა, რომ მალე მივხვდით, რაც ხდებოდა“,- გვიყვება რომა. მისივე თქმით, ყაზტრანსგაზის უფასო შემოწმების პროგრამით არ უსარგებლიათ, თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, რადგან მანამდე არასდროს ჰქონიათ ასეთი შემთხვევა. 

 

   

  ეკონომისტისა და ყაზტრანსგაზის დირექტორის ყოფილი მოადგილის სოსო სიმონიშვილის აზრით, პრობლემა არ უნდა ვეძებოთ ადამიანების დაუდევრობაში ან გაუფრთხილებლობაში. ყველაფრის სათავე ,,მახინჯ კანონმდებლობაშია“. 2008 წლამდე მოქმედებდა ტექნიკური ნორმები, რომლებიც მკაცრად არეგულირებდა ტექნიკურ საკითხებს. გაზის მომწოდებელ კომპანიებს ევალებოდათ როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონიტორინგი, შეკეთება, აბონენტების გაფრთხილება, დაცვა. 2008 წელს გაუქმდა კანონი და ახლა თავად კომპანიები ქმნიან ნორმებს, რომლებსაც თავად იცავენ, რაც არის სრული ნონსენსი“,- გვეუბნება სიმონიშვილი. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა, რაც თბილისის გაზგაყვანილობას აქვს, მისი მოხმარების ვადის 2-ჯერ გასვლაა; გაზიფიცირება პირველად 1960 წელს მოხდა, მას შემდეგ კი გაყვანილობა თითქმის არ შეცვლილა, გაზსადენის ფუნქციონირების ვადა კი 30 წელია, ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაზსადენს ელექტროქიმიური დაცვა აქვს. 80-იანი წლების შემდეგ ამ მეთოდით თბილისის გაზსადენებს აღარ იცავენ. ეკონომისტის გამოთვლებით, მთლიანი გაზგაყვანილობის გამოცვლა დაახლოებით 700 მილიონი ლარი დაჯდება, მაგრამ ამით არავინ ინტერესდება, რადგან კანონი არავის ავალდებულებს. 

 

 მისივე დაკვირვებით, ბუნებრივ აირში მცირე რაოდენობით ოდორანტები შეჰყავთ, ამიტომ გაზს ისეთი მკვეთრი სუნი არ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს. ამის მიზეზად ის გაზგასამართი სადგურების საერთო სისტემაში ყოფნას ასახელებს. ოდორიზაციის საჭირო ნორმის შემთხვევაში, ავტომობილები, რომლებიც საწვავად გაზს იყენებენ, აყროლდებიან და მთელ ქალაქში დადგება მისი სუნი, ამიტომ საჭიროა გაზგასამართი და აბონენტებისთვის მისაწოდებელი სისტემების გაყოფა.

 

სოსო სიმონიშვილის აზრით, პრობლემის მოუგვარებლობის კიდევ ერთი მიზეზი მოსახლეობისთვის ინფორმაციის არასისტემატური მიწოდებაა. მისი აზრით, გაზის კომპანია სოციალურ რეკლამას ხშირად უნდა აკეთებდეს, წელიწადის ამ მონაკვეთში კი, მათი წარმომადგენელი მოსახლეობას რეკომენდაციებს ყოველდღე უნდა აძლევდეს . 

 

ყაზტრანსგაზის წარმომადგენელი პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზს მოსახლეობის დაუდევრობაში ხედავს. მარიამ ტურიაშვილის თქმით, ტრაგედიებს, ხშირ შემთხვევაში, არასწორად დამონტაჟებული დანადგარები იწვევს. ,,მაგალითად, მაშინ, როდესაც გარე წვის გამათბობელი ოთახშია დამონტაჟებული, მას ნამწვი ოთახში შემოაქვს, რაც ფატალურ შედეგს იწვევს“, - გვეუბნება მარიამი.  

 

შესაბამისად, პრობლემა მაშინ მოგვარდება, როდესაც ადამიანები ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ტექნიკის სწორად გამოყენებას ისწავლიან. 

 

რაც შეეხება ოდორიზაციას, ის გვეუბნება, რომ ბუნებრივ აირში ოდორანტის შეშვება ყოველთვის ხდება, რათა ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში ადამიანებმა სუნი იგრძნონ. მარიამ ტურიაშვილის ინფორმაციით, მრავალი წლის წინ გაყვანილი მიწისზედა და მიწისქვეშა მილების შეცვლა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო: ,,ნაძალადევში დაახლოებით რამდენიმე ათას აბონენტს ამ დროისთვის ახალი მილებით მიეწოდება გაზი და იგეგმება ამ პროცესის გაგრძელება სხვა უბნებშიც“. გარდა ამისა, მისი თქმით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, 2 წელია მიმდინარეობს პროგრამა ,,მეტი უსაფრთხოებისთვის“, რომლის ფარგლებშიც იღებენ ვიდეოებს იმ ადამიანებზე, ვინც ტრაგედია საკუთარ თავზე გამოსცადა, რათა ხალხმა დაინახოს, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მათ გაუფრთხილებლობამ. ასევე, იგეგმება შარშანდელი კამპანიის გაგრძელება, რომელშიც იგულისხმება ქვითართან ერთად აბონენტებთან ფლაერის მიტანა, რომელზეც უსაფრთხოების ნორმებია დატანილი. 

 

 

სოსო სიმონიშვილის თქმით, პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ ტოქსიკური ნივთიერება არის არა ბუნებრივი აირი, არამედ მისი ნამწვი, თუმცა ორივემ, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ტრაგედია გამოიწვიოს. ნამწვი იმ შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს სახლში, თუ გამწოვი კედლიდან მეტრა-ნახევარზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული, ამიტომ მისი მონტაჟისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, გარე წვის გამათბობებლი არ უნდა დავამონტაჟოთ ოთახში. ზოგადად გამათბობლებისა და გამაცხელებლების დაყენება არ შეიძლება სააბაზანოში. საუკეთესო ადგილი ის იქნება, სადაც მის კონტროლს მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ. 

 

  ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, შეუძლებელია ბუნებრივმა გაზმა დაგვაზიანოს, თუ სახლში ფანჯარა ღია გვაქვს. ფაქტობრივად , ასეთ შემთხვევებში რისკი ნულს უტოლდება. როგორც სიმონიშვილი გვიხსნის, აუცილებელი არ არის ბუნებრივმა აირმა გაჟონოს, თუ მთელი ბინა დაგმანულია, ჩვენ მაინც გავიგუდებით, რადგან ოთახში არსებული ჟანგბადი ამოიწურება. ჩვენი გამათბობელი 10-20-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ჩვენ, ამიტომ როცა ის ჩართულია, ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ. თუ გამათბობელს, ისევე როგორც ჩვენ, არ ეყოფა ჟანგბადი, ის ნახშიროჟანგის ნაცვლად გამოყოფს ნახშირჟანგს, რაც ტოქსიკური ნივთიერებაა და შეუძლია ჩვენი ძლიერად მოწამვლა და მოკვლა. უჟანგბადობის ამოცნობა შეგვიძლია გაზის ალის ფერის მიხედვით. როდესაც ის წითელია, ესე იგი, ჟანგბადი აკლია, თუ ცისფერია, ყველაფერი კარგად არის და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

 

 ,,იმ შემთხვევაში თუ გაზმა გაჟონა და ყველაფერი  დაგმანულია, ოთახში გროვდება დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი. თუ მისი შემცველობა გახდება 5-დან 15%-მდე, ასანთის გაკვრა ან სინათლის ანთება ძლიერ აფეთქებას გამოიწვევს. თუ სარკმელი სულ ღია გვექნება , ჩვენ და გამათბობელს არ მოგვაკლდება ჟანგბადი, გაზის გაჟონვის შემთხვევაში კი არ დაგროვდება ბუნებრივი აირი, რაც აფეთქების და მოწამვლის რისკს აბსოლუტურად გამორიცხავს“, - გვირჩევს ყაზტრანსგაზის დირექტორის ყოფილი მოადგილე.

 

   ამგვარად, მანამ, სანამ პასუხისმგებელი ინსტიტუციები პრობლემებთან ბრძოლას უფრო  ეფექტიანად შეძლებენ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავითვალისწინოთ ექსპერტთა რეკომენდაციები და დავიცვათ საკუთარი თავი. 

 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 519 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10013შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა