15
ოქტომბერი, 2019 სამშაბათი
03:16 AM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
ბარბარე მერაბიშვილი | 03 დეკემბერი 2018

სოციალური იზოლაციიდან საზოგადოებაში ინტეგრაციამდე

  21 მარტი (დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე) და 2 აპრილი (აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე) - კალენდარზე, ფაქტობრივად, მხოლოდ ეს ორი თარიღია, რომლებიც მენტალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, კონკრეტულად კი დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას ეთმობა. თუმცა, ეს ღონისძიებები სრულყოფილად არ მოიცავს იმ საჭიროებების განხილვას, რომლებიც ამ პირების საზოგადოებაში ინტერგაციისათვის არსებითია.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 118 651 შშმ პირი ცხოვრობს, მათგან 28 172 - თბილისში. აქედან კონკრეტულად,  რამდენია მენტალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სტატისტიკურ მონაცემებში არ ჩანს.

საინტერესოა, რამდენადაა სახელმწიფოს პოლიტიკა ამ ადამიანებთან მიმართებაში რეალურ შედეგზე ორიენტირებული?

საქართველოში არაერთი დღის ცენტრი არსებობს, მათ შორისაა „აისიც“. ავჭალის დასახლებაში, „ზაჰესისკენ“ მიმავალ გზაზე მწვანედ შემოღობილ ფართო ეზოში წიწვოვანი ხეებით გარშემორტყმული ორი შენობა დგას. სწორედ ამ დაწესებულებაშია განთავსებული რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრი “აისი“.

2000-მდე კვ. მეტრის ფართობის გამწვანებული ეზო, ნათელი დერეფნები, მოხატული კედლები და ფანჯრის მინები, ბენეფიციარების მიერ შესრულებული ნახატები და კოლაჟები - ეს ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უქმეების გარდა თითოეულ დღეს აქ ატარებენ.

„აისი“ 2002 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და სპეციალისტების ერთობლივი ინიციატივით დაარსდა. ცენტრით 6-დან 47 წლამდე მენტალური და ფიზიკური შეზღუდვის მქონე სულ 60 ბენეფიციარი სარგებლობს. მათ ფიზიკურსა და გონებრივ განვითარებაზე ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ფიზიოთერაპევტი და ორთოპედი ექვსივე ჯგუფის ხელმძღვანელ-პედაგოგებთან ერთად ზრუნავენ. 

ასეთი ტიპის დაწესებულება საქართველოში პირველად 1990 წელს დაარსდა და სოციალური თერაპიის სახლს წარმოადგენდა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. მას 55 ბენეფიციარი ჰყავს.

 „გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა დაწესებულება, რომელიც არ იქნებოდა სკოლა, მაგრამ სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად ბავშვები მიიღებდნენ იმ სერვისსაც, რომელსაც აკადემიური უნარ-ჩვევევბის განვითარება ჰქვია“-ამბობს „აისის“ დირექტორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნანა ცარციძე.  მისი თქმით, ბენეფიციარებს ძალიან უყვართ ცენტრში ყოფნა. 

„აისიში“ დღე ვარჯიშით იწყება, შემდეგაა საუზმე, რასაც გაკვეთილების ცხრილით გათვალისწინებული აქტივობები მოჰყვება. ცენტრის პროგრამა თითოეული ბენეფიციარისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებას მოიცავს. 

ბენეფიციარები ცენტრის ტერიტორიას კვირაში ორჯერ ტოვებენ, ურთიერთობა აქვთ მიმდებარე თემის წარმომადგენლებთან (სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, საბავშვო ბაღის აღმზრდელ-აღსაზრდელებთან). „აისის“ ხშირად სტუმრობენ მოხალისეები, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბენეფიციართა და სტუმართა მონაწილეობით იმართება წარმოდგენები.

როგორც ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, „აისის“ მიზანია: „შშმ პირების საზოგადოებაში ინკლუზიის (ტერმინი გადმოღებულია ინგლისური ენიდან და ჩართვას ნიშნავს) ხელშეწყობა და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების შეძენა“.

რაც  შეეხება ამ პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობას, 2014 წლის 13 მარტს საქართველოს პარლამენტმა გაეროს მიერ 2006 წელს შედგენილი  „შშმ პირთა უფლებების კონცენცია“  დაამტკიცა. აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების მე-19 მუხლში ვკითხულობთ: „წევრი სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას განათლების მიღებაზე. ამ უფლებით დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანასწორობის საფუძველზე სარგებლობის უზრუნველსაყოფად, წევრმა სახელმწიფოებმა ყველა საფეხურზე უნდა დანერგონ განათლების ინკლუზიური სისტემა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობა“. კონვენციის თანახმად, ხელმომწერმა ქვეყნებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ინტეგრაცია და მოცემულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერიების ამაღლება უნდა უზრუნველყონ.

ჯერ მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.  სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ინკლუზიური განათლება, რომელიც 2005 წლიდან დაინერგა და 2012-ში ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო გახდა.

რაც შეეხება დღის ცენტრებით სარგებლობას, სახელმწიფო ვაუჩერის მოსაპოვებლად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ან მათმა მეურვეებმა სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური ექპსერტიზის შემოწმების აქტის ფორმა(№IV-50/2)  უნდა წარადგინონ. სახელმწიფო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მიერ დღის ცენტრით სარგებლობის საფასურს მხოლოდ ამ შემთხვევაში დაფარავს.

რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრის ფსიქოლოგის, ანი პავლიაშვილის, თქმით, სახელმწიფო აქცენტს არა მენტალური, არამედ, ძირითადად, ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებზე აკეთებს. „ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს სოციალიზაცია, მაგრამ, რეალურად, სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამისთვის. არსებობს დღის ცენტრები და სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული შშმ პირთა ამ ყველაფრით უზრუნველყოფა“- ამბობს ანი პავლიაშვილი. 18 წელს ზემოთ მენტალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთერთ საუკეთესო საშუალებად ფსიქოლოგს მათი სხვადასხვა საწარმოსა და ორგანიზაციაში დასაქმება მიაჩნია. საჯარო სამსახურის ბიუროს 2013-2014 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საჯარო სექტორში სულ 24 შშმ პირია დასაქმებული, სტატისტიკაში არ კონკრეტდება,  არიან თუ არა მათ შორის ის პირები, რომლებზეც ფსიქოლოგი ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს ინიციატივა, თუნდაც იმ მხრივ, რომ საწარმოებს ფულადი დაინტერესება გაუჩნდეთ და დაასაქმონ ეს ადამიანები. 

მენტალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, მოცემული კუთხით ერთერთი მოწინავე ქვეყანა ბელგიაა. აქ მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელია სოციალური დახმარების ცენტრი. არსებობს სპეციალური სისტემა, რომელიც შშმ პირთა მშობლების მხარდაჭერას ბავშვის დაბადებიდან და ზოგ შემთხვევაში, ორსულობის პერიოდშიც ითვალისწინებს (თუ 20%-იანია ალბათობა იმისა, რომ ბავშვი მეტალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაიბადება). 

ევროპის მასშტაბით ბელგია ცნობილია დღის ცენტრების კეთილმოწყობის კუთხითაც. ვეტერენის მუნიციპალიტეტში 1987 წელს დაარსებული ცენტრი „ომეგა“ სრულად ადაპტირებულია მენტალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. 270,0 კვ. მეტრზე განთავსებული ცენტრი მრავალმხრივი დანიშნულების დარბაზს, სამრეწველო სამზარეულოს, მუსიკალურ სტუდიას, ქსოვილებსა და თიხაზე მუშაობის სპეციალურ ოთახებს აერთიანებს. შენობის ახალი დაპროექტება მაქსიმალურად ღია სივრცის შექმნაზეა ორიენტირებული. დღის განმავლობაში ბენეფიციარებს შეუძლიათ, შექმნან მუსიკა, იმუშაონ ფერწერულ ტილოებზე და დაამზადონ ავეჯი.

 

როგორც ფსიქოლოგი ანი პავლიაშვილი აღნიშნავს, შშმ პირების შესახებ ცნობიერების ამაღლება მათ შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირებით უნდა მოხდეს. „შესანიშნავი მაგალითი იყო გიგო შიუკაშვილი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და მიჰყავდა შოუ. ასე ადამიანები ხედავენ, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირსაც შეუძლია, იყოს გადაცემის წამყვანი“- აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ანი პავლიაშვილის თქმით, საქართველოში მოცემული კუთხით უმთავრესი პოზიტიური ცვლილება განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში ინკლუზიის დანერგვა და ამის შედეგად, ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მიერ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებაში მიღებაა.  

 

ავტორი:  ბარბარე მერაბიშვილი

მომზადებულია საგან ,,ანალიზის და მოსაზრების“ ფარგლებში. 

ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი    მარი წერეთელი

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 325 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა