15
ოქტომბერი, 2019 სამშაბათი
03:33 AM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
ელენა გოლოშვილი | 03 დეკემბერი 2018

ინკლუზიური განათლება - გზა თანასწორობისაკენ

  სადღეისოდ  არსებულ პრობლემებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მუდმივად აქტუალურია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლების საკითხი, რადგან კანონით გათვალისწინებული უამრავი პრინციპის მიუხედავად, მათი უმეტესობა საერთოდ ან ნაწილობრივ მაინც ვერ იღებს ზოგად განათლებას. ინკლუზიური განათლების უპირველესი პრინციპი კი სწორედ ის არის, რომ ჩამოაყალიბოს მიდგომა, რომლის მიხედვითაც სწავლა-განათლების მიღება  დამაკმაყოფილებელი იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობის ბავშვებისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ყველას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც, აქვთ განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ეს კი გულისხმობს ყველა ადამიანის თანასწორობას ამ უფლებით სარგებლობისას. 

საქართველოში ინკლუზიური განათლების პროცესი  განაპირობა  იუნესკოს ინიციატივით მიღებულმა  1994 წლის სალამანკას დეკლარაციამ და 2006 წლის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციამ. 2013 წლის 23 დეკემბერს  კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირების შესახებ, რომელიც გულისხმობს ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის მიერ 2016 წელს შემუშავებულ ალტერნატიულ ანგარიშში „ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საქართველოში“ ვკითხულობთ, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლება რეგულირდება სამი ძირითადი კანონით - „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, „საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“ და „საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“.  „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი აღიარებს ზოგადი განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობას ყველასათვის და ავალდებულებს სკოლას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს შესთავაზოს  ხარისხიანი განათლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური დახმარებით  შეიმუშავეს ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი დოკუმენტი - „საქართველოს სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელების წესი“, რომელიც განსაზღვრავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მაძიებელთა სკოლაში ჩარიცხვისა და რეგისტრაციის წესსა და პირობებს. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტზე, რომელიც გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას, ჟესტური ენისა და ბრაილის შრიფტის შემოტანას. მთავრობის მხრიდან განიხილება დებულებაც მულტიდისციპლინურ გუნდზე, რომლის წევრებს აკისრიათ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორებიცაა: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების იდენტიფიკაცია და შეფასება, მათი ინდივიდუალური საჭიროებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებისათვის რეკომენდაციის გაწევა  საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის, ასევე,  მოწაფეთა აკადემიური და სოციალური მიღწევების შეფასება და მონიტორინგი.

ინკლუზიური განათლება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან ან გრანტებიდან ფინანსდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ცდილობს უზრუნველყოს საჯარო სკოლების ადაპტირება.  ეს პროცესი ძირითადად პანდუსით და მარტივი ადაპტაციის უზრუნველყოფით შემოიფარგლება, ნაცვლად იმისა, რომ უნივერსალური დიზაინის შესაბამისად  გაკეთდეს.  უმთავრესი პრობლემაა,  რომ, როგორც წესი, სკოლა მიღებულ თანხას ვერ იყენებს რაციონალურად. ერთ შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებლისა და ფსიქოლოგის ხელფასზე ხარჯავს და  თანხა არ ნაწილდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების შესაბამისად - იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს. მეორე შემთხვევაში კი,  ეს თანხა მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურას ხმარდება. 

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით სამ რეგიონში ჩატარდა კვლევა მათ შორის სამ ქალაქში - მარნეულში, ამბროლაურსა და გორში. აქედან გამოკითხული სკოლების 67% არ არის ადაპტირებული, 20% პანდუსითაა უზრუნველყოფილი, 13% კი მარტივად ადაპტირებულია. ქალაქ გორის მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორი, ეკა ხუციშვილი აღნიშნავს, რომ სკოლაში სპეციალური პედაგოგი არ ჰყავთ, თუმცა, ამისი საჭიროება არც  არის, რადგან სკოლაში შშმ პირი არ სწავლობს. ამის მიუხედავად, სკოლა უზრუნველყოფილია ადაპტირებული საპირფარეშოებითა და პანდუსებით. განსხვავებული მდგომარეობაა რაიონებში, სადაც ხშირად როგორც სპეციალისტების, ასევე პანდუსებისა და ადაპტირებული საპირფარეშოების საჭიროების მიუხედავად, არცერთი არა აქვთ.  ასეა, მაგალითად, კასპის რაიონის სოფელ დოესში, სადაც სკოლას საჭირო რესურსები არ გააჩნია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. მარიამ ნარმანიძე ამ სოფლის მცხოვრებია, ხოლო მისი შვილი ნინო შეზღუდული შესაძლებლობებისაა და სკოლაში ამის გამო არასდროს უვლია.  როგორც აღნიშნავს: ,,აქ არც სპეციალისტები ჰყავთ, ვინც განსხვავებულად მოექცევა ბავშვს, არც გადაადგილებაა მოსახერხებელი, ქალაქში სიარულის თანხა კი არ გვაქვს“. 

საქართველოს მასშტაბით ინკლუზიურ განათლებაში 1000-ზე მეტი სკოლაა ჩართული. სწორედ ამგავარ სკოლებში ჩაერთვნენ 2013-2015 წლებში  სპეციალური პედაგოგები და სხვა დამხმარე სპეციალისტები ინკლუზიური განათლების დანერგვის ეფექტიანობის გამო, თუმცა,  დღეს იმ სკოლებშიც კი, რომლებშიც  არსებობს სპეცპედაგოგი, პრობლემას წარმოადგენს ასეთი კადრების კომპეტენციისა და გადამზადების პრობლემა. 

სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის ალტერნატიული ანგარიშის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა ქალაქში ბევრად მეტია, სოფელთან შედარებით. მაგალითად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა 27 %  თბილისში სწავლობს.

 

ინკლუზიური განათლების მისაწოდებლად სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ისიც პრობლემაა,   რომ ოფიციალურად არ არის აღრიცხული  ასეთი ადამიანების ზუსტი რიცხვი, რადგან მათი გარკვეული ნაწილი სოციალური სასურველობის გამო ზოგჯერ არც კი აცხადებს ამის შესახებ, თუმცა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) კვლევის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის დაახლოებით 3% -ია, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი საშუალოდ 10%–ს აღწევს.

 

 

აღსანიშნავია,  რომ ნებისმიერი  საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, ბავშვების გარკვეული ნაწილი რჩება სასწავლო პროცესის მიღმა, ვინაიდან სისტემა არ არის მზად ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. შედეგად, ისინი საზოგადოებისა და სასწავლო სფეროსაგან გარიყულები რჩებიან. 

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ფარგლებში ინკლუზიური სწავლების შესახებ ჩატარებული კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ პედაგოგები ხშირად თავს ვერ ართმევენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებას და ამასთანავე, ისგ-ის დანერგვა და განხორციელება საჯარო სკოლებში არათანმიმდევრულად მიმდინარეობს.

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ თანახმად, შშმ პირებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,  მათი ინკლუზიური, ხარისხიანი და უფასო დაწყებითი თუ საშუალო განათლება. ამის შესახებ  ერთადერთი გარე მონიტორინგის მეშვეობით, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიერ განხორციელდა,  დასტურდება, რომ  საქართველოში არა მხოლოდ დაწყებითი, არამედ მთლიანად ზოგადი განათლებაა უფასო. ამას გარდა,  „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ კვლევის ფარგლებში ვკითხულობთ, რომ პრობლემას წარმოადგენს ადაპტური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა საჯარო სკოლებში და ის, რომ არ არსებობს სკოლების ფიზიკურ ადაპტაციასთან დაკავშირებით რაიმე კანონი  ან ნორმატიული აქტი. ამას ერთვის ისიც, რომ დღემდე არ არის დაზუსტებული ზოგადი განათლების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა.

 

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების კუთხით  არაადაპტირებული გარემო და რესურსები კვლავ პრობლემაა. ასევე, რთულია სწავლების ხარისხის შეფასებაც, რადგან არ არსებობს მონიტორინგის სისტემა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერს ინკლუზიური განათლების შემდგომი განვითარებისთვის. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობისა და მათი საჭიროებების შესახებ. სისტემა მხოლოდ სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე ფლობს ინფორმაციას და ვერ ხედავს მის მიღმა დარჩენილ ბავშვებს. ასევე, მაღალია ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევათა რაოდენობაც.  კვლევები აჩვენებს, რომ  საგანმანათლებლო რესურსებთან ერთად აღინიშნება  დამატებითი  ადამიანური რესურსის დეფიციტიც.  

 

 

ელენა გოლოშვილი

მომზადებულია საგან ,,ანალიზის და მოსაზრების“ ფარგლებში. 

ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი    მარი წერეთელი

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 632 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა