17
სექტემბერი, 2019 სამშაბათი
02:34 PM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
გულიკო ფაცაცია | 22 დეკემბერი 2014

ნაადრევი ქორწინება - „მარადმწვავე“ პრობლემა საქართველოში

ადრეული, იგივე ნაადრევი ქორწინება არის ორი ადამიანის არაოფიციალური ან ოფიციალური კავშირი, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არის არასრულწლოვანი. საქართველოში ნაადრევი ქორწინების საკითხი დღემდე მწვავედ დგას. 2013 წლის კვლევების თანახმად, საქართველო მე-2 ადგილს იკავებდა მოლდოვას შემდეგ, გოგონათა ნაადრევი გათხოვების ჭრილში. მას მოსდევდა ტაჯიკეთი და თურქეთი. როგორც აღმოჩნდა, 20-დან 24-წლამდე ასაკის გოგონების 19% არასრულწლოვნობის ასაკში იყვნენ დაქორწინებულნი. სახალხო დამცველმა 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოადგინა ადრეული ქორწინების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე, 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც, უმრავლეს შემთხვევაში, ადრეული ქორწინებაა. განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო ქვემო ქართლის რეგიონში. მიუხედავად ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციებისა, ადრეული ქორწინების თემა კვლავ აქტუალურია და, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

 

ექსპერტთა და ფსიქოლოგთა აზრით, ნაადრევ ქორწინებას თან სდევს პრობლემათა ფართო სპექტრი. ისეთები, როგორებიცაა: ორსულობის გართულება, ძალადობის დიდი რისკი, განათლების შეწყვეტა და ა.შ. სწორედ განათლების შეწყვეტაზე გაამახვილა ყურადღება სახალხო დამცველმა 2013 წლის ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია: ,,მიუხედავად არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციებისა, ხშირია სკოლების მიტოვების ფაქტები ადრეული ქორწინების მიზეზით. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიეულ ერთეულებში."

 

27 წლის ანა ერთ-ერთია მათგან, რომელმაც ნაადრევად, 17 წლის ასაკში შექმნა ოჯახი. ახლა მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მარტოხელა დედაა. როგორც თვითონ ამბობს, ნებით და სიყვარულით გათხოვდა მისსავე თანატოლზე. ქორწინება სამართლებრივად ვერ დაარეგისტრირეს, რადგან მშბლებისგან მალულად გაპარულებმა, მათი თანხმობა ვერ მიიღეს. სწავლა ვერ გააგრძელა, რადგან ფინანსებიც ხელს უშლიდა და მეუღლეც. შემდეგ დაფეხმძიმდა და მისი თქმით, რეალური მიზეზიც მიეცა იმისთვის, რომ უმაღლეს განათლებაზე ფიქრისთვის თავი დაენებებინა. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მშობლებთან ცხოვრობს და სწავლის გაგრძელებაზეც ფიქრობს, თუმცა ხელისშემშლელი ფაქტორები კვლავ მრავლად აქვს.

 


პრობლემა კომპლექსრულ მიდგომებს საჭიროებს. სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს კანონი არეგულირებს. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ პიროვნება 18 წლამდე ითვლება ბავშვად, არასრულწლოვნად, ხოლო სამოქალაქო სამართლის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ქორწინება იკრძალება. გამონაკლის შემთხვევაში ქორწინება დასაშვებია 16 წლიდან, მშობლის ან მეურვის ნებართვით. მშობლის თანხმობის ვერ ან არ მიღების შემთხვევაში, წყვილს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს ნებართვა. როგორც იურისტები, სერგი ჯორბენაძე და სალომე ბერიშვილი აღნიშნავენ, ქართულ რეალობაში საკანონმდებლო დონეზე პრობლემა არ გვაქვს. სალომე ბერიშვილის თქმით, ქორწინება სამართლებრივად არსებობს მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. ქორწინება დაუშვებელია თუ წყვილი ან ერთ-ერთი მაინც არის 16 წლამდე. ეს კანონდარღვევა. ასეთ შემთხვევაში პრობლემის მოგვარების ერთადერთი მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობისა და მზრუვნელობის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მშობელი ან მეურვე ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ, ან მშობლის უფლების შეზღუდვით მიმართოს სასამართლოს.

 

სერგი ჯორბენაძის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად იყენებს იმ ბერკეტებს, რომელიც გააჩნია ნაადრევი ქორწინების პრობლემას, რომელსაც რამდენიმე სავარაუდო მიზეზი განაპირობებს: ერთ-ერთია (რასაც სალომე ბერიშვილიც უსვამს ხაზს ) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიეულ ერთეულებში ნაადრევი ქორწინების განმაპირობებელი ტრადიციები, რომელსაც რელიგიური ფაქტორიც ამყარებს. ომბუდსმენის 2013 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნაადრევი ქორწინება რიგ შეთხვევაში განპირობებულია ეკონომიკური სიდუხჭირით. არასრულწლოვნები ნებით, მოტაცებით და ხშირად მშობელთა ზეწოლითაც თხოვდებიან. ქართულ რეალობაში ღრმად ფესვგადგმული ,,ქალიშვილობის ინსტიტუტიც'' განსჯის საგნად იქცევა  ხოლმე მაშინ, როდესაც არასრულწლოვნები ქორწინდებიან. საზოგადოების ნაწილი ნაადრევ ქორწინებას ,,ქალიშილობის ინსტიტუტსაც" უკავშირებს და მკაცრად ეწინააღმდეგება, თუმცა ნაწილი კვლავ რჩება მის მომხრედ. ,,მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული აქტივობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მასწავლებლების, მშობლებისა და სამართალდამცავი უწყებების ცნობიერების ამაღლებას, ადრეული ქორწინებით გამოწვეული პრობლემებისა და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესახებ,'' - ასე სრულდება ომბუდსმენის 2013 წლის მოხსენება და ეს არის უპირველესი, რითიც იწყება მისი პრევენცია. დაველოდოთ 2014 წლის შედეგებს.


გულიკო ფაცაცია

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 14932 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა