21
ივლისი, 2019 კვირა
12:13 AM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
მარიამ დემეტრაშვილი | 17 იანვარი 2014

ზურაბ გურიელიძე: „ბოროტება, შური და სიხარბე ცხოველებს არ ახასიათებთ“

ზურაბ გურიელიძე დღეს სწორედ იქ მუშაობს, სადაც ყველაზე მეტად სურს, თბილისის ზოოპარკში. 2006 წლიდან ის დირექორია. ,,ცხოველები ძალიან მიყვარს, რაღა თქმა უნდა. ცხოველი რომ არ გიყვარდეს, წარმოუდგენელია ზოოპარკში მუშაობა შეძლო" - ამბობს ზურაბი. 

 

მისი პროფესია ზოოლოგია, ეკოლოგია და კონსერვაციული ბიოლოგიაა. სწავლობდა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში. რამდენიმეთვიანი ტრენინგები აქვს გავლილი ჯერსის კუნძულზე, ჯერალდ დარელის სახელობის ზოოპარკში.

 

სამუშაო გამოცდილებაზე საუბრისას ამბობს, რომ იმ სამსახურებიდან, სადაც კი უმუშავია, ყველაზე მეტად ზოოპარკში მუშაობა მოსწონს. მისთვის წარმოუდგენელია, იმუშაოს ისეთ ადგილას, რომელიც მუდმივად კაბინეტში, ერთ ადგილზე ჯდომასა და ოფიციალურ დოკუმენტებში ყურებას მოითხოვს. ამბობს, რომ მაგალითად, ბანკში მუშაობა მისთვის ტანჯვის ტოლფასიც კი იქნებოდა.

 

მუშაობდა მისსავე დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია NACRESS-ში, გარემოს დაცვის სამინისტროში, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრში (GPADC); ჩართული იყო მრავალ საერთაშორისო პროექტში ბიომრავალფეროვნების კვლევისა და შენარჩუნების სფეროში;

 

პროფესიის არჩევაში მთავარი როლი ცხოველებისადმი სიყვარულმა ითამაშა. ეს თვისება ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახასიათებდა. სახლშიც ხშირად მიჰყავდა რომელიმე ცხოველი და სკოლიდანაც ბევრჯერ გაპარულა ზოოპარკში წასასვლელად. სულ პატარა, მე-6, მე-7 კლასელი იყო, როდესაც ზოოპარკში ხშირი სტუმრობით, სპილოს დამეგობრება შეძლო. „დაცვა რომ დამინახავდა, სპილოს ვეთამაშებოდი სულ მაგდებდა ხოლმე. ამიტომაც, ჩემი ოცნება იყო სპილოსთან ისე მეთამაშა, რომ ხელი არავის შეეშალა.“ ამ ოცნების ასრულება კი მან ნამდვილად შეძლო.

 

საყვარელი ცხოველი, ასე ერთი და გამორჩეული არ ჰყავს. ამბობს რომ ასეთი ბევრია, თუმცა ჩემი დაჟინებული თხოვნით მაინც გამოარჩია: მგელი, ლომი, აფთარი, სპილო და ზოგადად მტაცებელი ცხოველები... შინაურ ცხოველებს რაც შეეხება, ჰყავს ორი კატა, ორი ცხენი და უზარმაზარი ძაღლი, ბალთაზარი, რომელსაც ინტერვიუს ჩაწერის დროს მის კაბინეტში მშვიდად ეძინა. ზურაბი და ბალთაზარი სამსახურში ყოველ დღე ერთად დადიან და სახლშიც ერთად ბრუნდებიან. კითხვაზე, ოჯახის წევრებს პრობლემა ხომ არ აქვთ სახლში ცხოველების ყოლის გამო, მპასუხობს, რომ არა.   „პირიქით, ჩემს ოჯახში პრობლემა ის იქნება, ცხოველი რომ არ გვყავდეს.“ მისი მეუღლე, ნათია კოპალიანიც, პროფესიით ზოოლოგია და ეს ფაქტი მას ძალიან ეხმარება.

 

 

 

თუკი ზურაბს რომელიმე მტაცებელი ცხოველის ვოლიერთან დაინახავთ, ალბათ საკმაოდ გაკვირვებულიც დარჩებით. ისე ეფერება ლომს, მგელს, აფთარს.. თითქოს მტაცებელი კი არა, შინაური ცხოველი იყოს. კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ამ ყველაფერს, მპასუხობს, რომ „პირველ რიგში, საჭიროა ადამიანმა დაძლიოს შიში. შეშინებული ადამიანი არაადეკვატურად იქცევა, რაზეც ცხოველები ცუდად რეაგირებენ.უნდა იცოდე, როგორ მოიქცე ცხოველთან. შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება დიდი დრო და მოთმინება. არ შეიძლება, ცხოველს საკუთარი პერსონა მოახვიო თავზე. აუცილებლად მან უნდა გადმოდგას პირველი ნაბიჯი, ანუ მან უნდა გაღიაროს. თუ შენ ცდილობ, რომ ძალით მიიქციო მისი ყურადღება, ძალით მოეფერო, ეს მისთვის დისკომფორტია. როცა დისკომფორტს განიცდიან, პირდაპირ გამოხატავენ ამას. ამიტომ უნდა დაელოდო. შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი, შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეს“.

 

სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი დროის შემდეგ მოახერხა ზურაბმა მარტორქის მიჩვევა. მისთვის ყველაზე ძნელად მისაჩვევი ცხოველი იაგუარი აღმოჩნდა. „თითქოსდა თავიდან მარტივად შემოდიან კონტაქტში, მაგრამ მუდმივად ცდილობენ, რაღაცა ჩაიდინონ, წაიეშმაკონ. სპილოებიც ასე არიან, ძალიან ადვილია მათთან ურთიერთობა. რამდენიმე შეხვედრაზე უკვე გეკონტაქტებიან, მაგრამ სულ მოულოდნელად შეიძლება ბურთივით აგათამაშონ“.

 

მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე ზოოპარკში შემოვლით იწყება. მიდის სათითაოდ ყველა ცხოველთან, ნახულობს როგორ არიან. დღის განმავლობაში კი სხვადასხვა სცენარი შეიძლება განვითარდეს: შეიძლება რომელიმე ცხოველი ავად გახდეს, ხალხმა გააღიზიანოს, რაიმე დასჭირდეს, ან რომელიმეს გადაყვანა გახდეს საჭირო. ყველაზე დიდი პრობლემა, რამაც ზოოპარკში შეიძლება თავი იჩინოს, არის ცხოველის ავადმყოფობა. ასეთ შემთხვევებში ხდება მთელი მათი რესურსების მობილიზება. ცხოველის დაავადება შეიძლება ხალხისგანაც იყოს გამოწვეული. მართალია, აკრძალულია, მაგრამ დამთვალიერებლები ხანდახან მაინც აჭმევენ ისეთ რაღაცებს, რაც ზოგიერთი ცხოველისთვის მომწამვლელიც კია(პოპკორნი, სიმინდის ბურბუშელები).

 

დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ, ზურაბს ზოოპარკში დარჩენა ზოგჯერ ღამითაც უწევს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ახალი ბინადარი ჩამოდის. ამ დროს მთელი თანამშრომლობა მობილიზებულია და ახალ წევრს დიდი სიხარულით ელიან. ახალი ცხოველი აქ ყველასთვის დიდი დღესასწაულია.

 

მართალია, ეს საქმე საკმაოდ დამღლელია, დიდ შრომასა და ძალისხმევასაც მოითხოვს, მაგრამ ზურაბისთვის ამავდროულად სასიამოვნოცაა. როცა ცუდ ხასიათზეა ან რაიმე აწუხებს, ამ დროს ცხოველებთან ურთიერთობა ძალიან ამშვიდებს. „საოცარი შეგრძნებაა, როცა ისეთ ძლიერ ცხოველთან გაქვს ურთიერთობა, როგორიც ლომია. მაგ დროს ყველა საწუხარი გავიწყდება და გგონია, ყველაფერს დაძლევ, ყველა პრობლემას მოერევი და გაუმკლავდები. თითქოს, ლომის თვისებები შენზეც გადმოდის,გაძლიერებს. ამ გრძნობის გადმოცემა სიტყვებით ძალიან რთულია.“  ალბათ ამიტომაც არის, რომ ცხოველებს ადამიანებისთვის თერაპიული ფუნქციაც აქვთ.

 

 

სასიამოვნო მომენტებთან ერთად არასასიამოვნოც ჰქონია. იხსენებს ერთადერთი თავდასხმის შემთხვევას: „ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი. მგლებთან ვმუშაობდი და ორი მგელი როდესაც ერთმანეთში არკვევდა ურთიერთობას, მე არ მივაქციე ყურადღება და უბრალოდ გავწიე ერთერთი, ანუ ჩავერიე მათ ურთიერთობაში. აი ეს კი იყო დაშვებული შეცდომა. შესაბამისად, რომელი მგელიც გავწიე, მომიტრიალდა მე. ეს მგელი ძუ იყო. იქ მყოფი ერთი ხვადი კი ძალიან დაიბნა, არ მოელოდა სიტუაციის ასეთ განვითარებას. ჩხუბში არ ჩაერია, მაგრამ გვერდზე მედგა და რაღაც მომენტში მან გააჩერა ის ძუ მგელი. ამ დროს შევძელი მე ვოლიერიდან გამოსვლა.“ ცოტახნის გასვლის შემდეგ კი, როცა დაწყნარდა ისიც და მგელიც, მის ვოლიერში ისევ შევიდა. მისი თქმით, თუ ასეთი შემთხვევის შემდეგ, იმ ცხოველთან ისევ არ შებრუნდები, მასთან მუშაობას ვეღარასოდეს შეძლებ. თავადაც რომ არ შებრუნებულიყო იმ ვოლიერში, პროფესიის გამოცვლა მოუწევდა, ეს კი მისთვის უფრო ძნელია ვიდრე გააფთრებულ ლომთან ან მგელთან მისვლა.

 

ამბობენ, ვისაც ცხოველები ძალიან უყვარს და მათთან დიდ დროს ატარებს, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ეცვლებათ, ცხოველები უფრო გულწრფელები და ერთგულები ჰგონიათო. ამ მოსაზრებას ზურაბიც იზიარებს. მისი აზრით, თვისებები, რომლებიც ადამიანებში საკმაოდ ხშირია- ბოროტება, შური, სიხარბე, ტყუილი- ცხოველებს არ ახასიათებთ. სწორედ ამიტომ, მისთვისაც ცხოველები გაცილებით გულწრფელი და ერთგული არსებები არიან.

 

მიაჩნია, რომ თავიდან, ბავშვობაში, ყველა ადამიანს უყვარს ცხოველი. შემდეგ კი აღზრდის შედეგია ის, რომ ზოგს უნელდება ეს სიყვარული და ზიზღშიც კი გადასდის, ზოგს კი პირიქით. სათამაშოების უმეტესობას ხომ ცხოველების ფორმა აქვს, ამიტომ მისთვის წარმოუდგენელია, რომელიმე ბავშვს ცხოველი ეზიზღებოდეს. საერთოდ კი ისეთი ადამიანები, რომლებსაც ცხოველები არ უყვართ, არც ზურაბს მოსწონს.

 

როცა საშუალება აქვს, ყოველთვის ცდილობს, ზოოპარკში მისულ დამთვალიერებელს გამოელაპარაკოს, მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხოს და ამა თუ იმ ცხოველის შესახებ მოუყვეს. ფიქრობს, რომ ამით ცხოველებთან დაკავშირებულ მცდარ მოსაზრებებს აქარწყლებს. „როცა დამთვალიერებელს დაუნახავს, აფთარს როგორ ვეთამაშები/ვეფერები, ძალიან გაკვირვებულა, ვერ წარმოუდგენიათ აფთარი ასეთი მოსიყვარულე ცხოველი თუა. ზღაპრებში და მულტფილმებში აფთარს ძალიან ცუდი სახელი აქვს. კიდევ ჰგონიათ, რომ მგელი არის ხარბი, არადა სულაც არ არის.“

 

გარდა იმისა, რომ თბილისის ზოოპარკისდირექტორია, ზურაბ გურიელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. სტუდენტები მას ძალიან უშუალო, კომუნიკაბელურ და შრომისმოყვარე ადამიანად ახასიათებენ.

 

„როგორც ლექტორი, ლმობიერია და ყველაფერს გულისყურით ეკიდება, სტუდენტებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ძალიან უშუალო ადამიანია. ასევე ძალიან კარგია, როგორც ზოოპარკის დირექტორიც. ცხოველებს საკმაოდ კარგად უვლის და ეს მათაც შეეტყოთ, გასუქდნენ.“- ელენე ნადირაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

 

„სტუდენტების შრომას აფასებს. მართალია ახლოს არ ვიცნობ, როგორც ადამიანს, მაგრამ სტუდენტებთან და თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ზოოპარკის მდგომარეობაც საგრძნობლად გამოასწორა.“- იაკობ პეტრიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

 

ამას გარდა, იგი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული გადაშენების პირას მყოფი სახეობების (წითელი ნუსხის) კომისიის წევრი; ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) სახეობათა გადარჩენის კომისიის წევრი; მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენციის (ბონის კონვენციის) სამეცნიერო საბჭოს წევრი; ბიომრავალფეროვნების კონვენციის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ტექნიკური საკითხების მრჩეველთა საბჭოს წევრი.

 

ასეთი გადატვირთული რეჟიმის გამო, ოჯახს დიდ დროს ვერ უთმობს, თუმცა ისინი ამის გამო უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ, პირიქით, მხარში უდგანან. ექსპედიციებშიც ერთად დადიან ზურაბი, მისი მეუღლე, მათი 14 წლის შვილი, ორი კატა და ძაღლი. ცხენების წაყვანას ვერ ახერხებენ.  ამბობს, რომ მათი გადაადგილების საშუალება რომ ჰქონდეს, ცხენებსაც დიდი სიამოვნებით ატარებდა.

 

რაც შეეხება განსხვავებულ პროფესას, სანამ გაიზრდებოდა აინტერესებდა ანთროპოლოგიაც, ადამიანების კვლევა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სხვა პროფესიას აირჩევდა, ისიც ისეთი იქნებოდა, სადაც არ დასჭირდებოდა კაბინეტში ჩაკეტვა და ერთ ადგილას ჯდომა, სადაც ექსპედიციები, საველე სამუშაოები და გამოკვლევები დასჭირდებოდა. ახლა კი თავისუფლად შეუძლია იმის თქმა, რომ ზუსტად იქ არის, სადაც უნდა რომ იყოს, ეს ზოოპარკია.

 

მომზადებულია სასწავლო კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 5122 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9560შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა